Monday, June 19, 2017

მსოფლიო ჩემპიონატი

                              მსოფლიო ჩემპიონატი ნარდში

   2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ნარდში თბილისში სასტუმრო მერიოტში  ჩატარდა. დაუვიწყარია ჩემთვის ის ერთკვირიანი დღეები. მადლობა მატას, რომ ამის საშუალება მომცა, როგორც ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად მონაწილეობის უფლება მისი დაფინანსებით მივიღე. დავდიოდით მე და მარინა (პირველი, რომელსაც ნარდის სამყაროში დავუმეგობრდი და ძალიან შემიყვარდა) და ვეთამაშებოდით ყველას. გავიცანით ნარდის მოყვარული სპორტსმენები, ვეთამაშებოდით მამაკაცებს, რათა გაგვემყარებინა ჩვენი ცოდნა ევროპულ ნარდში. მართლა ბევრი რამ ვისწავლეთ. საოცარი ის იყო, რომ მამაკაცებს ვუგებდი. ერთ-ერთმა სიმპათიურმა ინგლისელმა მამაკაცმა მოგების შემდეგ ხელი ჩამომართვა და ღიმილით მითხრა, ინგლისის ჩემპიონს მოუგეთო. მოკლედ 13 მაისს ღამის 9 საათზე დაიწყო ქალთა შეჯიბრი. მე და მარინამ გერმანელ რეჯინასთან წავაგეთ, მაგრამ მთავარი იყო ნანამ რუსი ქალი დაამარცხა, საბოლოოდ მე მესამე ადგილი მერგო, მეორე - რეჯინას და პირველ ადგილზე კი ეკა ძანძავა გავიდა (გალიდან). 


















