Sunday, September 28, 2014


სიზმარი

                
                                                               მწუხარებას ძალუძს  სრულყოფილების
                                                           მწვერვარვალიდანაც  კი დაანარცხოს  ადამიანი.
                                                                                                                 სპინოზა

       გამარჯობა ძვირფასო!!!
არ მინდოდა მომეწერა, დიდხანს ვიფიქრე და გადავწყვიტე ბოლოს... ძალიან მომენატრე,  მაკლიხარ,  განვიცდი უშენობას! 
თითქოს ყველაფერი კარგად იყო, არ უნდა წასულიყავი!  რა მოგიყვე?!  ისევ  ძველებურადაა ყველაფერი.
  გახსოვს?!  მოფერებით, სიყვარულის ნიშნად „ვასიას“ რომ მეძახდი?  სერიოზულ ფრაზებსაც ამ  სიტყვებით  ამთავრებდი  ხოლმე.
  გეძებ  ქუჩაში, სიზმრებში, მაკლიხარ!
 აღარ გეუბნები როდის მოხვალ მეთქი?!  გეკითხები, როდის წამიყვან?
გაიქეცი ხომ მასთან, უჩემოდ?!  ეტყობა კარგია იქ, რადგან დამივიწყე. არაფერი შეცვლილა, ისევ მონატრება!
ვიხსენებ შენთან ყოფნის წუთებს და ახლა ვხვდები, რომ  ბედნიერი ვყოფილვარ  შენს გვერდით, ბედნიერი და ამაყი. აქამდე მეგონა ბედნიერება სიყვარულს ერქვა,  ვცდებოდი, ბედნიერება თურმე სიცოცხლეს უნდა ერქვას. ყველაზე ძვირფასი ადამიანისთვის  სიცოცხლეა.  ადამიანმა თურმე  მხოლოდ დღევანდელი დღით უნდა იცხოვროს, რამეთუ  არ იცის ხვალინდელი დღე იქნება თუ არა. გული მწყდება, რომ ვერ  გამოვნახე დრო შენი მოფერებისთვის. მე ხომ საოჯახო საქმეებში ჩაფლულს და ბავშვების აღზრდით  დაკავებულს, საოცარი სწრაფი ტემპით მიწევდა ცხოვრება, და ისე  შემომიკაკუნა ჩემი ცხოვრების შემოდგომამ , რომ უკან გახედვაც ვერ მოვასწარი. სწორედ მაშინ დამატყდა  თავს მეხი. განგებამ  შემახსენა  უფლის არსებობა, შემახსენა ძალიან მწარედ, გაუსაძლისის გასაძლისებით. შენ გადამატანინე ის წლები, თვითონ საშინელ დღეში მყოფი  ჩემს გადარჩენაზე ფიქრობდი,  დიდი პიროვნება იყავი, ამას მერე უფრო მივხვდი.
არ მეგონა თუ შენთან  განშორება ასე გამიჭირდებოდა. ახლა ბევრს ვფიქრობ შენზე, მაგრამ ვაი, რომ წარსული არასდროს ბრუნდება! ადამიანმა მონიჭებული სიცოცხლით ისე უნდა იცხოვროს, რომ უკან მოხედვისას მწვავე ტკივილი არ იგრძნოს. მე ბევრი რამ მტკივა!  შენ საოცრად დიდსულოვანი, კეთილშობილი იყავი, მეგობრები „ლომს“ გეძახდნენ,  მართლაც ზოდიაქოთი ლომს მეფური გარეგნობა და ხასიათი გქონდა.
პირველად რომ დაგინახე, რღაც ვიგრძენი- ერთდროულად  ტკივილი და სიხარული. ეტყობა მაშინვე მივხვდი, რომ შენი სიყვარული  დამტანჯავდა და თან ბედნიერს გამხდიდა.
 გინდა ჩვენი ზღაპარი მოგიყვე?!                                                          
                                                                             1
 დასავლეთ  საქართველოს  ულამაზეს  ქალაქ  სოხუმის  პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩვიდმეტი წლის, გამორჩეული გარეგნობის, ამაყი გოგონა სწავლობდა. მას უამრავი თაყვანისმცემლები ეხვია გარს, მაგრამ მისი გულის  დაპყრობა  ვერავის  მოეხეხრხებინა, მისი ჯიუტი ხასიათის გამო  „უკარებას“ ეძახდნენ. 
   ამავე ინსტიტუტის, ფილოსოფიის კათედრაზე, მუშაობდა  სიმპათიური გარეგნობის, ნიჭიერი და უაღრესად ერუდირებული  34 წლის მამაკაცი. ქალ-ვაჟმა ერთმანეთისა არაფერი იცოდა,  არსთა განმრიგეს კი მათი ერთად შეყრა გადაეწყვიტა. ეს ამბავი კი ასე დაიწყო:
  იმ  დღეს  სტუდენტებმა  გავიგეთ, რომ ჩვენი პროფესორი  ავად გამხდარიყო, მეტი რაღა გვინდოდა, არც  დავინტერესებულვართ  შემცვლელი ჩაგვიტარებდა ლექციას  თუ არა, უმრავლესობა  ახალი ამერიკული ფილმის სანახავად წავედით.
   - რატომ   გააცდინე გუშინ ლექცია?  ახალგაზრდა, სიმპათიურმა, უცოლო ფილოსოფოსმა  წაგვიკითხა! - მომახალა მეორე დღეს ლარისამ.
-         ჰოდა, ძალიან კარგი! ის ახალი ლექტორი მაინც  დამითმეთ, ყველა განაწილებული გყავთ, გეყოთ უკვე! რა გვარია?
-         გულედანი!
-         ოჰო, სვანია?!
-         შენ ხომ გიყვარს სვანები?- კითხვა შემომიბრუნა ლარისამ.
-         დიახ, მიყვარს!
-         კათედრაზე გვითხრეს, რომ დიამატს  ის წაგვიკითხავს, ასე რომ დრო საკმარისადა გაქვს, რომ თავი მოაწონო.
   შემდეგ ლექციაზე  ახალგაზრდა ლექტორმა  სია მშვიდად ამოიკითხა, თვითოეულ ჩვენგანს  გულმოდგინედ  გვაკვირდებოდა, თან სახეზე  მრავალმნიშვნელოვანი ღიმილი  დასთამაშებდა.  როგორც შემდეგ შევიტყვეთ, ის სამდივნოში გაეფრთხილებინათ, კურსზე  ლამაზი გოგონებია  და თუ იქაც ვერ შეარჩევ საცოლეს დარჩები დაუქორწინებელიო. მართლაც აღტაცებული დარჩა  ლამაზი ქალიშვილების  სიმრავლით.  ლექციამ საინტერესოდ ჩაიარა, ყველანი სულგანაბულნი ვუსმენდით. თუ სხვებთან  არასერიოზულად ვიქცეოდით  და ასე ვთქვათ „არევას“ ვცდილობდით, (ჩვენი კურსი არა მარტო   სილამაზით იყო ცნობილი, არამედ დაუმორჩილებლობით და თავნებობით. კვირა ისე არ ჩაივლიდა შატალო არ გაგვეკეთებინა, თვით რექტორიც კი ხშირი სტუმარი იყო  ჩვენი, იყო გაფრთხილებები, საყვედურები, მაგრამ უშედეგოდ) მასთან ეს არც გვიცდია, რადგან შინაგანად  გაწონასწორებულ, ნიჭიერ, თავისთავში  დაჯერებულ, ძლიერ პიროვნებას წავაწყდით.
 ლექციის შემდეგ  გოგონები შემომეხვივნენ, მთელი ლექცია  გაკვირდებოდა, შენ თუ მოგეწონაო?!
-         კარგით ერთი, თუ  ჩემი აზრი გაინტერესებთ  არაფერი აქვს მოსაწონი, ჯერ ერთი  ასაკშია, თანაც შესუქებული, ხომ იცით ასეთი მამაკაცები არ მომწონს.
