კაცობა ასაკით არ იზომება
ასაკი იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის თითქოსდა გარკვეულწილად ადამიანის განვითარების დონის მანიშნებელია, მაგრამ მხოლოდ მანიშნებელი და არა განმსაზღვრელი.
დროის მცნება ფრიად სხვაგვარად შეიძლება გავიგოთ. ადამიანი, რომელსაც ხანგძლივი სიცოცხლე ელის, დროს არავითარ ყურადღებას არ აქცევს, იგი ფიქრობს, რომ მის წინ მთელი მარადისობაა, ხოლო შემდეგ, როდესაც აჯამებს, ან ანგარიშობს, სინამდვილეში რამდენი იცხოვრა, აღმოჩნდება რომ სულ რაღაც რამდენიმე დღეს, ანდა რამდენიმე კვირას უცხოვრია. თუ ეს შეითვისე, მაშინ ორი-სამი კვირა, ან ორი-სამი თვე შეიძლება შენთვის იმდენივეს ნიშნავდეს, რამდენიც სხვისთვის მთელი ცხოვრება.
დროის მცნება ფრიად სხვაგვარად შეიძლება გავიგოთ. ადამიანი, რომელსაც ხანგძლივი სიცოცხლე ელის, დროს არავითარ ყურადღებას არ აქცევს, იგი ფიქრობს, რომ მის წინ მთელი მარადისობაა, ხოლო შემდეგ, როდესაც აჯამებს, ან ანგარიშობს, სინამდვილეში რამდენი იცხოვრა, აღმოჩნდება რომ სულ რაღაც რამდენიმე დღეს, ანდა რამდენიმე კვირას უცხოვრია. თუ ეს შეითვისე, მაშინ ორი-სამი კვირა, ან ორი-სამი თვე შეიძლება შენთვის იმდენივეს ნიშნავდეს, რამდენიც სხვისთვის მთელი ცხოვრება.
ეს სურათი 1993 წელს ფოთშია გადაღებული. აფხაზეთის ომის პირველ წელს სწორედ
ფოთს შევაფარეთ თავი. ამ სურათმა ერთი ღიმილისმომგვრელი ამბავი გამახსენა. ფოთმა ძალიან თბილად მიგვიღო, უამრავი ნაცნობ-მეგობრები შევიძინეთ, რომლებთანაც დღესაც გვაქვს ურთიერთობა. მანჩო მაშინ თოთხმეტი წლის იყო. ლელას ერთი ბიჭი გადაეკიდა, ლანდივით ყველგან დასდევდა და მოტაცებით ემუქრებოდა. ლელა დამფრთხალი დადიოდა. არ მინდოდა ეს ამბავი მამაკაცებს გაეგოთ და ვცდილობდი შეძლებისდაგვარად მარტოს არ ევლო, თან დავყვებოდი. თუმცა ის ახალგაზრდა არც მე შემეპუა. ერთ დღეს ქუჩაში მიმავლებს თავისი მანქანით წინ გადაგვიდგა, ძალიან კარგი გოგონა გყავთ, მეათე კლასელი, არც თუ ისე პატარაა, მოვიტაცებო. მე მკაცრად მივმართე, თქვენი ასეთი თავხედობა მაიძულებს, რომ ეს ამბავი მის ძმას და მამას გავაგებინოთქო. არავისი მეშინია, ვისაც გინდათ გააგებინეთო. აღმაშფოთა მისმა უტიფრობამ და შინ მისულმა გუჯას და მანჩოს ყველაფერი მოვუყევი. გუჯა პანიკიორი იყო და წამოენთო, ახლავე ვნახავ ჩემს მეგობრებს, იმ ბიჭს მოვნახავთ, ჭკუას ვასწავლიო და გარეთ გავარდა. მანჩოს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ რაღაც კითხვები დაუსვა ლელას და საყვედურით მიმართა, აქამდე რატომ არაფერი მითხარიო. ჩვენ იმ ბიჭის არა თუ გვარი სახელიც არ ვიცოდით. საღამოს გუჯა მოვიდა, ბიჭებს ველაპარაკე და ნახავენ, ლელამ ფეხი არსად გაადგასო. მანჩოს გაეცინა.
- გუჯა რა ჰქენი ამისთანა ასე კარგად რომ მოგიგვარებია საქმე?!- ღიმილნარევი ირონიით წარმოთქვა და სახლიდან გავიდა. ორ- სამ საათში მობრუნდა, ოთახში გაიარ-გამოიარა, სამზარეულოში წყალი დალია, ცოტა ხანი ჩუმად იყო, თითქოს შეგნებულად აჭიანურებდა სათქმელს, ჩვენ მოუთმენლად ველოდით რას იტყოდა.
- ცოტა მშიშარა ყოფილა შენი თაყვანისმცემელი ექიმი, სადაც გინდა იქ იარე, იცეკვე და იმღერე, სალტოებიც აკეთე რამდენიც გინდა, მას შენს სიახლოვეს ვერ ნახავ! - მიმართა ლელას სიყვარულით და სიცილით. (ლელა მაშინ ცეკვასთან ერთად ტანვარჯიშით იყო გატაცებული, მანჩო ეხუმრებოდა ხოლმე რა დროის შენი სალტოებიაო) გუჯას გაუკვირდა, სად იპოვე ის ბიჭი ასე უცებ და რა პირობა დაადებინეო.
- გუჯა, ვინც ეძებს ის პოულობს, ვიპოვე და რაც საჭირო იყო ვუთხარი, აბა თუ ლელას შინ ჩავკეტავთ, ეს რა საქმის მოგვარებაა! "ფრაერ, ტოლსტი ფრაერ!" - ჩაილაპარაკა თავისი საყვარელი ფრაზა მანჩომ და დივანზე ჩუმად მოკალათდა. ფოთი პატარა ქალაქია, ახლაც მაინტერესებს რა უთხრა ან რითი შეაშინა თოთხმეტი წლის ბიჭმა ზრდასრული, ოცდარვა წლის ექიმი, რომ იმ დღის შემდეგ ლელას "გულადი" თაყვანისმცემელი თვალითაც არ გვინახავს, თითქოს აორთქლდა ქალაქიდანო.
მანჩოს ასეთი საქციელები პირველი არ იყო, ის ცხრა- ათი წლის ასაკშიც აოცებდა ყველას თავისი კაცური ქმედებებით. სიტყვაძუნწს კი კითხვაზე, თუ როგორ ახერხებდა ამას, პასუხს იუმორით იძლეოდა, ჭკუა და ლოგიკა უნდა მაგასო. მან თავის კუთვნილ ჩვიდმეტ წელიწადში მთელი საუკუნე ჩაატია. ხმამაღალი არ იქნება ვთქვა, რომ კაცად დაიბადა და კაცად გავიდა ზეციურში. მე იმ ლამაზი ჩვიდმეტი წლის სიყვარულის შარბათიც მეყოფა მოსაგონრად.
ჩუმად მოდი და ხელი მომხვიე,
როგორ გეხვევა დარდი ერთგული,
და ნუ დამტოვებ- თორემ
შეშლილი ამაოება
წამლეკავს ძლიერ ზვირთთა თარეშით.
No comments:
Post a Comment