Saturday, November 30, 2019

       ჩემს  მეხსიერებასა  და  წარმოსახვაში მანჩო   ასოცირებულია   რაინდობის  ყველაზე მაღალ  თამასასთან,  თუ  სტანდარტთან,  რაც  უიშვიათესია  ჩვენს  რეალობაში.  თავიდანვე  გამოირჩეოდა  არა  მხოლოდ ფიზიკური მონაცემებით,  აღზრდით, თავაზიანობით  თუ  აკადემიური  მოსწრებით.  ის   ჩამოყალიბებული  პიროვნება  იყო, დამაჯერებელი  მსჯელობითა  და ანალიზის  უნარით.  ყოველთვის  ჰქონდა   არგუმენტირებული  პასუხი  ყველა  კითხვაზე. არ  მახსენდება კონფლიქტური   სიტუაცია,  რომელიც  მას მშვიდობიანი  გზით  არ  მოეგვარებინოს. თავისი  შინაგანი  კულტურითა  და დიპლომატიით  ყოველთვის  აღწევდა სასურველ  შედეგს.
        სკოლაში  განსაკუთრებული   მიდრეკილება  ტექნიკური   საგნებისადმი  ჰქონდა.  გამოირჩეოდა   სისხარტით,  ყველაზე  სწრაფად  ხსნიდა  რთულ  ამოცანებსა  თუ  განტოლებებს,  ძალიან მარტივად  ამარცხებდა თავისზე  უფროსებს  ჭადრაკში. სპორტის  ამ  სახეობაში ის  მრავალგზის   ჩემპიონი   იყო,  საქართველოში  თუ მის  ფარგლებს  გარეთ.  ალბათ  ბევრს  ახსოვს მისი  განუმეორებელი  ხმის  ტემბრი  და  ქართული  სიმღერის  შესრულების  თავისებური,  დახვეწილი  მანერა.  დარწმუნებული  ვარ  თავისი  ინტელექტითა  და  ქარიზმით  მანუჩარ  გულედანი  ღირსეულ  ადგილს  დაიმკვიდრებდა ჩვენს   საზოგადოებაში,  მას   ხომ   ყველა  საუკეთესო  თვისება  არგუნა  უფალმა.
    მიუხედავად  იმისა,  რომ  ამ  თავზარდამცემი  ტრაგედიიდან  დიდი  დრო  გავიდა,  მანჩოზე  საუბარი  ჩემთვის   ძალიან დიდ  ემოციასთანაა  დაკავშირებული.  1995  წლის  27   სექტემბერს  ჩემი  გულის  ნაწილიც  ამოიგლიჯა  და უსასრულობაში  მიმოიფანტა.
    მახსოვს  თამრიკო  დეიდამ  დამპატიჟა  სახლში.  ბევრი  ვისაუბრეთ  მანჩოზე,  ვიტირეთ,  გავიხსენეთ  განსაკუთრებულად  ემოციური  მომენტები.  მე  მანჩოს ბოლო  პერიოდში   გადაღებული  ფოტო  ვთხოვე,   არჩევანის  უფლება  მომცა  და  ჩემი  შეხედულებით   საუკეთესო  ამოვარჩიე   და იმ ფოტოალბომში  შევინახე,  რომელიც   ყოველთვის  თან  მქონდა. ამ   ტრაგედიიდან  რამდენიმე  წლის  შემდეგ,  ერთ   საღამოს, სახლში  დაბრუნებულს, სტუმრები  დამხვდნენ , რომელთა  შორის  მამას  მეგობრებთან  შორის  ელგუჯა  ბიძიაც  იყო,  ეტყობოდა  რომ  ჩემს  მისვლას  ელოდებოდა.  დანახვისთანავე  წამოხტა  და ჩამიკრა  გულში, ჩემს  გაოცებას  არ  ჰქონდა  საზღვარი, როცა  მამამ   ფოტოალბომის  ჩვენება მთხოვა  და თან დაამატა - დღესაც  თან  დააქვსო  მანჩოს  ფოტო.  ხელის  კანკალით  ამოვიღე  ჩანთიდან   ფოტო  და  ვაჩვენე  ელგუჯა  ბიძიას. ბუმბერაზივით  კაცმა  ბავშვივით  ქვითინი  დაიწყო,  ჩამიხუტა  და მთხოვა,  არასოდეს  დამვიწყებოდა მანჩო.
    ელგუჯა  ბიძია   ეს  არასოდეს  მოხდება!  მანჩოს  დავიწყება   შეუძლებელია და  წარმოუდგენელია.  მას  ხომ  ჩემს გულში  სამუდამოდ  აქვს  დამკვიდრებული  თავისი ადგილი.

