Monday, October 20, 2014

                                                              ბაბუ

                                                                

                                                                          ერთი საინტერესო ეპიზოდი ბაბუას
                                                                        ლეგენდადქცეული ცხოვრებიდან

არასოდეს მინახავს ბაბუა გაცინებული ან ზედმეტად  მოლაპარაკე. მის მიმართ,როგორც ყოფილი მემამულისადმი, მოწიწება  ბოლომდე შემორჩა სოფელს. მას სიკვდილამდე  „პატონ ილარიონად“ მოიხსენიებდნენ. შინ მისულებს ბაბუა თავის ოდნავ დაკვრით ესალმებოდა  და ხელის ჟესტიკულაციით მიანიშნებდა  დაჯექითო.  ყველასთვის ცნობილი იყო მისი კვიმატი ენა. არასოდეს გამიგია ზურგსუკან ვინმეზე რამე ეთქვა, სათქმელს პირში მიახლიდა ხოლმე მოსაუბრეს  და ეს არავის   სწყინდა. მისი სიტყვა კანონი იყო შინ თუ გარეთ  და ვერავინ ბედავდა შეპასუხებას. ფოსტალიონი პირველ რიგში მასთან მოარბენინებდა გაზეთებს, ეშინოდა არ გამწყრალიყო.  მახსოვს, ერთხელ მეზობელი შემოგვედავა მიწის ნაკვეთს,  ჩემია და უნდა შევიერთოვო. მამა ლმობიერი, კეთილშობილი ,უკონფლიქტო კაცი იყო, არც შედავებია  ისე დააპირა მიწა დაეთმო. ამ საუბარს (ცოტა დაყრუებულმა)  ბაბუამ მოჰკრა ყური, გაჯიქდა, რომ გეთხოვათ გაჩუქებდით, ახლა  გოჯ მიწასაც ვერ ეღირსებით, თქვენ  სადაც ცხოვრობთ ისიც ჩემია და ისე არ ქნათ მიწის გარეშე დარჩეთო.  შედავება ვერავინ გაბედა და ეს საკითხი დაიხურა ბაბუას სიკვდილამდე. ხშირად მახსენდება კიბეებზე ჩამომჯდარი  კრიალოსნით ხელში, მის კეხიან ცხვირს  და ორბისებრ  თვალებს მედიდურობას მატებდა ამაყი მიხვრა- მოხვრა.  საოცრად თავშეკავებული, გაწონასწორებული, და ცივი  გონების ადამიანი ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც  კი სიმშვიდეს ინარჩუნებდა.  ერთხელ ჩვენს ბუხარს ცეცხლი წაეკიდა. ქარიანი ამინდი იყო და სახლის  დაწვის საშიშროების წინაშე მდგარნი  კივილით საშველად მეზობლებს ვუხმობდით. ბაბუა ამ დროს  ლოგინში იწვა,  თავი წამოყო, წივილს გიჯობთ  ბუხარში სველი ჩვრები ჩატენოთო   გვითხრა და მეორე გვერდზე გადაბრუნდა. ერთხელაც, ზაფხულის საღამოს, როცა მთელი ოჯახი ეზოში ვიჯექით, მამამ განათება გადაწყვიტა, ელექტროდამაგრძელებელი ერთ ადგილას ეტყობა გაცვეთილი იყო  და დენის სიმძლავრემ ის ორ მეტრზე უგონოდ ისროლა. კივილით ვაწყდებოდით ერთმანეთს. ბაბუა არ დაბნეულა, სადღაც სასწრაფოდ ხმელი ფიცარი მონახა  და მამა დენს გამოჰგლიჯა. სასწრაფოდ ამოვთხარეთ ორმო და  შიგ ჩავაწვინეთ.  ბაბუას სიყოჩაღე რომ არა  მამა იმ საღამოს ვერ გადარჩებოდა. ყოველთვის მეფიქრებოდა, რომ მას არ ვუყვარდი. პატარობისას წითელა ბატონები ძალიან გამირთულდა, მაღალსიცხიანს ბაბუა თავს მევლებოდა, წითელ-წითელი საჩუქრები მოჰქონდა. ძალიან მიხაროდა, ვყვარებივარ მეთქი, მოვმჯობინდი თუ არა , ისევ ისეთი უკარება გახდა. როგორ მინდოდა ხანდახან მოვფერებოდი ჩემს გოროზ ბაბუას, მაგრამ ვერ ვბედავდი, დიდი რიდი მქონდა. ის ჩემი ცხოვრებიდან მიუწვდომელ, უკარება, ძალიან ამაყ არსებად წავიდა.
  ბავშვებს ყოველთვის გვაინტერესებდა  მისი ლეგენდადქცეული ცხოვრებიდან  ეპიზოდების მოსმენა, რასაც ჩვენი მეზობელი ბაბუა მიხეილი გვიყვებოდა ხოლმე.
ერთხელ შინ მოსულ ბაბუა მიხეილს ბავშვები გარს შემოვეხვიეთ  და ვთხოვეთ  რაიმე მოეყოლა.
-         რა მოგიყვეთ თქვე  ეშმაკუნებო,  რა გაინტერესებთ?  საოცარი პიროვნება იყო ბაბუათქვენი, ილარიონ ფულარია, საოცარი!
-         მართლა ფულარიების იყო ეს მიწები?- ვკითხე მე და ხელით მთელი სოფელი შემოვხაზე.
-         კი მაგათი იყო!
-         ახლა რატომ  არ არის ჩვენი?-   ეკითხება ჩემი და ლია
-         შენ რა, არ გყოფნის ამოდენა ეზო-კარი?!  ვერა ხედავ დედაშენი  წელშია გამწყდარი სულ იმის წუწუნშია მომკლა ამოდენა მიწის მოვლამო. რევოლუციას მოჰკითხე, აი სკოლაში უკეთ გასწავლიან.
-          მართალია ფულარიების დიდი სახლი  სკოლისთვის მიუციათო?- კითხულობს ჩემი მამიდაშვილი მაკა.
-         მართალია, რვაწლიან სკოლას გადასცეს!
-         რატომ ამბობენ ერთი ფაიტონით ილარიონი მოდიოდა და მეორეთი მისი ქუდიო?- ვეკითხები მე.
