Monday, April 25, 2016

                                                            პროფესიონალი თუ?!

დღესაც ჩვეულებრივ, სწრაფად გავეშურე სკოლაში გაბუკას მოსაყვანად. ხალვათად მეცვა და საფულე მოსასხამის ჯიბეში ჩავიგდე. "საფულეში არ უნდა მედოს ყველა საბუთი, სამგზავრო მარტო უნდა ვატარო, რომ დამეკარგოს, რა აღადგენს?"- გავიფიქრე და ყვითელ ავტობუსში ასულმა ბილეთი ავიღე. უცებ მკეთრი მოძრაობით ჯიბისკენ წავიღე ხელი და იქ სხვის ცივ ხელს წავაწყდი. ხელის პატრონსაც არ მოეწონა ჩემი ხელი და საფულეს ხელი უშვა. ავიხედე, ჩემს წინ მაღალი, სათვალიანი, შეჭაღარავებული წვერებით 60- 65 -ამდე წლის სანდომიანი კაცი იდგა.
- ყველაფერი რიგზეა ქალბატონო! მომმართა ჩუმად
- თქვენს ასაკში? გამაოგნეთ!-ჩავსისინე ჩუმად და ჩავედი, არ მიხმაურია. ჩასვლისთანავე გავხსენი საფულე, იქნებ მოასწრო რაიმეს ამოღებათქო და ვხედავ, ფული აღარ დევს. ძალიან ბევრი არ იყო, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი, მთელი კვირა ულუკმაპუროდ უნდა დარჩენილიყვნენ ბავშვები. გაბრაზებული სწრაფადვე მივბრუნდი, იქნებ ავტობუსი არც იყოს დაძრულითქო, მაგრამ უშედეგოდ. მიმოვიხედე და ჰოი საოცრებავ! იქვე იდგა.
- დამიბრუნეთ ფული!- მივმართე მკაცრად და ხმამაღლა
- ინებეთ ქალბატონო, გთხოვთ არ იხმაუროთ!- მომაპყრო მშვიდი, მუდარით სავსე თვალები და ხელში ჩემი ფული შემომაჩეჩა. დავტოვე იქაურობა, არ ვიცი კარგად მოვიქეცი თუ ცუდად. იქნებ ჯობდა არ დამენდო?! ერთია, მთელი დღე ვფიქრობ, რატომ ჩამოვიდა ჩემთან ერთად, ან რატომ იდგა ერთ ადგილას, თითქოს მელოდებოდა და გამზადებული დასაბრუნებლად ხელში ეკავა ფული. ეტყობოდა რომ არ იყო უბრალო ადამიანი, ანუ იმის თქმა მინდა, რომ უინტელექტო არ ჩანდა. ვინმე ხომ არ მეტყვის რა კატეგორიის ადამიანთან მქონდა საქმე, ადრეც ქურდი იყო თუ ახლა გაჭირვებამ აიძულა, თუ გამოცდილი არ იყო, როგორ შეძლო ფულის ამოღება და მერე ცარიელი საფულის უკან ჩადება, და რატომ დამიბრუნა, რატომ არ გაიქცა? კითხვები არ მასვენებს. ვნანობ რომ არ გავესაუბრე, მაგრამ მე ხომ საოცრად ჩქარი ცხოვრების რეჟიმი მაქვს, მუდამ გადარბენებზე ვარ. მგონი ამოკი შემეყარა, მინდა მოვნახო, გავიცნო, გავიგო რა ცხოვრება გაიარა, მოკლედ, გულახდილად გავესაუბრო.




No comments:

Post a Comment