სიკეთე არ იკარგება
ვუძღვნი მამაჩემის ხსოვნას
ნამდვილი ამბავი
1942
წელი!
სმოლენსკი!
გერმანელები საუკეთესო პოზიციებით
მოიწევენ წინ!
ჰოსპიტალში დაჭრილი მეომრების ნაკადი არ წყდება!
მძიმე
დღე დაუდგა მთავარ ექიმს -პაველ ივანოვიჩს.
-
იულია, ამას ვის მოათრევ?! შეეშვი, საამქვეყნო არაფერი ეტყობა.
-
როგორ თუ შევეშვა! ცოცხალია, იქნებ გადავარჩინოთ!
-
რა ხდება
აქ, რაზე დავობთ?- მკაცრად მიმართა მოდავეებს პაველ ივანოვიჩმა.
-
„აკოპში“
ეგდო მიცვალებულებთან, მარხავდნენ, ის კი ცოცხალია, პულსი უცემს, ნახეთ რა
ბრგე ვაჟკაცია! ორი კილომეტრი ვათრიე მარტოკამ, ეს
კიდევ მეუბნება.....
-
გასაგებია! - შეაწყვეტინა ექიმმა.
-
პაველ ივანოვიჩ! - რაღაცის თქმა დააპირა
ჯარისკაცმა, მაგრამ ქირურგის მკაცრ მზერას წააწყდა და ხმა ჩაიკმინდა. ექიმი ხომ
თავისი სიმკაცრით შიშის ზარს სცემდა მთელს
ჰოსპიტალს. ის დაჭრილს მიუახლოვდა, პულსი გაუსინჯა.
-
ვინ არის?
კავკასიელი უნდა იყოს, მგონი
ქართველი, ასეთი ლამაზი ულვაშები იქ იციან!
-
არ ვიცი, საბუთები ვერ ვუპოვე, აბა იმ ორომტრიალში
მაგის თავი ვის ჰქონდა!- დამორცხვით უპასუხა იულიამ.
-
ჰო, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, საჩქაროდ
გაიყვანეთ საოპერაციოდ! - წამსვე დაფაცურდნენ ყველანი. დაჭრილი საკაცით
გააქანეს საოპერაციო ოთახში. იულია
ნიშნისმოგებით უყურებდა მოდავეს.
ოპერაცია
რამოდენიმე საათს გაგრძელდა. სხვა
მოწიწება, სხვა განწყობა დაუფლებოდა პაველს, საოცარ ვალდებულებას გრძნობდა
დაჭრილის მიმართ. ასეთი მღელვარებით არ ახსოვს ოპერაცია
გაეკეთებინოს, დაღლილობაც დავიწყებოდა,
თითქოს უძილო ღამეები არც ყოფილიყო.
-
როგორ იქნება საქმე, გადაიტანს?- ჰკითხა ქირურგს
ერთ-ერთმა ექიმმა.
-
არ ვიცი, ჯერ-ჯერობით ნაადრევია რაიმე დასკვნის
გამოტანა, ერთადერთი იმედი ძლიერი ორგანიზმია, ქართველი უნდა იყოს, ხომ იცით კავკასიელები როგორი ამტანები არიან. ოცდაერთი დღე კრიტიკული იქნება მერე ვნახოთ.
ოცდაერთი
დღე თითქმის არ მოშორებია პაველ ივანოვიჩი
დაჭრილს, არავის ანებებდა. მარტოდ დარჩენილი ჩააცივდებოდა ხოლმე და გუნებაში ერთდაიმავეს იმეორებდა: „ქართველი
უნდა იყოს!’’ ყველას უკვირდა მისი
ეგზომ გადაჭარბებული ყურადღება ვიღაც კავკასიელისადმი. ის კი მოუსვენრობას შეეპყრო, ვერაფრით მიმხვდარიყო
რა სჭირდა, რატომ არ ემეტებოდა დაჭრილი სიკვდილისთვის. სიკვდილს ხომ
შეაჩვია ამ ომმა, უფრო მეტიც, გულგრილიც გახადა
და მას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამდა. ან იქნებადა გულჩვილობა
შეეპარა?! არა, ახლა რაღაც სხვა ხდება,
და ნეტავ რა არის ის სხვა?! რაღაც უცნაურობა დაუფლებოდა მთელს მის არსებას
და სხვა რამეზე გადართვის საშუალებას არ აძლევდა. და უცებ თავში გაუელვა : „ ღმერთო ჩემო, როგორ ჰგავს!
აქამდე როგორ არ ვიფიქრე? ნუთუ?!
