Wednesday, September 28, 2016

                     
Inga-Mariami Basiashvili                    ასაკი?
მხოლოდ ციფრებია …
გული არ ბერდება! /ეპილოგი კი ლექსის ბოლოში.../
რამდენი წლის ხარ? რამდენი წლის ვარ?
რა შუაშია თუ ისევ ის ვარ?!
აპრილის შვილი, ენძელის ხნის ვარ,
ნაწვიმარ ბაღის, უღრუბლო ცის ვარ.
რამდენი წლის ვარ? რამდენი წლის ვარ...
ვარდობის თვეში ვარდების წლის ვარ,
დაბალი წრის ვარ, მაღალი წრის ვარ,
რამდენიც გინდათ იმდენი წლის ვარ...
ნელინელ კვდომის, ნელინელ ხრწნის ვარ,
ღმერთების ფეხის, უბრალო მტვრის ვარ,
არაგვის, თერგის, რიონის, მტკვრის ვარ,
ქორწილის ღამით ბეჭდების ცვლის ვარ.
ატმების კვირტის, ვაზების რქის ვარ,
მილეულ მთვარის, ამოსულ მზის ვარ,
ვინ გეკითხებათ რამდენი წლის ვარ?!
ზაფხულის, ზამთრის, მოყვრის ვარ,მტრის ვარ,
ზოგჯერ სულელის, ზოგჯერ ბრძნისა ვარ,
მარკიზის, გრაფის, ხელმწიფის ღირს ვარ,
ხან მძიმე ჩადრის, ხან დეკოლტის ვარ,
ხან დალხინების, ხანაც სიმწრის ვარ.
შვილებით დაღლილ დედამიწის ვარ,
ჯეირნის მწვადზე დაყრილი ცვრის ვარ,
ვარ პირველ კლასში, სულ ექვსი წლის ვარ!
საყურის, ბეჭდის, კაბების ცვლის ვარ.
ხან ავი ზნის ვარ, ხან კარგი ზნის ვარ,
ქართული ჰანგის, ქართული ზნის ვარ.
ჭოროხის, ზვირთის, პონტოის ზღვისა ვარ,
კოდორის ტყეში მოჩრდილულ მზის ვარ,
ჩვიდმეტის გინდათ? ჩვიდმეტი წლის ვარ!
ათასის გინდათ? ათასი წლის ვარ!
დღეს მომემატა მე ერთი წელი
და ამდენივე მომაკლდა უცებ...
მე შენ მიყვარხარ..
2016. 24. 09.
       <3მე, რომ წავიდე – ვინ უნდა გამოუცვალოს იებს წყალი?
მე, რომ წავიდე – ვინ უნდა შემოუშვას ოთახში ქარი?
მე, რომ წავიდე – ვინ უნდა წაგიკითხოს ლექსების პწკარი?
მე, რომ წავიდე – ვინ უნდა დაგანახოს სარკმლიდან მთვარე მცხრალი?
და სხვაც რომ დავტოვოთ, ჩემო ბატონო!
ვისზედ უნდა ბრძანდებოდეთ ყოველდღე მწყრალი...
ნაზი კილასონია
             ყველაფრით დაღლილს                                     
სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ,
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ, არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს..”
უილიამ შექსპირი


