Thursday, July 31, 2014

                                                 ორი თამარი

მე და თამარი სამზარეულოში სადილს ვამზადებთ. თამარს უყვარს ეს პროცესი და ხშირად მეხმარება. ვცდილობ საჭმელები მისი გემოვნებით გავაკეთო, რადგან პრეტენზიულია და გურმანი.
- თამარ, დღეს კატლეტები გავაკეთოთ, შენ ხომ გიყვარს! გუშინ მგონი ხარჩო არ მოგეწონა!
- ბებო, რატომ ფიქრობ რომ არ მომეწონა, ხომ ვჭამე, მე შენი გაკეთებული ყველაფერი მომწონს!-ცოტა არ იყოს აღშფოთდა თამარი.
- გემოვნებაზე არ დაობენ, შეიძლება მოგეწონოს შეიძლება არა, საწყენად არ მითქვამს!
- არა, ბებო არ მეწყინა! - სიყვარულით მეუბნება თამარი. მოკლედ ერთობლივად გავშალეთ სუფრა და საზოგადოებას მოვუხმეთ სადილად. რა თქმა უნდა გააბეს ბაასი და შენიშვნები.
- პური მიაყოლე!- შენიშვნა მისცა ეთომ თამარს.
- შენ ვინ გეკითხება?!- თავი დაიცვა თამარმა.
-ეთო ჭამე თევზი!- შესთავაზა გუჯიმ ეთოს და მიაწოდა.
- არ მინდა, გაწიე! - იყვირა ეთომ
- ააა,კარგია?! არ ყოფილა დაძალება კარგი ხომ!-დაუფიქსირა გუჯიმ. გაბომ პროტესტი გამოთქვა კატლეტის ჭამაზე, ვემუდარე, მაგრამ ვერაფერს გავხდი.
- იცით კატლეტს რამდენი ვიტამინი აქვს?! რამდენი რამე გავუკეთეთ: ხორცი, პური,ხახვი, ნიორი, მწვანილები, სტაფილო, კარტოფილი, თან ბებომ იმდენი იშრომა და მოინდომა, უნდა დააფასოთ ბებოს შრომა, მე აღარ ვჭიჭყინებ ჭამაზე, ყველაფერს ვჭამ, ხომ ბებო?! - თვისი მონოლოგი თამარმა კოცნით დაამთავრა.  გაბოზე გაჭრა თამარის სიტყვამ, უცებვე დაიწყო ჭამა, კარგი ყოფილაო, მადლობა გადამიხადა და მაკოცა. აი ასეთი ძალა აქვს დროულად წარმოთქმულ მართალ სიტყვას!









No comments:

Post a Comment