                                                   ნარდი 2016 ფუნიკულიორზე

მე და რომან გვენეტაძე წყვილში ვთამაშობთ
















                                      დედა ნატაშა              

ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა ამ დღეებში ერთ ახლობელთან საუბარმა, თუმცა ამ საკითხზე არა ერთხელ მქონია საუბარი- კამათი.
დედაჩემი (ჩემი გამზრდელი), ნატაშა ლორჩოშვილი, ხობის რაიონის სოფელ გურიფულში დაიბადა. ის ცამეტი წლის ასაკში დაობლდა დედით, მეოთხე კლასელ მოზარდს სკოლის მიტოვებამ მოუწია და სამი ძმის და ორი დის მზრუნველობაზე მოუწია აუტანელმა გარჯამ. მამაზე განაწყენებული იყო, ცოლი შეირთო, და დედინაცვლის სიმწარეც ვიწვნიეო. მოკლედ მამამისი მერე ფოთში გადასახლდა და დედა სრულიად მარტო დარჩა ბავშვებთან. მან თავისი სამი თვის და მეზობელ, უშვილო კარგ ოჯახს მიაშვილა, გაუსაძლისი მდგომარეობის გამო,ღამე დაღლილობისგან, ჩამეძინებოდა და აკვანი მივარდებოდაო. გული მეწურებოდა როცა დედა თავს გადახდენილ ამბებს მიყვე
ბოდა. მოკლედ ყველას ეპატრონა, სწავლა-განათლება მიაღებინა, გამოიარა მეორე მსოფლიო ომის გაჭირვება, ერთი ძმაც ჩინ-მედლებით ცოცხალი დაუბრუნდა ომიდან. ყველანი წესიერებით,შრომისმოყვარეობით, პატიოსნებით გამოირჩეოდნენ. დედამ კი ოცდათექვსმეტი წლის ასაკში მოიცალა თავისი პირადი ცხოვრებისთვის. ის გაჰყვა მამაჩემს, სამშვილიან კაცს და აქაც შეუდგა მძიმე ჭაპანს. ჩემს კითხვაზე- რატომ გაჰყევი სამშვილიან კაცსთქო? თევდორე ფულარიასნაირი სასახელო კაცის ცოლობა მერჩინა, ვინმე დაუქორწინებელსო. მე წლინახევრის დავხვედრივარ. დედას, მიუხედავად მხოლოდ დაწყებითების განათლებისა, არ ეშლებოდა არაფერი, შეგნება, კულტურა, ადამიანობა, სიკეთე. მან მოგვცა ყველაფერი, გვასწავლა სწორი ცხოვრება, პატიოსნება. ერთადერთი თხოვნა ჰქონდა ჩვენთა, შვილებთან, დედინაცვალი არავის დააძახებინოთ ჩემზეო. ვინ გაგვიბედავდა! ერთხელ ამ სიტყვით ერთმა ხეპრზე მეზობელმა მოიხსენია, საკადრისი პასუხი გავეცი და მერე მათ ოჯახში ფეხი არ დამიდგამს. მშობელის (ბიოლოგიური დედის) არსებობა მეექვსე კლასში გავიგე და შოკი მივიღე არა იმის გამო, რატომ იმასთან არა ვართქო, არამედ ნატაშა რომ არ იყო ბიოლოგიური დედა ეს მეტკინა. დამსვა და მითხრა, შენი დედა ღირსეული, ულამაზესი, განათლებული, უპატიოსნესი ქალია, არ მიუტოვებიხართ, ჯანმრთელობა შეერყა და იმიტომ არ არის თქვენთანო, მაგრამ მე გამსახურდიებისკენ გახედვა არ მინდოდა. საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ გამზრდელ- ნატაშას და თინა გამსახურდიას. პირზე კოცნით ხვდებოდნენ ერთმანეთს. ის ჩემი შვილების გამზრდელიხარო და გულში იხუტებდა, სულ ასაჩუქრება. ეს აიყვანდა ჩემს და ძმას და იქ, გალში მიუყვანდა ზაფხულობით. მთელი რაიონი გაკვირვებული იყო დედაჩემის-ნატაშას სულგრძელობით, ადამიანურობით, შეგნებით, სიკეთით. ამას