Monday, September 26, 2016



                                             შეხვედრა წარსულთან      

ორი დღეა დამძიმებული დავდივარ... გადავწყვიტე გამეხმოვანებინა მიზეზი.
ორი დღის წინ ადრე  "ახლობელ," სოხუმელ, თვრამეტ- ცხრამეტი წლის უნახავ ქალს შევხვდი მარშუტკაში. აღფრთოვანდა ჩემი დანახვით, ემოციები გადმოაფქვია, მგზავრობის ფულიც გადამიხადა ჩასვლისას, მაგრამ ყველაფერ ამაზე ჩემი პასუხი ჩუმი სიცივე იყო, რადგან მე მისი და მისი ოჯახის დანახვა არ მინდა, რატომ? - იმიტომ, რომ მწარედ მატკინეს გული, ვერ დაგვაზარალეს, მაგრამ ჩემი ოჯახისთვის ყველაზე ღირებულს, ღირსებას, შეეხო მათი საქციელი. თავად დევნილებს, ათასი მაქინაციებით, ყვლეფით ნაშოვნი ფულით ნაყიდი ბინებით, დაჩებით, თექვსმეტათასიან თუ ოცდათხუტმეთათასიან მანქანებით უზრუნველყოფილებს თავი პრივილეგირებულებად წარმოედგინათ და დევნილებს უარყოფდნენ, " მაგრამ ხანგძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა!".... მათი დაცემის , მრავალი სიდუხჭირის მიზეზი, მათი გაუნათლებლობაა. მოლას ოხუნჯობანი გამახსენდა, აბანოში რომ შიშველმა მეფემ ჰკითხა: "ჩემი ფასი მითხარიო,"- ორი თუ სამი შეკელი!- უთხრა მგონი მოლამ. აღშფოთებულმა მეფემ წამოიძახა: "ეს ხომ ჩემი პირსახოცის ფასიაო!"- მეც სწორედ მაგაზე გითხარიო! - მიუგო მოლამ. ისინიც ტანსაცმლით აფასებდნენ ადამიანებს და მოლა კარგი მშემფასებელი იქნებოდა მათი. დღეს უსახლკაროდ, უარაფროდ დარჩენილები და ბევრი სხვა უბედურებების გადამკიდენი, ძლივს შესახლდნენ დევნილთა კორპუსში, არადა ადრე დევნილთა კორპუსები ესირცხვილებოდათ. საოცარია ცხოვრება... განგება ვის რას უმზადებს არავინ იცის!  მთავარია, ადამიანებად დავრჩეთ, მაწყევარი არ გავიჩინოთ. მე მათი დაცემა ნამდვილად არ გამხარებია, უფრო მეტიც, გაჭირვებაში მყოფთ, ჩემი ოჯახის წევრი დაეხმარა კიდეც. კარგად ვიცი, ცნობილი სიმღერისა არ იყოს ეს ცხოვრება კიბე რომ არის და ზოგი ჩადის და ზოგი რომ ამოდის და აღმართს რომ დაღმართი მოჰყვება ესეც ჭეშმარიტებაა. ერთი იმ ხალხის ტვინში ჩამახედა, მატერიალურ სილაღეში რომ ჰგონიათ ამოხდებათ სული და მარად აღმართზე წარმოუდგენიათ თავი და ზემოდან იყურებიან. ჭკვიანი კაცი ღმერთს ეხვეწება, იმდენი ფული მომეცი, რომ არ გამაფუჭოსო! მაკედონელი ამობრუნებული ხელებით გაასვენეს, რათა ყველას ენახა, იმქვეყნად რომ არაფერი მიგვაქვს. იქ არ გვკითხავენ რა ფირმის მანქანაზე ვიჯექით, რა ზიზილ-პიპილები გვეცვა,  რა დელიკატესები ჩავხეთქეთ, პარკერის ფირმის,   ოქროს კალმით ვწერდით თუ ოცთეთრიანი პასტით ვაწერდით ხელს, მთავარია შინაარში და ის, თუ რას აწერდი ხელს. სიკეთემ უნდა გადაწონოს ცოდვა-მადლი. ამ წერილის მიზანი არ არის მათი ან ვინმეს გაკილვა, არა და არა, მე ის ადამიანი არ მყავს მეგობრებში, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს წაიკითხოს, თავისი თავი ამოიცნოს და იქნებ არ იყოს გვიან და მოინანიოს ბევრი რამ...
     მთავარი,  იმან კი არ დამამძიმა, რომ შევხვდი და მტკივნეული წარსული დამიდგა თვალწინ. არა, გამაოგნა ფარისევლობამ, მისმა ცრუ, ემოციურმა შეხვედრამ, არ მეგონა, თუ ასე ვუყვარდით! ასეთი ადამიანები კი, როცა დასჭირდები კარებს უტიფრად მოგიკაკუნებენ, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, არ მესმის როგორ შეუძლიათ ასე! ბავშვობიდან ვერ ვიტან მატყუარა, ფარისეველ, აფერისტ, ყოყლოჩინა ადამიანებს, ისინი კი ასეთები არიან. არაფერი გამიკვირდება მრავალტკივილდათმენილ სოხუმელ ქალს, ყველაზე ღირებული ადამიანური ურთიერთობებია, არც ჩემს ოქროს წლებში ვყოფილვარ მატერიალურზე ჩაწიკლული, ვინც იცნობს ჩვენს ოჯახს დამეთანხმებიან. თითქოს თავის ქება გამომდის არა?! არც მე ვარ ანგელოზი, ჩვეულებრივი ქალი ვარ ყოველდღიური ცოდვებით, არც იმის ილუზია მაქვს, რომ სამოთხეში გარანტირებული პირველი კლასის კუპეთი შემაგრიალებენ, იქნებ არც საერთო ვაგონით და არც ურმითაც მომიწიოს მგზავრობამ, მაგრამ ის ვიცი, რომ სიბოროტეს არ ჩავდივარ. ადამიანის მოკვდინება მარტო ტყვიას კი არ შეუძლია, სიტყვით და საქმით მოკვდინება უფრო საშინელებაა.
გვიყვარდეს ერთმანეთი, ერთმანეთთან თანადგომით უფრო ადვილია ცხოვრების გატანა, დუმბაძის არ იყოს ჩვენ ხომ ძმები ვართ ერთი მზის ქვეშ დაბადებულნი და გაზრდილნი!
ყოველი კაცი წინაპართა ბოლო წერტილია და ეს წერტილი ისე უნდა დაისვას , რომ კარგად დააჩნდეს!
ჩვენ ჩეგეტში, კარგი დრო იყო!