-         ჰო, იყო ასე, მოქეიფე კაცი იყო. ერთხელ დუქანში  ღვინისთვის მოდავე   ხალხს შესწრებია,  სატევარით  ღვინის კასრები გაუხვრეტია, დაღვრილი ღვინის საფასური იქვე დაუტოვებია და უსიტყვოდ გასულა.
-         როგორი ცივია ბაბუა, მგონია  არავინ უყვარს? - ხმა ამოიღო   ჩემმა მამიდაშვილმა ირინამ.
-         არა, ეს რამ გაფიქრებინა, ასეთი ბუნების არის, გული საოცრად თბილი აქვს.  არ გაინტერესებთ როგორ შეხვდა  ომიდან ჩამოსულ შვიდი წლის უნახავ, სათაყვანებელ შვილს?!  ხელი ჩამოართვა, ერთი აკოცა და მშრალად მოიკითხა. თვეები გრძელდებოდა ლხინი ოჯახში რამოდენიმე ხარი დაიკლა, მთელი რაიონი ყავდა მოწვეული. აი ამ  ჭადარზე იჯდა ხალხი ყანწით ხელში!- და ხელი ჭიშკართან მდგარ უზარმაზარ , სამასწლოვან ჭადრისკენ გაიშვირა.
-         კეთილი თუ იყო ბაბუა, კეთილი?- იკითხა მაკამ.
-         კეთილი თუ იყო?! და მერე როგორი!  ომის დროს სოფელი მისი გამოკვებილია. გაჭირვებულ ხალხს თითო ტომარა ფქვილს ურიგებდა, სესხით წაღებულს უკან არ იბრუნებდა. ახლა ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით!-  ჩვენ სიხარულით მივუცუცქდით.  ბაბუა მიხეილი ცოტა ხანს ჩაფიქრდა. სულგანაბულები ველოდებოდით როდის დაიწყებდა მოყოლას.
-         გაკულაკების წერიოდი  იყო!- დაიწყო მან - მდიდრებს ქონებას ართმევდნენ და იჭერდნენ. ჩვენი სოფლიდან ბაბუათქვენი და ზარანდია დაიჭირეს.
-         რატომ დაიჭირეს თუ ასეთი კარგი იყო?- ვეკითხები მე.
-         შენ მაინც ვერ ისვენებ, მაცალე მოყოლა! ეს კითხვები კი მასწავლებელს დაუსვი სკოლაში! -ჰო იმას ვამბობდი, კაზარმაში, სადაც ილარიონი და ზარანდია იჯდნენ, ყოველდღე გაჰყავდათ  თურმე დასახვრეტთა სიაში მოხვედრილი პატიმრები.
ერთ საღამოს   ტყავისქურთუკიან ახალგაზრდა  ბოლშევიკს სია ამოუკითხავს, ფულარიას ხსენებაზე  შემცბარს უკითხავს საიდან ხართო?
-ხობიდან!- იყო მშრალი პასუხი.
- ბატონო ილარიონ! დიდი ხნის წინ  რუსეთიდან ძმა ხომ არ ჩამოგისვენებიათ?- ილარიონმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა.
- თქვენთან ერთად ასევე   გარდაცვლილ ძმას გერზმავაც ხომ არ მოასვენებდა?
- დიახ!-  გაკვირვებულმა გასცა პასუხი.
- ბატონო ილარიონ, თქვენ დასახვრეტთა სიაში ხართ, ამაღამ გაგიყვანენ, მე შემიძლია გადაგარჩინოთ თქვენ და ერთი თქვენი მეგობარი, გვარი მითხარით მეგობრისა!   ილარიონს ბოლო სიტყვები არც გაუგონია. ის ფიქრებით  მისთვის ყველაზე მტკივნეულ პერიოდს გადაევლო.
მეხის გავარდნას ჰგავდა  რაიონში ირაკლის  (მისი უფროსი ძმის)თვითმკვლელობის შეტყობინება რუსეთიდან.
-რა უნდოდა იმ გადასაკარგავში, თავის მოსაკლავად წავიდა?! - კიოდა დედა.
-იქ არ უნდა დატოვო, აქეთ ჩამოასვენე! - აბარებდნენ რუსეთისკენ მიმავალს შინაურები.  მერე იყო უსაშველოდ გრძელი  გზა, ბრძოლა ძმის  ცოლშვილთან  საქართველოში გადმოსვენების თაობაზე. დანა პირს არ უხსნიდა ისე მოუახლოვდა საქართველოს  საზღვრებს  და თითქმის არც გახსენებია  კუპეში იგივე გასაჭირით მომავალი გერზმავას არსებობა, მხოლოდ ახლა შემოუძახა მტირალ თანამგზავრს.
-არა გრცხვენია, კაცი   არა ხარ, რა გატირებს?! მეც შენნაირი გასაჭირი მაქვს, მეც ძმას მოვასვენებ, გამაგრდი!
-არა, მე ახლა ძმაზე არ ვტირივარ, ფული შემომელია, კაპიკი არ მიდევს, ამის იქეთ როგორ წავასვენო იმას ვჯავრობ! - უთხრა თანამგზავრმა.  ილარიონმა დააპურა,  ფაეტონი დაუქირავა, სახარჯო ფულიც ჩაუდო ჯიბეში და დაემშვიდობა.
-სიკვდილამდე არ დაგივიწყებ ამ სიკეთეს, გვარი მითხარით თქვენი!
-რა საჭიროა! თუ უფლის ნება იქნება, კიდევ შევხვდებით ერთმანეთს!
-არა, ასე ვერ დაგშორდებით, უნდა ვიცოდე თქვენი გვარი!
-ილარიონ ფულარია ხობიდან! 
„ ბატონო ილარიონ!   ბატონო ილარიონ!  დრო არ ითმენს, გვარი თქვენი ერთ-ერთი მეგობრისა!“
ილარიონი ფიქრებიდან გამოერკვა, მან უნდო თვალით შეათვალიერა ახალგაზრდა, თითქოს სურდა მის გულწრფელობაში დარწმუნებულიყო.
„ბატონო ილარიონ! მე იმ კაცის შვილი ვარ, ვისაც ბიძაჩემი  რუსეთიდან თქვენთან ერთად მოასვენებდა. მან გვიამბო ყველას თქვენი კეთილშობილების ამბავი. მე ვალდებული ვარ თქვენთვის ყველაფერი გავაკეთო“.   ახლა კი მართლაც იმედი მიეცა პატიმარს, მაგრამ არ ჩქარობდა.
„გვარი მითხარით ერთი ადამიანისა,   გვარი, დრო არ ითმენს!“  თითქმის იყვირა ბოლშევიკმა.
„ზარანდია!“ ამოღერღა  ილარიონმა.
ბავშვებს დიდხანს, ძალიან დიდხანს არ ამოგვიღია  ხმა.