-         შემდეგ ლექციებზე  ჩვენმა  ფილოსოფოსმა შავი სათვალით დაიწყო სიარული.
-         ეს იმიტომ, რომ  შენ გიყურებს  და რომ არ შევნიშნოთ   ინიღბება.
-         ეს იმიტომ რომ... - წამიოწყო რომელიღაცამ, მაგრამ ჩემმა საუკეთესო მეგობარმა ნარგიზამ გააწყვეტინა.
-         ჰო, თამრი, მეც შევამჩნიე, მართლაც  შენ გაკვირდება, ეტყობა ძალიან მოსწონხარ!
-         ეს თქვენ გინდათ ასე იყოს და იხალისოთ იმიტომაც გეჩვენებათ!- ჩავილაპარაკე უკმაყოფილოდ. შემდეგ ლექციაზე  უკანა მერხზე  გადავინაცვლე, ნაკლები ექნებათ  სალაპარაკოთქო.
-         ფულარია უკან რატომ გადაჯექით? გთხოვთ თქვენი ადგილი დაიკავოთ!- მომმართა კატეგორიული ტონით  ნესტოროვიჩმა.
-         რა მნიშვნელობა აქვს სად ვიჯდები, სკოლა ხომ არ არის?!- ჩავიბურტყუნე  ჩემთვის და მის ნებას  უხალისოდ დავემორჩილე. მეტი რაღა უნდოდათ  კურსელებს, აუდიტორიაში  ჩურჩული და  ფხუკუნი გაისმა. ერთხელ გაგულისებულმა „ჩვენს სვანს“ ( მას ასე ვეძახდით) არ მივესალმე, რაზედაც  მისგან  საყვედური მივიღე.  ასე გრძელდებოდა კარგა ხანს, ყოველი ლექციის შემდეგ იყო გარჩევები, ხორხოცი და თუ ეს ადრე მაღიზიანებდა, დროთა განმავლობაში  მივეჩვიე და უფრო მეტიც მართობდა და მომწონდა კიდეც.
ერთ  დღეს ნარგიზამ გვერდზე გამიხმო და ღიმილით  მითხრა, სიზმარი უნდა მოგიყვეო.
-         ახლა არ მითხრა  სიზმარი შენზე და ნესტოროვიჩზე ვნახეო?!- ვკითხე ირონიულად.
-         კი, თქვენზე ვნახე, მაგრამ სერიოზული სიზმარი იყო.
-         არ მაინტერსებს!
-         მომისმინე, გთხოვ!
-   კარგი, გისმენ!
-         იცი, ვითომ  ლექციას  ნესტოროვიჩი  ატარებდა, უცებ კურსი  ძალიან ავხმაურდით, მაგრამ ის კი მხოლოდ შენ გიყურებდა, მერე  მოგიახლოვდა, ხელში აგიყვანა, ფანჯარასთან მივიდა  და მესამე  სართულიდან  ძირს გადაგიშვა. ცოტა ხანში თავში ხელი ირტყა, ეს რა მომივიდაო  და თვითონაც გადაეშვა.
-         სულ ეს იყო?!  -  ვკითხე მე.
-         მაცალე,  მთავარი უნდა გითხრა, ჩემებს მოვუყევი და იცი რა მითხრეს?!  ის ბიჭი  იმ გოგოს  აუცილებლად მოიტაცებსო!
-         ნუ  მაცინებ!
-         შენ იცინი და მე მართლა  მჯერა, აი ბებიაჩემმა იცის კარგად სიზმრების ახსნა იმანაც ასე  მითხრა.
-         კარგი  ნარგო, კარგი!  ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს, გოგონებს არ მოუყვე,  თორემ ხომ იცი, კუდებს მოაბამენ.
-         არავის მოვუყვები! -  შემპირდა ნარგიზა.
           გადიოდა დრო, ნესტოროვიჩი ჩვენს  კურსს ძალიან  დაუმეგობრდა, ამის გამო მას „უფროსი მეგობარი“ შევარქვით.  ყოველი ლექციის  წინ , როცა მას დერეფანში მომავალს მოვკრავდით თვალს  ვიწყებდით  მის საყვარელ სიმღერას „მიმღერე რამე“, ხანდახან მეორედ და მესამედ წამოვიწყებდით ხოლმე, ის კი იდგა კარებთან  გვისმენდა და  მანამ  არ  შემოდიოდა ლექციაზე, სანამ სიმღერას  არ  ჩავამთავრებდით. არ ვიცი ეს შემთხვევით მოხდა, თუ მისი მონდომებით, რომ დიამატი, ისტმატი და ათეიზმიც მან წაგვიკითხა, მოკლედ სამი წელი არ მოგვშორებია. ამ ხნის განმავლობაში ძალიან დაგვიახლოვდა  განსაკუთრებით  ჩვენს ხუთეულს: მე, ციცოს, თინას, ციცოს და ლარისას. გვეპატიჯებოდა რესტორნებში, ვსაუბრობდით, ვცეკვავდით, ვმღეროდით. მას მთელი ქალაქი იცნობდა, ჩვენს თავს ყველას პატარა მეგობრებად აცნობდა. ის პერიოდი უბედნიერესი, ოქროს წლებია ჩემს ცხოვრებაში.
  მოახლოვდა გამოცდების დროც, სერიოზულად მოვემზადე, განსაკუთრებით ფილოსოფიაში, არ მინდოდა თავი შემერცხვინა. (სხვათაშორის წინა ლექტორის, პროფესორის შვილს ვუყვარდი, მამამისიც ცდილობდა როგორმე ხელში ჩავეგდე, მაგრამ ამაოდ. პროფესორი  ძალიან მიყვარდა, შვილის მიმართ კი არანაირი სიმპათია არ გამაჩნდა, ამაზეც დამცინოდნენ ფილოსოფოსების შემოტევა გაქვსო). როცა ნესტოროვიჩის  გამოცდაზე ბილეთს  კარგად ვუპასუხე და კითხვებზეც ამომწურავი პასუხი გავეცი, მან ჩათვლის წიგნაკი მომთხოვა, ალმაცერად შემომხედა და ღიმილით მითხრა:
-         კარგი გოგო ხართ  თამარ, მაგრამ  ხუთიანს მაინც ვერ დაგიწერთ. ჩათვლისწიგნაკი უხალისოდ გამოვართვი და გაბუტულმა ჩავაგდე ჩანთაში.  შინ მისულს ნუნუკამ უხასიათობის მიზეზი მკითხა, როცა გაიგო რაშიც იყო საქმე, გაუკვირდა, ვერ დავიჯერებ, ოთხიანს არ დაგიწერდაო. ჩანთას ვწვდი, ჩათვლისწიგნაკი  ამოვიღე და ყოველშემთხვევისთვის გადავშალე  და ჰოი საოცრებავ!  ხუთი მეწერა. ნეტა რაში დასჭირდა ჩემი გამასხარავებათქო  გავიფიქრე და ხასიათიც გამომოკეთდა.
იმ დღეეში პავლიკას (ნუნუს ძმას) გამოსაშვები საღამო  ჰქონდა, მე და ნუნუ  დაპატიჟებულები ვიყავით, წასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ  როცა გავიგე თამადა ნესტოროვიჩი იქნებაო  ხალისით დავთანხმდი.
 სუფრა მართლაც ხალიასიანად და სასიამოვნოდ წარიმართა , ჩვენ  ყურადღებას არ გვაკლებდნენ, მაგრამ  მე გუნებაგაფუჭებული  ვიჯექი, რადგან „ის“ არ ჩანდა.
  -არ მოიწყინო, მოვა  ალბათ,  მაგრამ იცი რა მაფიქრებს?!  მას დარწმუნებული ვარ უყვარხარ, აი შენ  კი მეეჭვება შეგიყვარდეს! - ჩამჩურჩულა ნუნუკამ.
  - რატომ? მე ის ძალიან  მომწონს  და ადვილი შესაძლებელია შემიყვარდეს!
 - აბა რა ვიცი, შენ მანამ გაინტერესებს თაყვანისმცემელი, სანამ გაიგებდე რომ უყვარხარ, მერე კი გულგრილი ხდები ყველას მიმართ.
 - არა, ამ შემთხვევაში  ასე არ იქნება, ის სულ სხვაა, არავის არ ჰგავს.
