Monday, October 15, 2018

                                  

                                   

                                 ჩემი ფილოსოფოსი გაბო



ამ დღეებში დამძიმებული ვარ, მანჩოს უახლოესი მეგობარი გარდაიცვალა, დილით ადგომა მეზარება. გაბო მთხოვს თამშს, ვინც მეტ ხანს არ ამოიღებს ხმას და არ გაიცინებს ის იქნება გამარჯვებულიო. გაბომ მოიმკვდარუნა თავი, უცებ გავაცინე, მე კი კარგა ხანს ვიყავი გასუსული, სუნთქვაც შევწყვიტე, გაბო ვერაფრით მაცინებს, ნეტავ,მართლა სამუდამოდ დავიძინოთქო ვფიქრობ.გაბო შეწუხდა, ბებო მართლა ხომ არ მოკვდიო და აღრიალდა. 
- გაბო, რა გატირებს, ჩვენ ხომ ვთამაშობთ!
- კი მაგრამ ამდენ ხანს არ მომწონს, შიში მეწყება, მართლა ხომ არ მოკვდათქო. არასოდეს არ ქნა ასე, ცოტა ხნით დახუჭე თვალები იცოდე!
- კარგი გაბო, მეტი აღარ გვინდა, დავიღალე, ადგომაც არ მინდა, ცუდ ხასიათზე ვარ
-რატომ?
- ცხოვრება მეზარება ბებო, ეს რუტინა, ერთი და იგივე: დაალაგე, სადილი გაამზადე, ამეცადინე,დარეცხე, მოკლედ.... ირბინე ....
-მერე ხომ გამოიძინე?
- არა, ცუდად მეძინა და არც ძილი მშველის!
- თუ შენ ცხოვრება გეზარება ეს დიდი ცოდვაა და თვითმკვლელობა, სიახლეები ხომ არის ბევრი, მაგალითად კარატე, ხატვა, ცეკვა....
- მერე მე რა, თქვენ დადიხართ გაბო!
- შენ რა, არ გინდა ნახო როგორები გავიზრდებით, ანუ შენი თვალით არ გინდა ნახო?
- მე თქვენ ყოველთვის გნახავთ, სულ თქვენს გვერდით ვიქნები
- ესე იგი, არ გიყვარვარ, არ გინდა ჩამეხუტო?
- ბებო იქაც ვიყო იქნებ ბედნიერი!
ანუ, აქ არ ხარ ბედნიერი, შენ რა იცი იქ რა ხდება? იქნებ სხვაგან დაიბადო? მერე აღარ გეხსომებით ჩვენ, მე, ვინ ვიყავი? ( ეს ბავშვი რამდენჯერ მიკრავს უკვე რეინკარნაციაზე, გადამრევს, საიდან?) და საერთოდ შენ ხომ ახლა ყველაფერს ამას მეხუმრები?- ატირდა ხელახლა- ვერ ხედავ რომ უფრო გაახალგაზრდავდი ჩვენ რომ დავიბადეთ იმის შემდეგ, იმიტომ რომ ბევრს დარბიხარ.
- კარგი გაბო ბოდიში,დღეს მართლა ცუდად ვარ, გადამივლის.
- ბებო ყველაზე ძალიან ცუდად როდის იყავი, მანჩო ძიას შემდეგ?
ჰო, გაბო!
- ბოდიში რომ შეგახსენე. ჩემთან არასოდეს ასე არ ილაპარაკო, შენ მუდამ ჩემთან უნდა იყო, მიყვარხარ ბე! - და ღრიალით ჩამეხუტა. ვერ ვიტყვი ხასიათი გამომიკეთდათქო,მაგრამ დავამშვიდე, ავითრიე წელი და შევუდექი საქმეებს, გაბო წარა-მარა მათვალიერებდა, ჩემს განწყობას აკონტროლებდა.
ასეთია ჩემი გაბო უფლის
საჩუქარი


No comments:

Post a Comment