                                                                                              სოხუმი
                                                                                            1978 წელი

ბაბუას სურათი აღარა მაქვს, მაგრამ აი ჩემი წინაპარი დავით ფულარია, ფუცუ დგებუაძე-ფულარიასთან ერთად.                მამა სტუდენტობისას.



სიკეთე   არ  იკარგება


                                                     ვუძღვნი მამაჩემის ხსოვნას
                                                       ნამდვილი ამბავი
  

1942    წელი!
       სმოლენსკი!
       გერმანელები საუკეთესო პოზიციებით მოიწევენ წინ!
      ჰოსპიტალში  დაჭრილი მეომრების ნაკადი არ წყდება!
      მძიმე  დღე დაუდგა მთავარ ექიმს -პაველ ივანოვიჩს.
-         იულია, ამას ვის მოათრევ?!  შეეშვი, საამქვეყნო არაფერი ეტყობა.
-         როგორ თუ შევეშვა! ცოცხალია, იქნებ გადავარჩინოთ!
-         რა  ხდება აქ, რაზე დავობთ?- მკაცრად მიმართა მოდავეებს პაველ ივანოვიჩმა.
-         „აკოპში“  ეგდო მიცვალებულებთან, მარხავდნენ, ის კი ცოცხალია, პულსი უცემს, ნახეთ რა ბრგე ვაჟკაცია!  ორი კილომეტრი ვათრიე  მარტოკამ, ეს  კიდევ მეუბნება.....
-         გასაგებია! - შეაწყვეტინა ექიმმა.
-         პაველ ივანოვიჩ! - რაღაცის თქმა დააპირა ჯარისკაცმა, მაგრამ ქირურგის მკაცრ მზერას წააწყდა და ხმა ჩაიკმინდა. ექიმი ხომ თავისი სიმკაცრით შიშის ზარს სცემდა მთელს  ჰოსპიტალს. ის დაჭრილს მიუახლოვდა, პულსი გაუსინჯა.
-         ვინ არის?  კავკასიელი უნდა იყოს,  მგონი ქართველი, ასეთი ლამაზი ულვაშები იქ იციან!
-         არ ვიცი, საბუთები ვერ ვუპოვე, აბა იმ ორომტრიალში მაგის თავი ვის ჰქონდა!- დამორცხვით უპასუხა იულიამ.
-         ჰო, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, საჩქაროდ გაიყვანეთ საოპერაციოდ! - წამსვე დაფაცურდნენ ყველანი. დაჭრილი საკაცით გააქანეს  საოპერაციო ოთახში. იულია ნიშნისმოგებით  უყურებდა მოდავეს.
ოპერაცია რამოდენიმე საათს  გაგრძელდა. სხვა მოწიწება, სხვა განწყობა დაუფლებოდა პაველს, საოცარ ვალდებულებას გრძნობდა დაჭრილის  მიმართ.   ასეთი მღელვარებით არ ახსოვს ოპერაცია გაეკეთებინოს,  დაღლილობაც დავიწყებოდა, თითქოს უძილო ღამეები არც ყოფილიყო.
-         როგორ იქნება საქმე, გადაიტანს?- ჰკითხა ქირურგს ერთ-ერთმა ექიმმა.
-         არ ვიცი, ჯერ-ჯერობით ნაადრევია რაიმე დასკვნის გამოტანა, ერთადერთი იმედი ძლიერი ორგანიზმია, ქართველი უნდა იყოს, ხომ იცით  კავკასიელები როგორი ამტანები არიან.  ოცდაერთი დღე კრიტიკული  იქნება მერე ვნახოთ.     
ოცდაერთი დღე თითქმის არ მოშორებია პაველ ივანოვიჩი  დაჭრილს, არავის ანებებდა. მარტოდ დარჩენილი ჩააცივდებოდა ხოლმე  და გუნებაში ერთდაიმავეს იმეორებდა: „ქართველი უნდა იყოს!’’  ყველას უკვირდა მისი ეგზომ  გადაჭარბებული ყურადღება  ვიღაც კავკასიელისადმი.  ის კი მოუსვენრობას შეეპყრო, ვერაფრით  მიმხვდარიყო  რა სჭირდა, რატომ არ ემეტებოდა დაჭრილი სიკვდილისთვის. სიკვდილს ხომ შეაჩვია ამ ომმა, უფრო მეტიც, გულგრილიც გახადა  და მას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამდა. ან იქნებადა გულჩვილობა შეეპარა?!   