Friday, July 29, 2016

                                                    ისევ ყვითელი ავტობუსი

გუშინ უთენია ბაზარში გავიქეცი, მოვიბაზრებ და ადრევე ავალ წყნეთში ბავშვებთანთქო. ავტობუსის გაჩერებაზე მალე კი მოვიდა N34 მაგრამ რად გინდა! არც არავინ ასულა და არც არავინ ჩამოსულა, მეც არ მიფიქრია ავსულიყავი, რადგან კოღოთაც რომ ვქცეულიყავი მაინც ვერ შევეტეოდი. მივხვდი საწყის გაჩერებაზე უნდა მივსულიყავი. როგორც იქნა დატვირთულმა მივაღწიე, იქ უამრავი ხალხი ელოდა. ოც წუთში მოვიდა ნანატრი ტრანსპორტი, იქ ამბავი და ზედახორა ატყდა! ყველა ცდილობდა დასაჯდომი სკამის დაკავება მოესწრო. უცებ ქალის კივილმა შესძრა იქაურობა, ფეხი მომტყდაო. ამოიყვანეს ის ქალიც და ავტობუსიც დაიძრა.
- აიღეთ ბილეთები! - ხმამაღლა ბრძანა მონიტორინგის თანამშრომელმა
- რა დროის ბილეთებია, ჯერ არც კი ამოვსულვართ, ფეხი მომტყდა კინაღამ, ფულის აღებაში მაგრები ხართ!- წამოიძახა გამწარებით ფეხმოტეხილმა თუ ფეხისმოტეხვას გადარჩენილმა ქალმა
- ვერ გავიგე თქვენ ფეხი მოგტყდათ თუ არ მოგტყდათ?- დაინტერესდა გამცილებელი მგზავრი ქალის ფეხის მდგომარეობით
- თქვენ რომელი პასუხი დაგაკმაყოფილებთ!- გაწიწმატდა უფრო დაზარალებული ქალი
- არ მაინტერესებს, ბილეთები აიღეთ, თუ არადა ჩადით და შვიდ წუთში მეორე ავტობუსი გამოვა და იმას გამოყევით!- ურჩია გამცილებელმა
- რას მიქვია შვიდ წუთში!- იყვირა უკნიდან ვიღაც კაცმა - თუ შვიდ წუთში მოდის შემდეგი, ოცი წუთი რაღას ველოდით ამ ავტობუსს, ამდენი ხალხია და ხომ შეიძლება მეტი ავტობუსი დააყენონ!
- მაგი არ არის ჩემი საქმე, ჩვენ ჩვენი განრიგი გვაქვს, ორი ავტობუსი გაფუჭებულია, ცხელ ხაზზე დარეკეთ!
- ცხელი არა ცივი, გაუცხელდა ამ მთავრობას თავი, ვინ გისმენს?! შენ რას აკეთებ, ვერ იტყვი? რაში გიხდიან ფულს? აქ ხომ კარგად ტლიკინებ! - აყვირდა ახლა წინიდან შუახნის ქალი. გამცილებელი ეტყობა ჩემზე ადრე იყო ამდგარი, ნახევრად მძინარე ისროდა სიტყვებს
- გაფუჭებული რას მიქვია, ვერ იტყვით რომ შეაკეთონ? გადამრევს ეს ხალხი, არჩევნები მოდის ახლა მაინც მოგვემსახურონ კარგად, ფუი, არაფრის რცხვენიათ, ჩვენ კი ფეხებს ვიმტვრევთ, ხალხიც არასწორად იქცევა, გაჩერებაზე უნდა ელოდოს ყველა, ვინც მოასწრებს ავა და დაჯდება! - აჰყვა პროტესტს ასაკოვანი კაცი!