     სიყვარულით  და  პატივისცემით
   ქეთევან   ბაკარაძე
  

Monday, May 13, 2019

· 
ნიუტონი      2017  - 8  აგვისტო
ბავშვებმა სადილობის შემდეგ კაკლის ძირში გადაინაცვლეს.
- ლუიციდი რა არის? - იკითხა თამარმა
- შენ სულ ლუი გაკერია პირზე! - გაეცინა გუჯას და თამარის გულში ჩახუტებულ პატარა ჩიხუახუას ძაღლს ირონიით გადახედა.
- ლუიციდი კი არა სუიციდია მაგი - გაუიასნა გაბომ
- შენ საიდან იცი გაბო?- გავიკვირვე
- ვიცი, რომ თავი უნდა მოიკლან და სულ ფიქრობენ! - თქვა ცოტა დარცხვენით გაბომ. უცებ ხიდან კაკალი ჩამოვარდა.
- კიდევ კარგი არ დაგვეცა, - ღიმილით წარმოთქვა ეთომ.
- რომ დაგვცემოდა რა მერე, უმრავლესობას ხის თავი გვაქვს და არაფერი დაგვიშავდებოდა - დასცინა საზოგადოებას თამარმა
- არა, თამარ, ახალ კანონს აღმოვაჩენდით! - წამოიძახა სარკაზმით გუჯამ
- შენც ერთი ნიუტონი არ იყო! - წარმოთქვა დამცინავად ეთომ
- ჰო, ბებო ნიუტონს რომ ვაშლი არ დასცემოდა მიზიდულობის კანონი არ გვეცოდინებოდა! - წამოთქვა გაბომ
- გაბო, შენ ესეც იცი? - მივმართე გაკვირვებით
- როგორ არ ვიცი! - გაიღიმა გაბომ
- რომ არ დასცემოდა და განზე დავარდნილიყო, რა გვეშველებოდა, არ გვეცოდინებოდა მიზიდულობის კანონი რომ არსებობდა? - წამოიძახა უკმაყოფილოდ თამარმა
- მე ვაფშე არაფერი ვიცი ამაზე, თუ არ დაეცემოდა, გვერდზე თუ ვიდგებოდი თავში ჩავარტყამდი!- წამოიძახა პატარა, ნიუტონის კანონის არმცოდნე, თინამ
- მერე რა, რომ დავარდებოდა მაინც აღმოაჩენდა მიზიდულობის კანონს, ისე საინტერესოა ვაშლის ძირში იწვა და ეძინა თუ რას შვებოდა?- თქვა ახლა ირონიით გუჯამ
- კაცო ხომ ვარდებოდა ადრეც ნივთები, ხიდან ნაყოფი, მაგრამ არავის უფიქრია ამაზე, ადრე არ იზიდავდა დედამიწა? - არ ცხრება თამარი
- კი ვარდებოდა, მაგრამ ეს კანონი ნიუტონმა აღმოაჩინა, ის მიხვდა რომ მიზიდულობას ჰქონდა ადგილი! - აუხსნა ვითომ უვიც საზოგადოებას ეთომ
- ბებო, მართლა, ნიუტონი ვაშლის ძირში რას შვებოდა, ჰამაკში ხომ არ იწვა?-იკითხა ინტერესით თინამ და ჩვენს ჰამაკს შეხედა
- არა, ცეკვავდა თინა!- შეუბღვირა თამარმა
- ბებო, როგორ იყო მოგვიყევი, ერთმა კაცმა რომ შესჩივლა ღმერთს ამოდენა კაკლის ხეს პატარა ნაყოფი ასხია და დაბლა გოგრას კი რამხელაა, ხო ჯობდა პირიქით ყოფილიყოო, ამის თქმა და კაკალი რომ დაეცა თავზე და ღმერთს მადლობა შეწირა, კიდევ კარგი გოგრა არ ესხა ამ ხესო.
- ეგ შენ მოყევი და ბებომ რაღა უნდა თქვას?- გაეცინა თინას
- ისე, ნიუტონს რომ გოგრა დასცემოდა, მაშინ მართლა არ გვეცოდინებოდა!- წამოიძახა დამცინავად თამარმა
- ვითომ რატომ?- გაუკვირდა გაბოს
- იმქვეყნად დაწერდა ამ კანონზე და იმიტომ გაბო! - აუხსნა გუჯამ
- რა ვერ გაიგე ბიჭო, ხის თავი კი არ ება ზოგ-ზოგებივით, გაუსკდებოდა, მოკვდებოდა და დარჩებოდა ქვეყანა მიზიდულობის კანონის გარეშე- გაკაპასდა თამარი
- დამშვიდდით, ნიუტონს თუ არა სხვას დაეცემოდა ის ვაშლი,ან კაკალი, ოღონდ გოგრა არა და მაინც გვეცოდინებოდა მიზიდულობის კანონი- დახურა თემა ეთომ
ააა.... ბატონო, ასე იქილიკეს ჩემმა ტვინიკოსებმა ნიუტონზე. ხვალ აინშტაინის ფარდობითობის თეორია არ განიხილონ მეშინია.


Friday, March 29, 2019

ტბის პირას                            

ცოტა ხნის წინ ინტერნეტის საშუალებით შევიტყვე, ფილმისთის საუკეთესო დეტექტიური ჯანრის ნაწარმოების კონკურსი გამოცხადებულიყო. ის დღეები თვალწინ მიტრიალებდა და მოსვენებას არ მაძლევდა ერთი, ადრე მომხდარი საოცარი, შემზარავი ისტორია. მართლა საფილმო იქნებოდა, მაგრამ მე ხომ აგატა კრისტი არ ვარ რომ კარგი ნაწარმოები გამომეცხო, ამიტომ გადავიფიქრე, თუმც ფიქრი იმ ამბავზე მოსვენებას არ მაძლევდა. გადავწყვიტე მოგიყვეთ ისეთი ფორმით, რომ საინტერესო იყოს წასაკითხად, თუ რა თქმა უნდა მკითხველს არ დავამძიმებ. შევცვლი ადგილმდებარეობებს, სახელებს, რადგან იმ ამბის მხილველნი და ტრაგედიის გადამტანი ადამიანები მგონი მეგობრებში მყავს. რამდენად გამომივა არ ვიცი, იქნებ შუა გზაზეც შევწყვიტო.
პროლოგი
შავებში ჩაცმული ქალი ეზოში შევიდა, სადაც უამრავ ხალხს მოეყარა თავი, ქალს არავისთვის შეუხედავს, მოულოდნელად დანა დააძრო და ბავშვების დედინაცვალი აჩეხა.
„პეიზაჟს მწერლები არ ხატავენ როგორც უბრალო ფონს, პეიზაჟი დაკავშირებულია ადამიანის განწყობილებასთან და მოქმედებასთან.
ხშირად მწერალი გვიხატავს ბუნების მომხიბლავ სურათს, მის სილაღეს, სიხალისესა და შვებისაღმძვრელ მშვენიერებას იმ დროს, როდესაც ადამიანი განუსაზღვრელ მწუხარებას განიცდის, ან იღუპება კიდეც.
ქარი საშინელის ქუხილით ჰბრუნავდა; მზემ ამოიწია და დაჰყურებდა პალიასტომს, თითქოს სეირს უყურებსო. ივანეს ხეები ისე თამაშობდნენ ტალღებზე, თითქოს დასულდგმულებულან და უხარიათ, რომ თავისუფალი ვართო. ივანეს პატარა ნავიც გარეულიყო ხეებში.... დიახ ასეა იმ დღის ბუნება აღწერილი პალიასტომის ტბაში. გამახსენდა იმიტომ, რომ იმ დღესაც საშინელი ქარი იყო, ტბა მრისხანებდა, ცა მოქუფრულიყო, თითქოს ბუნება წვიმისთვის ემზადებოდა, მაგრამ არა, მთელი ღამე ასე გაგრძელდა, დილისკენ კი დამშვიდებული ტბა და არაბუნებრივი სიჩუმე ავისმომასწავებელ განწყობას ჰქმნიდა. ბუნებაც და ხალხიც რაღაცის მოლოდინში იყო და მართლაც ცოტა ხანში მეთევზის ყვირილმა შეძრა არე-მარე, მთელი სოფელი დაიძრა. ტბის პირას დამხრჩვალი დის ცხედრები ეყარა. ვიღაც ქალი მივარდა და ქალიშვილებს კაბები  გადააფარა

