Wednesday, March 15, 2017

                              მონაყოლი პატარ- პატარა ეპიზოდები 

1.    მეხუთე კლასში იყო მანჩო. ერთ დღეს მივაკითხე სკოლაში, ახალგაზრდა, იმჟამად ორსული  ისტორიის მასწავლებელი მომვარდა აღფრთოვანებით, ლამის ტიროდა
- ეს რა ბიჭი გყავთ, სასწაულად გადამარჩინა! - მე გაკვირვებული ვუყურებ. კლასში ერთი ბიჭი ჰყავდათ რთული, თავისებური ( მერე მაგარი ბიჭი დადგა) მასწავლებელთან კონფლიქტი მოსვლია და მივარდნილა ჩასაწიხლად
- პირდაპირ მუცელში აპირებდა ჩარტყმას, არ ვიცი ელვის სისწრაფით როგორ მოასწრო მანჩომ მისი დაჭერა და მოთოკვა, მადლობა ასეთი შვილი გაზრდისთვის!- ჩამეკონა ის მასწავლებელი

2.  სოხუმში პირველი სართულიდან მეცხრეზე ხშირად გვსტუმრობდა მეზობელი, ხან ჯოკერს ვთამაშობდით, ხან ვსაუბრობდით. შემდეგ მანჩო ლიფტით მიაცილებდა ხოლმე კარამდე. ასეთი პატარა და ასეთი ჯენტლმენიო?- უკვირდა ლეილას. დევნილობის პირველ წლებში როცა ლეილა ჩვენთან მოდიოდა, მანჩო კორექტულად ხან ფულს ჩაუცურებდა ჯიბეში,ხან სიგარეტს. როცა ეს ტრაგედია დატრიალდა ლეილა იმ ჩვიდმეტ  უმძიმეს  დღეებში არ მოშორებია საავადმყოფოს.  ბოლოს კი თქვა: არ მინდა ის ღმერთი, რომელმაც მანჩოსნაირი წაგვართვა , უნივერსტეტში ამდენი ხანია ვმუშაობ და მსგავსი არავინ მინახავსო. როცა მანჩოსთან მივდივარ საფლავზე უცებვე ვცნობ ლეილას მირთმეულ ყვავილებს.

3. სასტ. აჭარაში ყოფნისას უამრავი მეგობრები შეიძინა. მანჩო იმ დღეებში სოფელში იყო. მეზობელი ქალი მეუბნება, ჩემი შვილი რაღაც საბურავების მოპარვის თაობაზე დაიჭირეს, რა შარში გაყო თავი, ჭკუაზე არა ვარ, მანჩო რომ აქ ყოფილიყო, ხომ არ დაგვემართებოდა, მაგის უფლებას არ მისცემდაო. გავოგნდი, რას ამბობთ? თქვენი ბიჭი ოცდახუთი წლისაა, თექვსმეტი წლის ბიჭმა რა ჭკუა უნდა ასწავლოსთქო. მანჩოსოდენა ჭკუა რომ ჰქონდეს რა მიჭირსო.

4.სოხუმში ერთ დღეს მანჩოს მეზობლად მცხოვრებმა მეგობარმა მოაკითხა, ოჯახს პრობლემები გვაქვს პოლიციასთან, ფული გვჭირდება, იქნებ ბეჭედი გამაყიდინოვო. მანჩოს საკმაო რაოდენობის ფული ჰქონდა (მას მამამისიც ანებივრებდა და სადაც არ უნდა წასულიყო, თხოვდნენ ემღერა, შემდეგ ყველანი ფულს ჩუქნიდნენ) მთხოვა, დე 30 მანეთი მაკლია თუ არა გაქვს ისესხე, დავეხმაროთ, ცუდ დღეში არიან. რა თქმა უნდა ეგრევე დავთანხმდი, მანჩოს არ უნდოდა ბეჭედი გამოერთმია,ფული ისე წაიღეო,მაგრამ იმან არაფრით არ ქნა. დე, ეს ბეჭედი ჩემგან შენ გქონდესო. ასეც მოვიქეცი, მას არაფერზე ვეუბნებოდი უარს. მე საქორწინო ბეჭედი არ მეკეთა, მაგრამ ის ბჭედი არ მომიშორებია ხელიდან, მისი ნაჩუქარი ჩემთვის უცებვე რელიქვიად იქცეოდა. ეტყობა.....