- ხალი მხოლოდ არჩევნებზე სჭირდებათ! - წამოიყვირა ერთი ოქტავით მაღლა ახალმა ხმამ. გამცილებელს ჩასძინებოდა, ერთი ოქტავით აწეულმა ხმამ გამოაღვიძა. "საცოდავი, ალბათ ლოგინს ნატრობს!"გავიფიქრე და თვალი მივაპყარი, ნეტა რას იტყვისთქო
- ბილეთები აიღეთ, ბაგებში რეიდია, დაგაჯარიმებენ!- წარმოთქვა მთქნარებით გამცილებელმა
- დაჯარიმებული არ ვარ, 20 თეთრიანი ბილეთის აღება რომ არ შემიძლია, მეტი რაღა უნდა დამაჯარიმონ, ან რა დროს რეიდია, თუ აქ ვინმე ამოვა, კი ბატონო, შეამოწმოს ბილეთები, მე არ ავიღებ, დაჯარიმება კარგად იცით!- შეუერთდა საპროტესტო გამოსვლებს ვიღაც პენსიონერი
არ აიღებთ და ჩაბრძანდებით!- გაახილა ისევ თვალი გამცილებელმა
- არსად არ ვაჩერებ, თუ ვინმეს ჩასვლა უნდა მითხრას!- გამოაცხადა მძღოლმა
- წყნეთამდე ნუ გააჩერებ, ვინ უნდა ჩამოვიდეს!- წამოიყვირა რამოდენიმე ხმამ ერთად, ამ დროს ვაკეს მივუახლოვდით და ვიღაცამ გაჩერება მოითხოვა, იქ ამბავი ატყდა!
- ასე მოკლე გზაზე რას ამოდიოდი ამ ავტობუსში, იმდენი ხალხი დარჩა იქ, გამოყოლოდი 9 ან 61 ნომერს, გადამრევს ეს ხალხი!- აღშფოთდა ახლა სრულიად ახალი ხმა. თვალებს ვაცეცებ მაგრამ ვერავის ვაფიქსირებ. ვაკეშიჩამსვლელი შიშით ჩავიდა, მთელი ავტობუსი წყევლა-კრულვით აცილებდა. ვაკეში ჩასულის განხილვა-გაკილვა არ მინელებულიყო, რომ ვიღაცამ ბაგებში მოითხოვა გაჩერება. ჯობდა წყნეთამდე ასულიყო და მერე ჩასულიყო საცოდავი ისეთი დამართეს, მთელი ავტობუსი აფეთქდა, ეს წყნეთისაა და არა ბაგებისო. ის მგზავრიც უხმოდ შიშით ჩავიდა, ჩემს გვერდით ასაკოვან კაცს ადგილი დაუთმო ახალგაზრდა, მოხეულმა ტიპმა, მოხუცს უცებვე ჩაეძინა. ხანდახან თუ შეკრთებოდა ყვირილზე და ისევ ჩაყვინთავდა. მხოლოდ წყნეთში გაიღვიძა. თქვენს მონა- მორჩილს თავი მქონდა ჩარგული და ვინიშნავდი, ვცდილობდი რამე არ გამომრჩენოდა. მოხეული ტიპი თავზე მადგა და გაკვირვებული მიყურებდა
- რა საინტერესო ყოფილა დილის წყნეთის ავტობუსი!- ჩავილაპარაკე ჩემთვის
- რა ბრძანეთ?- მკითხა გამოღვიძებულმა მოხუცმა
- არაფერი ძია კაცო წყნეთში ვართ! მოხუცი ჩავიდა , ავტობუსი უკვე თითქმის დაცარიელებული იყო, რომ ჩემი ჩასვლის დროც მოვიდა. ჩავედი, ხელფეხმოუმტვრეველი, ბილეთაღებული, კანონმორჩილი, დაუჯარიმებელი, რაღაცით ავსებული და რაღაცით დაცარიელებული, ბედნიერი ქალი!
P S
იცით რა არ მესმის? რატომ დადის ჩემისთანა ქალი ყვითელი ავტობუსით და არა ტაქსით?!

No comments:

Post a Comment