არა, ახლა რაღაც სხვა ხდება, და  ნეტავ რა არის ის სხვა?!  რაღაც უცნაურობა დაუფლებოდა მთელს  მის არსებას  და სხვა რამეზე გადართვის საშუალებას არ აძლევდა.  და უცებ თავში გაუელვა :  „ ღმერთო ჩემო,  როგორ ჰგავს!  აქამდე როგორ არ  ვიფიქრე?   ნუთუ?!   ეს შეუძლებელია! თუმცა რატომ არის შეუძლებელი?!   ის სწორედ ახლა  ამ ასაკის იქნებოდა!  სულ შევიშალე, რა მჭირს,  რა აზრები მიტრიალებს  თავში!“  შუბლი ენერგიულად მოისრისა, ისევ დახედა დაჭრილს,“ლაპარაკი მაინც შეეძლოს?!“  და ისევ ფიქრებს მისცა თავი, ახლა ის გონებით იმ პერიოდს  დაუბრუნდა დაჭრილმა რომ გაახსენა.
          1934    წელი! თბილისი! რა ბედნიერი  იყო მაშინ. ის და მისი საცოლე, კატერინა,  ამაყად დადიოდნენ  თბილისის ქუჩებში  და ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებდნენ. წამოსვლის  წინა ღამით  გვიანობამდე იბორიალეს, უკვე  შინისკენ აპირებდნენ  მიბრუნებას, რომ წინ  რამოდენიმე  მთვრალი ახალგაზრდა გადაუდგათ.  პაველს ფული ააცალეს, ერთ-ერთმა კატიას წაავლო ხელი. „ ეს რა ლამაზი ფერია გახლავს, შენ ამის რა ღირსი ხარ, ამაღამ ჩვენი უნდა გახდეს! პაველი წინ გაიწია, ეცადა კატია გაენთავისუფლებინა, მაგრამ  სახეში ისე ჩაარტყეს , რომ თითქმის გონდაკარგული დაეცა ძირს. კატიას კივილმა შესძრა იქაურობა. ვინ იცის როგორ დამთავრდებოდა ეს ინციდენტი, რომ არა ის დალოცვილი.
          - რა ხდება აქ?!- გაისმა სიბნელეში  მჭექარე ხმა. პაველმა ბრგე მამაკაცის                               სილუეტი    გაარჩია.-  მე თქვენ გიჩვენებთ როგორ უნდა ქალის  შეურაცხყოფა!-                    ორი იქვე გააკრა მიწას ლავაშივით, დანარჩენები გაიფანტნენ.
- ფუი ამათ კაცობას,  მშიშრებიც ყოფილან!- ჩაილაპარაკა მან. პაველს წამოდგომაში მიეშველა.
- ილარიონ ფულარია! -  ასე გაეცნო შეშინებულ ქალ - ვაჟს უცნობი მხსნელი. - წამობრძანდით ჩემთან სტუმრები ყოფილხართ, სტუმარი კი ღვთისაა, გარეწრები, მაგათ გამო გულს ნუ  გაიტეხთ! აბა ცუდებს რა გამოლევს  ამ ქვეყანაზე, ეს ცხოვრება ხომ ცუდის და კარგის ჭიდილია!- ქალ - ვაჟმა იუხერხულეს  მასთან სტუმრობა, მაგრამ  მასპინძელმა თავისი გაიტანა. გავისაუბროთ, ერთმანეთს გავეცნოთ, თქვენც დამშვიდდებით, ასე აჯობებს ახლოს ვცხოვრობო.  შინ მისულებს მოუბოდიშა, მარტო ვარ , ცოლ-შვილი სოფელში მყავს გაგზავნილი, საკადრისად ვერ გიმასპინძლდებითო. კატერინა კედელს მიაჩერდა. სურათიდან ულამაზესი ქალი და 13-14 წლამდე  ასაკის ბიჭუნა იმზირებოდა.
- რა ლამაზი ბიჭია!- აღნიშნა კატიამ.  
- ჩემი ვაჟია, კარგი ვაჟკაცი მეზრდება! - თქვა სიამაყით მასპინძელმა.
გამომშვიდობებისას  ილარიონმა პაველს ფული ჩაუდო, მან იუარა.
-ნუ უხერხულობთ, ვიცი ფული ამოგაცალეს, დაგჭირდებათ!
-გმადლობთ, მოსკოვში ჩასვლისთანავე  გამოგიგზავნით!
 - არც მაკადროთ!- იყო მკაცრი პასუხი.  მეორე დღეს სადგურში გასაცილებლად გამოსულმა ქართველმა  ჩურჩხელები და ჭაჭა მიართვა, დაქორწინება უსურვა ახალგაზრდებს და დაემშვიდობა.