Friday, September 23, 2016

                                                            სკოლის გზაზე


   დღეს გაბო სკოლაში მიმყავს, მეტიკტიკება
- სკოლაში კი მშივდება ბებო, ზოგი ტირის, მე ვითმენ!
- გაბო, იქნებ დაგიტოვო ფული?
- არა, ბებო, არ მინდა გუფეტში ჭამა, მასწავლებელსაც არ მოსწონს და ფული ტყუილად რატომ უნდა დავხარჯოთ, სახლში ხომ გვაქვს საჭმელი!- გამეღიმა. ვაჟა ფშაველას ქუჩა ცოტა უაზროდ და უკულტუროდ გადავჭერით, მანქანამ ახლოს ჩაგვიქროლა
- გაბო, ვიჩქარეთ, ასე შეიძლება მანქანა დაგვეჯახოს!
- გადავრჩით ხომ ბებო?!- მომმართა გაბომ
- ჰო, გაბო! - ვუპასუხე უაზროდ. სევდიანი, სიყვარულით სავსე თვალები მომაპყრო, მიყურა, მერე, წელზე მომხვია ხელი, ჩამეკონა, დამკოცნა უთქმელად. ყველაფერი მითხრა, თანამიგრძნო ამ ჟესტით ჩემმა გონიერმა, მგრძნობიარე კაცმა. "ღმერთო! საიდანა აქვს ამ ბავშვს ასეთი სიღრმე, როგორ მიხვდა თუ რა მწარე რეალობას გამახსენებდა მანქანის ჩაქროლება!"- გავიფიქრე და უთქმელად განვაგრძე გზა
- ბებო, შენ უძილობა გჭირს და იმიტომ ლევ წამლებს, და მაინც ვერ იძინებ? -
- ჰო, გაბო, მაინც ვერ ვიძინებ, შენ საიდან იცი რომ ვერ ვიძინებ?
-ვიცი, ბებო! რატომ ვერ იძინებ ისიც ვიცი! - წარმოთქვა გულისტკივილით. მერე რაღაც ჩაილაპარაკა
- რა თქვი გაბო?
- არაფერი, ვერ გეტყვი!
- უნდა მითხრა, მაინტერესებს!
- ნეტა დედა რომ ბებია გახდება რას დაარქმევს თავის შვილიშვილს?
- გაბო, რისი თქმა გინდა საყვარელო? ხომ არ გინდა შენს შვილს მანუჩარი დაარქვა?
- არა, არ ვიცი!
- შენ თუ გინდა დაარქვი ბიძაშენის სახელი!- არაფერი მიპასუხა,მხოლოდ ისევ წელზე მომხვია ხელი და ხელები დამიკოცნა
მიყვარს გაბო!



 

Sunday, September 18, 2016

                                                  იქნებ წავიდე?!