 ბევრმა მთხოვა საცეკვაოდ გავყოლოდი, განსაკუთრებით ერთი სვანი თაყვანისმცემელი არ მშორდებოდა, მაგრამ ყველა უარით  გავისტუმრე. უკვე შინ წასვლას ვაპირებდი, რომ  სუფრა ვიღაცის გამოჩენას აჟიოტაჟით შეხვდა. ზურგით ვიჯექი, მივხვდი ვინც იყო.
  - მაპატიეთ, შემაგვიანდა!  ისტორიკოსებთან  ვიყავი, იქ მალე მოვრჩი თამადობას  და აქეთ გამოვეშურე, ტკბილი  ლუკმა ბოლოსთვის მოგიტოვეთ.
     მოხდა ისე, რომ  დაჯდომამ ჩემს წინ მოუწია.
-         თქვენ, აქ!  საიდან?  აი ამას ნამდვილად  არ მოველოდი!  პავლიკამ აუხსნა, თუ როგორი ნათესავი ვიყავი.  მისმა  ყველასთვის თვალშისაცემმა, გადაჭარბებულმა ყურადღებამ  უხერხულობა შემიქმნა, თანამშრომლები გაეხუმრნენ კიდევაც, საცოლე ხომ არ  შეგირჩევიაო.  სუფრა  გამხიარულდა, მან საცეკვაოდ  გამიწვია. განაწყენებული თვალები  მომაპყრეს გაწბილებულმა ბიჭებმა.
-         უზომოდ გამიხარდა  თქვენი ნახვა,- მითხრა მან წყნარი ხმით.
-         ჰოო, გმადლობთ! რატომ   მომატყუეთ  ოთხიანს გიწერთო?! - ვკითხე ღიმილნრევი ირონიით.
-         გაგეხუმრეთ, აბა ვის დავუწერდი ხუთიანს თუ არა  თქვენ! - ჩამჩურჩულა ყურში. თავი მორცხვად დავხარე.
„დიდია მთასავით, როგორც ამბობენ ძალიან ვაჟკაცურია და უშიშარი, ასეთი ადამიანის  გვერდით არაფრის არ უნდა შეგეშინდეს. სახის ნაკვთები კი  არ უხდება მის ბრგე აგებულებას. თვალები ვიწრო აქვს  საწყალი გამოხედვით, თითქოს თავს გაბრალებენო. ცხვირი პატარა და მრგვალი, სახე ფართე და ხორციანი. არ მიყვარს ასეთი სახე, საკმაოდ შესუქებულიცა, ოდნავ ღიპიც ადევს“.
-         ზაფხულში  სად აპირებთ წასვლას?- გამომიყვანა ფიქრებიდან ჩემმა პარტნიორმა.
-         სვანეთში, სოფელ ნაკრაში.
-         სვანეთში?! - გაკვირვებული თვალებით შემომხედა მან, -  ვისთან მიდიხართ?
- ქალდანებთან, მამას სტუდენტობის  მეგობრის ოჯახში.
- ძალიან კარგი, შესაძლებელია მეც იქ დაგხვდეთ!
სუფრა უკვე იმ სტადიაში იყო, როცა ქალების შინ წასვლა უფრო სასურველი იყო. ნესტოროვიჩმა თავი გამოიდო, მე გაგაცილებო, მაგრამ პავლიკამ არ დაანება.
-         თამარ, სულელი უნდა იყოს ადამიანი, რომ  ნესტოროვიჩის შენდამი დამოკიდებულება  არ შეამჩნიოს, მე მეტსაც გეტყვი, მას ჩემს ახლობელთან ნათქვამი აქვს, რომ  უყვარხარ. ყველაფრით კარგი პიროვნებაა, მაგრამ არ შემიძლია  ერთი რამ არ გითხრა, მგონი ბიჭი ჰყავს, ფრთხილად იყავი! - მითხრა გზაზე პავლიკამ.
-         არა, პავლიკ, ის შვილი არ არის, თბილისელი დისშვილია, რომელსაც  მამა არა ჰყავს და თვითონ უწევს მამობას, ყველაფერი მომიყვა.
-         შენ უჭკუო  გოგო არა ხარ, შენი საქმისა შენ იცი.  იმ დღეს პირველად აღმოვაჩინე ,რომ  მე მასზე ბევრს ვფიქრობდი. ზაფხულში სვანეთში  ვერ მოვხვდი, ოცნებად დამრჩა  მეხილა მუზეუმი „ღია ცის ქვეშ.“
სექტემბერს, სესიის დასაწყისში, საყვედურებით შემხვდა  ჩვენი ფილოსოფოსი, მთელი ზაფხული შეშის  ჩეხვაში გავატარე  დეიდასთან ნაკრაში, რატომ არ ჩამოხვედითო.
-         დედა ჭორებს აჰყვა, სვანეთში  ჩასულ ქალიშვილებს  იქაურები იტაცებენ აქეთ არ უშვებენო და  მე და მამა ვერაფერს გავხდით.
-         შესაძლებელი  იყო  ასეც მომხდარიყო! - თქვა მან და ჩაიცინა. 
სწავლა ჩვეული ტემპით  განახლდა, ნესტოროვიჩი ხშირად მიბარებდა  კათედრაზე  რაღაც სულელური მიზეზებით, როგორც შემდეგ შევიტყვე, ჩემს  თავს  თანამშრომლებს, როგორც საცოლეს ისე აცნობდა.  გამოცდის წინა  დღით დამირეკა  შენ და ლარისამ  კურსზე ჩათვლის წიგნაკები მოაგროვეთ და შემხვდითო. რა თქმა უნდა თავი რესტორანში ამოვყავით მის მეგობრებთან ერთად. მერე გვითხრა, არ არის საჭირო  თქვენს კურსს ათეიზმში გამოცდა ჩავუტაროვო და ყველას მაღალი ნიშნები ჩამოგვირიგა.  ერთ დღესაც მირეკავს სასწრაფოდ უნდა შემხვდეთ  ჩემს დას და დისშვილს უნდათ  თქვენი გაცნობაო. ვერაფერი გავიგე, ყველანი კინოში წაგვიყვანა. როგორც მერე შევიტყვე  ძალიან  მოვწონებივართ.
აი მოვიდა ინსტიტუტის დამთავრების დღეც, ბოლო ზარზე თამადად რა თქმა უნდა  ნესტოროვიჩი მოვიწვიეთ. შექეიფებული ლექტორები  აღარ მალავდნენ, რომ რაღაც იცოდნენ. უკვე გაქვს უფლება ამ კურსიდან ცოლი შეირთოვო და თვალს ჩემსკენ  აპარებდნენ.  სუფრის დამთავრების შემდეგ ჩემი გაცილება მან  ითავა.  რაღაც შიში ჩამიდგა: “დღეს უთუოდ მეტყვის,“ გავიფიქრე და უსიამოვნო განცდა დამეუფლა,  მსურდა ყველაფერი ასე დარჩენილიყო, უთქმელად. იმის თქმას, რასაც ის აპირებდა  სხვა ეტაპზე უნდა გადავესროლე და ეს მაფრთხობდა. ჩემი თავისუფლებისმოყვარე სული ამიმხედრდა.
  მივუყვებოდით  ღამის სოხუმის ლამაზ ქუჩებს, ცოტას ცრიდა და ეს საღამოს უფრო რომანტიულ ელფერს აძლევდა. აი, მივუახლოვდით ულამაზეს ხეივანს, ის შეჩერდა, ჩაფიქრდა, მერე უცებ მომიბრუნდა, ჩემი თავი  ხელებში მოიქცია, თვალებში ჩამხედა და მითხრა.
- რამდენი ხანია ამ წუთს ველოდები!  ახლა უკვე აღარ ხართ ჩემი სტუდენტი,  მე საოცრად მოხიბლული ვარ თქვენით! ყველაფერი მავიწყდება, როცა გიყურებთ, მხოლოდ თქვენი ლამაზი თვალების, ბაგის, სახის ცქერა მინდა. პირველი დანახვიდან მიყვარხართ!  თქვენ სულ სხვა ხართ, ყველასგან გამორჩეული,  ამაყი, თქვენ ღვთაება ხართ ჩემი!  - მე თავი გავინთავისუფლე  და გზა უხმოდ  გავაგრძელე. ის არც არაფრის თქმას არ ითხოვდა ჩემგან, თვითონ მესაუბრებოდა  თავის გრძნობებზე.
- მოდი უკვე ერთმანეთს  შენობით ვესაუბროთ...
- იცით....
- არავითარი იცით!  რამდენჯერაც თქვენობით მომმართავ იმდენჯერაც გაკოცებ!
ცოტა ხანი  უხმოდ მივდიოდით.