   მერე  ათასმა წყალმა ჩაიარა, რამოდენიმეჯერ მისწერა, ცოლ-შვილით დაჰპატიჟა, თვითონაც შეჰპირდა მონახულებას, მაგრამ არ მოუხერხდა. ჯერ იყო და დედა გარდაეცვალა, მერე მამა, კატერინაც დაკარგა. ნეტავ სად არის ახლა კატინკა?!  ახლა კი ეს ულმობელი ომი, სადღა მოიცალა დაოჯახებისთვის. ომი!  ჰო, ომი!  ომის გახსენებამ  სასტიკ რეალობაში  დააბრუნა , შეკრთა, დაჭრილი გაახსენდა, ჩქარა შევიდა პალატაში, დახედა. ჰგავს და მერე როგორ!  ნამდვილად ის არის! თვალწინ დაუდგა სურათიდან მზირალი ყმაწვილი. შეუძლებელია! თუმცა რატომ არის შეუძლებელი?! ლაპარაკი მაინც შეეძლოს!  გავიდა რამდენიმე დღე.
-ავადმყოფმა თვალები გაახილა!- შემოვარდა პაველ ივანოვიჩის კაბინეტში თვალებგაბრწყინებული იულია.  ქირურგი სწრაფი ნაბიჯით გაეშურა  კავკასიელის პალატისკენ, დახედა, პულსი გაუსინჯა  და კმაყოფილი  სახით შეხედა იქ  შემოსულ მედ-პერსონალს.
-მგონი კრიტიკულმა დღეებმა ჩაიარა, ასე თუ გაგრძელდა, მალე ლაპარაკსაც შესძლებს! - იულია სიხარულით ცქმუტავდა.
- ნეტავ ხომ არ შეუყვარდა?!- იხუმრა იულიას მისამართით ერთ- ერთმა ექიმმა. ქალიშვილი გაწითლდა.    სამი დღის შემდეგ ივანოვიჩმა ნება დართო  ავადმყოფი წამოეჯინათ. კიდევ რამოდენიმე დღე და  დაჭრილს თვალებში  სიცოცხლის სხივი  ჩაუდგა. უკვე დანამდვილებით შეიძლებოდა თქმა, რომ  სიკვდილი ვერ იზეიმებდა. ჯანსაღ სხეულს და მედპერსონალის ძალისხმევას ის საბოლოოდ დაემარცხებინა.
- წერა ხომ შეგიძლია? - ჰკითხა უცნობ ჯარისკაცს  აფორიაქებულმა  პაველმა. ავადმყოფმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- ქაღალდი და ფანქარი მოიტანეთ! - მიმართა მან თხოვნით სანიტარს. ექიმი ბოლთის ცემას მოჰყვა. დრო ძალიან ნელა გადიოდა, წუთი საუკუნედ ექცა. გაოგნებულები მისჩერებოდნენ  ყველანი ექიმს.  ასეთ დღეში არასოდეს ენახათ.
-დაწერე სადაური ხარ?- ხმის კანკალით მიმართა ჯარისკაცს  ქირურგმა. ავადმყოფმა ძალიან ნელა, გაჭირვებით  დაიწყო  ასოების შემოხაზვა.  აი, როგორც იქნა მან რუსულად „ტ“ - ასო შემოხაზა,შემდეგ „ბ“ ასოც ჩაამთავრა. ექიმმა მხარზე ხელი დაადო, შეაჩერა.
- ნუღარ გააგრძელებ, გასაგებია, თბილისელი ხარ, ცოტა დაისვენე და გვარი დაწერე!- ივანოვიჩი ფანჯარასთან მივიდა, ეზოს თვალი გადაავლო, სადაც ხალხი ფაციფუცობდა. არა მეტს ვეღარ მოითმენს. ისევ  დაადგა თავზე ქართველს, ახლა მან დანამდვილებით იცოდა, რომ ჯარისკაცი ქართველი იყო.
-ძალიან ნუ დაიძაბები, ისევ  შეეცადე დაწერო გვარი!
ავადმყოფმა წვალებით „ფ“ ასო შემოხაზა, „უ“ ასო არ ქონდა ბოლომდე ჩამთავრებული, რომ ექიმმა ისევ შეაჩერა.
- ვიცი  ვინცა ხარ!   თევდორე ილარიონის ძე  ფულარია! - ავადმყოფს საცრისოდენა გაუხდა თვალები, პალატაში მყოფნი გაოცებას ვერ მალავდნენ, მათ  ვერაფერი გაეგოთ.
 პაველი ვერ დაეტია  პალატაში, სუნთქვა შეეკრა, მიხვდა, რომ ჰაერი სჭირდებოდა, თითქმის სირბილით გავარდა გარეთ, სიგარეტს ხელის კანკალით მოუკიდა, ერთი ნაფაზი დაარტყა, „მშვენიერია სიცოცხლე“ ჩაილაპარაკა მან და უცებ მოეშვა, მთელ  ტანში სასიამოვნო  სიმსუბუქე  იგრძნო, თითქოს მძიმე ტვირთი მოეშორებინოს.
                                            