5. მაიკო ( მანჩოს მამიდაშვილი, რომელიც ძალიან უყვარდა) მოვიდა ერთ დღეს ჩვენთან , მანჩომ გაიგო, რომ ფული არ ჰქონდა (დევნლობის პირველ წელს ყველამ ჯოჯოხეთი გამოვიარეთ) მანჩო გავარდნილა და მაიკოსთვის გარკვეული თანხა მიუცია. ბიჭებს ვუთხარი ბურთი უნდა ვიყიდოთმეთქი და მოვაგროვეო. მერე მათ რას ეტყვიო? შეწუხებულა მაიკო. რაღაცას ვიზამ შენ არ იდარდოვო. ის ასეთი იყო

6.აჭარაში მანჩოს მეგობარს დაბადების დღე ჰქონდა. ცოტა ხანში შემოვარდა, დე რამდენი გაქვს ფული? ღვინო არა აქვთ, სტუმრები კი საკმაონი არიან და უნდა ვიყიდო, ცოდვები არიან, ისე მივიტან რომ არაფერი გაიგონ. რაც მქონდა მივეცი. თვითონ არ სვამდა, მაგრამ ყურადღებიანს ეს ფაქტი არ გამორჩენია.

7.ჭუბერის გზაზე ტანსაცმელიც მოგვპარეს, განსაკუთრებით მანჩო დაზარალდა, რაც ეცვა იმის ანაბარა დარჩა. თბილისში ჩამოსულებს ავთო მარგიანმა ერთი ხელი ტანსაცმელი გამოუგზავნა,ვხედავ შარვალს ახვევს, სად მგაქვსთქო და დე, მე ერთი მაქვს, მეყოფა, იმას, ვისთანაც მიმაქვს ისიც არა აქვს ძალიან დახეულია და წავუღებო. ვაკოცე

8. მის საუკეთესო მეგობარს ირაკლის ჩხუბი მოსვლია და სერიოზული დაზიანებით მიუყვანიათ საავადმყოფოში. მანჩოს გააგებინეს თურმე ბიჭებმა. გულამოვარდნილი შევარდნილა და მედიკების გულგრილობით შეძრულს უყვირია, არაფერი დააკლოთ ფულს ახლავე მოვიტანთ, მანამდე კი ჩემი ოქროს ცეპი დაიტოვეთო,  მოუგლეჯია კისრიდან  და მაგიდაზე დაუდვია. ის ძალიან საიმედო, ძლიერი დასაყრდენი  იყო, აკი ამიტომაც ეძებდნენ გასაჭირში ბიჭები, ყველანაირ სიტუაციაში მონახავდა გამოსავალს.
 
მანჩოსთვის ყველაზე მთავარი ადამიანური ურთიერთობები იყო, მატერიალურის წინ წამოწევა არასოდეს შემინიშნავს. უამრავიდან ერთს გავიხსენებ: მანჩოს დევნილობაში ახლობელმა ბიჭებმა საკმაოდ კარგი და ძვირადღირებული მაგნიტოფონი აჩუქეს. მეტი არც არაფერი გაგვაჩნდა მაშინ და მუსიკებს გოგოებიც ხშირად უსმენდნენ. ეს მაგნიტოფონი ხან ვის ჰქონდა და ხან ვის. როცა ერთ-ერთმა ჩვენმა მეზობელმა ერთი დღით ნათხოვი მესამე დღესაც არ შემოგვიბრუნა, გოგოებმა მოიკითხეს, მამიდამისმა უთხრა  ერთ-ერთს მიდით და გამოართვითო. მანჩო სასტიკი  წინააღმდეგი წავიდა, არც გაბედოთ, არ მიაკითხოთ, როცა მოიტანს მასინ იმხიარულეთ, თორემ მეწყინება,  ნივთია სხვა ხომ არაფერი, მოვისვრი გადავაგდებო.