 
      ტრადიციულ  ოჯახში ვარ გაზრდილი, ,კაცრი კანონებით,  სხვაგან გაშვებას ჩვენთან სტუმრობა რომ ერჩინათ ჩემს მშობლებს და მართლაც მოდიოდნენ ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, დედა ყველას თბილად იღებდა, ყველას უხაროდა ფულარიების ოჯახში სტუმრობა. სასკოლო გამოშვებაც სახლში გადავიხადეთ. კლასელი მყავდა ერთი ბიჭი გვერდიგვერდ ვიჯექით, სკოლის დამთავრების შემდეგ რამოდენიმეჯერ ვნახეთ ერთმანეთი, მერე წლები გავიდა, ბევრმა  წყალმა ჩაიარა...  და აი ჩვეულებრივი მძიმე დღე გათენდა, ძალიან ცუდად ვარ, ვფიქრობ თავი როგორ მოვიკლა.  უთენია  ტელეფონის ზარი გაისმა, შენ გკითხულობენო  გაკვირვებულმა მომაწოდა ყურმილი ქალიშვილმა. არავის ვეკონტაქტებოდი და ყველა მომჩერებოდა ვინ მამაკაცი მირეკავდა. მიკნავებული ხმით ვუპასუხე, შენი კლასელი ვარ ესა და ესო, გავიგე ყველაფერი... ახლა მოსკოვში ვცხოვრობ, ერთ-ერთი სასტუმროს დირექტორი ვარ, შვილები პარლამენტარები მყვანან, დაავლე შენს ძმისშვილს ხელი, წამოდი მოსკოვში, ოთახს დაგითმობთ და ყველანაირად ხელს შეგიწყობო. ხანმოკლე საუბარი, მადლობის მოხდით დავასრულე  და ტელეფონის ნომერი არც ჩამიწერია.  ცოტა ხანში ჩემი ძმისშვილი, თედო  ჩამოვიდა ხობიდან.  თედომ სევდანარევი ირონიით  მოჰყვა: ''ჭიშკართან მანქანა გაჩერდა, კაცი გადმოვიდა ღიმილით, მოსკოვიდან ჩამოვედი და ამ ოჯახის უნახავი ვერ წავალო. ბებია სად არის მინდა მოვეფერო, მრავალი სიკეთე მახსოვსო. ბებია გარდაიცვალათქო. შეწუხდა, მერე მამაჩემი მოიკითხა, შოთა რას შვებაო, მამაც გარდაიცვალა მეთქი, გაშრა, ცოტა პაუზის შემდეგ, ელგუჯა გულედანი სად არის, დიდ პატივს ვცემ ჩემი ლექტორი იყო,  ისიც გარდაიცვალამეთქი რომ ვუთხარი, თავში ხელი იცა, რა მოუვიდათ ამ საღ-სალამათ ხალხსო. ელგუჯას ხომ შვილი მოუკვდა და იმის შემდეგ დაავადამეთქი. შვილი, მანუჩარი მოუკვდაო, კაცი გაქვავდა, კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა გაფითრებული, ყველა რომ ამოვწყვიტე, მერე შიშით, ჩუმად იკითხა თამრიკო სად  და როგორ  არისო? გაიგო, რომ თბილისში იყავი, თავი ჩაქინდრა და წავიდაო." აი  თურმე რატომ  მირეკავდა!
  ჰოდა გავიდა მას შემდეგაც  ბევრი წლები... ახლა კი დაწიხლულს, გულნატკენს, დაღლილს ცხოვრებისგან, უფინანსობისგან, უმადურობისგან და კიდევ რა ვიცი რისგან ამეკვიატა ამ სიბერეში მოსკოვში უნდა წავიდე, სანამ კიდევ შემრჩენია ძალა, ჩემს თავს მივხედავ, მეც ხომ მაქვს უფლება რაღაცეები დავიკიდოთქო, ბავშვები ხომ უკვე წამოვჩიტეთქო. დავიწყე იმ კეთილი კლასელის მოძიება, მაშინდელი  შეპირება თუ ძალაშია უნდა გავიგოთქო, შენც არ მომიკვდე, ვერა და ვერ მოვნახე, ახლა რაღაც იმედი გამიჩნდა, მოსკოვში მცხოვრებმა ახლობელმა მითხრა გაგიგებ კოორდინატებსო.  შინ ვახმოვანებ მოსკოვში მივდივარ, თუ შევძელითქო, ნეტა არ მეთქვა, ღვთის რისხვა დამატყდა თავს
 გაბო: მოსკოვი უცხოეთია, სად არის?!
- კი გაბო უცხოეთია!
- მერე მე როგორ მტოვებ, დედა სახლში არ არის, მე სკოლაში ვინ წამიყვანს, ვინ მამეცადინებს?- აღრიალდა გაბო
-ნუ ტირი გაბო, ყოველდღე დაგელაპარაკები, თან ფულს გამოგიგზავნი!
- არ მინდა ფული, გადაყარე, ჩემთან იყავი, ჩამეხუტე, შენ რომ ბებო იყო და მე ასე გითხრა კარგი იქნება?- სლუკუნებს გულამომჯდარი ბავშვი.   გუჯიკო, რომელიც დედამისის გვერდით იწვა გაიგონა გაბოს ტირილი, რა ხდებაო? და მიზეზი რომ გაიგო აღშფოთდა
-  არ წახვიდე, ჩვენ ვინ მოგვხედავს, დედა არ გაგვზრდის და ვერც გაგვზრდის, არც იფიქრო ბებო! - წარმოთქვა გაღიზიანებულმა. ეთუნა რაღაც მუსიკებს უსმენდა, მანაც მოჰკრა ყური, ჩვენს საუბარს
- ბებო, ვარიანტი არ არის, არ გაგიშვებ, თუ არადა მეც შენთან ერთად მოვდივარ!
- გამაგიჟებთ ხალხნო, წამოგჩიტეთ, უკვე არ ხართ პატარები, მეც მინდა დასვენება და ცხოვრება.
-არა ბებო, ჯერ პატარები ვართ, მიყვარხარ, შენს გარეშე ვერ შევძლებ! - უფრო ასლუკუნდა გაბო
-დამშვიდდი, დაიძინე, მოვიფიქრებ, იქნებ არ წავიდე! - დავუყვავე გაბოს
- კარგი, ცოტ-ცოტად ვმშვიდდები, ოღონდ პირობა მომეცი რომ არ დამტოვებ!- ვეფერები და ძლივს ვაძინებ. დილით ხელს არ მიშვებს, ყველგან დამსდევს შეშინებული. ცოტა ხანში თამარს და თინას დავურეკე,  ისინი მაინც არ არიან ჩემი გაზრდილები, მათაც დავეკითხებითქო. შენ რას იტყვი თამარ  მოსკოვში რომ წავიდემეთქი
- ვისთან მიდიხარ, რა გინდა არ წახვიდე, მიყვარხარ! არა და არა, გესმის?!- მომაყარა კატეგორიული ტონით თამარმა
სკაიპით დაგელაპარაკებით ყოველდღე!
- არა, არა, არ მინდა, არ მელაპარაკო!- მომიჭრა უფრო გაღიზიანებულმა თამარმა - ელაპარაკე თინას, ჩამძახა გაბრაზებულმა  და ყურმილი თინას გადასცა
-უნდა წახვიდე? დარჩი!- გაისმა თინას ღუღუნა ხმა
- ჰო, თინ, შენც წინააღმდეგი ხარ?
-ჰო, გთხოვ, დარჩი, მიყვარხარ და იმიტომ!
- ყოველდღე დაგირეკავ თინ!- მოვეფერე  თინას
- უნდა გნახო ვიდრე დარეკო!- მომაჭედა პაწუკა თინამ და საუბარი არ გამიგრძელა.
არ ვიცი რას ვიზამ, გამაგიჟებენ ესენი, მართლა მინდა ერთი ორი წლით გავიდე, მოვსინჯო ჩემი თავი, სანამ კიდევ შემრჩენია ჯანი და შრომისუნარიანობა. რა ვქნა მე თავის დროზე გავზარდე შვილები, შვილიშვილებიც წამოვჩიტე, უფლება არ მაქვს ყველასგან და ყველაფრისგან დავისვენო  ცოტა ხანი, არაფერი გავიგონო და  არაფერი
 დავინახო?! შეწუხებულმა მატას შევჩივლე. რას ატერორებ ბავშვებსო, ასეთი პასუხი მივიღე. არ ვიცი რას გადავწყვეტ, არადა ასეთი დამძიმებული როგორ წავიდე?!  ვნახოთ რას გადავწყვეტ, გაგაგებინებთ, ის კი გავიგე, რომ ჩემს თავს არ ვეკუთვნი თურმე