-         თქვენ რომელი სოფლიდან ხართ წარმოშობით?- ვკითხე მე
-         ლენჯერიდან, მესტიასთან ძალიან ახლოსაა,- მიპასუხა მან მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით, შემდეგ მომიახლოვდა ჩემი ხელები თავის ტორებში მოაქცია და დამიკოცნა თან თვალებს არ მაშორებდა.
-         - შენ ჩვენი პირობა დაარღვიე!- მე უკან გავიწიე, მაგრამ მან მაგრად ჩამავლო მხრებში ხელი  მიმიზიდა და სახე მხურვალედ დამიკოცნა,- და თუ  შენ ასე გსურს , შეგიძლია  ისევე თქვენობით მომმართო, არ ვარ წინააღმდეგი, ძალიანაც მომწონს.
ის დღე იყო და ის ათასი მაქინაციებით  ახერხებდა  ჩემს ნახვას  ყოველდღე. ყველა თაყვანისმცემელი გაქრა ჩემი არეალიდან. ყველა მისი მეგობარი  მიცნობდა. მოკლედ ინგას სიტუაციაში აღმოვჩნდი. ერთ დღეს მისმა ძმადნაფიცმა, ლეონარდო დევდარიანმა, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემდი და მიყვარდა, (სხვათაშორის ჩვენს დაქორწინებაში დიდი წვლილი მიუძღვის,) ტერორი მომიწყო, შინ მიმავალს  ამკიდებოდა, გვერდზე  გამიხმო  და მითხრა, ელგუჯას ქვეყანა იცნობს, ბავშვი არ არის, ყველამ იცის რომ უყვარხარ, ცოლად უნდა გაჰყვე, სხვისკენ თუ გაიხედავ ყელს გამოგჭრიო. გაურკვევლობაში  ვიყავი, არც შეხვედრები მინდოდა და არც მეთმობოდა, თუმცა ის კატეგორიულად არაფერს მთხოვდა, მუდამ ცდილობდა ჩემს გვერდით ყოფილიყო  და არაფერი გამოჰპარვოდა. ერთ დღესაც მთხოვა რაღაც უნდა გთხოვო გამოდი გაჩერებაზეო. როცა მივუახლოვდი გვერდზე გამახედა, იქ მამაჩემი დგას და გიყურებსო. ამან  ძალიან გამაბრაზა, რატომ მაყენებ უხერხულობაშითქო. ჩემს პროტესტს , როგორც ყოველთვის ღიმილით უპასუხა.
  ერთდ ღეს მეგობარ გოგოსთან მყოფს თავზე დამადგა,   ყველგან მსტოვრები ჰყავდა. მალე ტელეფონთან მიხმეს. ჩემი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი ჩამოსულიყო თბილისიდან, ჩემებს ტელეფონის ნომერი მიეცათ. შოთამ მომიკითხა და მეორე დღისთვის  შეხვედრა მთხოვა, სერიოზული საქმე მაქვსო.  ამაზე ჩემი „სვანი“ გადაირია, ალბათ უყვარხარ, სხვა რა უნდა უნდოდესო და შეხვედრა კატეგორიულად ამიკრძალა. ხვალ  ჩვენი კათედრა სათევზაოდ მივდივართ და შენც წამოდიო. მე გავუბრაზდი, რა უფლებით მიკრძალავ მასთან შეხვედრას, მე შენი საცოლე  არა ვართქო  და იქაურობა გაბუტულმა დავტოვე.  შოთა მართლაც ოჯახის შექმნაზე მესაუბრა, მე ის უარით გავისტუმრე.  საღამოს დამირეკა ათეისტმა და   დღის ამბები მკითხა, როცა ყველაფერი ვუთხარი გაიხარა, თვითონაც მომიყვა, თუ როგორ გადაურჩა ადიდებულ  კოდორში დახრჩობას.
 - როცა სათევზაოდ, ბადით ღრმად შევედი, გავიფიქრე ხელს არ გავანძრევ და ჯობია წყალმა წამიღოს, თუ თამარი ჩემი  არ გახდება მეთქი, მესმოდა პანიკაში ჩავარდნილი  მეგობრების ყვირილი, როცა უცებ ერთ მონაკვეთში პარტარა ფონში აღმოვჩნდი და წყალმა გამომრიყა, ახლა მივხვდი, თუ რატომ გადავრჩი! - დაამთავრა საუბარი მან კარგ ხასიათზე.
 სახელმწიფო გამოცდების წინ თბილისში წასვლა გადავწყვიტე, მენატრებოდა თბილისი და თბილისში მყოფი ჩემი ძმა. გუჯამ რა თქმა უნდა გაიგო ეს ამბავი, დროც გაიგო და   სადგურში დახვედრას შემპირდა. დედას ამის შესახებ დავუმალე, რადგან ვიცოდი  არ გამიშვებდა. დედას თვალში არ მოსდიოდა  ჩემზე ბევრად უფროსი სვანი, თუმც სახლში მოსული კარგად მიიღო, ის ჩემებს შოთას (ჩემი ძმის) მეგობრად გაეცნო, მაგრამ დედის თვალს და გულს არაფერი გამოჰპარვია.
 მატარებელში გუჯა მომიყვა, თუ როგორ დადიოდა უსაქმოდ სადგურის ტერიტორიაზე მთელი დღე  ჩემს მოლოდინში  და როგორ უყვებოდა ყველას, ფულარიას ქალს ვირთავ ცოლადო. მე ამაზე სერიოზულად აღვშფოთდი, მე ჯერ გათხოვებას არ ვაპირებ, თან ხომ შეიძლებოდა ეს დედასთვის უცებვე ეთქვათ, ქალს გული არ გაუსკდესთქო.   გაბუტული ხმას არ ვიღებდი.
-         გაიღიმე!- მითხრა ალერსით მან. - არც ერთი დღე არ არსებობს ჩემთვის შენი ნათელი ღიმილის გარეშე! რა იქნება ჩემი ცხოვრება შენ რომ არ იყო ჩემს გვერდით. მიყვარხარ და მეყვარები მარადჟამს! ჩვენ თბილისში გველოდებიან, მე ყველას გავაგებინე,  რომ  ცოლს ვირთავ.
-         კი მაგრამ მე არაფერს მეკითხები?!
-         შენ უკვე ჩემი ხარ ძვირფასო, ეს გადაწყვეტილია! 
  გაგულისებულს  ხმა არ გამიცია.   თბილისის სადგურზე  ჩემები დამხვდნენ, მისი დიდი მცდელობის მიუხედავად  არ გავყევი. მამიდასთან მისულს ზარებმა მოსვენება დამიკარგა, ყველა  გაბედნიერებას მილოცავდა. დიდი მიხვედრა არ იყო  საჭირო , თუ ვინ მიწყობდა ფსიქოლოგიურ ომს. საღამოს თვითონ სასიძო გვეახლა, მამიდას სთხოვა, თქვენი ძმისშვილი ერთი საათით  გამაყოლეთო, მის გასაცნობად მომავალი ჩემი მეგობრები ავარიაში მოყვნენ ახლა საავადმყოფოში არიან და მთხოვეს გაგვაცანი ის გოგოო.  მამიდა ენდო, სერიოზული ახალგაზრდა  ჩანს არ მოიტყუებდაო. რა თქმა უნდა მისი მონაყოლი არასწორი აღმოჩნდა და საავადმყოფოს ნაცვლად მის დასთან ამოვყავით თავი, სადაც ნათესავებს მოეყარათ თავი. შეიქმნა ერთი ამბავი, როგორც იქნა გუჯას ცოლს ვეღირსეთო, ყველა მეფერებოდა. სასიძოს მკაცრად შევხედე, მან მხრები აიჩეჩა, მომიახლოვდა, სიყვარულით მომაპყრო თვალები და ჩუმად მითხრა
-         იმედია დარჩები, მე თუ არ გიყვარვარ  დაბეჯითებით ვიცი, რომ არც არავინ გიყვარს, ყველაფერს გავაკეთებ რომ თავი შეგაყვარო!  რა თქმა უნდა დავრჩი.
სოხუმში ჩასვლისთანავე ნარგიზამ მომახალა, ჩემი სიზმარი ხომ ახდაო!                                                                                         2