9. მახსოვს, ერთხელ მოვარდა, დე ბიჭებმა ვიქეიფეთ, ფული არ გვეყო, რამდენი შეგიძლია მომცეო, არ მქონდა და ცეპი მოვიხსენი და მივეცი. გაუხარდა, აუცილებლად დაგიბრუნებო. არ დამნანებია და არც დავინტერესებულვარ გაყიდა თუ ჩაალომბარდა, მისთვის არაფერი მენანებოდა, ის ამას იმსახურებდა, კარგი შვილი იყო. მე და მამამისი არაფერს ვიშურებდით მისთვის, ჩვენი და მთელი ჩვენი წრის მისდამი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მანჩო არ გაუყოყოჩებია. თვითონაც ყველაზე გადაყოლა ჩვეოდა.






Monday, March 13, 2017

                                         რამდენჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში

შენი ხანმოკლე ცხოვრების გზა შენსავით სუფთაა, ყველა ამჩნევდა, რომ შენგან კარგი პიროვნება ყალიბდებოდა. პატარაობიდანვე ვაჟკაცურს და დაკვირვებულს არც უმცროსი გეშლებოდა და არც უფროსი, ყველა ასაკის ადამიანთან შეგეძლო მეგობრობა. შენთან ურთიერთობა ყველას უნდოდა. გარდაცვლილი შვილის გახსენებისას დედა ყოველთვის მის საუკეთესო თვისებებს წარმოაჩენს. ხშირად ფიქრებში ვბრუნდები წარსულში, თვალს ვავლებ მანუჩარ გულედანის ბავშვობას , ყმაწვილკაცობას , ეპიზოდებს და მისგან წყენას, გულისტკივილს ვერ ვიხსენებ. მანჩო ის სითბო იყო, რომლითაც მყუდრო ვიყავი, ის სინათლე, რომლის წყალობით კაშკაშებდა ჩემი წუთისოფელი, მეამაყებოდა ასეთი შვილი, რომელსაც ყველაფერი კარგად გამოსდიოდა. მის ხასიათში იყო განივთებული მეგრელისა და სვანის საუკეთესო თვისებები. სვანის სიდარბაისლე და მეგრული სიპეწე. ვიხსენებ და მიკვირს, რა იყო ამ ბავშვის ცხოვრება, მას ყველაზე ცუდ დროს მოუწია ყმაწვილკაცობამ. ექვს - შვიდჯერ მაინც მოუწია სიკვდილისთვის უშიშრად გაესწორებინა თვალი, თითქოს ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
1.     27 სექტემბერს ჭუბერის (უღელტეხილით)გზით მოვდივართ. ერთად არ მოვდიოდით, ზოგი წინ, ზოგი უკან, ვინ როგორც ვახერხებდით, ვიღლებოდით, გზადაგზა ვისვენებდით. ჩვენ:  მე ლელას და ერთ ახლობელ გოგოს სამი კბილებამდე შეიარაღებული ბანდიტი შეგვხვდა, რა გამოვიარეთ, ამაზე აქ არ მოვყვები. თურმე ესენი უფრო წინ წასულ მანჩოს შეხვედრიან და კურტკის გახდა და მიწაზე დაწოლა უბრძანებიათ. მანჩო არაფრით დანებდაო ამბობდნენ თვითმხილველები. დაემუქრენ,ის არ დამორჩილდა, მაგრამ მოხდა სასწაული, არ მოკლეს. როცა ვიკივლე, რომ მოეკალით რას შვებოდითქო, გაგეხადა ეს ოხერი კურტკა, დაწოლილიყავი მიწაზეთქო. არა სიკვდილი მერჩივნა სილაჩრესო.