სოფელი


მთელი სოფელი შეძრული იყო მოზარდი, ლამაზი, წესიერი დების ასეთი საშინელი ხვედრით. მიზეზი კი არავინ იცოდა. ჯერ ორი თვის წინ უგზო-უკვლოდ დაკარგული მამის ასავალ-დასავალს ვერავინ მიაკვლია და ახლა ეს საშინელება.შეძრწუნებული, დაფრთხალი თვალებით იდგნენ დების ცხედართან უმცროსი ძმები.
  - ამათი საცოდაობით არარ ვარ, ვინ უნდა მიხედოს ამათ?- ამოიოხრა ერთ-ერთმა მეზობელმა.
 -  ნაზი მიხედავს არ არის ურიგო ქალი, თავის საკუთარ ერთ შვილში არ ჰყავდა გამორჩეული ესენი!- თავდაჯერებით წარმოთქვა გვერდითა მეზობელმა
 - ვინ ქალო, არაქართველი დედინაცვალი მიხედავს? მეტი არ არის ჩემი მტერი, არც ადრე ახარებდა  და აწი ხომ.....
 - გაჩუმდით, გეყოთ, ამათ არ ეშველებათ თორემ სხვები დაიზრდებიან! ხმა ჩააკმენდინა შემოსწრებულმა ასაკოვანმა ქალმა ყველას. 
- როგორ უვლიდა მაგი მე მკითხეთ!- წამოიძახა ჭირისუფალში მჯდომმა ქალმა, რაღაცის თქმას კიდევ აპირებდა, მაგრამ შემოსწრებული პოლიციელი რომ დაინახა გაჩუმდა.
დაიწყო დაკითხვა, გოგონები რომ თავიანთი ნებით არ იყვნენ შესულნი ტბაში და ვიღაცის ბოროტი ხელი ერია, ამას სხეულზე ძალადობის კვალიც ადასტურებდა. თან მეზობლები ირწმუნებოდნენ არასოდეს უნახავთ ტბის პირას დები. პოლიცია თითქოს ჩიხში მოექცა. გამომძიებელი შეძრწუნებული დადიოდა ეზოში, დაკითხვას ცდილობდა ყოველი იქ მყოფთაგან. ბიჭები შეშინებულები პასუხობდნენ კითხვებზე
- ჰქონდათ თუ არა კონფლიქტი მშობლებს! - დაყვავებით ჰკითხა ერთ-ერთს გამომძიებელმა
- არა! - თავაუწევლად გასცა მოზარდმა პასუხი
-  ნუ გეშინია შვილო, თქვი, ხშირად კამათობდნენ, მამაშენი ხშირად გარბოდა სახლიდან, მე არა ერთხელ მომისმენია და მინახავს ეს!-  წარმოთქვა ასაკოვანმა მეზობელმა.
- ვის არ უჩხუბია ოჯახში ქალო, ეს რა სალაპარაკოა! - გამოექომაგა დედინაცვალს მეგობარი ქალი.
- აშკარაა, ბავშვებმა რაღაც იციან და მალავენ, ძალიან შეშინებულები ჩანან! - გადაულაპარაკა გამომძიებელმა თანაშემწეს.
- მოდი კიდევ დავკითხოთ ქალბატონი, იქნებ რამე ხელჩასაჭიდი ვიპოვოთ. მორიდებით მივიდნენ ჭირისუფალში მჯდომ, დამწუხრებულ ნაზისთან
- ქალბატონო ნაზი, რა ვქნათ, კი გვეუხერხულება, მაგრამ რა ვქნათ, ცხელ კვალზე იქნებ რამე ხელჩასაჭიდი ვიპოვოთ. ვინმე მტრები ხომ არ გყავდათ, რამე ისეთს ხომ არ გვეტყვით რაც აქამდე არ გითქვამთ, იქნებ მამის გაუჩინარება და ამ გოგონების სიკვდილი ერთმანეთთან კავშირშია და ერთი ადამიანის გაკეთებულია.
-  არა, მტრები არ გვყოლია, ან რატომ უნდა გვყოლოდა, ოჯახში ვის არ უკამათია,ჩვენ არანაირი პრობლემები არ გვქონია, ეს ბაბავშვები ჩემი შვილივით მიყვარს.
- ბავშვებიდ ბიოლოგიურ დედასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ, აკითხავდა ბავშვებს?
- ჩვეულებრივი, ხანდახან ნახულობდა ბავშვებს კი, მას ოჯახი ჰყავს და იქაც შვილები.
- მეუღლის გვერდით საეჭვო ვინმე ხომ არ შეგიმჩნევიათ?
- არა!
-  ვიცით რომ არ მუშაობდა, მევალეები ხომ არ აწუხებდნენ, ან ნარკოტიკების მომხმარებელი ხომ არ იყო?
- არა, დალევა უყვარდა უბედურს და ამის გამო კი გვქონდა კამათი!- 
- ქალბატონო ნაზი უბედურსო რომ ამბობთ, უშვებთ იმ აზრს, რომ ის უკვე გარდაცვლილია? იქნებ სადღაც გაემგზავრა?  
- არა, მე არაფერს არ ვუშვებ, ისე ვთქვი, არაფერი ვიცი მეტი! - წარმოთქვა თავდახრით ქალმა
- მამას შვილებთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?
- ძალიან კარგი, ისე ძალიან მკაცრი იყო, უშლიდა მოკლე კაბებს, ყველგან არ უშვებდა, ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია.
- კარგი, ქალბატონო ნაზი, მერე ისევ შეგაწუხებთ, იქნებ რამე გაიხსენოთ.
გამომძიებელი და თანაშემწე ეზოში ჩავიდნენ და ხის ძირში ჩამოსხდნენ. გამომძიებელმა შუბლი მოისრისა
- არ მომწონს ეს ქალი, რაღაცას მალავს, არ მეჩვენება გულწრფელი
- კი, მეც ვფიქრობ რომ ყველანი რაღაცს ფუთავენ. 
- მოდი ბავშვების ახლო ნათესავებთან მივიდეთ, საინტერესოა რატომ არ არიან აქ  და არ დასტირიან დაღუპულ გოგონებს? 
ძალიან ცივად მიიღეს გამომძიებელი ნათესავებმა. არაფერი ვიცით, ვერაფერს გეტყვით, დასატირებლად არც ვფიქრობთ მისვლას, იმ ჯადოქარ ქალს თავიოს ჭკუაზე ჰყავს გადაჯიშებული ეს ბავშვები, მაგის ბრალია ბონდოს (ბავშვების მამის)  დაკარგვაო
- რა გაძლევთ  ამის თქმის საფუძველს, რამეს ეჭვობთ და იცით, ბავშვებმა რა დააშავეს?
- ჩვენ არაფერი ვიციტ, მეტს ვერაფერს გეტყვით, თქვენი საქმეა გამოძიება და გამიძიეთ! - მკვახედ მოიშორეს გამომძიებელი ნათესავბმა.
- ეს რა უბედურებაა, არავინ არაფერი იცის, ესენი იმიტომ არ დასტირიან რომ....მაგრამ თანაშემწის ხმა გამომძიებლის წამოყვირებამ დაფარა.
- არა, სხვა ამბავია აქ, მოდი მეზობლები ისევ სათითაოდ დავიაროთ, არ შეიძლება არავის არაფერი შეემჩნია! მამის გაუჩინარება და გოგონების სიკვდილი ერთ წერტილამდე მიგვიყვანს დარწმუნებული ვარ. დაიწყეს ხელახლა  კარდაკარ სიარული. ზოგი რას ამბობდა ზოგი რას. არავის განსაკუთრებული არ უთქვამს, სვამდა, კი კამათობდნენ, არ გვინახავს. მეტი ვერაფერი გაიგეს და ბოლოს მოშორებიტ მცხოვრებ მეზობელს მიადგნენ   მანაც იგივე გაიმეორა და ბოლოს
- აბა მეტი რა გითხრათ, ეს გოგოები  ხშირად გაბრუებულები დადიოდნენ!
- ამით რისი თქმა გინდათ? რას ნიშნავს გაბრუებულები?
- რამდენჯერ მიკითხავს, გოგონებო ღამე არ გიძინიათმეთქი?   -  გამომძიებელმა და თანაშემწემ ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს.
- სხვა რამეს ხომ არ გაიხსენებდით, აი დაკარგულ მეზობელზე რას გვეტყვით, როდის ნახეთ ბოლოს?
- იმ ღამეს თორმეტი საათი იქნებოდა შინ რომ შევიდა, და მგონი მერე არც გამოსულა
- რატომ ფიქრობთ რომ არ გამოსულა, ანუ სახლში შევიდა და მერე გაუჩინარდა.
- მე ეგ არ მითქვამს შვილო, გვიან ღამემდე აივანზე ვიჯექი და როცა შინიდან მიდიოდა ყოველთვის ვხედავდი, ჩემი სახლ;ი უნდა გაეარა, იმ  ღამით გამოსული არ დამინახავს, იქნებ ჩემი დაწოლის სემდეგ გავიდა სახლიდან
- თქვენ რომელ საათზე დაწექით?
- იქნებოდა ღამის პირველი საათი თუ უფრო გვიან არა.!  
- დიდი მადლობა ქალბატონო ვენერა! - გამომძიებელი და თანაშემწე დაემშვიდობნენ მეზობელს და სახლისკენ გაემართნენ
- მგონი რაღაც იმედის მომცემი ძაფი დავიჭირეთ!- მიმართა გამომძიებელმა თანაშემწეს გაუსწორა.