Saturday, September 17, 2016

გაბო მეორე კლასში

     მე და გაბო დღეს ახალ საჯარო სკოლაში წავედით, ის უკვე მეორე კლასელია, მაგრამ მოწყენილი მომყვება, მიზეზი ვკითხე
- ვნერვიულობ და მეშინია ბებო, ახალ კლასში მეგობრები არ მყავს, თან კითხვაც არ ვიცი კარგად!
- ნუ ნერვიულობ, საყვარელო, ნელი მასწავლებელი გუჯასაც ასწავლიდა , ძალიან საყვარელია, შენც შეგიყვარდება, რაც შეეხება მეგობრებს, აი ნახავ, დღესვე დაუმეგობრდები ყველას!- მივმართე დაყვავებით. ცოტა ხანში რაღაც სლუკუნივით მომესმა
- გაბო, რა ხდება, ტირიხარ, არ გადამრიო! - აღვშფოთდი მე
ჰო, ბებო, ცემლი მომდის, ანუ ვიცემრლები!- მიპასუხა ძალიან მოწყენილმა.
- გაბო თქვი ცრემლი, შენ ცრემლს ვერ ამბობ?- გავიკვირვე მე. არ გაიმეორა, დამორცხვით ჩაიცინა. "როგორი მგრძნობიარე და გულჩვილია"- გავიფიქრე და გულში ჩავიკარი.
მასწავლებელს ჩავაბარე, სევდიანი, მავედრებელი თვალები გამომაყოლა გაბომ. მთელი დღე ვნერვიულობდი... როგორც იქნა გაკვეთილები დამთავრდა. გაბო კარგ ხასიათზე გამოვიდა სკოლიდან, მასწავლებელიც მომეწონა და ბავშვებიცო. მასწავლებელმაც შეაქო გაბო, სხარტი გონება აქვსო.
გაბოს განწყობა გაკვეთილების დაწყებამდე და შემდგომ