2.  თბილისში ახალჩამოსულები ვართ, ქვეყანაში საოცარი ქაოსია, რუსთაველზე  შინ მომავალსთვის გზა გადაუღობიათ ვიღაც უცნობებს, შარის ატეხვა ნდომებიათ და  ქურტკის გახდა მოუთხოვიათ. რა თქმა უნდა არ დაემორჩილა, იქაც მთელი ჩხუბი და დავიდარაბა და მერე ისევ გია ჩაერია, ეს ამბავიც გარჩევის საგნად იქცა. ამ ამბის დეტალები არ ვიცი. მაშინაც გადარჩა.  რა გახდა ეს კურტკა, გაგეხადა, მიგეგდო, მართლა ხომ არ უნდა შეეწირო ამასთქო, ვუყვირე. დე, კურტკა არაფერ შუაშია, მაგის გახდას დაჩმორება მოჰყვება, ასეთი ცხოვრება არ მინდა,ერთხელ იბადები და კაცად უნდა მოკვდეო.
3. 1994 წელი. სასტუმრო აჭარა სავსეა შეიარაღებული მებრძოლებით. ყოველ ღამით გვიკაკუნებენ, ხან რას გვთხოვენ ხან რას, ერთ საღამოსაც პირდაპირ შპრიცი გადაგვახარშიეთო მოგვთხოვეს. მოკლედ კანკალში ვიყავი. ერთ დღესაც მე და ლელა ვართ მარტო. მოულოდნელად კბილებამდე შეიარაღებულმა, მთვრალმა მხედერიონელმა შემოგვიღო კარი. ლელას დაადგა თვალი და თავისი კურტკა ლოგინზე მოისროლა. ამ დროს მანჩოც მოულოდნელად დაგვადგა თავს (სხვათაშორის არ ვიცი როგორ და რატომ, მაგრამ მანჩო გასაჭირში უცებვე ჩნდებოდა, ეს პირველი შემთხვევა არ იყო) გული გადამიქანდა, ვიცოდი მანჩო არ მოითმენდა, რამე უბედურება არ დატრიალდესთქო. ვეფერები "სტუმარს", არ მინდა გამწვავდეს სიტუაცია. ყავა მომიდუღეთო-ეხლავეთქო. მანჩომ შემაჩერა, არ გაინძრე, გარეთ გადით, მე მივხედავო და კატეგორიული ტონით მოსთხოვა ლოგინიდან კურტკა აეღო, ეს არაკორექტულია და ოთახიდან გადითო. ის არ გადიოდა. მანჩომ მუშტი მოღერა,თვალით მანიშნა დაგვტოვეთო.  არაფრით არ დავტოვე. არ ვიცი რა მოხდა იმ კაცში, ნათლად დაინახა,რომ ეს ბავშვი არ დათმობდა და თავს შეაკლავდა, თუ მის უნამუსობას მიხვდა, არ ვიცი,ჩემდა გასაკვირად დაემორჩილა მანჩოს და გავიდა ბოდიშებით, იარაღზე კი წარამარა ირტყამდა ხელს. მე კი აკანკალებულს მთელი ღამე არ მიძინია. მამშვიდებდა, დე, ნუ ხარ ასეთი მშიშარა, ვერ მესროდა, მართალი არ იყო. მეორე დღეს გამოფხიზლებულზე საბოდიშოდ შემოვიდა, არა მართო ის სხვებიც.
4.  ერთი ახლობელი გოგო მიყვებოდა, სადღაც სტუმრად ყოფნის დროს ვუღაც გოგოს თავხედობის გამო შემოსწრებულ მხედრიონელს ის კინაღამ გაუუპატიურებია. მანჩო ცდილობდა გოგო დაეცვა, დაძაბულობა მოეხსნა, ფერი არ ედოვო მეუბნებოდა თვითმხილველი. ძალიან საშიში სიტუაციიდან არ ვიცი რამ იხსნათ, იმ გოგოს ვიღაც ახლობელი ავტორიტეტები უხსენებია, ამან, თუ არ ვიცი, რამ გაჭრა, დაშოშმინებულან. მერე მანჩოსთან დაძმაკაცებაზე დაუწყია საუბარი და მოფერება იმ კაცს, კარგი ბიჭი ჩანხარო. იმ ღამესაც სიკვდილთან ძალიან ახლოს იყო.
