Wednesday, October 12, 2016

                                            უზომოდ მგრძნობიარე გაბო

    ერთ საღამოს ლელა, მატა და მე რაღაც საჭირბოროტო საკითხზე  ხმამაღლა ვსაუბრობთ, ლელა ძალიან ემოციურად გამოხატავს თავის აზრებს. ეთო და გუჯი თავისი საქმით ერთობიან, გაბო კი ტირის. ხან მაგიდის ქვეშ შეძვრება, ხან კი დივანს აეფარება. შემდეგ მოდის და მეფერება
- ბებო, შენ ინერვიულე, მატამაც ინერვიულა და დედამაც ხომ?- მკითხა თვალცრემლიანმა
- არა უშავს ბებო, სერიოზული არაფერი იყო, ხდება ხოლმე, შენ ნუ განიცდი ყველაფერს!
- მე სანამ დავიბადებოდი, ან სულ-სულ პატარა რომ ვიყავი მაშინ გიჩხუბიათ?- მეკითხება ცნობისმოყვარედ
- ალბათ კი,  უფროსებიც კამათობენ გაბო, თქვენსავით ისინიც არ თანხმდებიან ყველაფერში, რატომ დაინტერესდი?
- რა ვი, აბა, ეთოს და გუჯის ეცინებოდათ, არ ეშინოდათ, მე კი ვნერვიულობ!
- მათ იციან რომ არაფერი სერიოზული არ ხდება გაბო, გთხოვ, ნუ განიცდი საყვარელო!
-კარგი, ბებო ახლა წავალ და დედას დავამშვიდებ!- მითხრა შეწუხებულმა და საძილე ოთახისკენ გაემართა. ცოტა ხანში ისევ ჩემთან გამოცუნცულდა
- რაო, გაბო, დაამშვიდე დედა, უთხარი რომ არ იყვიროს, ნერვებს გაუფრთხილდეს?
-არა, ბებო, ამას ვერ ვეტყვი, მერე იფიქრებს, რომ ყველანი ბებოს უსმენენო!- გაოგნებულმა შევხედე, "რას არ იტყვის ეს ბავშვი, გამაგიჟებს!"- გავიფიქრე და მის წინ ჩავიმუხლე
- შემოგევლე გაბო, საოცრება ხარ, თან მიხარია და თან მაწუხებს შენი ასეთი მგრძნობიარე, ღრმა ადამიანობა, გთხოვ ყვველაფერზე არ იდარდო! - გულში ჩავიკარი. ყოველთვის ფრთხილად ვარ გაბოსთან, ყური რომ მოჰკრას ფული არა გვაქვსო, რომც უსაშველოდ შიოდეს ფუნთუშასაც არ გაყიდინებს, კინაღამ ექსკურსიაზეც უარი თქვა ამის გამო. ავუხსენი ჩვენ გიშვებთ, დანარჩენზე ნუ ფიქრობმეთქი მაგრამ...გაბოსთან ჩემი აღზრდის რეცეპტები არ არის მისაღები, მასთან სიმკაცრე არ შეიძლება და არც არის საჭირო, ვცდილობ  გული არაფერზე ვატკინო, ვეფერები. ცხოვრებაში არ დაჩაგროს მეშინია მისმა ასეთმა  ბუნებამ. ნათქვამია:  ბავშვებს არც წარსული აქვთ და არც მომავალი, ისინი ქწმყოთი ხარობენო! გაბო ის გამონაკლისია რომელსაც სამივე დრო აინტერესებს.  მოკლედ ჩავეკარით მე და ჩემი მგრძნობიარე, ყველაფრის დამნახავი ვარსკვლავბიჭუნა ერთმანეთს. მან ჩემი სახე მის ფუნჩულა თბილ ხელებში მოიქცია, დამკოცნა, სიყვარულით შემომხედა
- ბებო, ღმერთმა კარგად გამყოფოს, შენ რომ არ გვყავდე რა გვეშველება!
   რა ალაპარაკებს ასეთ სიტყვებს გაბოს ვერ გამიგია, უფალმა ჩემს გადასარჩენად გამომიგზავნა ალბათ, მაგრამ დიდხანს რომ მაცოცხლოს იმიტომაც ვითომ?!
   მ ი ყ ვ ა რ ს  გ ა ბ უ კ ა!







No comments:

Post a Comment