 სიბნელეში შუქი გამოჩნდა

სახლში მიბრუნებულმა გამომძიებელმა,  ყველა კარადა, უჯრა გამოაღო, ვერაფერს მიაგნო, ბოლოს სამზარეულოს კარადის ბოლო თაროზე რაღაც აბები შენიშნა. დიაზეპამი აღმოჩნდა რამოდენიმე აბი. მეორე სართულზე აირბინა და დედინაცვალი გამოიხმო ბოდიშის მოხდით.
- ქალბატონო ნაზი, თქვენს ოჯახში დამამშვიდებელს ვინ სვამდა?
- მე ვსვამდი!
- თქვენ, რატომ?
-  უძილობა მჭირს!
- ექიმმა დაგინიშნათ?
- დიახ!
- პოლიკლინიკის ექიმმა დაგინიშნათ?
- კი!
- მადლობთ!
- წადი და გადაამოწმე, მართლა დაუნიშნეს თუ არა!- მიმართა თანაშემწეს გამომძიებელმა. ორ საათში მობრუნებულმა პოლიციელმა მოახსენა, რომ პოლიკლინიკაში არაფერი იციანო.
-ასეც ვფიქრობდი! - წარმოთქვა მრავალმნიშვნელოვნად გამომძიებელმა. მოდი ახლა კიდევ გულმოდგინედ დავათვალიეროთ საძილე ოთახი
 უკვე მერამდენედ  შეუდგა გამომძიებელი ოთახის დათვალიერებას. ახლა საგანგებოდ მოტანილი გამადიდებელი შუშით დაიწყო თვალიერება
- გია, ნახე-მიმართა მან თანაშემწეს- ლოგინის თავზე ხეს რაღაც ბლაგვი საგნის დანარტყამი ეტყობა, აქამდე როგორ ვერ შევნიშნე! - წამოიძახა დათომ
- ხომ შეიძლება ადრეც ყოფილიყო, ეს არაფერს გვეუბნება
- აი ნახე გამადიდებლით, ახალია, ეს არ არის დიდი ხნის წინანდელი!- წარმოთქვა დამაჯერებელი ტონით გამომძიებელმა
- ჰო, ახლს ჰგავს! - წარმოთქვა ჩაფიქრებულმა თანაშემწემ. გამომძიებელი კი ახლა იატაკს ჩასჩერებოდა
- ნახე გია, გაუფერულებული, უმნიშვნელო ლაქა ჩანს, ეტყობა სისხლია, ვიღაცას უცდია გულმოდგინედ მოეწმინდა მაგრამ აშკარაა, ეს სისხლის კვალია. აქ არის მკვლელობა ჩადენილი
- რას ამბობთ უფროსო, აქ ვინ ჩაიდენდა!
- მაცალე, დიასახლისთან რაღაც დამრჩა გაურკვეველი! - ჩაიდუდუნა დათომ და ნაზი ხელახლა გამოიხმო
- ქალბატონო ნაზი, თქვენი მეუღლე გაუჩინარების ღამეს როგორც ადრე მითხარით ღამის თორმეტ საათზე მოვიდა შინ, და რომელ საათზე გავიდა დაახლოებით შინიდან?
 -  ათ- თხუთმეტ წუთში- მალევე!
- არ გიკითხავთ სად მიდიოდა?
- ხომ გითხარით ადრეც ნასვამი იყო წავიკამათეთ და უცებვე წავიდა
- მადლობა!
- არსად გასულა ოჯახიდან ბონდო, ის მკვდარია და ამ ეზოშია სადღაც დამარხული!
- ეს როგორ, საიდან დაასკვენით უფროსო?- ჰკითხა გაკვირვებულმა გიამ
- მეზობლის ქალი ხომ გვეუბნებოდა თორმეტზე ვნახე შინ შედიოდა, მერე არ მინახავსო
- კი მაგრამ ისიც ხომ თქვა იქნებ მერე  გაიარა ჩემი სახლის წინ, იმ ქალს ხომ შეიძლება დრო შეშლოდა.
- არა, გია, ასაკოვნებს დრო არ ეშლებათ, ის ქალი პირველ საათამდე იჯდა აივანზე, ნაზი ცრუობს, იცრუა აბებზეც, ეტყობა გოგონებს ასმევდა, ნეტა რატომ? ეზოც გულმოდგინედ უნდა  შევამოწმო, აქ არის ინტუიციურადაც ვგრძნობ, აქ არის დარწმუნებული ვარ, აქამდე როგორ არ ვიფიქრე! - კაცები კიბეზე დაეშვნენ. ადრე შემოდგომა ლამაზი სანახავი იყო, აქამდე არ შეუმჩნევია დათოს მშვენიერი ეზო-კარი. შემოდგომის ქარი ზუზუნებდა, ქარი წითელ-ყვითელ ფერებ შეპარებულ ფოთლებს დააქროლებდა ეზოში. აბუზული ხეები მზის  მოლოდინში არიანო თითქოს. ფოთლების, ბუნების წვიმის, სურნელება ყველაზე უკეთ     შემოდგომით იგრძნობა. დიახ საამო სუნი იფრვეოდა ეზოში, ქარიც საამოდ ზუზუნებდა, და მაინც   იყო რაღაც სულისშემძვრელი სიჩუმე. ეზოში ცხოველები, ფრინველები თითქოს ფორიაქობდნენ. მოკლედ ბუნება, ეზო, რაღაცის მოლოდინში იყო. ეზოში ძმებს შეეფეთნენ, ისინი უცებ შევარდნენ სახლში. მეზობლები ეზოში ისხდნენ და გულმოდგინედ აკვირდებოდნენ გამომძიებელს. გიამ და დათომ კუთხე -კუნჭული მოიარეს, დათო გამადიდებელ შუშასაც ხმარობდა ხშირად,ბოსელი, საღორეც კი დაათვალიერა, მაგრამ უშედეგოდ. არანაირი კვალი
- აბა, აქ გამორიცხულია, უფროსო, ხომ ხედავთ, ყველგან სუფთაა. 
- არა, დარწმუნებული ვარ აქ არის და არსად სხვაგან, ის არ დაკარგულა, მოკლეს და ეზოშია დამარხული! წარმოთქვა დაღლილი ხმით დათომ და ხის ძირში სკამზე ჩამოჯდა. კარგა ხანს იჯდა დაღვრემილ- ჩაფიქრებული. ეს ძაღლი სულ ამ საპირფარეშოსთან რატომ წკმუტუნებს, ან ამ ღორს აქ რა უნდა?  წამოიძახა გაღიზიანებულმა დათომ და ღორს ქვა ესროლა. 
- მოიცა, აქამდე  რატომ არ ვიფიქრე, მიდი გია ბიჭს დაუძახე - გაოგნებული გია სახლში შევიდა. მორიდებით დადგა გამომძიებლის წინ მოზარდი ბიჭი
- ეს ძაღლი მამასი იყო და უყვარდა?
- კი, მამას ძალიან უყვარდა და ძაღლიც დარდობს მის გაუჩინარებას! - მორიდებით თავაუწევლად უპასუხა ბიჭმა. 
 - გია, დამიძახე ორ - სამ მეზობელ კაცს და მომეხმარონ! - წარმოთქვა დათომ და დიდ ხელკეტს დაავლო ხელი და საპირფარეშოს კარები გააღო. გაოცებული ასი წყვილი თვალი მისჩერებოდა გამომძიებელს
- რას შვებით უფროსო, გიჟი ეგონებით, დაგვცინებენ!-- ზიზღით მიმართა საპირფარეშოში ჯოხით ჩაყუდებულ დათოს გიამ. დათოს არავინ მიხმარებია, ყველა ამრეზით უყურებდა. ის კი გამწარებული ეძებდა ფეხისალაგში რაღაცას, დიდი ხნის წვალების შემდეგ   წამოიყვირა
- ადამიანის ხელები გამოჩნდა......     ეზოს შეძრწუნებული ხალხის გუგუნმა გადაუარა. მთელი ეზო მივარდა დათოს დასახმარებლად, ეს არ იყო საქმე, ზოგი ჯოხით, ზოგი წყლის შლანგით მორბოდა და ცოტა ხანში მთლიანად ამოყარეს დანაწევრებული ნაწილები მამაკაცისა. 