5.  სასტუმრო აჭარაში გიას ვიღაც შეიარაღებულ ტიპთან მოუწია საქმის გარჩევა, გიას არაფერი დაუშავებია, უბრალოდ მგონი კომპლიმენტი უთხრა ერთ გოგოს, ის ჩემი გოგოაო უთქვამს ტიპს, გიას მოუბოდიშებია, მაგრამ არა,არაფერი შეისმინა, შარზე იყო. მასთან ძალიან ბევრნი ყოფილან. გია მეუბნებოდა ხოლმე, მანჩომ ჩემსავით შიში არ იცის, ეს არ არის ალბათ კარგიო. იმ დღესაც მხოლოდ ორნი დარჩნენ ჯგუფის პირისპირ. გიას უკითხია მანჩოსთვის, რა ვქნათ ორნი როგორ შევეჭიდოთ ამდენს, რას ფიქრობო? სანამ შევძლებთ ვიომოთ, აბა რა ვქნათ, თავს ხომ არ შევირცხვენთო, გიასაც ეს უნდოდა და გამართულა სასტიკი ბრძოლა. მხილველები ამბობდნენ, თუ რა სასწაულები ჩაიდინეს გიამ და მანჩომ, ბოლოს მანჩოს იქვე მდგომი ბიჭისთვის კასტილები წაურთმევია და იმით დარევია. შეიძლებოდა ეს ინციდენტიც ფატალურად დამთავრებულიყო. იმ განუკითხაობის პერიოდში ადამიანის მოკვდინება არაფერს ნიშნავდა. თუმცა ეს არ არის ყველაფერი, მე ბევრი რამ არ ვიცი. ის მოსკოვში  ყოფნისასაც შეეჯახა პრობლემებს და უსამართლობებს, რაღაც მისთვის ძალიან ღირებულმა დაკარგა ფასი.  გულგატეხილობა   იგრძნობოდა ჩემთან საუბარში. ჩვენ ბოლო ღამე საუბარში გავატარეთ. ბევრ საკითხს შევეხეთ. ის ღამე ჩვენი გედის სიმღერა იყო. მანჩო ისეთი გახსნილი არსოდეს ყოფილა, იმასაც შემპირდა, შენს სურვილს შევასრულებ, იურიდიულზე გადავიტან საბუთებს, ან ხელახლა ჩავაბარებო. გავარჩიეთ რამოდენიმე წიგნი, ფილმი, ბოლო ფილმი, რომელიც ნახა"ფორესტ გამბი", ტომ ჰენსის მონაწილეობით.საოცრად გაფაქიზებული, გასაფრენად მზად მყოფი სრულყოფილება, გასაკვირი სითბოთი მიყვებოდა ფილმზე, ბოლოს სიმბოლურად ბუმბული როგორ ტრიალებს ჰაერში.  მერე ეს ფილმი ვნახე და ჩემს კედელზე მიდევს სწორედ ის ეპიზოდი. და დღესაც ჩვენს შორის, მარადიული სიყვარულის და ურთიერთობის დასტურად, სწორედ ის ღინღლი დაფარფატებს.
 ვიხსენებ ამ ყველაფერს და ვფიქრობ, რა იყო ეს?! ან ძალიან ბევრი ხომ არ იყო  ეს  ჩვიდმეტი წლის ყმაწვილკაცისთვის?! თითქოს ამ მოკლე ხანში უნდა მოესწრო ბევრი სიკეთე და სიყვარული? ან რა იყო სიკვდილთან ამდენჯერ მიახლოვება, თითქოს ერთმანეთს ერკინებოდნენ? რა გამოცდებს უწყობდა განგება, თუ მე მამზადებდა მისი გარდაცვალებისთვის? ყოველთვის მეშინოდა მისი ამაყი, მოუსვენარი ბუნების, ბუნება, რომელიც არც საკუთარი თავის და არც სხვის დაჩაგვრის ნებას არ აძლევდა.მუხანათმა სიკვდილმა კი სულ სხვა, მოულოდნელი მხრიდან მოცელა.  ეჩქარებოდა, ეჩქარებოდა.... უნდოდა ბევრი რამ მოესწრო. რეზონანსული იყო მისი გარდაცვალება, თითქოს მთელმა საქართველომ დაიტირა, მისი შემხედვარე მღვდელიც კი ცუდად გამხდარა. მან თავისი გარდაცვალებით ბევრის ცხოვრება შეცვალა. ბევრმა ტაძარს მიაშურა.   მაკვირვებდა პატარაობიდანვე მისი საოცარი თავმდაბლობა,ზრდილობა, დამყოლი, გულჩვილი ხასიათი და ამავ დროს უკიდურესი თავმოყვარეობა, მიკვირდა, როგორ ათავსებდა ამ თვისებებს ერთმანეთან. მოვარდა გრიგალივით, გაგვაოცა და სახტრად დაგვტოვა აზვირთებულ ტალღებში.
მაინც ვერც ერთი  ძალა ვერ მოშლის
 განგების ნებას სულში რომ არის,
თვალი გამირბის სივრცის ბოლოში
იქნებ დავლანდო ჩემი ტაძარი.