        მერე დავიწყეთ ჩვენი საერთო ცხოვრების  შენება. „მე“  შეცვალა „ჩვენ“-მა.  გადის დრო და ჩვენ  უკვე შვილები გვყავს. სამი გამორჩეული  ბავშვების მშობლობით დაგვაჯილდოვა უფალმა. ბევრი შემონატროდა ჩვენს ლმაზ ოჯახს.  არა ერთი და ორი მოზარდი  დაფრთიანებულა ჩვენს სახლში, ბევრს გავუკვალეთ  გზა, ვასწავლიდით, ვპატრონობდით. ჩვენს ოჯახში მუდამ ნათესავების, ახლობლების თუ მეგობრების სიმრავლე იყო. ჩვენი მუსიკალური ოჯახი და მხიარული, იდილიური ატმოსფერო ანდამატივით იზიდავდა ყველას. შენ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდი. თევზაობა, ნადირობა,  ჭადრაკი, ფეხბურთი, კვირა ისე არ გავიდოდა სადმე დიდ სუფრაზე არ გეთამადა. მთელმა სანათესაომ და სამეგობრომ იცოდა რომ ჩვენს მაცივარში მუდმივად იდო ქორწილში მოგებული საქონლის ბეჭი და თავი, რაზეც სასტიკი ალერგია მქონდა. ერთი სიტყვით დიდი ბოჰემა მეუღლე შემხვდი. პროტესტი დიდი იყო, უფრო შინ მინდოდა ყოფილიყავი, მაგრამ შემ ხომ ელგუჯა გულედანი იყავი  და არა ჩვეულებრივი მოკვდავი.
  აი  ღამეა, მე შენ გელი, თვალდახუჭული ვწევარ, შენი მანქანის ხმა მესმის, შენ ჭიშკარს აღებ, მერე ჩუმი ნაბიჯებით შემოდიხარ სახლში. სანამ შემოხვიდოდე, უკვე ვხვდები დაღლილი ხარ, თუ ნასვამი, შენ ეს გაკვირვებს.  ჩვენ ბედნიერები ვიყავით და მე ამას  ვერ ვხვდებოდი, უფრო სწორად იმდენად დატვირთული  და გადართული ვიყავი  შვილების აღზრდით, განუწყვეტელი სტუმრებით, რომ დაღლილი ვერაფერს ვაცნობიერებდი. შენ კი ყოველი დღით ტკბებოდი. გახსოვს!  ერთხელ გკითხე, შენზე სასწაულებს ჰყვებიან , საოცრად ძლიერს და სპორტულს თურმე ვერავინ გჯობნიდა, ერთი გრუზავიკი მანქანით გაუყვანიხართ ქალაქგარეთ საცემად ოცდახუთ თუ ოცდაათ ბიჭს  მარტოკა და მაინც ვერ მოგრევიან, ყველა გაგილახია. ტყვიაც კი დაუხლიათ შენზე, ოთახში რომ ჩაუკეტიხარ რომელიღაც კურსის ბიჭებს საცემად და საოცრება დაგიტრიალებია, შენი ჩხუბის შემხედვარე ვიღაც გოგოს შეყვარებიხარ, ლანდივით დაგდევდა თურმე, რატომ არ შეიბრალე ის გოგო, მართალია? მაგ ამპლუაშიც მაინტერესებს შენი ნახვათქო.   შენი გულისთვის სიამოვნებით მოვუგრეხდი კისერს რამდენსაც გინდაო და ჩამიხუტე. საოცარია მალე ამიხდა ეს სურვილი.
    ერთ შაბათ დღეს ქორწილში უნდა წავსულიყავით. შენ ადრე გახვედი  სახლიდან საქმეების გამო, შემდეგ დამირეკე და შეხვედრა სანაპიროზე დამითქვი. გაჩერებაზე ერთი ზორბა ტიპი „ამეკიდა“ გინდა თუ არა მომწონხარ ტელეფონის ნომერი, მისამართი მომეცი და შეხვედრაზე დამთანხდიო.  ვერ დავაჯერე, რომ სამი შვილის დედა ვიყავი,  არც ტაქსი გამაჩერებინა  და არც სხვა ტრანსპორტზე ამიშვა. მე მაგვიანდებოდა და ძალზე განერვიულებულმა დავემუქრე, ვუთხარი ვისი ცოლიც ვიყავი, მიწიდან ამოგთხრის და პასუხს მოგთხოვსთქო. შენი გვარის ხსენებაზე  მისი ერთ- ერთი  მეგობარი  შეცბა, ეტყობა გიცნობდა, მომიბოდიშა, ტაქსი გამიჩერა და ჩამსვა. შენამდე შეურაცხოფილმა, ატირებულმა მოვაღწიე. შენ გადაირიე როგორ არ მიეცი ტელეფონის ნომერი, მერე მე მივხედავდიო, სახეზე მაინც თუ დაიმახსოვრეო. და ჰოი საოცრებავ! ამ საუბარში ვიყავით და ვხედავ ის „ტიპი“ თავის ჯგუფთან ერთად გზას მოუყვება. ასე უცებ თუ ამისრულდებოდა დანაქადნები  ვერაფრით წარმოვიდგენდი.  შენ დაერიე  მათ და ხელიც არ გაანძრევინე, ისეთი დღე აყარე, ფეხზე ძლივს იდგნენ. გუჯა ჩხუბობოსო, მთელმა სანაპირომ  მოიყარა თავი, მაგრამ შენ დახმარება ნამდვილად არ გჭირდებოდა. არ მიყვარს, როცა ვინმეს ურტყამენ, მაგრამ მათ ეს დაიმსახურეს. მე კმაყოფილი ვიყავი. შენ პიჯაკზე ერთი ღილიღა აგწყვეტოდა მხოლოდ და მასზე წუხდი. ჩამეხუტე, მაკოცე და მკითხე კარგი იყოვო?!  შენი გულისთვის მთელს ქვეყანას შევეჭიდებიო. მე კარგ განწყობაზე წავედი ქორწილში. ჩემი ასეთი ხასიათის გამო ხშირად მეხუმრებოდი სვანი შენ ხარ და არა მეო.                                                            
                                                                  

