ისევ ყვითელი
ჯერ ისევ ყვითელი ავტობუსით მიწევს მგზავრობა, ველოდები ფერის გამოცვლას, ვნახოთ, როგორ იმოქმედებს ლურჯი ფერი მგზავრებზე და გამცილებბლებზე მომავალში. ახლა კი....გუშინ. ერთ გაჩერებაზე ხალხი ჩამოვიდა და მძღოლმა უცებვე დაძრა მანქანა, უკნიდან კივილი მოისმა
- გააჩერეთ ჩავდივარ!- მძღოლმა ლანძღვა დაუწყო, აქამდე სად იყავიო,აჰყვა მონიტორინგის თანაშემწეც, ქალიც არ შეეპუა, ვერ ავდექი, ცოტა უნდა მოიცადო, ასე უცებ რატომ დაძარი მანქანაო, სანამ ჩავიდოდა ამათ ქოქოლა დააყარა?!
- თამარ დედოფალი, ვერ ადგა უფრო ადრე!- მიაყვირა გამცილებელმა. თამარ დედოფალი ავტობუსში ჩაჯდებოდა და ისიც ყვითელში?- გავიფიქრე ჩემთვის, და მეთორმეტე საუკუნის ტრანსპორტზე დავიწყე ფიქრი, მაგრამ ვინ მაცალა...
- რა იქნება ეს ქალი ოჯახში?!- დაიყვირა წინ ერთმა შუახნის კაცმა
- ვერა ხედავთ რა ხნის ქალია, არა გრცხვენიათ? ძლივს ჩავიდა ქალი!- შეუტია მგზავრს იქვე მდგომმა ქალმა.
- თქვენც რა იქნებით ოჯახში წარმომიდგენია!- ახლა ამას მიმართა ოჯახში ავი ქალების მცნობელმა კაცმა. წამოვდექი და იმ ქალს დავუწყე თვალებით ძებნა, ვინც ასეთი პროტესტი გამოიწვია. ვხედავ ქუჩაში, მოშორებით, ჯოხით ძლივს მიჩანჩალებს ასაკოვანი ქალი. სისხლის მოწოლა ვიგრძენი, სახე ამელეწა, მომინდა ჩემთვისაც ეთქვათ, ვაი რა იქნებით ოჯახშიო! მაგრამ გადავიფიქრე, თუ რა ვარ ოჯახში ეს ჩემთვის მძიმე თემაა, და ვიღაცას ჩემი ემოციით და თავდასხმით წავლეკავდი. ვისწავლე ემოციების მართვა.
P.S.
ცუდი ფერია ყვითელი, სიძულვილის ფერი, გამოცვალონ მალე!