   ლია

   ლიას არ ჰქონია ბედნიერი ბავშვობა. დედა ადრე გარდაეცვალა და მოზარდს მხრებზე დააწვა ოჯახის სიმძიმე. არა, მამა ყველაფერს აკეთებდა, რომ ოჯახს არაფერი მოჰკლებოდა, მაგრამ იმ ჯაფისთვის რაც ქალს უწევს ხოლმე ოჯახში, მოსწავლე გოგონასთვის მძიმე იყო. მას უდედობა სწავლაშიც დაეტყო, ხშირად აცდენდა სკოლას, სამეცადინოდ დრო ნაკლებად რჩებოდა. წუხდნენ სკოლის მასწავლებლები, დირექტორი, რომ უნიჭიერესი, სწავლით გამორჩეული გოგო უკან-უკან მიდიოდა. აბა ოჯახში ოთხ მამაკაცს განა ცოტა მიხედვა უნდოდა?! მამა და ძმები თითქმის გარეთ იყვნენ, ხან სათიბზე, ხან ყანაში, საჭმელ - სასმელი, ოჯახში სისუფთავე და წესრიგი ხომ იყო საჭირო. როცა მამას რაიმე სამუშაო გამოუჩნდებოდა ბიჭებიც მიჰყავდა, შვილებს ხელობას ასწავლიდა. ასე გადიოდა წლები, ლიამ სკოლა დაამთავრა, სწავლის გაგრძელებაზე არც უფიქრია, ოჯახს ვერ დავტოვებო. შემდეგ გამოჩნდა თანასოფლელი ბონდო, რომელსაც ლია თავდავიწყებით შეყვარებოდა. ლიას კი სიყვარულისთვის არ ეცალა, თუმც მოსწონდა კარგი აღნაგობის, ვაჟკაცური თაყვანისმცემელი. გავიდა დრო და ლია სანათესაოს ჩარევით  გაჰყვა ცოლად ბონდოს. მოკლედ, შეიქმნა ჩვეულებრივი ქართული, კლასიკური ოჯახი, სადაც ყველანაირ საკითხში  მამაკაცის ხმა და გადაწყვეტილება იყო მთავარი. მაშინ არ იყო ახლა ასე ყბადაღებულ ფემინიზმზე საუბარი. ვეფხისტყაოსნიდან იცოდნენ მხოლოდ, რომ "ლეკვი ლომისა სწორია ზუ იყოს თუნდაც ხვადია!" ლია უსიყვარულოდ გათხოვდა, მაგრამ მორჩილად იღებდა ქმრის ყველანაირ კრიტიკას, სიმკაცრეს, ეჭვიანობას, ეგონა ასე იყო საჭირო. გადიოდა წლები, მათ ოთხი შვილი ეყოლათ, ორი ბიჭი ორი გოგო. ლიამ თავი ბედნიერად წარმოიდგინა, ამაზე მეტი ბედნიერება რაღა უნდა იყოსო, მაგრამ ერთ დღესაც მიხვდა, რომ ასე ცხოვრებას ვერ გააგრძელებდა, თან დედამთილ-მამათილიც უარყოფით როლს თამაშობდნენ ცოლ- ქმრის ცხოვრებაში. მათ არასოდეს დაუცავთ თვინიერი, ობოლი გოგონა ქმრის აგრესიებისგან.  ლია ოჯახიდან გაიქცა. ქმარი, დედამთილ-მამათილი აუმხედრდნენ შვილებს არ გაგატანთ, დაბრუნდიო. ლიას კი იქ დაბრუნებას სიკვდილი ერჩივნა. მოერიდა მამას და ძმებს, კონფლიქტში მათი ჩათრევა არ უნდოდა, მამას უთხრა, რაღაც პროფესიას უნდა დავეუფლოვო და ქალაქში წამოვიდა. მართლაც მოეწყო რაღაც ტექნიკურ სასწავლებელში, ბეჯითად მოეკიდა საქმეს, უნდოდა ფეხზე დამდგარიყო, დამოუკიდებლად შეძლებოდა ცხოვრება, რომ შვილებიც წამოეყვანა.  მაგრამ ხომ იცით კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო...მერე სრულიად მოულოდნელად ლიას  ეწვია სიყვარული, მისთვის სრულიად უცნობი გრძნობა, რომელმაც ის წალეკა. მას ახლა ყველაფრის დათმობა შეეძლო, მისთვის მზე სხვანაირად ანათებდა და დედამიწა სხვანაირად ბრუნავდა. სუსხიან ამინდშიც კი თბილოდა. ამბობენ, სიყვარული ვერ დამაბრმავებსო, მაგრამ ვერ დაგეგმავ, როდის შეიყვარო, ის უეცრად მოდის და ისე მყარად იკალათებს გულში ადგილს, რომ იქიდან ვერანაირი ძალით ვერ გამოიყვან. ყმაწვილმა ქალმა, რომელმაც ბედნიერი ბავშვობა ადრეულ ასაკში დაკარგა,  ამდენი ტანჯვა გამოიარა, ახლა თავი ბედნიერად იგრძნო, არც დაფიქრებულა, მიენდო ბედს და მალე დაქორწინდა კიდევაც. მართლაც სითბო, სიყვარული და ბედნიერება იგრძნო, მაგრამ მას მუდმივად სინდისი ქეჯნიდა, მოსვენებას არ აძლევდა შვილებზე ფიქრი. რაღაც გაჭირვებით, მეზობლების დახმარებით ახერხებდა მათ ნახვას, მაგრამ  შვილები მას ცივად ხვდებოდნენ. ეტყობოდათ მამის და ბებია-ბაბუის გავლენა. დედა, რომელიც გათხოვდა შვილების ღირსი არ არისო. ყოველი მონახულების შემდეგ ლია გულდათუთქული ბრუნდებოდა შინ. ცოტა ხანში კი მისი ყოფილი მეუღლეც დაქორწინდა. ლიას  ახლა მეტი სადარდებელი გაუჩნდა, ნერვიულობდა, კითხულობდა ახლობლებში, ბავშვებს როგორ ექცევაო? ზოგი კარგს ეუბნებოდა, ზოგი ცუდს.     ბოლო შეხვედრაზე მას ქალიშვილები არ მოეწონა,  რაღაც ზედმეტად მშვიდები, ნახევრად მძინარენი მოეჩვენა. მიზეზი ჰკითხა და პასუხი მიიღო, წუხელ არ გვიძინიაო. ლიამ მოსვენება დაკარგა, მალევე მოახერხა ისევ ეხილა შვილები, იგივე მდგომარეობაში, რომ ნახა ძალიან შეწუხდა, მეუღლეს გაუმხილა, ხომ არ ვიჩივლოვო, არ ურჩია ქმარმა, ჯერ გადახედე, სხვა გზით ვეცადოთ გავიგოთ რა ხდება და იქნებ მოვაგვაროთ რამეო. ამის შემდეგ რაღაც ერთ კვირაში ბონდოს გაუჩინარების ამბავი შეიტყო. ჭორები დადიოდა, ცოლმა მოკლა, შვილებმა მოკლესო. ლიამ სასწრაფოდ დაურეკა ბავშვების დედინაცვალს და კაფეში შეხვედრა დაუნიშნა. ღიმილით შემოვიდა კაფეში ლალი, ღიმილითვე შეხვდა ლია.
- ყავას ხომ დალევ? - ჰკითხა ლიამ
- კი, სიამოვნებით!
- მოდი ცოტა ღვინოც დავლიოთ, გავხალისდებით! - შესთავაზა ლიამ, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. ისაუბრეს ამქვეყნიურ-იმქვეყნიურზე და როცა ცოტა შეჭიკჭიკდა ნაზი მაშინ ჰკითხა
- შინ ხომ ყველანი კარგად არიან? 
- კი, ღვთის წყალობით!
- სად დაიკარგა ის დასამიწებელი?- ჰკითხა სხვათაშორის ლიამ
- არ ვიცი, შინიდან გავიდა და არ მობრუნებულა!
- მე სისხლი გამიშრო, შენ მაინც თუ ხარ ბედნიერი?
- რა ბედნიერი, სვამს ხშირად, გვეკამათება!
- ჰო, ასე იქცეოდა, გოგონებს ხომ არ უწყრება?
- კი, გარეთ არ უშვებს, მოკლე კაბებს არ აცმევს!
- ნეტავი საერთოდ აორთქლდებოდეს, არც შენ გაყრის თურმე ხეირს, გამიხარდება!- წარმოთქვა მრავალმნიშვნელოვნად ლიამ და პასუხს დაელოდა
- შენს პირს შაქარი, ჩაძაღლდებოდეს სადმე, ამოვისუნთქავთ ყველანი! - წარმოთქვა სიბრაზით ნაზიმ. ქალებმა დიდხანს ისაუბრეს, თითქოს დამეგობრდნენ, ერთმანეთს ბევრი რამ გაუგეს, ლიამ იმაზე მეტი დააფქვევინა ნაზის ვიდრე, ვიდრე მოელოდა. 
დაემშვიდობა თანამესუფრეს თბილად და მტკიცედ გადაწყვიტა სასწრაფოდ რამე ეღონა, მაგრამ ვაგლახ....