                                                                              3
  მერე მოხდა ის, რის შემდეგაც  მე ან უნდა მესუნთქა  ან უნდა გავგუდულიყავი, ჩემთვის სულ ერთი იყო  ვიცოცხლებდი თუ მოვკვდებოდი. შენი დიდსულოვნება ამ  უდიდესი ტრაგედიის დროსაც არ დაგიკარგავს. ყველაფერი ღვთის ნებად მიიღე, ბედს დაემორჩილე და მიზნად  ოჯახის  გადარჩენა დაისახე.  შენ გადამარჩინე, თურმე შენ მასწავლიდი, როგორ მეცხოვრა „მის“  გარეშე.
  ვზივარ  და თვალები მაქვს აცრემლებული!  შენ სად ხარ?!
   აი ყველაფერი გითხარი, (თითქოს ხელახლა გავიარე  ჩვენი ცხოვრების სამივე ეტაპი)  უთქმელად დატოვებულ სიტყვებს ხომ ფასი ეკარგებათ!
  ახალ დღეს არანაირი სიხარული არ მოაქვს ჩემთვის,  მხოლოდ შენ მხედავდი!
  ახლა ვიცი რა არის სასაფლაო!
ყოველი გაზაფხული  ტკივილია ჩემთვის, მინდა დავტკბე მისი მშვენიერებით, მაგრამ უშედეგოდ.
  ყველა შეყვარებულ ადამიანს მინდა ვუთხრა, გიყვარდეთ ერთმანეთი და არასოდეს აწყენინოთ ერთმანეთს! ამქვეყნად არაფერი  რჩება გარდა ლამაზი დღეებისა და სიყვარულისა. ჩვენი ცხოვრება ის დღეები როდია, რომელიც გადის, არამედ ის, რომელიც გვამახსოვრდება და დაგვამახსოვრდება მაშინ, თუ სიყვარულით ვიცხოვრებთ.
  სასწაული არ ხდება, მაგრამ მაინც ველოდები, რომ ერთ საღამოს მოხვალ  და ყურში ჩამჩურჩულებ: „ვასია, მოდი ძვირფასო! ჩვენს ზღაპარს, ჩვენს ოქროს წლებს დავუბრუნდეთო!“
  ახლა უნდა წავიდე გვიანია, არ მოიწყინო, მე მალე მოვალ და ხშირად  მოგიყვები ჩვენს ზღაპარს.
    შავებში ჩაცმულმა ქალმა ცივ საფლავს ხელი გადაუსვა, ქვაზე ამოკვეთილ ორი უსაყვარლესი არსების სურათს  სევდიანი ღიმილით შეხედა და ნელი ნაბიჯით, თავჩაქინდრული გაუყვა გზას.
 არავინ იფიქრებდა, რომ ეს, ის, ერთ დროს ლამაზი, ამაყი, ნებიერა გოგო თუ იყო, მისგან ფასადიღა დარჩენილიყო.
                                             