                                                       სოხუმი                                            
                                                                            1981 წელი

 ჩემი უსაყვარლესი, უკეთილშობილესი, დიდი ადამიანი!  ეს მისი სტუდენტობის დროინდელი სურათია



Sunday, October 19, 2014

                                            გაბოს კითხვები აწუხებს

გაბუკას წიგნი აჩუქეს რაინდებზე და ყოველ ღამე ძილის წინ ათვალიერებს, "კითხულობს." წინა ღამითაც ჩვეულებრივ მივუტანე ლოგინში, კარგა ხნის შემდეგ მეძახის, წაიღე ვერაფერი გავიგეო.
- გაბუკა, რა ვერ გაიგე?
- ვერაფერი გავიგე, მე ვერ ვიცი კითხვა! - მიპასუხა უკმაყოფილომ.
- აქამდე რას შვებოდი გაბო?
-უბალოდ ვუყურებდი!- წამოიძახა და შეხტა, ხელზე დამახტა, ტკივილისგან მოვიკრუნჩხე.
- შემთხვევით მომივიდა  ბებო, ბოდიში!- მომეალერსა გაბო ცოტა დარცხვენით და მტკივან ხელზე თავისი ბუნჩულა ხელი გადამისვა.
- ბებო ჩვენ როგორ ვბერდებით? - ამ თემას ხშირად წამოჭრის ხოლმე  რატომღაც.
- გაბო წლები გადის, ასაკი გვემატება და მერე, დიდი ხნის შემდეგ სიბერეც მოდის.
- არ მინდა დაბერება! მე როგორ გავხდი ხუთი წლის?
- ვერ გავიგე გაბო!
 - აი ოთხის ვიყავი, ხუთის როგორ გავხდი? - ავუხსენით წელიწალის დროები, თვეები, ყოველი წლის 16 სექტემბერს წელი გემატებათქო. გაიგო და არ მოეწონა, ესეიგი დავბერდები, არ მინდაო.
- გაბო გინდა  დრო გავაჩეროთ, პატარა, ხუთი წლის იყო მუდამ? - დაფიქრდა
- თქვენ რომ დაბერდებით და მოკვდებით! არ მინდა!-  გავოგნდი, მიხვდა ეს მაწაკი, რომ ჩვენთვის დრო არ გაჩერდებოდა.
- მიყვარხარ რა არის? შეყვარებული?- ახლა სიყვარულის ფენომენით დაინტერესდა გაბო- უბალოდ გაგახარებს ხომ სიყვარული,ოცნებობდი ხომ, გიყვარს ბებო, ესეიგი მოიტანს სიკნესს და კინდერს. არა, შენ ჩემი მეგობარი ხარ! სახელს როგორ არქმევენ, გაბო ვინ დამარქვა?
- დედამ გაბო!
 - დედამ იცოდა რომ ყველაზე მაგარი ვიქნებოდი?!
- ჰო, იცოდა!- ეღიმება
-გაბუკა, დაიძინე, გეყოფა, ამდენს ნუ ფიქრობ. ლამაზი სიზმრები უნდა დაგესიზმროს.
-კარგი ბებო, ეს "ნაჩნიკი" რა გულისგამწყალებელია!- და გვერდზე შეაბრუნა.
- წადი ბებო, დავიძინებ მე ხოლმე-ხოლმე კარგებს, ხოლმე-ხოლმე ცუდებს ვუყურებ სიზმრებს. ნეტავ თოვლი იყოს ჩემს თავს ვითხლიშავდი, ყინულზე უკეთესად მძინავს!- თქვა ნახევრადმთვლემარე გაბომ. მას მართლაც ცივი ლოგინი უყვარს, წარამარა აბრუნებს ბალიშს, ტრიალებს მთელი ღამე ცივ ადგილს ეძებს.დილით გამოღვიძებულმა გამოგვიცხადა, ბიზნესი ვიცი რაც არისო, აი ბებო რომ 70 წლის გახდება და ფულს რომ მისცემენო. ეტყობა სიზმარში ნახა ჩემი გამდიდრება?!