Friday, September 9, 2016

                                              გაბო

  დღეს ჩემი უსაყვარლესი კაცური კაცის, მოსიყვარულე, თბილი, გულისხმიერი, ღვთის საჩუქრის, გაბრიელის დაბადების დღეა. გაბო ის კაცია, რომელმაც ხელახლა მომანდომა ცხოვრება. მასში ვხედავ ბიძამისის (მანუჩარის) გონიერებას და გულისხმიერებას, შოთას (ჩემი ძმის) სიკეთეს და კაცთმოყვარეობას, ბაბუის (ელგუჯას) დიდსულოვნებას და სიწრფელეს. მოკლედ, გაბო არ მაძლევს საშუალებას დავივიწყო ჩემგან წასული სამი უძვირფასესი,  ადამიანი. ყოველდღიური  საუბრით, ქმედებებით მახსენებს ამ სამი ბუმბერაზი მამაკაცის  თვისებებს. ერთი სიამოვნებაა გაბოს გვერდით ყოფნა, ურთიერთობა, ის უშურველად გასცემს სითბოს, სიყვარულს და იღებს კიდევაც დამსახურებულად, ის  ყველას უყვარს. ცოტათი მებრალება თავისი ზედმეტად გულისხმიერებისა და გულჩვილობის გამო,  წაადგება კი ეს ცხოვრებაში, სადაც ახლა ჯუნგლების კანონი - "ძლიერი იმარჯვებს!"- მძლავრობს?!
 მინდა მისკენ მარად მცხუნვარე მზე კაშკაშებდეს! მჯერა, მისი საოცრად კეთილშობილი კაცთმოყვარე ბუნება,  სიკეთე ბევრს მოჰგვრის სიხარულს.
  გილოცავ გაბუკა! უფალმა საოცარი სიკეთე, გონიერება, სიწრფელე, გულისხმიერება დაგაბერტყა და ვევედრები უფალს ამ თვისებების ბედნიერ ცხოვრებაში სწორად გამოყენების საშუალებაც მოგცემოდეს! მარად მწვანე შუქზე გევლოს ჩემო .....!!!
     აქ კი გავიხსენებ, ეპიზოდებს, როცა გაბო მოჩლექით ლაპარაკობდა და როგორ მეფერებოდა,(თუმცა მოფერებას არც ახლა მაკლებს), ახლა დიდი კაცია შვიდი წლის და ხანდახან რაღაც სიტყვებს რომ ვერ გამოთქვამს სწორად რცხვენია,  მაგალითად: კაპისტანი-პაკისტანის მაგივრად, კრალა-კლარას მაგივრად, საყლიდლად-საყიდლად, ისარგლება-ისარგებლას, ვიცემრლები- ვიცრემლების  ნაცვლად და ასე შემდეგ...
                                            მე და გაბო
      მე და გაბო შინ მოვდივართ, მეტიკტიკება, სახლის ოდენა მიყვარხარ, ქვეყნის ოდენა მიყვარხარ, მსოფლიოში ყველაზე მაგარი ბებო ხარ, კიდევ კარგი დაიბადე, თორემ ჩვენც არ ვიქნებოდით, სახლში მეხარება მოსვლა შენთანო. წინ მოსიარულე წყვილი დაინახა
- ბებო ესენი შეყვარდნენ და ბავშვები ეყოლებათ?
- არ ვიცი გაბო!
- აბა რომ ეხუტება ბიჭი? მაინტერესებს ბიჭები რატომ იკეთებენ ეპიტრაციას, წვერები აქვთ ბევრი? ნახე ბებო ბიჭს თმა არა აქვს!- გამახედა გაბომ სრულიად გაპუტული ვაჟისკენ - მე არ გავიკეთებ ეპიტრაციას და არც დაჩოქილი მოვიყვან ცოლს!
- ანუ შენ გინდა თქვა რომ გოგოს ცოლობას დაჩოქილი არ სთხოვ?!
- ჰო, ბებო არ მინდა, სულ არ მოვიყვან! -წარმოთქვა კატეგორიულად და ღობეზე ახტა
- გაბო ფრთხილად, რამე არ იტკინო, გახსოვს?  რა მწარედ დაეცი, კინაღამ თავი გაიტეხე! -შევახსენე ადრინდელი ამბავი
- არა ბებო, არ გადავტეხდებოდი, ის ანდრინდელი ამბავია, მახსოვს, კოპლი რომ ამომივიდა, კიდევ კარგი რუსმანი არ იყო თორემ მართლა გაგამიტყდებოდა თავი! სახლში მისვლამდე ახლობელს შევუარეთ, სადაც რემონტი მიმდინარეობდა
- ბებო გამერონტება ჩვენს სახლსაც უნდა ხომ?
- კი გაბო!
- რატომ არ ვამერონტებთ?
- ფული არ გვაქვს!
- ბებო, მე რომ გავიზრდები სახლებს  ავაშენებ, მე და შენ ლამაზ სახლში ვიცხოვროთ!
- გაბო, მე მაშინ ცოცხალი არ ვიქნები!
- შენ კარგი ბებო ხარ, ორასი წელი იცხოვრებ, მინდა სულ ჩემთან იყო,არ მინდა შენთან განშორება, ხელები არ გაქვს ბებერი!- მერე სახეზე მაკვირდება- ლამაზი ხარ, არ დაბერდები, ბებო შენ რომ მოკვდები, მერე მეც რომ მოვკვდები, მერე სულები ხომ ჩავეხუტებით?
- გაბო შენ არასოდეს მოკვდები!
- ყველა კვდება ბებო, მაგრამ არ მინდა დაბერება, რატომ უნდა დაბერდეს ყველა?! - შინ მივედით, ლარნაკში ჩალაგებულ ვარდებს მივარდა, დაყნოსა
- დაყნოსნე ბებო, რა კარგი სუნი აქვს! - გუჯამ ჭადრაკის თამაში შესთავაზა, ცოტა ხანში გაბოს მოსთხოვა აგებ, დამნებდიო
- ნებებებს არ ვართ!- წამოიძახა გაგულისებით გაბომ და მალევე პარტია ფრედ დაამთავრა. გუჯას კიდევ მოუნდა თამაში
- ნუ მომაბრეზე თავი, თორემ ლეკორდს დაამყარებ წაგებაში!- გაუბრაზდა გაბო. ცოტა ხანში ეთო და გუჯა წაიკიდნენ
- არ გაუბრაზდე ბებო, უდანაშალონი არიან!- დაიცვა ორივე გაბომ
- არ გავუბრაზდები!
- ბებო, კვერცხი მინდა, ოღონდ გონგლი- მონგლი კია არა, შემიჭვი, ხომ იცი "გაზლოკები" მიყვარს, ბოდიში, რომ ასე გვიან უნდა გაგაწუხო. მე გემი დავხატე ნახე ბებო!- და ქაღალდის ფურცელი ამიფრიალა
- რა დააწერე გაბო გემს?
- "ამბძანდით" დავწერე ბებო, ყველა ასო არ ვიცი და რაც ვიცოდი ის დავწერე!- მეცინება
- კარგი გაბუკა, უკვე უნდა დაწვე, გვიანია!
- კი ბებო, უკვე დავბაბარცებ, წამო დამაწვინე, მიყვარხარ!- მკოცნის- ბებო შენ და დედას ტუჩებში კი გკოცნით, მაგრამ ისე კი არა, დიდხანს რომ კოცნიან და თავს აქეთ-იქეთ აქანავებენ. მიყვარხარ ბებო ძალიან,  პატარა რომ ვიყავი მრცხვენოდა, ვერ გეუბნებოდი, ახლა დიდი ვარ და ბევრს გეტყვი!
მადლობა გაბო, მეც მიყვარხარ, მსოფლიოში ყველაზე მაგარი შვილიშვილი მყავს!
- მე კი ყველაზე მაგარი ბებო, ადრე არ ამადგინო, შენ კი ტკბილი დაძინვა!ბაი ბაი!
- ძილინებისა საყვარელო!-გაბო გადაბრუნდა, მე ფიქრებს გავყევი, მგონია ძინავს, უცებ მომხედა
- ბებო, სად იყურები?  მე მომხედე, მანჩო ძიაზე ფიქრობ ხომ?
 ძალიან მოწყინდი, ის ღმერთანაა და გვხედავს, მეც ვხედავ, ის ხომ ცოცხალია! თუ ვერ იძინებ მეც არ დავიძინებ!
- გაბო, საოცრება ხარ, უზომოდ მიყვარხარ, პირობას გაძლევ არ ვიფიქრო, ორივემ დავხუჭოთ თვალები და ლამაზი სიზმრები ვნახოთ.
  ასეთი სიყვარულიანი, მოფერებიანი დღეებით მოვდივართ დღემდე მე და გაბო.
  მიყვარს გაბო!
    16  სექტემბერი 2016 წელი