ეს შეუძლებელია! თუმცა რატომ არის შეუძლებელი?! ის სწორედ ახლა ამ ასაკის იქნებოდა! სულ შევიშალე, რა მჭირს, რა აზრები მიტრიალებს თავში!“
შუბლი ენერგიულად მოისრისა, ისევ დახედა დაჭრილს,“ლაპარაკი მაინც
შეეძლოს?!“ და ისევ ფიქრებს მისცა თავი,
ახლა ის გონებით იმ პერიოდს დაუბრუნდა
დაჭრილმა რომ გაახსენა.
1934
წელი! თბილისი! რა ბედნიერი იყო მაშინ. ის და მისი საცოლე, კატერინა, ამაყად დადიოდნენ თბილისის ქუჩებში და ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებდნენ.
წამოსვლის წინა ღამით გვიანობამდე იბორიალეს, უკვე შინისკენ აპირებდნენ მიბრუნებას, რომ წინ რამოდენიმე
მთვრალი ახალგაზრდა გადაუდგათ.
პაველს ფული ააცალეს, ერთ-ერთმა კატიას წაავლო ხელი. „ ეს რა ლამაზი ფერია
გახლავს, შენ ამის რა ღირსი ხარ, ამაღამ ჩვენი უნდა გახდეს! პაველი წინ გაიწია,
ეცადა კატია გაენთავისუფლებინა, მაგრამ
სახეში ისე ჩაარტყეს , რომ თითქმის გონდაკარგული დაეცა ძირს. კატიას
კივილმა შესძრა იქაურობა. ვინ იცის როგორ დამთავრდებოდა ეს ინციდენტი, რომ არა ის
დალოცვილი.
- რა ხდება აქ?!- გაისმა
სიბნელეში მჭექარე ხმა. პაველმა ბრგე
მამაკაცის სილუეტი გაარჩია.- მე თქვენ გიჩვენებთ როგორ უნდა ქალის შეურაცხყოფა!- ორი იქვე გააკრა მიწას
ლავაშივით, დანარჩენები გაიფანტნენ.
- ფუი ამათ კაცობას, მშიშრებიც ყოფილან!- ჩაილაპარაკა მან. პაველს
წამოდგომაში მიეშველა.
-
ილარიონ ფულარია! - ასე გაეცნო შეშინებულ
ქალ - ვაჟს უცნობი მხსნელი. - წამობრძანდით ჩემთან სტუმრები ყოფილხართ, სტუმარი კი
ღვთისაა, გარეწრები, მაგათ გამო გულს ნუ
გაიტეხთ! აბა ცუდებს რა გამოლევს
ამ ქვეყანაზე, ეს ცხოვრება ხომ ცუდის და კარგის ჭიდილია!- ქალ - ვაჟმა
იუხერხულეს მასთან სტუმრობა, მაგრამ მასპინძელმა თავისი გაიტანა. გავისაუბროთ,
ერთმანეთს გავეცნოთ, თქვენც დამშვიდდებით, ასე აჯობებს ახლოს ვცხოვრობო. შინ მისულებს მოუბოდიშა, მარტო ვარ , ცოლ-შვილი
სოფელში მყავს გაგზავნილი, საკადრისად ვერ გიმასპინძლდებითო. კატერინა კედელს
მიაჩერდა. სურათიდან ულამაზესი ქალი და 13-14 წლამდე ასაკის ბიჭუნა იმზირებოდა.
-
რა ლამაზი ბიჭია!- აღნიშნა კატიამ.
-
ჩემი ვაჟია, კარგი ვაჟკაცი მეზრდება! - თქვა სიამაყით მასპინძელმა.
გამომშვიდობებისას ილარიონმა პაველს ფული ჩაუდო, მან იუარა.
-ნუ
უხერხულობთ, ვიცი ფული ამოგაცალეს, დაგჭირდებათ!
-გმადლობთ,
მოსკოვში ჩასვლისთანავე გამოგიგზავნით!
- არც მაკადროთ!- იყო მკაცრი პასუხი. მეორე დღეს სადგურში გასაცილებლად გამოსულმა
ქართველმა ჩურჩხელები და ჭაჭა მიართვა,
დაქორწინება უსურვა ახალგაზრდებს და დაემშვიდობა.
მერე
ათასმა წყალმა ჩაიარა, რამოდენიმეჯერ მისწერა, ცოლ-შვილით დაჰპატიჟა,
თვითონაც შეჰპირდა მონახულებას, მაგრამ არ მოუხერხდა. ჯერ იყო და დედა
გარდაეცვალა, მერე მამა, კატერინაც დაკარგა. ნეტავ სად არის ახლა კატინკა?! ახლა კი ეს ულმობელი ომი, სადღა მოიცალა
დაოჯახებისთვის. ომი! ჰო, ომი! ომის გახსენებამ სასტიკ რეალობაში დააბრუნა , შეკრთა, დაჭრილი გაახსენდა, ჩქარა
შევიდა პალატაში, დახედა. ჰგავს და მერე როგორ!
