ყველაფერი ნარდის შესახებ, წამყვანი დოდო შალამბერიძე, თრიალეთის ტელევიზია 2024 წლის 16 სექტემბერი
Thursday, September 26, 2024
Monday, August 19, 2024
დაგვტოვა კიდევ ერთმა კორიფემ, კაცობის, ნიჭის, სილამაზის ეტალონად ცნობილმა ალენ დელონმა. მე ერთ-ერთი მისი ნიჭის თაყვანისმცემელი ვიყავი, ჩვენი თაობა მის ფილმებზე გაიზარდა. ისეთს ვერაფერს ვიტყვი რაც არ გსმენიათ, მინდა იუმორით გავიხსენო ჩემი სიყვარული მისდამი როგორ "აღიზიანებდათ" შინაურებს. გუჯა დამცინოდა ხოლმე და თან "წაიეჭვიანებდა" დელონზე, მე ვბრაზობდი. ერთხელ გუჯა უცხოეთში იყო კრუიზით, შინ ჩამოსვლისას ბავშვებს საჩუქრები ჩამოურიგა, ვხედავ ღიმილით მიყურებს შენ ვერაფერი ჩამოგიტანეო, ცოტა გამიკვირდა ასეთი უყურადღებო არ იყო, მაგრამ რას ვიტყოდი. ბოლოს ჩანთიდან პატარა ბროშურა-ჟურნალი ამოიღო და მომაწოდა, ჩემი მეტოქეა, მაგრამ ვიცი ძალიან გაგიხარდებოდა, ეს ჩამოგიტანეო. შევხედე დელონზეა ჟურნალი (მაშინ ასეთი ჟურნალები ფუფუნება იყო საბჭოთა კავშირში), გავგიჟდი, სიხარულით მივვარდი და კისერზე ჩამოვეკიდე, მაგარი ხარმეთქი. გადის ცოტა ხანი და ვხედავ ჩემს ჟურნალზე აწერია: "ალენ დელონ პეტუხ, ალენ დელონ ქვეშაფსია." მანჩოს ხელი ვიცანი, ვკითხე რატომ ქენი, რატომ გამიფუჭე ჟურნალი, რა დაგიშავამეთქი? აბა დელონი გიყვარს და მამიკო არაო? შემომიბრუნა კითხვა. დე მამიკო ხუმრობს, როგორ არ მიყვარს, ეს როგორც მსახიობი დიდ პატივს ვცემმეთქი, მერე წამოჩიტულზე "ზოროს" ვაყურებინე და გადაირია, მოჩლექით მითხრა ასეთი კარგი თუ იყო არ მეგონაო. არ ვიცი, არაფერი მახსოვს როგორ, რანაირად წამოვიღე ეს ჯურნალი ომის პერიოდში ჭუბერის გზით?! მაშინ როდესაც ოქროები იქ დამრჩა. ეს ჯურნალი დღესაც შენახული მაქვს, გუჯას საჩუქარს და მანჩოს ნაწერს ვეფერები იუმორით, მანჩო მამამისზე აფანატებდა და "მეტოქე ვერ აიტანა. ცოტა ხნის წინ დელონი თბილისში მოიწვიეს პაატა ბურჭულაძის საღამოზე, რომელსაც ის ბრწყინვალედ გაუძღვა, მე სურათი ვერ გადავიღე მასთან, მაგრამ ძალიან მივუახლოვდი. გაოგნებული დარჩენილა ქართველი თაყვანისმცემლებით, არ მეგონა ასეთი პატივით თუ დამხვდებოდნენო. კარგა ხნის წინ მან დააფიქსირა თავისი აზრი, რომ ქორწინება ქალის და მამაკაცის ესმის და სხვა გადახრებიაო. "მე მძულს ამ ეპოქის ადამიანები, აქ ყველაფერი ყალბია, არაფრის პატივისცემა აღარ არსებობს, დაპირებულს არავინ ასრულებს, ერთადერთი ფულს აქვს მნიშვმელობა. ყოველდღე დილიდან საღამომდე მხოლოდ დანაშაული გვესმის, როცა ჩემი აღსასრულის დრო მოვა, ზუსტად მეცოდინება, რომ ამ ქვეყანას სინანულის გარეშე ვტოვებ" აი მისი სიტყვები, რის გამოც ჩაქოლეს, რაღაც ჯილდოც ჩამოართვეს. მკიდია, მიძახეთ რამდენიც გინდათ ბებერი გამოშტერებულიო. მაშინ მე კომენტარებში დავწერე ჯილდო თქვენი ხალხის უსაზღვრო სიყვარულიათქო და ეს მართლაც ასეა, ასეთი პოპულარულობა და სიყვარული იშვიათია, გულგატეხილმა ევთანაზიაც მოითხოვა,