                                                       სოხუმი  1987 წელი
                                                                 
                                           აღვადგინე 27. 10. 2006  წელს (შეცვლილი ფორმით)  მატას                                                                                   
                                           დაჟინებული თხოვნით, რისთვისაც მადლობა მას






Thursday, September 25, 2014

                                                                     გაბო ხან  დიდია  ხან პატარა

 გაბო ამ დილით შედარებით  კარგ ხასიათზე ადგა.
- ცოტა კარგად გამოვიძინე, უბრალოდ ახლა წყალი მჭირდება, ცოტა შემომასხი და მორჩა, გამოვფხიზლდები!- მომმართა გაბომ. გამიხარდა  და ხალისით წავედით ბაღში. საღამოს მივაკითხე, გზაზე გაბო მეუბნება.
- ბებო, საჭირო ოთახი მინდა, ჩქარა წავიდეთ!
- გაბო, ყოველდღე ასე გემართება, რატომ არ შედიხარ ბაღის საპირფარეშოში?
- მე იქ არ შევალ!- მიცხადებს გაბრაზებული. პირველი დღიდან ასე იქცევა, ვერ მივხვდი რატომ გაუჩნდა ასეთი პროტესტი.  შინ მოსულმა კი გამომიცხადა.
- ბებო გამომიცვალე, ცოტაზე ჩავიფსი!
- რაა, გაბო არ გრცხვენია?!- წამოიძახა გაკვირვებულმა ეთომ. გაბოსგან ასეთ საქციელს  მართლაც არ ვართ მიჩვეული.
- რა მოხდა, ჯერ კიდევ პატარა ვარ! - თავი იმართლა გაბომ.

 გაბო ზეიმზე თაგუნია უნდა ყოფილიყო, ერთი ამბავი ქნა არ მინდა თაგუნია ვიყოვო, მასწავლებლებმა გადაწყვიტეს გოჭუნია ყოფილიყო. გაბო კი დათანხმდა, მაგრამ არც გოჭუნას როლში უგვრძნია კარგად თავი.








Tuesday, September 23, 2014

                                                              გაბოს ბაღი არ უყვარს

- გაბო, ადექი, თორემ დაგვაგვიანდება!- ვაღვიძებ გაბოს. ჭიჭყინებს
- ბებო, რაღაც მაწუხებს, არ მიძინია და რა ვქნა!
- რა გაწუხებს გაბო?
- არ ვიცი, მაწუხებს, თავს ცუდად ვგრძნობ, რა ვქნა!-  ცოტა ხანში მეუბნება.
- კარგი, გამოვფხიზლდი, ჯანდაბას,  წავალ ბაღში! შენ რამდენი წლის ხარ ბებო? სულ მავიწყდება!
- ოცდასამის გაბო!
- რაა! დაბადების დღე გქონდა? მატყუარა, ოცის ხარ!
- კი, გაბო ოცის ვარ!- ეცინება, მგონი ხვდება რომ ხუთჯერ ოცის ვარ.
- ბებო, ფეხი მტკივა, ნახე რაღაცამ მიკბინა, ჯვარი უნდა დავიწერო!
- რა უნდა ქნა გაბო?
- არ იცი?! როცა რამე გტკივა ჯვარი უნდა დაიწერო!- მითხრა დაჯერებით და მტკივან ადგილზე ჯვარი გადაისახა. ამით არ დაკმაყოფილდა და მერე "ზელიონკა" მომთხოვა.
- აბაზანაში რაღაც დახოხავს ბებო!- მეძახის ხმამაღლა.
-  პატარა მწერია, მოვკლათ!- ვამშვიდებ მე.
- ეს ტარაკანია, მას ორი სიცოცხლე აქვს, კარგად მოკალი! - ვასრულებ გაბოს სურვილს.
- ადრე წამომიყვანე ბაღიდან, არ დაიგვიანო!


