მურთაზი გულედანი, თეთნულდი და ჩვენ
ერთი სადღეგრძელო ვერ დაიტევდა იმას რაც მაქვს სათქმელი. სვანეთი ამოუწურავია ჩემთვის და ალბათ კიდევ და კიდევ მივუბრუნდები.მშობლიური საქართველო ყველაზე კარგად რომ შეიგრძნო, ქალაქიდან უნდა გახვიდე და სოფელ-სოფელ იარო. სვანეთის სოფლები კი საოცრებაა, მუდმივად თოვლიანი მთის თვალუწვდენელი მწვერვალები, ხოლო ფრიალო კლდეებში ღრუბლები გაწოლილან. სვანეთს უამრავი ტურისტი სტუმრობს, რათა დატკბნენ ამ მთაგორიანი ადგილის ველური, პირველყოფილი ბუნებრივი სილამაზით. სვანეთის სიდიადეს და სილამაზის აღწერას ჩემი გაქანება არ ეყოფა. როგორც ვთქვი სვანები განთქმულნი არიან სტუმართმოყვარეობითა და შრომისმოყვარეობით. დავდიოდი მესტიაში, სოფლებში, იქ ქვაც კი ჩემიანი იყო, იმანაც იცოდა ელგუჯა გულედანი. როგორც კი მნახავდნენ უცებ მანუჩარი ჩვენი ტკივილიაო, მეტყოდნენ და მე ეს მიხაროდა, ჩემი შვილი დაუვიწყარია მათთვის, დღესაც კი გლოვობენ, მერე კი ელგუჯა გულედანის კარგ კაცობაზე, მის დამსახურებაზე და სიკეთეზე საუბრობდა დიდი თუ პატარა და მე ვიზრდებოდი, ეთო გაკვირვებული ისმენდა ყველაფერს. მათ ყველაფერი კარგად ახსოვთ და დღესაც აფასებენ ოდესღაც გაკეთებულ უმნიშვნელო სიკეთესაც კი. მიხაროდა, რომ მახსენებდნენ ჩემს მათდამი ყურადღებას სოხუმში. გუჯა მართლაც ყველას პატრონი და მასპინძელი იყო სოხუმში. კიდევ ერთხელ ჩავწვდი ქართული ანდაზის ჭეშმარიტებას. სიკეთე ქვაზე დადე და გაიარეო. მოკლედ ყველა მსაყვედურობდა რატომ ჩემთან არ გაჩერდი,რატომ ჩემთანო? ვახტანგი კი ხუმრობდა ჩემთანა აქვს ვიზაო. ზღვა ნათესაობიდან ყველა ვერ მოვინახულე, ყველაზე ვერ მოვყვები, მაგრამ მურთაზ გულედანი რომ არ ვადღეგრძელო არ შემიძლია.
მურთაზიც გუჯას დეიდაშვილის შვილია. მან სოხუმში დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და ჩვენთან იყო გარკვეული პერიოდი. საოცრად კარგი ურთიერთობები გვქონდა. მოკლედ ღრმა ფესვები აქვს ჩვენს სიყვარულს. დავურეკე თუ არა იმ წუთასვე შინ მიგვიყვანა მე და ეთო, მისმა ქალიშვილებმა, თეომ, მეგიმ, სალომემ საოცარი მასპინძლობა გაგვიწიეს, იქაური ხაჭაპური თუ კუბდარი განუმეორებელია. მეტს არ გავაგრძელებ ოჯახში იმ დღეს უდიდესი სიამოვნების მიღების შემდეგ დავთქვით მოგვეარა ახლო-მახლო ყველაფერი. მართლაც მეორე დღეს მურთაზმა ჩაგვსვა მანქანაში და გვკითხა პირველად საით წავიდეთო? საბაგირო გვინდა თეთნულდი უნდა ვნახოთო. ისე ახლოს მოჩანდა თეთნულდი, მეგონა მალე მივიდოდით. ვაი ჩემს თავს მე დღე გამოვიარე! მიდის აღმა-აღმა მანქანა, დასასრულს ბოლო არ უჩანს,რომ მცოდნოდა ასეთ სიმაღლეზე ავდიოდით, რას გავბედავდი?! საბაგირომდე მივედით და არ მუშაობდა. მურთაზმა მკითხა სიმაღლეს როგორ იტანო? და დაძრა მანქანა მწვერვალისკენ. სპაზმი მახრჩობდა, ამ სიმაღლეზე წნევამ არ დამარტყასმეთქი, ლოცვა-ლოცვით, შიშით გასუსული ვიჯექი, არ მინდოდა ეთოსთვის ეს სიამოვნება მომეკლო, მანქანა არ შემოვაბრუნებინე და გავუძელი. მაღლა -მაღლა მივიწევდით,და როგორც იქნა მივაღწიეთ 3170 მეტრ სიმაღლემდე, მოკლედ სვანეთის დედოფლად წოდებულ თოვლ-ყინულიან თეთნულდს მივუახლოვდით. თუ აქამდე ქვევიდან ვუყურებდით მთებს , ამჯერად კი ზემოდან გადმოვხედეთ. უცებ გამომიკეთდა ხასიათი, აზრზე ხართ?! მთელს სამყაროს დაჰყურებ, ლამისაა ცას შეეხო ხელებით, ეს ენითაუწერელი სილამაზე და საოცრებაა. მის აღწერას შოთას კალამი თუ დაემორჩილებოდა მხოლოდ! ეთო ჭკუაზე არ იყო, დახტოდა ჯიხვივით ყველგან, არ მჯერა , არ მჯერაო! ლაპარაკობდა.
აქ მზის ამოსვლა სასწაულია, უზარმაზარი ცეცხლის ბურთი აცისკროვნებს მთელს გარემოს. მწვერვალების შეთეთრებული ფერდები მზის სხივებზე ტიტანების აბჯარივით ელავდნენ. სამწუხაროდ ეთოს ფოტოაპარატი დადუმდა, ისე ვინერვიულე, სიმაღლეს გადავურჩი და აპარატის გამო როგორ უნდა დამარტყას წნევამ მეთქი, აბა იმ სიმაღლეზე უსურათობა იქნებოდა?! ეტყობა სიმაღლის შეეშინდა ჩვენს ფოტო აპარატს, იქნებ ჩემს მაგივრად მან მიიღო ინსულტი? არ ვიცი, არ ვიცი... სურათები მაინც გადავიღეთ მობილურით და დავეშვით. ასეა, მწვერვალების დაპყრობა მსხვერპლს მოითხოვს, ღირდა. მურთაზმა მთელი დღე გვატარა კუთხე-კუნჭული არ დაუტოვებია მესტიაში დაუთვალიერებელი, თეთნულდი იმდენად შთამბეჭდავი იყო სხვებზე არ მოვყვები. მერე კი კაფეში მეუღლესთან ერთად გვაქეიფა,მადლობა ლარისას უთბილესი შეხვედრისთვის. ყოველ ნაბიჯზე კუბდარებით და ხაჭაპურებით, ჭიშთვარებით გვიმასპინძლდებოდნენ, ეთო წუხდა მოვიმატებო, მაგრამ კუბდარზე უარს მაინც ვერ ამბობდა.
მადლობა მურთაზ შენ და შენს ოჯახს, უმშვენიერეს ქალიშვილებს ყურადღებისთვის, სიყვარულისთვის
გაგიმარჯოთ, იხარეთ, მიყვარხართ!
მე თქვენ დაუვიწყარი დღეები მაჩუქეთ!
საოცარი ხალხი ხართ სვანებო! მიყვარხართ!
No comments:
Post a Comment