მანჩო და გია - დაპირისპირება თბილისელებთან

მანჩო, ის ტკივილია, რომელიც არსოდეს ყუჩდება, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არა აქვს. იშვიათები ცოცხლობენ არა წლებით,არამედ წამებით. ამ მოკლე ხანში  რამდენი რამ იყო, იყო ბავშვობა, სკოლა, ყმაწვილკაცობა, ქუჩა, მეგობრები, ბევრჯერ ჩხუბიც, რამდენჯერ ჩახედა   სიკვდილს თვალებში, მაგრამ არასოდეს სუსტის დაჩაგვრა.  ახლა ერთ ეპიზოდს გავიხსენებ
  დევნილობის პირველი წელი, სასტუმრო აჭარაში ვცხოვრობთ. მანჩო მეგობარ ბიჭებთან ერთად ხშირად დადიოდა სტადიონზე და კალათბურთს თამაშობდა. მოწინააღმდეგე მხარე თბილისელები იყვნენ. ერთ დღეს მანჩო აწითლებულ-აღელვებული, აშკარად ნაძიძგილავები მოვიდა. შევწუხდი, იჩხუბეთქო?- მაგრამ იუარა. მერე მივმართე, შენ გხედავ რა დღეში ხარ, ისინი თუ გაილახნენთქო. გაილახნენ და კიდევ გაილახებიანო-წამოცდა. რამოდენიმე დღის შემდეგ ფოიეში მყოფმა ყური მოვკარი, ვიღაც აღშფოთებული ქალი ამბობდა, მანუჩარ გულედანს ესროლესო. როგორ აღმოვჩნდი მერვე სართულზე არ მახსოვს და ცოცხალი რომ ვნახე ვუყვირე, ასეთი რა დააშავე, რომ გესროლესთქო. სამი ტყვია იყო ფანჯარაში გასროლილი  და ბიჭი აბსოლუტურად მშვიდად იჯდა ოთახში."დე, დამშვიდდი, ძალიან გთხოვ და ერთი იცოდე, მე არასდროს არაფერს დავაშავებ, მერე აგიხსნი ყველაფერს!"  აი რა მომიყვეს ბიჭებმა. კალათბურთის თამაშისას ერთმა თბილისელმა კალათბურთელმა, მანჩოს თავზე წამოარტყა თურმე, მანჩომ ეს ვერ მოითმინა, თვალში ხომ არ გეპატარავებიო  და ხურდა კარგად დაუბრუნა, შემდეგ ჩხუბში ორივე მხარე ჩაერთნენ, ისინი დაემუქრნენ, სოხუმელებს არ გაბლატავებთ დედაქალაქში, გაგყრით თქვენს ქალაქშიო. ერთ დღესაც სასტუმრო აჭარაში მოვარდნენ ის  ბიჭები საჩხუბრად, მაგრამ მანჩომ და მისმა მეგობრებმა კი არ მოიგერიეს, სასტიკად გაუსწორდნენ. გამწვავდა სიტუაცია. გია გულედანმა ( მანჩოს ბიძაშვილი) , რომელმაც მხოლოდ კლიჩკა იცოდა და მეტი არაფერი იმ ბიჭისა,მონახა ის მისი ჯგუფი და გაარჩიეს საქმე, შეთანხმდნენ, ეომათ ორივე მხარეს, ვინ გაიმარჯვებდა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა და მერე შერიგებულიყვნენ. მართლაც სერიოზული ბხუბი გამართულა,მოგებული მხარე მანჩოს და გიას მხარე აღმოჩნდა, ხელიც ჩამოურთმევიათ ერთმანეთისთვის მოლაპარაკებისამებრ და შერიგებულან. თითქოს უნდა დასრულებულიყო ყველაფერი, მაგრამ სოხუმელი ბიჭის გამარჯვება ვერ გადახარშეს ეტყობა. ერთ-ერთმა ავტომატით მოახერხა აჭარაში შემოპარულიყო ყველა გაიკრიფა, აბა ავტომატიანს ვინ დაუდგებოდა და  მანჩოს  დაადგა თავზე. მანჩომ თურმე დანებს დაავლო ხელი, ის ავტომატით ედგა, ეს კიდევ დანებს არ უშვებდა ხელიდან. არ ვიცი რა მოხდებოდა, იქ ირინას, (რომელიც ჩვენთან იმყოფებოდა იმ მომენტში) ძალისხმევამ  ხელი შეუწყო დაძაბული მდგომარეობა ტრაგიკულად არ დამთავრებულიყო. და ავტომატის ჯერის ხმამ გააყრუა იქაურობა, ბოლო მომენტში მაინც არ გაიმეტა ფანჯარაში გაისროლა.  ეს უკვე მეტის მეტი იყო, იარაღი უნდა მქონოდა, მეც ვისროდი და ამით ინციდენთი ამოიწურებოდაო. გაგიჟდა გია, შეყარა ისინი და თავიანთი ხალხიც, ეს იყო რაღაც საოცარი, შეიძლება ითქვას საუკუნის გარჩევა. ვინ არ მირეკავდა გუჯას მეგობრებიდან (გუჯა მოსკოვში იყო) მანჩოს პრობლემები შექმნია, დახმარება ხომ არ გინდათ, ქურდებს ჩავრევთ, ჩვენ მივხედავთ მაგ ბიჭებსო, მაგრამ გიამ და მანჩომ სხვისი დახმარება იუარეს. რუსთაველზე თურმე ივერიის თავზეც იდგნენ შეიარაღებული ბიჭები, აქედან ჩვენი მხარე, გიას საძმაკაცო, ყველანი იარაღებით.  ისინიც კბილებამდე შეიარაღებულნი. მაშინ იარაღი ყველას ჰქონდა.ზაზამ,  (მანჩოს მამიდაშვილი, აწ გარდაცვლილი) რომელსაც პოლიციაში მაშინ სერიოზული თანამდებობა ეჭირა,სასწორზე შეაგდო მისი კარიერა, მანჩოს თავს ვერავის დავაჩაგვრინებ მის გვერდით უნდა ვიყოვო და გარჩევაზე ისიც იარაღით მოვიდა, ( ეს პოლიციელისთვის ხომ ყოვლად მიუღებელი იყო. ისროდნენ და მზად ვიყავით, ჩვენც არ დაგვენდოვო, მიუხედავად მათი შეიარაღებული  მხედრიონელი მეგობრების სიმრავლისა, არც აქეთ მხარეს იყვნენ ჯაბანნი და გიამ ის ტიპი, ვინც ყველაფერი წამოიწყო