Saturday, April 27, 2024
მონტენეგრო 2024 წლის 19-25 მარტი
ამა წლის 4 იანვარს, ჩემს დაბ. დღეზე მატა შემპირდა მარტში მონტენერგროში წაგიყვან ტურნირზეო. მატა თუ რამეს გპირდება, ის აუცილებლად შესრულებადია. და აი 20 მარტს გავუდექით გზას. ჩემი პრობლემა ფრენის შიშია, რაც დიაზეპამით დავძლიე და მშვიდობით ჩავფრინდით მონტენეგროს ქალაქ პოდგორიცაში, იქიდან კი საკურორტო ქალაქ ბუდვისკენ ავიღეთ გეზი. გავოგნდი, მთელ ამ გზას მიუყვებოდა მართლაც შავი კლდოვანი მთა, მთლად ასეთ შავ მთებს არ ველოდიმეთქი ვუთხარი მატას, აბა რატომ ჰქვია "ჩერნაგორიეო" მიპასუხა მატამ. ბინა სასტუმრო სპლენდიდში დავიდეთ, მეშვიდე სართულის საოცარი ზღვის ხედით. უნდა აღვნიშნო, რომ სასტუმრო პერსონალის ყურადღება და კვება ნამდვილად კარგი იყო. იმ დღესვე დაგვეწყო ტურნირები, დავფიქსირდი რამოდენიმე სახეობაზე. მიღწევებზე რა მოგახსენოთ, მე და რამაზ უკლებას წყვილებში დიდი შანსი გვქონდა საპრიზო ადგილზე გავსულიყავით, მაგრამ ბოლო საფეხურზე დავმარცხდით. მე კი "ლასტ შანსში" მესამე ადგილზე გავედი, რითაც გავიხარე და რაც მთავარია ძალიან ბევრი ვითამაშე და ასევე შევხვდი ნარდის გიგანტებს, რითაც დიდი გამოცდილება მივიღე. საოცარი, მზიანი ამინდები დაგვხვდა და თამაშთან ერთად თავისუფალ შუალედებში მატა არაფერს მაკლებდა, წავედით ძველ ქალაქ კოტორში, ასე მეგონა მცხეთაში ვიყავი. ქალაქს დამცავი გალავანი ერტყა გარს, მთის წვერზე ეკლესია აეშენებინათ, რომელიც ჯვარს მაგონებდა. გამაოგნა კატების სიმრავლემ და ხალხის დამოკიდებულებამ მათდამი, კარგად მოსუქებულები დანავარდობდნენ ყველგან. თურმე ქალაქს ქოლერა დარევია და მღრნელების შემოსევებისგან კატებს გადაურჩენიათ მოსახლეობა. ასევე მოვიარეთ ბუდვას ძველი ქალაქი, ვნებივრობდით ზღვის ნაპირას ჯდომით და გზა და გზა ვაგემოვნებდით იქაურ საკვებს, ტკბილეულობას. სასიამოვნოდ ჩაიარა გამოსამშვიდობებელმა, დაჯილდოვების საღამომ. ძალიან დავისვენე, ხანდახან მიპყრობდა დარდი, ბავშვები დავტოვე და თუ მაქვს ასეთი კომფორტული დასვენების უფლება მეთქი, მაგრამ მატა არ მაძლევდა ასეთი ფიქრის საშუალებას. მოკლედ მატასთას მოგზაურობა ძალიან კომფორტულია და " რეპეტე" მინდა. აქეთობას დავლიე ისევ დიაზეპამი მძინარემ ვიმგზავრე და თქვენი მონა მორჩილი ახლა შინ გახლავართ.
Saturday, January 6, 2024
2024 წ. 4 იანვარი
ოცდაათი წელია დაბადების დღე არ მიზეიმია გარკვეული მიზეზების გამო და აი გუშინ დიდი ორჭოფობის შემდეგ მრგვალი თარიღის არნიშვნა გადავწყვიტე. ეს გადამაწყვეტია ნარდის ფედერაციის ხალხმა, სადაც სულიერი სიმშვიდე ვიპოვე, ერთი ოჯახივითა ვართ შეკრული და გვიყვარს და გვიხარია ერთმანეთი. მადლობა თითოეულ მათგანს, რომ ასე შემაყვარეს თავი. მადლობა ფეისბუქ მეგობრებს მოლოცვისთვის, კეთილი სურვილებისთვის, მიყვარხართ ყველანი.