Sunday, September 4, 2016

                                      ჯვრის მონასტერი

სამი დღის წინ მე და მაიკომ გადავწყვიტეთ ჯვრის მონასტერი მოგველოცა და აქამდე ჩვენთვის უცნობი წმ.ნინოს ცრემლების წყაროც გვენახა. ავედით მონასტერში, ეს ხომ საოცრებაა, გული ამიჩქროლდა, ის ბედნიერი წლები გამახსენდა, ხშირად რომ ავდიოდით ჯვარზე, მტკივნეული სიცხადით ჩამიქროლა ძველმა კადრებმა თვალწინ. ჩემს ცხოვრებას, ყოველგვარ განმეორებას გავურბივარ
ისეთი გული რად გინდა,
გქონდეს და არა გტკიოდეს, 
ისეთი თვალნიც დავსილან,
ცრემლი არ ჩამოსდიოდეს!
გამახსენდა ვიღაცის ლექსი. არ მინდოდა მაიკოს შესანიშნავ განწყობას ჩემი ცნობიერების ნაკადით მივსკდომოდი. გავიხედ-გამოვიხედე, იქაურობა ტურისტებით გავსებულიყო, იღებდნენ სელფებს, სურათებს. ჩემდა გასაკვირად მეტი წილი რუსული მეტყველება მესმოდა და მსიამოვნებდა. "ნეტა აღდგეს კეთილმეზობლური ურთიეთობა ჩვენს შორისთქო"! - გავიფიქრე და ახლა ის წლები გამახსენდა, ქართველები რომ დილით საქეიფოდ გადაფრინდებოდნენ მოსკოვში და საღამოს ისევ უკან ბრუნდებოდნენ, მივხვდი, ნოსტალგია მომწოლოდა იმ წლებისა, ახლა რუსეთუმეობაა რამე დადებითი თუ წაგცდა რუსეთზე, მაგრამ მე ეს არ მანაღვლებს, გინდაც ჩამქოლონ, ცუდად არ მახსენდება ის წლები და ცუდი მეზობელი ჯობია შორს მყოფ ნათესავსო, ეს ყველას მივიწყებული აქვს რატომღაც. ყველა ოკეანის გაღმა იყურება, შეძლებენ ოკეანის გადაცურვას თუ არა, ამაზე ფიქრით არ ირჯებიან. მოკლედ, მოვილოცეთ და ციცაბო ბილიკით დავეშვით ნინოს ცრემლების წყაროზე, რომელიც ნინოს ძუძუს წყაროდ ყოფილა ცნობილი და განსაკუთრებით უშვილობას შველის. მეგონა პატარა სამოთხეში ვიმყოფებოდით ისეთ საოცარ ადგილზე მოვხვდით. წყაროს დარაჯმა, ბატონმა სულხანმა, თბილად მიგვიღო, მოგვიყვა ჩვენთვის უცნობი საინტერესო ამბები, გვანახა განკურნებული მომლოცველების სამადლობელი წერილები ქვეყნიერების სხვადასხვა კუთხიდან. იკურნებიან თურმე სიმსივნიანები, გამაოგნა პრიბალტიკიდან (თუ არ მეშლება) გამოგზავნილმა წერილმა, წყვილს ოცი წელიწადი არ ჰყავდათ შვილი, უკვე ხელჩაქნეულები იყვნენ, აქ ჩამოვიდნენ და მალევე შეეძინათ შვილი. ასეთი უამრავი წერილია. შემდეგ დაგვალევინა, სამკურნალო წყალი, წყაროზე სპეციალურ ადგილას დაგვსვა, სახეზე, ხელებზე, ფეხებზე, მტკივნეულ ადგილებზე შეისხით წყალიო. შინაც გამოგვატანა დიდი ბოთლით, წყალი, რომელსაც მართლაც რძის გემო დაჰკრავდა და ცხიმიანობაც იგრძნობოდა. ჩემდა გასაოცრად აღმართი მსუბუქად ავიარეთ. გზადაგზა მე და მაიკო, სურათებს, სელფებს ვიღებდით, ვითომ რით ვიყავით ტურისტებზე ნაკლები?! ბედნიერი დღე მე და მაიკომ სასიკეთო საქმით დავასრულეთ.
ჩემი პირველი სელფი: მამიდა და ძმისშვილი