დიპლომი არ იძლევა, ან ხარ ასეთი ან არ ხარ. მერე თინა მალე გარდაიცვალა. მახსოვს, როცა ჩვენთან მოვიდნენ ამ ამბის სათქმელად, მე და ჩემი და ჩვეულებრივ ვიჯექით. მალე დედა შემოვიდა, რა ხდებაო? და როცა გაიგო რაც მოხდა, უსისხლოები გვეძახა, დედა გარდაგეცვალათ, ნამდვილი დედა, ხმას როგორ არ იღებთო და თვითონ შეიცხადა, მთელი სოფელი შეყარა. ნატაშა დედამ რაც საჭირო იყო იკისრა გასვენებისთვის ჩვენი სახელით, გამსახურდიებმა კი იუარეს, ამათ დედა არ უყვარდათ და არაფერს მივიღებთო, დედაც გაჯიქდა, მაშინ ბავშვებს არ გამოვუშვებ გასვენებაშიო. მხოლოდ მაშინ დათანხმდნენ, როცა დედა დაიყოლიეს შენც უნდა დაიტირო თინა, შენ ძალიან უყვარდიო. დიახ,დედა გამოგვყვა და ერთად დავიტირეთ. ის რომ მშობელი დედა არ მივიღე ჩემი ბრალი არ არის, გამსახურდიებთან მაქვს პრეტენზია. ეს სხვა თემაა. რომ გიყვარდეს რაღაც უნდა გააკეთო,მათ ამისთვის არაფერი გაუკეთებიათ. როცა დავოჯახდი და სამი შვილი მეყოლა, მითხრა, რამე პრობლემები რომ შეგექმნას არ შეგეშინდეს, მუდამ შენს გვერდით ვიქნები, ბავშვებს გაგაზრდევინებო. ძალიან საიმედო, ჯიგარი ქალი იყო ჩემი დედა-ნატაშა. ტანკს დაუდგებოდა ჩვენი გულისთვის. ყველამ იცის სანათესაო-საახლობლო-სამეზობლომ ოთხი შვილიშვილი გაზარდა (ჩემი ძმის შვლები) რძალი პირველივე დღეს გაუშვა სამუშაოდ. ვეუბნებოდი ხოლმე მესამე თაობას ზრდითქო. მოკლედ ის ასეთი იყო. 
არ მესმის, როცა იშვილებენ ბავშვს და მთელი ცხოვრება კანკალებენ, იტანჯებიან, ვაი, რომ გაიგოს რა გვეშველება, ვინც ეტყვის მოვკლავო და ასე შემდეგ, ეშინიათ, არ გაიქცეს ბავშვი. თუ ბავშვი პატარაა, ვერსად გაიქცევა და თუ უკვე იმ ასაკშია, რომ რაღაც ესმის - უმადურია. რა შუაშია ბიოლოგიური დედა, ვინც გაგზარდა, ვინც სითბო- სიყვარული გაჩუქა, ის მერე როგორ უნდა შეიძულო, რა დააშავა?! მე პირადად ასეთ დედას არ მივიღებდი, ჯერ რომ გააშვილებენ და მერე გაზრდილს ეძებენ. მთავარი გაზრდაა, თორემ უნიტაზში ჩაგდებული, ქუჩაში მიტოვებული და უპატრონო სახლში ჩაბარებული ბავშვები უამრავი ვიცი.ვერ ვიტან ასეთ ":დედებს". სულ სხვაა, როცა ახლობელი, სისხლით ნათესავი აძლევს უშვილო ახლობელს. ოღონდ ერთი შემთხვევისა არ იყოს არ უნდა გადააყოლოს ამ სიკეთეს მერე მთელი ცხოვრება. ახლახან იოგაზე უამრავ ხალხში ერთ ლამაზ ქალბატონს მოვეწონე და მეც სიმპათიით განვეწყვე, დავმეგობრდით ნახვისთანავე და რა გვარი აღმოჩნდა?! ლოჩოშვილი, სიხარულისგან ვცკმუტავდი. მგონი ამით ყველაფერი ვთქვი, შემოგევლეთ, მიყვარხართ ლორჩოშვილებო, ხოლო დედას ცხოვრებას და მის სასიკეთო ქმედებებს მე მოგონებეში თავისი ადგილი მივუჩინე.
P.S. 
 თუ ბავშვს იშვილებთ, მთელი ცხოვრება ნუ კანკალებთ. აჩუქეთ სიყვარული, სითბო და რაღაც ერთი მომენტი თუ დაიბნა, მერწმუნეთ, აზრზე მოვა და დაგიფასებთ სიკეთეს და თუ ასე არ მოხდა, მაშინ ის არც ყოფილა თქვენი ღირსი.