 საბოლოო განაჩენი

     
-  ქალბატონო ნაზი, თქვენთვის ეს უცნობია, არაფერი გაგიგიათ იმ ღამით? როცა ამბობთ, რომ თქვენი მეუღლე სახლიდან უცებ გავიდაო, ცრუობთ! - მკაცრი ტონით მიმართა გაღიზიანებულმა გამომძიებელმა
- რატომ არ გჯერათ? მე მართლა არაფერი ვიცი, არანაირი ხმა არ გამიგია!- წამოიძახა ცოტათი დამფრთხალმა ქალმა, მაგრამ უტეხად
-ცრუობთ,ცრუობთ! - მიახალა უკმეხად დათომ- თქვენ არც ის იცით გოგონები დილიდან სად წავიდნენ!
- გითხარით უკვე, სასეირნოდ გავიდნენ ერთად და მერე არ მობრუნებულან!
- მოიკითხეთ, დაძებნეთ ისინი?
- როგორ არა,მაგრამ ვერსად ვიპოვე! 
- პოლიციაში რატომ არ განაცხადეთ1
 -ვაპირებდი!
- არ მოგბეზრდათ ამდენი სიცრუე? იცრუეთ მაშინაც, როცა თქვით,  დიაზეპამი ექიმმა დამინიშნაო, თქვენთვის არ დაუნიშნავთ და არც სვამდით ამ წამალს. ჩვენ პოლიკლინიკაში გავარკვიეთ
- კი მეც ვსვამდი! - წამოცდა ნაზის უნებლიეთ და ტუჩებზე იკბინა.
- გამოდის რომ მარტო თქვენ არ სვამდით, რატომ აიძულებდით გოგონებს წამლის დალევას?
- მსგავსი არაფერი ყოფილა, ხანდახან ვაძლევდი, რომ კარგად დაძინებოდათ
- რატომ, ორივენი უძილობას უჩიოდნენ, თუ მათი ასეთი მდგომარეობა ხელს გაძლევდათ, თქვენი ვერაგული განზრახვა სისრულეში მოგეყვანათ, საკმაო სამხილები გვაქვს იმისთვის რომ პატიმრობაში აგიყვანოთ!- ლამის იყვირა დათომ. 
  - მე არაფერი დამიშავებია, რატომ არ მიჯერებთ!- ცრემლიანი ხმით წამოიძახა ნაზიმ
 - უფროსო, ერთი წუთით, ვიღაც მეზობელია მოსული გამომძიებელი მანახეთო! - შეაწყვეტინა დაკითხვა გიამ დათოს. ქვევით ჩავიდნენ, ხის ძირში შუა ხნის კაცი იდგა, დათო მიესალმა. 
- იცით, რაღაც მინდა გითხრათ, იქნებ მნიშვნელოვანი იყოს თქვენთვის
-გისმენთ!- დაიძაბა დათო
- მე გაღმა სოფელში ვცხოვრობ, როგორც გამოდის იმ ავბედით დღეს მე ვნახე ბოლოს ის გოგონები.   მეგობარს მოვაკითხე  იმ დღეს საქმეზე. უკვე საღამოვდებოდა, უკან ვბრუნდებოდი,   ტბაში ნავი და შიგ მსხდომი ოთხი ადამიანი შევნიშნე. ჩემი ყურადღება ხმამაღალმა კამათმა მიიპყრო, ორი გოგო იყო, როგორც გავარჩიე, და ორი მამაკაცი. ისინი გოგონებს რაღაცას ედავებოდნენ. ხმა კარგად არ ისმოდა, მაგრამ მომეჩვენა რომ გოგონები ტიროდნენ. ცოტა ხანი ვიდექი, ცუდი არაფერი მიფიქრია და  მერე  გზა განვაგრძე. როგორც კი ეს ამბავი შევიტყვე თქვენსკენ გამოვეშურე, იქნებ რამეში გამოგადგეთ ჩემი მონაყოლი
- მადლობა, როგორ არა, მამაკაცები როგორ გამოიყურებოდნენ, იქნებ გაარჩიეთ სილუეტი, აი მაგალითად სიგამხდრე, სიმაღლე, მოკლედ ყველაფერი იმ კაცების შესახებ, უმნიშვნელო დეტალიც რომ იყოს 
- მაღლები და გამხდრები!- წარმოთქვა დარწმუნებით სტუმარმა
- ასე დაჯერებული რატომ ხართ, ხომ თქვით ბინდდებოდაო
- კი ბინდდებოდა, მაგრამ სილუეტები კარგად გავარჩიე, ნამდვილად ასე იყო, შეგნებულად ვაკვირდებოდი მათ, ნეტა რას ემართლებიან გოგოებს მეთქი, არ დავმალავ ხმები კარგად არ მესმოდა თორემ მოვისმენდი ყველაფერს.
- კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას! - წარმოთქვა დათომ და მოსულს ხელი ჩამოართვა. - გია, ვიცი ვინც ჩაიდინა გოგონების მკვლელობა, წამოდი!- გია გაკვირვებული, მორჩილად გაჰყვა  გამომძიებელს. მისდა გასაკვირად დათო გარდაცვლილი ქალიშვილების ბიძების სახლს მიადგა
- აქ რა გვინდა უფროსო!
- ნახავ რაც გვინდა!- ცალყბად მიუგდო დათომ და ჭიშკარი დაუკითხავად შეაღო. გამოეგებნენ ოჯახის უფროსი და  დიასახლისი. დათომ არც აცია არც აცხელა ჯიქურ აჯახა 
-   თქვენ ჩაახრჩვეთ გოგონები ტბაში, ყველაფერი ვიცით, და დამალვას აზრი არა აქვს, მოწმე გვყავს! - წარმოთქვა მტკიცედ დათომ. გიას ენა ჩაუვარდა. დათო მიხვდა რომ ფიქრის და აზრზე მოსვლის საშუალება არ უნდა მიეცა
- დიახ, თქვენ ჩაიდინეთ ეს სისასტიკე და ისიც ვიცით თუ რატომ? თავის მართლებას აზრი არა აქვს!   - ერთ-ერთმა ძმამ თავი ჩაღუნა, მეორემ კი 
- არც ვაპირებთ თავის მართლებას, დიახ, ჩვენ მოვკალით, ისინი მამის მკვლელები არიან და არ ვაცოცხლეთ! - დათოს ხმაში ბზარი გაერია
- რა იცით რომ მათ მოკლეს მამა? 
- ჰკითხეთ კარგად ბიჭებს, იმ აშარ ქალს რაც არ უნდა ექნა, მამა როგორ უნდა გაემეტებინათ?! 
- გია, წამოდი, მივბრუნდეთ, ამათ მერე მივხედავთ! - მიმართა გიას დათომ. 
ხალხი ჩვეულებრივ ირეოდა, ბევრი საოცარი ამბის სანახავად მოდიოდა. დათომ ერთ ოთახში მოიხმო ნაზი და ბიჭები
- ბიჭებო, გაიძულებდათ თუ არა დედინაცვალი მამის მკვლელობას, თქვით ნუ გეშინიათ!
- რას ამბობთ! - შეცბუნებულმა წამოიძახა ნაზიმ
-თქვენ გოგოებს წამალს ასმევდით, ჩააგონებდით, აშინებდით, და ბოლოს აიძულეთ საკუთარი მამა მოეკლათ და დაემარხათ, იყო თუ არა ასე იყვირა დათომ
- არა, არა, ტირილით უპასუხა ნაზიმ და სახეზე ხელები აიფარა.
- ბიჭებო დროა თქვენც ალაპარაკდეთ, თქვით რაც მოხდა, თუმც უკვე ყველაფერი ნათელია. 
- კი ასე იყო - წამოიწყო ტირილით უმცროსმა ძმამ- ამდენი ხნის სიჩუმის და შიშის შემდეგ ეტყობა ბავშვს უნდოდა განთავისუფლებულიყო ამ ყველაფრისგან. ჩქარ-ჩქარა ცრემლების ყლაპვით ამბობდა სიტყვებს
- მე და ჩემს ძმას გვემუქრებოდა, თუ არ მოკლავთ თავად თქვენ მოგკლავთო, ჩვენ უარი ვთქვით, მერე ჩვენს დებს უთხრა თქვენ თუ არ იზამთ ბიჭებს დავხოცავო, სულ წამალს ასმევდა. მათ შეეშინდათ მართლა არ მოვეკალით და დათანხმდნენ  ნაზის განზრახვა შეესრულებინათ. ნაზიმ  იმ ღამით მათ ნაჯახი და ცული მისცა, მძინარე მამა მოაკვლევინა, მერე ნაწილებად დააჩეხინა და საპირფარეშოში ჩააფლევინა. ჩვენ კი დაგვემუქრა თუ რამეს იტყვით თავებს დაგაყრევინებთო. 
 ჯერ კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა დამფრთხალი, განადგურებული ბავშვი რომ ვიღაცის შემზარავმა კივილმა შეძრა იქაურობა
- ლია მოდის, დედა მოდის!- ერთხმად იქუხა ხალხმა. ლია კიბეებზე ამოვიდა, ყველა გარინდული შეჰყურებდა, ლიას ცხედრებისკენ არც გაუხედავს, ნაზი მოიძია, გამძვინვარებული მივარდა და  დანით მუცელი გამოფატრა. ეს ძალზე სწრაფად მოხდა, მაგრამ ხელისშეშლას არც რავინ აპირებდა. ერთადერთი ვინც ქვითინებდა, მაგრამ ცხედართან მისვლას მაინც ვერ ბედავდა, ნაზის საკუთარი შვილი იყო.   
დათომ და გიამ ხმისამოუღებლად დატოვეს იქაურობა. 