ნამდვილად ის არის! თვალწინ დაუდგა სურათიდან მზირალი ყმაწვილი.
შეუძლებელია! თუმცა რატომ არის შეუძლებელი?! ლაპარაკი მაინც შეეძლოს! გავიდა რამდენიმე დღე.
-ავადმყოფმა
თვალები გაახილა!- შემოვარდა პაველ ივანოვიჩის კაბინეტში თვალებგაბრწყინებული
იულია. ქირურგი სწრაფი ნაბიჯით
გაეშურა კავკასიელის პალატისკენ, დახედა,
პულსი გაუსინჯა და კმაყოფილი სახით შეხედა იქ შემოსულ მედ-პერსონალს.
-მგონი
კრიტიკულმა დღეებმა ჩაიარა, ასე თუ გაგრძელდა, მალე ლაპარაკსაც შესძლებს! - იულია
სიხარულით ცქმუტავდა.
-
ნეტავ ხომ არ შეუყვარდა?!- იხუმრა იულიას მისამართით ერთ- ერთმა ექიმმა. ქალიშვილი
გაწითლდა. სამი დღის შემდეგ ივანოვიჩმა
ნება დართო ავადმყოფი წამოეჯინათ. კიდევ
რამოდენიმე დღე და დაჭრილს თვალებში სიცოცხლის სხივი ჩაუდგა. უკვე დანამდვილებით შეიძლებოდა თქმა,
რომ სიკვდილი ვერ იზეიმებდა. ჯანსაღ
სხეულს და მედპერსონალის ძალისხმევას ის საბოლოოდ დაემარცხებინა.
- წერა
ხომ შეგიძლია? - ჰკითხა უცნობ ჯარისკაცს
აფორიაქებულმა პაველმა. ავადმყოფმა
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- ქაღალდი
და ფანქარი მოიტანეთ! - მიმართა მან თხოვნით სანიტარს. ექიმი ბოლთის ცემას მოჰყვა.
დრო ძალიან ნელა გადიოდა, წუთი საუკუნედ ექცა. გაოგნებულები მისჩერებოდნენ ყველანი ექიმს. ასეთ დღეში არასოდეს ენახათ.
-დაწერე
სადაური ხარ?- ხმის კანკალით მიმართა ჯარისკაცს
ქირურგმა. ავადმყოფმა ძალიან ნელა, გაჭირვებით დაიწყო
ასოების შემოხაზვა. აი, როგორც
იქნა მან რუსულად „ტ“ - ასო შემოხაზა,შემდეგ „ბ“ ასოც ჩაამთავრა. ექიმმა მხარზე
ხელი დაადო, შეაჩერა.
-
ნუღარ გააგრძელებ, გასაგებია, თბილისელი ხარ, ცოტა დაისვენე და გვარი დაწერე!-
ივანოვიჩი ფანჯარასთან მივიდა, ეზოს თვალი გადაავლო, სადაც ხალხი ფაციფუცობდა. არა
მეტს ვეღარ მოითმენს. ისევ დაადგა თავზე
ქართველს, ახლა მან დანამდვილებით იცოდა, რომ ჯარისკაცი ქართველი იყო.
-ძალიან
ნუ დაიძაბები, ისევ შეეცადე დაწერო გვარი!
ავადმყოფმა
წვალებით „ფ“ ასო შემოხაზა, „უ“ ასო არ ქონდა ბოლომდე ჩამთავრებული, რომ ექიმმა
ისევ შეაჩერა.
-
ვიცი ვინცა ხარ! თევდორე ილარიონის ძე ფულარია! - ავადმყოფს საცრისოდენა გაუხდა
თვალები, პალატაში მყოფნი გაოცებას ვერ მალავდნენ, მათ ვერაფერი გაეგოთ.
პაველი ვერ დაეტია პალატაში, სუნთქვა შეეკრა, მიხვდა, რომ ჰაერი
სჭირდებოდა, თითქმის სირბილით გავარდა გარეთ, სიგარეტს ხელის კანკალით მოუკიდა,
ერთი ნაფაზი დაარტყა, „მშვენიერია სიცოცხლე“ ჩაილაპარაკა მან და უცებ მოეშვა,
მთელ ტანში სასიამოვნო სიმსუბუქე
იგრძნო, თითქოს მძიმე ტვირთი მოეშორებინოს.
სოხუმი
1981 წელი
No comments:
Post a Comment