კარგად ნაცემი მომიყვანა, ბიცოლაჩემს ბოდიში მოუხადე, რაც ჩაიდინე და რაც ანერვიულე იმის გამოვო. როცა ის ბიჭი, ( კლიჩკასაც ვერ ვამბობ, კალათბურთელი იყო და თავს ვიკავებ) ბოდიშს მიხდიდა, ერთი სული მქონდა ჩამეკრა გულში და მადლობა გადამეხადა, რომ ბოლო მომენტში არ გაწირა ჩემი შვილი  და ფანჯარაში გაისროლა ტყვიები, მაგრამ გიასი მომერიდა. ამხელა ამბავი დაატრიალა და როგორ მივფერებოდი. თერთმეტი რიცხვი იყო მაშინ, გადავრჩით, მაგრამ თერთმეტი რიცხვი მისთვის საკრალური აღმოჩნდა, მეორე წლის სექტემბერის თერთმეტში კი....მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ის თუ მართალი იყო დამარცხებას ვერ შეურიგდებოდა და რა თქმა უნდა სასწორზე ეკიდა არა მარტო მანჩოსი არამედ გიას და ზაზას და ბევრის სიცოცხლე, მაგრამ აქ ღირსების საქმე იყო, რომელსაც ვერც ერთი ვერ დათმობდა. თბილისიდან გაგდების მუქარა და არაკაცური საქციელი ძვირი დაუჯინეს. მამამისი გუჯას ნაცნობა მოვარდა ჩემთან საბოდიშოდ,  დავეჩოქები, ეს ვისთვის უსვრიაო. მოდიოდნენ საბოდიშოდ მისი ნათესავები.მერე შეშინებული ვეკითხებოდი  ჩემს შვილს, დე, კიდევ ხომ არ გაგრძელდება რამეთქო, მამშვიდებდა, არა, დამთავრდა ყველაფერი, მე არ ვარ თბილისში სტუმარი, ეს ჩემი ქალაქიც არის და მგონი მიხვდნენო. ნეტა მე რატომ არ ვიყავი მაინცდამაინც იმ დღეს სახლშითქო. არა დე, ხომ არ გაგიჟდი, შენ რომ ყოფილიყავი მართლა მოკვდებოდა ჩვენს შორის რომელიმეო. არ ვიცი რა იგულისხმა. მე რომ შევევედრებოდი არ მომიკლა შვილითქო, ჩემი საცოდავი მდგომარეობა მასზე ცუდად იმოქმედებდა და უფრო დაიძაბებოდა სიტუაცია ალბათ?!  არ ვიცი, არ ვიცი.....
  გაზაფხულია, სიხარულია,
ჩემში კი მხოლოდ ის წარსულია,
ის დრო, როდესაც ვიყავით ერთად
შენ წახვედი და დატოვე სევდა.
მოიპარება ფანჯრებში ღამე,
ღამესთან ერთად ტკბილი სიზმარი
შენი თვალები სინათლით სავსე,
კარზე კაკუნი, ნუთუ ის არის?!
 სადღაც ამ სულის უსასრულეთში,
ამ ნაცრისფერი სამყაროს მიღმა,
დარჩა ხატება ლამაზთვალება,
ნეტარი როგორც გამობრწყინება
     თამარ ფულარია