Saturday, September 3, 2016

                                                      ჩემი ერთი დღე 

გამოგერევა ადამიანს ასეთი დღეები... ადგები დილით, უფალს სანთელს დაუნთებ, ჩართავ კოპიუტერს და უცებ შემოგეფეთება ლია ცინდელიანის ( ჩემი ნათესავის), სამი ულამაზესი ტყუპი ბიჭების სურათი, ვერ ძღები ყურებით, ჩაყლაპო გინდა. მერე მოულოდნელად წაიკითხავ ჩემთვის ძალიან პატივსაცემ, დიდებული პიროვნების, კობა ჭუმბურიძის მიერ მოძღვნილ ლექსს: "გაბოს ლექსი," დადებითი ემოციისგან წალეკილი ხსნი პირადში მოწერილ წერილებს. ერთი- კურსელის ძმისშვილი, უსაყვარლესი და ულამაზესი, მარინა კოპალიანი მწერს: "ძალიან მიყვარხართ, უდიდეს პატივს გცემთ, შემდეგში ჩემთან მოდით კლინიკაში, მე გაგიკეთებთ გადასხმას უმტკივნეულოდო!" გული მიჩქროლდება სიხარულით, მაგრამ ამით არ მთავრდება... მეორე წერილი მარინა ხატიაშვილისაა ( ჩვენ ერთ კათედრაზე ვმუშაობდით სოხუმში, 25 წელია არ მინახავს), რომელიც ამერიკაშია გათხოვილი კარგ ამერიკელ ბიჭზე, მწერს: " შენ ყოველთვის იყავი და დარჩები ჩემთვის სილამაზის, კეთილშობილების, სიკეთის .... ეტალონადო!" ეს ის უგანათლებულესი და უჭკვიანესი მარინაა, თავად რომ წარმოადგენს მართლა ადამიანურობის, სიკეთის, კეთილშობილების, ეტალონს, ის საოცრებაა, უზომოდ მიყვარს და მენატრება. მერე გაიქცევი კლინიკაში და საყვარელ დაქალს, ნაზი მაისაიას უგულშემატკივრებ ოპერაციის მსვლელობისას და გახარებული მოდიხარ, რადგან გეუბნებიან, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარაო. დამშვიდებული შედიხარ მშობლიურ ტაძარში და იქ გეფერებიან, მაგრამ მე განსაკუთრებით ჩემი ნატო ბაკურაძის სიტყვები მატკბობს:" მოხვედი ჩემო არისტოკრატო, სამეგრელოს დედეოფალო!" იმიტომ, რომ მე ის ძალიან მიყვარს, მისი ყოველი მოფერება მალამოდ მედება. სახლში მოდიხარ ავსებული, გული საგულეს არ ჩერდება, და თურმე კიდევ მელოდება ერთი სიურპრიზი. მოდის ერთი ახლობელი ადამიანი, ჩვენ საჭირბოროტო, მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბროთ, მის სახელს გარკვეული მიზეზით ვერ ვამბობ და სამსაათიანი საუბარი მთავრდება ისე, რომ ისიც კმაყოფილია და მეც, მეჩვენება, რომ უკეთ გავიცანით ერთმანეთი, და ჩემდა საბედნიეროდ იმ დღესვე მეძლევა შანსი ერთი სიკეთე გავაკეთო, ამასაც ვერ ვიტყვი, ეს უფლის ნებით მოხდა და ის პიროვნება ყოველდღე რეკავს და მადლობას მიხდის.სიკეთეს ყველა თავისთვის აკეთებს, ეს უდიდესი ბედნიერებაა! როგორ გინდა ამის შემდეგ დაიძინო?! - არ დამიძინია. "გამართლებულია ჩემი ყოფათქო!"- გავიფიქრე სიხარულით. რა ჰქვია ასეთ დღეებს? მარჯვენა ფეხზე ავდექი, პოზიტიური დღე, თუ ასტროლოგიურად ჩემი დღე?! არ ვიცი, ერთი კია, მინდა ხშირად მქონდეს ასეთი დღეები და მაინც
მადლობა ცუკერბერგს!!!