Friday, October 17, 2014

                                                    მანჩო

ხშირად ამბობენ სიზმრებს არ უნა აჰყვეო,,,,
მთვარის ვახშმობისას ... ძილ-ღვიძილში მესმა ხმა საოცნებო, ასგზის ნეტარი, ბავშვისგან წარმოთქმული ჯადოსნური" დედა." ეს იყო ძალზე ტკბილი რამ, ნისლივით გამჭვირვალე და შეუცნობელი. საოცარია... აზრი მიწყდება, გონებას დელგმასავით ეხეთქება მოგონებანი: სურათივით ფერადოვანი, ჩვილის ცრემლივით უმანკონი... ვარსკვლავებივით მიუწვდომელნი.
გაზაფხულის ლამაზი დღეა. ბაღის სურნელი, "ყვავილთ ფშვინვა" სულს მიხალისებს, სადად მორთული სადღაც მივიჩქარი. ეზოში გასულს მესმის "დედა!" გული საგულეში აღარ მიძევს. მეძახის ჩემი ბიჭი, მეძახის პირველად, მეძახის სიყრმის შვილი და საძირკველი!
"დედაო!" თუმცა უკან ვეღარ ვბრუნდები, გულში ვნეტარებ, შენ გენაცვალოს შენი "დედა." გზას ვაგრძელებ, ფრთები მესხმება. ენას იტეხავს ჩემი ბიჭი.
გვიან ვბრუნდები, ის უჩვეულოდ აფახულებს ლამაზ თვალებს, შემომციცინებს. ჩემი ბიჭი მუხის ფოთოლს ჰგავს, ძლიერს, მწვანეს, ბუნების ნებიერს. გულს შიში აკრთობს: არ ჩამოვარდეს!...  და უცებ ბურანიდან გამოსული ძეს სიზმრისეულს ვეხმიანები: რაა, შვილო!  ვეხმიანები ათრთოლებული, თვალდანამული. ის კი არსად  ჩანს, სადღაა ჩემი ბიჭი, ჩემი სიცოცხლე... ჩვილის ენით რომ შემეხმიანა- გამეხუმრა, მომეხმატკბილა, მომესათუთა. მონატრებისა იყო ალბათ ღვთიური წუთი!.




Wednesday, October 15, 2014

                                             გაბო ავტობუსში

ორწლინახევრის გაბუკა და მე ავტობუსით ახლობელთან მივდივართ. გაბო ცუდ ხასიათზეა და ჭიჭყინებს.ავტობუსში სიხალვათე იყო და ბავშვმა ყველას ყურადღება მიიქცია.
 - რა კარგი ბიჭო ხარ!- მიმართა ვიღაცამ. გაბო ზედ არ უყურებს, თავისი გასაჭირი აქვს. ერთი ახალგაზრდა კაცი მიუახლოვდა.
- რა გქვია პატარავ?- ჰკითხა მან მოფერებით. გაბო ხარის წელშია დაბადებული, თავი მოსწონს კიდევაც ამით, როცა გაბრაზებულია ხარივით იცის ქვემოდან ამოხედვა და თვალების ბრიალი. გაბომ ახლაც დაბღვერით შეხედა თანამგზავრს და კითხვა შეუბრუნა
- შენ თვითონ რა გქვია?!    



მთელი ავტობუსი ახარხარდა.






Saturday, October 11, 2014

                                                         გაბო მებუტება

გაბო  ბაღიდან შინ მომყავს.
- ბებო, ბაღში ფისი გავაკეთე!- მომახარა.
- როგორ მოხდა?!-გავიკვირვე მე , რადგან არ შედის ბაღის საპირფარეშოში.
- შენ რომ არ გაგაწუხო იმიტომ!
- მადლობა გაბო, კარგი ბიჭი ხარ! - შინისკენ მომავლებს მეზობლის გოგო ნინუცა და ლაშა შემოგვხვდნენ, მათ ერთმანეთი უყვართ, მაგრამ გაბომ ეს საიდან უნდა იცოდეს?! თუმცა გაბუკას რამე გამოეპარება?!
- ბებო, ეს იმის ცოლია?- მეკითხება ბავშვი.
- არა გაბო!- "გავუიასნე" მე
- ააა, მეგობარია?! - ჩაილაპარაკა და თვალები ღიმილით, ეშმაკურად მოჭუტა. მე მგონი დიდი მუსუსი გაიზრდება ჩემი გაბო.
- დღეს სამჯერ დავაცემინე, ბაღშიც სამი გაცივებული გვყავს, ჩაი დავლიე და გამისუქდა მუცელი!- ჩამომიყაჭა  გაბუკამ. საოცარია, ასეთ პატარას  გართულება აქვს სიმსუქნეზე, დედამისი ცოტას რომ მოიმატებს შენიშვნას აძლევს, რას გავხარ, რატომ მოიმატეო. მიხარია, რომ ასეთი  შენიშვნები ჯერ არ მიმიღია გაბოსგან.  საღამოს ბავშვებმა იკამათეს, გაბო დაუოკებელი გახდა, ნამდვილი ხარია, ვერ დავაწყნარეთ, დავტუქსეთ.
                                                         
