Wednesday, April 29, 2015

                                                 29 აპრილი

ჩვეულებრივ გვიან ვჯდები ხოლმე კომპიუტერთან, როცა ბავშვებს სძინავთ და ყველაფერი მიწყნარებულია. დღეებს, რიცხვებს დიდი ხანია არ ვაქცევ ყურადღებას, ერთია, თუ პარასკევია, მიხარია, ესეიგი შაბათს და კვირას შედარებით ვისვენებ, ბავშვებს არ ვამეცადინებ. და აი, ახლა რატომღაც დავინტერესდი, ნეტა დღეს რა რიცხვია და აპრილი მალე გადავათქო? და შინაგანმა ხმამ ირონიანარევი ღიმილით მიპასუხა - 29 აპრილიაო. სასაცილოა, ცხოვრებაში პირველად გამახსენდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს დღე მისთვის. დილით ყურში ჩამჩურჩულებდა, გილოცავ დღევანდელ დღესო, ხოლო ჩემს გაკვირვებულ შეკითხვაზე რას მოლოცავთქო, გულდაწყვეტით მპასუხობდა, ნუთუ არ გახსოვს, დღეს ხომ ჩვენი დაქორწინების დღეაო! მერე კი აუცილებლად თაიგულს მომართმევდა. სხვათაშორის ვარდებით ხშირად მანებივრებდა, მახსოვს ერთხელ ბაზარში წამიყვანა, იმ მეყვავილესთან მიმიყვანა, ვისგანაც სისტემატიურად ყიდულობდა თაიგულებს და ჩემი თავი წარუდგინა, აი რომ მეუბნებოდი, მანახა ის გოგო როგორია ვისთვისაც ასე ხშირად ყიდულობთ ვარდებსო, აი მოვიყვანე, ხომ ლამაზი ცოლი მყავსო! ასე გადიოდა წლები, მე კი ერთხელაც არ გამხსენებია, გადავითვალე და ჰოი საოცრებავ, ორმოცი წელი გასულა ჩვენი დაქორწინებიდან. რატომ მაიცდამაინც დღეს?!  ამას ალბათ ინტუიცია ჰქვია, რომელიც მე  ძალიან გამძაფრებული მაქვს.
ადამიანისთვის მნიშვნელოვანი მარტოოდენ სამი მოვლენაა: დაბადება, სიცოცხლე, სიკვდილი. დაბადებას ვერ იგებს, სიკვდილით იტანჯება და ავიწყდება, რომ უნდა იცხოვროს. მე მართლა დავიწყებული მქონდა, რომ უნდა მეცხოვრა, ის კი ყოველი დღით ხარობდა.
ჰოდა, ჩემო კარგო, დაგასწრებ და ახლა პირველად მე მოგილოცავ ამ დღეს! ყვავილებს შენს სამუდამო საცხოვრისში მოგართმევ, ხოლო აქ ჩემს პატარა თხზულებას შევახსენებ ახლობლებს, რომელიც ჩვენს ლამაზ ცხოვრებას მივუძღვენი, თუმც შემდგომ ის მწარე შარბათით გაუფერულდა და გამწარდა, მაგრამ ჩემთვის მაინც ძვირფასი და ღირებულია, რადგან ის ჩემი და შენი ცხოვრებაა!






Monday, April 20, 2015

                                               გაბო  მამოწმებს

 გაბო და გუჯი წაკამათდნენ, გუჯი ბრაზობს, პლასტელინით გაკეთებული ჭიქა გამიფუჭაო.
- ორი წელია არ გახმულა პლასტელინი, ორი წელია დაძველებულია და კიდევ ინახავს ეს დებილი?- არ ეპუება გაბო, მოკლედ დასცხეს ერთმანეთს.
- ბებო, არ მინდა ამ სახლში ცხოვრება, მაგრამ რა ვქნა, ფული უნდა რომ წავიდე!
-მე მარტო მტოვებ გაბო?!- აღვშფოთდი მე
-მარტო შენთან მინდა ცხოვრება, კარგი,  დავრჩები შენთან და ეთოსთან, აბა რა ვქნა ფული არა მაქვს!- უფულობამ გვიხსნა და გაბო შინ დაგვიტოვა. ცოტა ხანში მეკითხება რამდენ დღეშია ჩემი დაბადების დღეო? დავუთვალე
-ჰოდა, მატას ვეტყვი, რომ ლეგო მიყიდოს!
-რატომ მაინცდამაინც მატამ?
- იმიტომ რომ მატას ბევრი ფული აქვს, აბა სხვა ვინ მიყიდის?!- "გამიასნა" ჭკუის კოლოფმა.  ცოტა ხნის შემდეგ კომპიუტერთან დაჯდა, მე კი კინოს ჩავუჯექი. მეგონა თამაშებში იყო ჩართული, უცებ მომვარდა და მეკითხება
- შენ რაღაც ცუდს  ხომ არ უყურებ?
- რატომ, რა ხდება გაბო?

- მგონი ტუჩებში კოცნიან, ხმა მომესმა! - ეკრანს ჩააცივდა და როცა  დარწმუნდა უხამსი კადრები არ იყო, ისევ კომპიუტერს მიუბრუნდა. აი ასეთი  აზიატია ჩემი გაბო, ის მკაცრად მაკონტროლებს, მე კი

 შიშით ფეხი ვეღარსად გამიდგამს და გათხოვებაზე ხომ ფიქრიც ზედმეტია.