Sunday, February 24, 2019

 ღირსება
ამ ბოლო ხანებში ამეკვიატება გაგონილი, ნანახი, განცდილი ამბავი და მოსვენებას არ მაძლევს, მინდა სხვებსაც გავუზიარო. იქნებ ასაკთან ერთად სენტიმენტიც მომეძალა?! ისეთი განცდა მეუფლება მინდა მოვასწრო მოყოლა, რომ არ დაიკარგოს. აი ერთი გახმაურებული ისტორია
ჩემს ბავშვობაში რაიონში მოხდა ასეთი ტრაგედია:
ერთ კარგ ბიჭს, დედა ჰყავდა მსუბუქი ყოფაქცევის და როგორც ამბობდნენ ქალიშვილიც აიყოლია. ყველას გული შესტკიოდა ამ ბიჭზე და წუხდნენ. ვერავინ უბედავდა თქმას. არ ვიცი როგორ,
მაგრამ ბიჭმა გაიგო. ჭორი დადიოდა, სასტუმროს ნომერში თავზე დააყენეს დედა-შვილსო, ზოგი ამბობდა ძმაკაცმა უთხრა. მოკლედ ასე იყო თუ ისე, გაიგო თავმოყვარე ბიჭმა და.... ჯერ დედის სიკვდილი აყურებინა დას, მერე ისიც დააკლა დედას. რა თქმა უნდა დაიჭირეს, შედგა სასამართლო და ხუთი წელი მიუსაჯეს. თქვენ წარმოიდგინეთ მთელი რაიონი და სასამართლო სიმპათიობდა იმ ბიჭს, არავინ აგრესიულად არ იხსენიებდა. მოიხადა სასჯელი და გამოვიდა, დაიწყო მუშაობა. ოჯახის შექმნა გადაწყვიტა და შეირთო ქალი, რომელიც ბედის ირონიით არ აღმოჩნდა ქალწული, ბიჭმა უთხრა: შენ ჩემი ამბავი არ გაგიგია, რისთვის დავხოცე ჩემები, სანამ შენც არ მიმიყოლებიხარ წადი, მოშორდი აქაურობასო - და წავიდა ის "რისკიანი" ქალი. ახლა ასეთ რამეს არასამთავრობოები გააპროტესტებდნენ, რა დროის ქალიშვილობააო. მეშინოდა იმ ბიჭის, ვკითხულობდი, როგორია, საშიშიათქო? მეუბნებოდნენ, ძალიან კარგი ადამიანია, სამსახურში ყველა პატივს სცემსო. მერე ცოლიც შეირთო, კარგი გოგო, ეტყობა ის კი იყო ქალწული, რადგან არ გაუგდია. მერე ცოლით დავინტერესდი, როგორ ექცევა, როგორ იცმევს, მიკვირდა, ისიც რომ მუშაობდა. ვგებულობდი, კარგად ცხოვრობდნენ, ცოლს ძალიან თანამედროვედ აცმევს ( ჰო, ასე იყო ადრე, ქმრები აცმევდნენ ცოლებს, მაშინ ფემინისტი ქალები არ იყვნენ), არაფერს უკრძალავს, კარგი ურთიერთობა აქვთო. რაღაც მაინც არ მჯეროდა, მაწუხებდა, მეშინოდა, სულ ცუდის მოლოდინში ვიყავი, ამ ცოლსაც რამე არ მოუწიოსთქო. ისინი კი ცხოვრობდნენ ბედნიერად. რაც გინდა გაგიკვირდეთ ის ბიჭი ყველას უყვარდა. ხალხის თვალში მან ოჯახის ღირსება დაიცვა. დღეს კი ბოზობა არავის უკვირს და თუ მაინც ქმარმა ცუდი ყოფაქცევის ქალი ფიზიკურად შეურაცხყო ან გააგდო, ქალის უფლებები ირღვევაო აწიკვინდებიან გრანტიჭამია ენჯეოშნიკები. ისე არ გამიგოთ, თითქოს მომხრე ვიყო მოკვდინებისა, მაგრამ უნდა ვაღიარო, მერე მეც გამიქრა შიში და გამიჩნდა სიმპათიები იმ ბიჭისადმი. ეჰ დრონი, დრონი! დროს შეეწირნენ ისინი. ახლა დედა და და კი არა ცოლები ადგამენ ქორბუდა ირმის ოდენა რქებს ქმრებს და არიან გაყუჩებულები, მთავარია ცოლმა ქმარი ფინანსებით უზრუნველყოს და ვინ დაგიდევს ღირსებას. კაცი, რომელიც ცოლს უცხოეთში გაუშვებს გაუსაძლისი ჯაფისთვის, თვითონ კი ფეხი-ფეხზე გადადებული, ეზოში კაცებთან სმაში, თამაშში ათენ-აღამებს და ელოდება გამოგზავნილ თანხას, კაცად არ ვთვლი, ასეთებს ის ჩემი რაიონელი ბიჭი მირჩევნია. ოღონდ ამისთვის არ ჩამქოლოთ.