Saturday, November 26, 2016

         

                                                 გუჯა და "ხაზარულა"

დღეს გუჯის ნოდარ დუმბაძის "ხაზარულა" ჰქონდა სასწავლი. გუჯიკო რის გუჯიკოა ( კირკიტა, მაფიქრალი, ცნობისმოყვარე, ჩემგან ცენზურად შერაცხული), კითხვები რომ არ დაგაყაროს. ვაშლის ხის ამბავმა სხვებიც დააინტერესა. მომიცუცქდნენ. გუჯას ეცინება
- ბებო, ეს ზღაპარია თუ რა! ხე რა სულიერია, როგორ ელაპარაკებიან და როგორ აშინებენ? - ვხვდები გუჯამ გაიგო მასწავლებლის ახსნილი, მაგრამ ჩემი აზრიც აინტერესებს. ვესაუბრები და უცებ გამახსენდა ჩემი ბავშვობა. თუ როგორ დაგვრაზმა დედამ, წამომყევით ატმის ხესთან, მე მოჭრას დავუპირებ, თქვენ იყვირეთ, მთხოვეთ, ოღონდ ახლა ნუ მოჭრი და მომავალ წელს ნაყოფს მოისხამსო! მართლაც სიხარულით, კივილ-წივილით ვეომებოდით დედას და ნაჯახს ვაცლიდით. კარგით, მაშინ წელს კიდევ ვაპატიებო! უთხრა დედამ ატმის ხეს და გაეცალა. და ჰოი, საოცრებავ! მომავალ წელს დაიხუნძლა ნაყოფით ჩვენი ატამი.ამ ამბავმა გაახლისა სამივენი, იცინეს. გუჯიკო მაინც არ ისვენებს
- რა მოხდა, ესე იგი ცოცხალია ხე, გავიგე, მაგრამ ნაყოფი რომ გამოიღო ეს როგორ გავიგოთ, რა, მართლა შეშინდა? ბევრი ვესაუბრე, ამ თემაზე, ესმის ხო, ცოცხალი არსებაა, არ უნდა სიკვდილითქო! ისიც ვუთხარი, ჩვენი წინაპრები როგორ არჩევდნენ მოსაჭრელ ხეს და ბოდიშს უხდიდნენ მოჭრისას. ეს საუკუნეების დაკვირვების შედეგია, ბუნებას გაფრთხილება და სიყვარული უნდათქო, მაგრამ რატომ ისხამს მუქარის შემდეგ ნაყოფს ხილი, მგონი მაინც ვერ გავაგებინე.
ისე ვინმე ხომ არ ამიხსნით რა ხდება?! რა ფენომენთან გვაქვს საქმე?! :))))



No comments:

Post a Comment