ბონვივა
უკვე იმ ასაკში ვარ, როცა სახსრების თუ ძვლოვანი სისტემის ყველა დაავადება "ოსტეო"- ზე რომ იწყება. ექიმმა ძვირადღირებული კალცის შემცველი წამალი "ბონვივა" დამინიშნა, მაგრამ რად გინდა?! მიეწერა რეცეპტზე იოცნებეო და ვიოცნებებდი მხოლოდ და არ გადამხდებოდა ის, რაც გადამხდა. ავიჩემე, ამას თუ არ გავიკეთებ ეტლში ჩავჯდებითქო და მატამ ვენიდან ერთი ამპულა ჩამომიტანა ორმოცდათხუტმეტ ევროდ. გავიდა სამი თვე და ისევ დავიწყე თანხის მოძიება, ამასობაში ჩვენთან ეს წამალი უკვე ძვირადღირებული კი არა მიუწვდომელი გამხდარა ჩემნაირებისთვის. გავიკითხე და გავშრი, ერთი ამპულა 270 ლარიო, ყურები ჩამოვყარე, ნეტა ასე დავრჩენილიყავი ყურებჩამოყრილი. ერთ დღესაც ჩემს სიძესთან წამომცდა ამ წამლის შესახებ, შეწუხდა, სანამ რეცეპტი არ გამომართვა ფეხი არ მოიცალა, ათი აფთიაქი მოიარა, ათჯერ დამირეკა რეცეპტითაც არ იძლევიანო, ( თუ რეცეპტით არ იძლეოდნე რაღას გამომიწერეს, უცხოეთში ურეცეპტოდ იძლევიან, რას გაიგებ), შემდეგ რომელიღაც აფთიაქში პირადობის ნომერი ჩააწერინა და მომირბენინა. მე და ეთო ვცქმუტავდით სიხარულისგან. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და როგორც კი ხელში ჩავიგდე უკვდავების ამპულა გავფრინდი, სამი ნაბიჯი და უკვე imedi L-ში ( სადაც დაზღვევა მაქვს), შევაღე კარები, ხელში ამაყად მიჭირავს "ბონვივა," ყველამ მინდა დაინახოს. მიმღებს ვეუბნები გამოცდილ მედიკთან შემიშვითქო. მასთან უყურადღებო მომსახურების გამო შეკამათება მომივიდა, მაგრამ მაინც ღიმილით შევაღე საპროცედუროში კარები, მაგრამ "ხანგძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?!" ქალმა ვენა მომიმზადა და სტაჟიორებს აუხსნა, ფრთხილად, ყოველწამიერი კონტროლით უნდა შევუშვათ ვენაშიო. უცებ წვა რომ ვიგრძენი, ვიფიქრე ნემსის ჩხვლეტაათქო, მაგრამ მერე უკვე შევწუხდი,მივხვდი წამალი მეწვოდა, როგორც კი ვუთხარი, წამსვე გამოაძრო ნემსი და მეორე ხელში მდგუცა, მერე დაილაპარაკა, ტყუილად გავაკეთე უკვე დაცლილი ყოფილაო. ცოტა ანერვიულდა და მითხრა ფიზიოლოგიური ხსნარი დაიდეთ, შეიძლება გაგიწითლდეთ ან გაგიშავდეთო, მაგას არა უშავს, სიშავე რა პრობლემაა, წამალი ხომ არ დაიკარგება, ბევრი ჩაიღვარა კუნთში, ხომ გაიწოვებათქო? დავაყარე კითხვები, როგორ არაო და წამოვედი გახარებული, ბონვივაგადასხმული, ბედნიერი ქალი, ყველას გადავურეკე ბონვივა მიყიდა ლევანმა და გადავისხითქო, ყველა მილოცავდა. იმ დღესვე დამეწყო პრობლემები, გაწითლდა, გასივდა, ჩამაგრდა ნანემსარი და ტკივილები დამეწყო. გავიკითხე , მითხრეს ეს ისეთი წამალია, რომლის კუნთში მოხვედრა არ შეიძლება, მიხედე სასწრაფოდო. გავქანდი კლინიკაში, მატაც მოვიდა, თავი იმართლეს წესის ფარგლებში გავაკეთეთო, ისე ორივე ხელზე ვენებს რომ ხედავდნენ თავს ხრიდნენ სირცხვილით. მე კიდევ იმაზე ვიკლავ თავს წამალი ხომ მოხვდა სისხლში და ხომ შემერგებათქო. გამიშვეს ქირურგთან საკონსულტაციოდ, ქირურგსაც იგივე კითხვა დავუსი, კუნთში ჩაღვრილი "ბონვივა" შეიწოვება თუ არა სისხლშითქო. ექიმი ჩემს კითხვებს ყურადღებას არ აქცევს, მისინჯავს ხელს, ხან მახრევინებს, ხან მაშლევინებს, მამოძრავებინებს, ბოლოს ჩემი კითხვებით შეწუხებულმა მომახალა, ქალბატონო, ეს წამალი მჟავაა, სავარაუდოდ ვენაში კი არა ყველა კუნთშია ჩაღვრილი, რომელ შერგებაზე საუბრობთ, ნეკროზი არ განვითარდეს, წამლის დაკარგვა კი არა ხელი რომ არ დაკარგოთ იმაზე ვიზრუნოთო, ცნობისთვის კი გეტყვით კუნთში მოხვედრილი ეს წამალი სისხლში არ გადადისო. ისტერიკაში ჩავვარდი, დამავიწყდა ძვირადღირებული "ბონვივა," ჩემი ხელი, ჩემი მარჯვენა ხელი როგორ მჭირდება, ვერ დავკარგავ მიშველეთთქო! გაგულისებული შევვარდით მთავარ მენეჯერთან, სადაც ეს საკითხი განიხილებოდა, ალერგიააო მიმტკიცებდნენ. მაშინ ქირურგს მოუხმეთთქო, მოუხმეს, ვიფიქრე ახლა ხომ მოაკეტინებს ყველასმეთქი, შენც არ მომიკვდე, რომ გაიგო მათმა კოლეგებმა გამიხმეს კინაღამ ხელი სხვანაირად ამღერდა, შეიძლება ეს ნემსის ჩხვლეტას გამოეწვია, შეიძლება ალერგიასო. არა გრცხვენიათ, რატომ ცრუობთმეთქი! "სიცრუე და ორპირობა არცხვენს სულსა მერე ხორცსათქო!" შევახსენე, მაგრამ არ შერცხვა, კოლეგებს დაუჭირა მხარი,არ არის კუნთში ჩაღვრილიო. ამას რომ ამბობდა, მე თვალებში არ მიყურებდა, მსგავსი უტიფრობა და სიცრუე არ მენახა, გაოგნებული ვუყურებდი, ნახევრად ცხვირმოჭმულ ქირურგს, ნეტა რა დაემართა, მჟავა ხომ არ შეასხესთქო?! შემეცოდა, აქ რომ მუშაობს ეტყობა სხვაგან არა აქვს მუშაობის შანსი, არ დაკარგოს სამსახური შერჩენილი ცხვირის ნაწილითქო და გავჩუმდი. რაღა ბევრი გავაგრძელო, რას დაუმტკიცებ მედიკებს. მატამ კი კარგად დაახურა მაგრამ რა! ერთი კია, ბოდიში მოგვიხადეს, როცა ანალიზს გაიკეთებთ და სისხლში კალცის დაბალი შემცველობა დაფიქსირდება აგინაზღაურებთ დანაკარგსო. გამომიწერეს მალამოები, საფენები რაშიც ორმოცდაათ ლარამდე გადავიხადე, იმ მალამომ ალერგია მომცა და მთელი დავიდარაბა გადავიტანე, ალერგიის საწინააღმდეგო ნემსი ვიჩხვლიტე, მერე კი სრულიად სხვა, ახლობლის მალამოთი მოვითქვი სული. ახლა მეფიქრება, რომ გადამირჩა მარჯვენა, თორემ თქვენი მონა-მორჩილი ამდენ ხანს კლავიატურაზე როგორ შევძლებდი თითების კაკუნს. დიდი იმედი არ მაქვს ანალიზში რამე გამოჩნდეს და მე ის თანხა ამინაზღაურონ, ლევანის იმედი უფრო მაქვს რომ ხელახლა მიყიდის, მაგრამ არის ერთი დიდი კთხვის ნიშანი, გავბედავ კი აწი "ბონვივას" ხსენებას?!P.S
"ბონვივა" შეიძლება ხვალ ორასსამოცდაათი კი არა ხუთასსამოცდაათი ლარი გახდეს, მაგრამ ფრთხილად,ძალიან ფრთხილად, გამოცდილ მედიკთან მიდით, თორემ არავინ დააწერს საფლავზე ძვირადღირებულ წამალს გადაჰყვაო და რომც წააწერონ რა?!
ჩემი გადარჩენილი ხელები :))))) დიდება უფალს!
No comments:
Post a Comment