- გაბო, ყველაზე ადრე შენ მოდიხარ ბაღიდან, როდის ვაგვიანებ?
- კი, გუშინ ორი წუთი დაგაგვიანდა!- მომაკერა საყვედური გაბომ. ბაღში მისულები ჩვეულებრივ კარგა ხნის ხვევნა-კოცნით დავემშვიდობეთ ერთმანეთს ხუთ საათამდე.


Sunday, September 21, 2014

მანჩო

ხშირად ამბობენ სიზმრებს არ უნდა აჰყვეო...

მთვარის ვახშმობისას ... ძილ-ღვიძილში მესმა ხმა საოცნებო, ასგზის ნეტარი, ბავშვისგან წარმოთქმული ჯადოსნური სიტყვა "დედა," ეს იყო ძალზე ტკბილი რამ ნისლივით გამჭვირვალე და შეუცნობელი.
საოცარია... აზრი მიწყდება, გონებას დელგმასავით ეხეთქება მოგონებანი: სურათივით ფერადოვანი, ჩვილის ცრემლივით უმანკონი, ვარსკვლავებივით მიუწვდომელნი. გაზაფხულის ლამაზი დღეა... ბაღის სურნელი, "ყვავილთ ფშვინვა"სულს მიხალისებს, სადად მორთული სადღაც მივიჩქარი. ეზოში გასულს მესმის "დედა! " გული საგულეში აღარ მიძევს. მეძახის ჩემი ბიჭი, მეძახის პირველად, მეძახის სიყრმის შვილი და საძირკველი! "დედაო," თუმცა უკან ვეღარ ვბრუნდები , გულში ვნეტარებ. გზას ვაგრძელებ, ფრთები მესხმება, ენას იტეხავს ჩემი ბიჭი.
გვიან ვბრუნდები, ის უჩვეულოდ აფახულებს ლამაზ თვალებს, შემომციცინებს, ჩემი ბიჭი მუხის ფოთოლს ჰგავს, ძლიერს, მწვანეს, ბუნების ნებიერს. გულს შიში აკრთობს: არ ჩამოვარდეს!... და უცებ ბურანიდან გამოსული ძეს სიზმრისეულს ვეხმიანები: რაა, შვილო! ვეხმიანები ათრთოლებული თვალდანამული. ის კი არსად ჩანს, სადღაა ჩემი ბიჭი, ჩემი სიცოცხლე...ჩვილის ენით რომ შემეხმიანა- გამეხუმრა, მომეხმატკბილა, მომესათუთა. მონატრებისა იყო ალბათ ღვთიური წუთი.

27 სექტემბერი- ჯვართამაღლება- ჩვენი ოჯახისთვის ორმაგად საკრალური არმოჩნდა! აფხაზეთის დაკარგვის (ჩვენი ბუდიდან აყრის)  და შენი ამ სამყაროდან მიღმიერში გარდასხეულების დღე! იქნებ არ იყო შემთხვევითობა?!  ახალს ვერაფერს გეტყვი!  ცხრამეტი წელია გეძახი, გიხმობ... უშენოდ ცხოვრებას ვსწავლობდი ეს წლები, მგონი  ვისწავლე...  მაპატიე!



Friday, September 19, 2014

                                                           გაბოს და ჩემი დიალოგი

დილით გაბოს ვაღვიძებ, ბაღში უნდა წავიყვანო. გაბო ჭიჭყინებს.
- მეძინება, ღამე საერთოდ არ მიძინია, დაძინებული უნდა წავიდეთ ბაღში?!
- გაბო, ყოველ დილით რატომ მეჭიჭყინები, არ მოგწონს ბაღი?
-  არა, ყველა ზედ მახტება!
- რას ლაპარაკობ! ვინ გახტება ზედ?
- ბოდიში, რომ გატყუებ, ბაღში მხიარულდები, გეხუმრე უბრალოდ! შეიძლება პატარაზე დრო მქონდეს, აქ ვიყო?
- კარგი!
- ბაღში არ მივდივარ!- წამოიძახა გაბომ.
-რა თქვი გაბუკა?
- კედელს ვეუბნები შენ კი არა, რომ ბაღში არ მივდივარ, შემომყევი აბაზანაში რაღაც ხმა გამესმა და მეშინია!
- გაბო, მოდი ჩაგაცვა თბილად, უკვე აცივდა!
- ბებო არ ჩამაცვა თბილად, ოთხი წლის რომ ვიყავი მაშინ არ მციოდა, ახლა ხუთი წლის ვარ  როგორ უნდა შემცივდეს! სად არის ჩემი ლეგო?
- არ ვიცი გაბუკა!
-კინაღამ ბოლომდე დამიკარგეს ხომ?!
მოკლედ  გაბომ იმდენი მეტიკტიკა შინ დავტოვე.
- ბებო არ მივდივართ ხომ ბაღში?
- ჰო, წვიმს, გეზარება და დარჩი.
- იეს, მაგარია, ბებო ხვალ და ხვალის ზეგაც სახლში ვიქნები ხომ?
- კი გაბო!- გახარებულმა გაბომ ბევრი კოცნით დამაჯილდოვა.









Tuesday, September 16, 2014

                                                     

Monday, September 15, 2014

                                                  თამარის გასაჭირი

ის დრო, როცა გოგონები  დედის ჩასაცმელით და  აქსესუარებით   ინტერესდებიან, თამარისაც დაუდგა...  ხან დედის მაღალი ფეხსაცმლით დაბაკუნობს, ხან სუნამოს ისხამს, ხან ლაქს ისვამს, ხანაც დედის ტანსაცმლით  იმოსება. რა თქმა უნდა ერთი ფრიად საჭირბოროტო საკითხითაც დაინტერესდა, გაეზრდება თუ არა მკერდი?! და დედამისს მიმართა ამ ფრიად მნიშვნელოვანი საკითხის გასარკვევად.  დედამისმა დაამშვიდა, რა თქმა უნდა გაგეზრდება, ყველა გოგოს ეზრდებაო.
- მე არ გამეზრდება!- თქვა შეწუხებულმა თამარმა
- რატომ თამარ?
- იმიტომ რომ მამას ვგავარ, მამას არა აქვს და არც მე მექნება!- წამოიძახა თავდაჯერებით,თამარმა
ცოტა ხანში მატას ჩასმული კბილი  მოსძვრა, თამარი გაოცებულია
- დე, შენ პროტესტი გაქვს?!


                                           


თინა ბაღიდან მოჰყავთ, მანქანაში ჯდება და შენობას მიმართავს: "ვემშვიდობები მშვიდობას." მატა ამ დროს რაღაცას ჩუმად ესაუბრება თამარს. თინა შენიშვნას აძლევს.
-რა არის ჩუმად რომ ხმაურობთ!