ტირილი დაიწყო.
- გაბო, რატომ იქცევი ასე ?- ეკითხება დედამისი
- ბაღელებმა გამაგიჟეს და იმიტომ ვიქცევი ასე, ახლა გამახსენდა, თქვენ კიდევ მაბრაზებთ, გვიან დავიძინებ და გაგაწვალებთ!- დაგვემუქრა გაბო. მეც დავტუქსე,  არ იქცევი კარგადთქო.
- შენთან არ დავწვები ამაღამ!- გაგულისდა უზომოდ  გაბო.
- არც მე, არ მიყვარხარ!- არ ვეპუები მეც.
- საერთოდ არ დავწვები შენთან, სულ არასოდეს, არავინ არ დაწვება შენთან!
- ძალიანაც კარგი, თავისუფლად დავიძინებ!- არ ვიხევ უკან, მაგრამ გული ცუდად მაქვს, გაბოსთან გაბუტვა მიჭირს, ერთი სული მაქვს შევურიგდე. გაბო გაბუსული მიყურებს, მასაც უჭირს, მაგრამ იხტიბარს არ იტეხს.  ორივენი ველოდებით პირველი ვინ გატყდება.
- ბებო, ბოდიში! - მომმართა ცოტა ხანში დივანზე წამოწოლილმა გაბომ და ქვეშიდან ამომხედა. არაფერი ვუპასუხე, ოთახიდან გავედი. ცოტა ხანში ვნახე დაღლილს ჩასძინებოდა დივანზე. გული მეტკინა, ისე ჩაიძინა შერიგება ვერ მოვასწარითქო. დედამისმა გახდა დაუწყო. ნახევრადმძინარემ  დედამისს მიმართა ბებოსთან დამაწვინეო.ცას ვეწიე სიხარულით.ჩავაწვინეთ, თვალები გაახილა.
- მოდი უნდა ჩაგეხუტო, გაკოცო ბებო, მიყვარხარ!-  მითხრა მძინარემ, მინაბული ხმით.
 გვერდით მივუჯექი, ტირილამდე ცოტა მაკლდა. გამიღიმა, ახლა წადი ტელევიზორს უყურეო და  დამითხოვა. აი, ასეთი ერთგული,


მოსიყვარულე, შეგნებული,  უღალატო კაცია ჩემი გაბო.


 

Sunday, October 5, 2014

                                                       სიყვარული

-ბებო, მიყვარხარ! ესეიგი შეყვარებული ვარ შენზე, დაწექი, შენთან ერთად მინდა ვიყო, არ მაინტერესებს კინოს უყურებ თუ კომპიუტერთან ზიხარ!- მიხმო გაბომ კატეგორიული ტონით დასაწოლად. მოდი და ნუ დაემორჩილები ისეთი კაცის მოთხოვნას  როგორიც გაბოა!
- კარგი, გაბო ახლავე!- მივაძახე და ტელევიზორი გამოვრთე.
- დედა დაიფიცე, რომ დაწვები!
- არ არის დაფიცება საჭირო, მოვდივარ! - ჩემს დანახვაზე გაბო გაიბადრა.
- პატარები გიწყალებენ ხომ გულს?- მოფერებით მეუბნება გაბუკა.
- კი, გაბო, გჩვევიათ!
- ბებო, ჩიტმა ამბავი მომიტანა არსებობს?
- ჰო, არსებობს!
- მაშინ ჩემთან რატომ არ მოდის ის ჩიტი?
- მოვა როცა გაიზრდები!- ღიმილნარევი ირონიით ვეუბნები . გაბოც ეშმაკურად იღიმის, ისეთი ჭკვიანია, ხვდება  მგონი ყველაფერს.  კარგა ხნის თამაშის შემდეგ მეუბნება.
- კარგი, მე ვიძინებ, შენ კი  წიგნი წაიკითხე!- და ღამის ნათურას ჩემსკენ აბრუნებს. მოკლედ გამანთავისუფლა. დილით ვაღვიძებ.
- ოჰ, ბებო, როგორ მიყვარს დილის ძილი, მაგრამ ჯანდაბას, წავალ ბაღში, რა ვქნა!-ბაღში მისვლისთანავე ჩვეულებრივ მაფრთხილებს ადრე მოდიო. საღამოს ადრე ვაკითხავ ბაღში.
-ბაღში რომ არ შეიძლება ისეთი საჭმელები მაჭამეს: ყიყლიყო, კაკაო, სოუზი, ესენი ხომ ცხიმიანია ბებო, მაგრამ მე კუჭი მაინც არ ამეშლება!-  გაბოს იმ დღეებში ვირუსი ჰქონდა, ვადიეტებდით,   ეტყობა შეწუხდათქო. თურმე ....
- ახლა სიკნესი მიყიდე,  არ მაინტერესებს ფული გაქვს თუ არა!
- გაბო, სნიკერსი მართლა არ შეიძლება!
- კი, შეიძლება, ბაღში ხომ მაჭამეს ცხიმიანები?! - ვუყიდე.
- მაგარი ხარ, სუპერ ბებო!   მიყვარხარ! - შინ მისულები   მულტფილმის საყურებლად მოვკალათდით. მალე ლელა მოვიდა და გაბო ჩაკოცნა. ცოტა ხანში გაბო ყვირის
- დე, მოხვედი?  მე რატომ არ მაკოცე? ბებო რატომ არ მაკოცა დედამ?
- გაბო, როგორ არ გაკოცე! - ეუბნება დედამისი და ხელახლა ეფერება.
- არ მახსოვს, უბალოდ ეტყობა დამავიწყდა!  კარგი ახლა შენ გაკოცებ!- მითხრა და ყელზე ჩამომეკიდა. ლელა ღამღამობით ეხვეწება გაბოს ჩემთან დაწექიო, გაბო გულს არ ტკენს, ცოტა ხნით მიუწვება და ისევ ჩემსკენ გამორბის. ლელა ბრაზობს, შურს ალბათ გაბომ რომ მე ამირჩია, მაგრამ რა ქნას! გაბომ კარგად იცის, ბებოს მისი სიყვარული ჟანგბადივით რომ სჭირდება, თან სიყვარულს ხომ დამსახურებაც უნდა! მიყვარს გაბოოო!ვუყვარვარ გაბოოოს!