                                                       კოლია ონიანი                                                                            

დიდი ხნის წინ, ჩემთვის ოქროს წლებში, ოჯახი ახლობლის ქორწილში ვიყავით. ქორწილი 600 კაციანი იყო, მე სადღაც ბოლოსკენ ვიჯექი ნათესავებთან. უცებ თამადის ომახიანი ხმა გაისმა "zix hail!" ირგვლივ მსხდომმა სამეგობრომ ომახიანად დაუმოწმა "hail"-ო. გაოცებულმა ვიკითხე ვინ არისთქო? და მიპასუხეს, ეს ცნობილი კოლია ონიანიაო. მე და რამოდენიმე ნათესავმა ახლოს მოვიკალათეთ. მის 
ფიზიკურ გარეგნობას, ენაწყლიანობას, მუსიკალურობას, ცეკვას, ლექსებს მოხიბლულნი უსმენდნენ და უყურებდნენ არა მარტო უფროსი ასაკის მექორწილეები, არამედ მოზარდებიც. მეუღლის ნათესავი, მესტიის პოლიციის თანამშრომელი, შეუვალი, სიმკაცრით ცნობილი ციალა გულედანი ექსპრომტად გალექსა
რას არ ნახავ ჩვენს მხარეში
ოქროსა თუ ციანიდს,
ბავშვს მილიციით აშინებენ
მილიციას ციალათი.
ყოველი სადღეგრძელოს წარმოთქმის წინ ისევ ხელს წევდა ფაშისტური მისალმების ნიშნად და სვანების საპასუხო დაგუგუნების შემდეგ ამბობდა სათქმელს. სიმართლე გითხრათ ყოველი მომდევნო სიტყვის წინ მოუთმენლად ველოდი ხელის აწევას. მერე სუფრა შეზარხოშდა და კითხვები დააყარეს: თქვი ბოლოს და ბოლოს რომელი ქვეყნის აგენტი იყავიო? მე თვითონაც არ ვიცი თავგზა ამებნაო იხუმრა. ჰიტლერმა პირადად რომ დაგაჯილდოვა jelezni krestit ის მაინც მოყევი - ეხვეწებოდნენ ყველა მხრიდან. მან გაიღიმა და მართლაც ამოიღო ჯვარი,თქმით კი არაფერი უთქვამს, იხუმრა, რამოდენიმე ქვეყანა ჩამოთვალა, იქ ამდენი მომისაჯეს აქ ამდენი და ყველა რომ მოვიხადო ორასი წელი მაინც უნდა ვიცოცხლოვო. გავოგნდი, მივუცოცდი მეუღლის მეგობარ ასაკოვან სვან მამაკაცს და ვკითხე, მართალა ჰიტლერმა მისცა ეს ჯვარი თუ ხუმრობსმეთქი. არა, ის დაზვერვაში მსახურობდა, საბჭოთა კავშირს ძლიერი დაზვერვა ჰყავდა, ერთ-ერთი ესეც იყო, გაბედული, ძლიერი პიროვნება. შეაღწია ჰიტლერის გარემოცვაში, ჰიტლერმა მართლა თავის ხელით დააჯილდოვა რკინის ჯვრით. ამის ამბავი საოცრებაა, წიგნი დაიწერება. ისე ძალიან ტრაგიკული პიროვნებაო. რაც იცით მომიყევით მაინტერესებსმეთქი.
- პოლონეთში, ომის დროს ერთი ქალი შეყვარებია, მისგან ვაჟი შეძენია, იმდენი მოუხერხებია, ჩვილი ბავშვი მოუპარავს და ჩემოდნით გადმოუყვანია საზღვარზე. 25 წლის შემდეგ მოუხერხებია დედას შვილის სანახავად ჩამოსვლა. საოცარი ემოციური დღე უნდა ყოფილიყო, ყველანი სულმოუთქმენლად ელოდნენ,მთელი სანათესაო და სამეგობრო ჰყავდა შეყრილი, დიდ ქეიფს აპირებდა, შვილი აეროპორტში წავიდა დასახვედრად და გზაზე ავტოკატასტროფისას დაიღუპა.
- რას ამბობთ! დედა - შვილის შეხვედრა ვერ შედგა?! - ვკითხე აღშფოთებით, სისხლი გამეყინა
- ვერა, უბედური დედა შვილს ვერ აატყავეს თურმე. უბედური კოლია და დედამისი, არ ეწერა თურმე შვილთან ყოფნა - დაამთავრა მოყოლა რეზომ. ხმას ვერ ვიღებდი, ენა ჩამივარდა, რას გაიგებ, ვინ ჩასწვდება უფლის საკვირველებას?! ეს უდავოდ ბედისწერა იყო, მაგრამ ვის რად უნდა ასეთი დაუნდობელი, სასტიკი ბედისწერა? -
გავიფიქრე დამძიმებულმა, კარგა ხანს არაფერი მესმოდა, ირგვლივ მიმოვიხედე, ხალხი პირს ამოძრავებდა, ხომ არ დავყრუვდითქო, შევშინდი და უცებ ყური მომჭრა ომახიანმა "zix hail"-მა
P.S.
ამ დღეებში ახლობლის ორმოცზე ეს ამბავი გაიხსენეს,და მომინდა თქვენთვისაც მეთქვა. სამწუხაროდ ვერაფერი ვერ გავიგე მეტი, არადა აწ გარდაცვლილი კოლია ონიანის ცხოვრება იმდენად საინტერესო იყო, ალბათ მართლა უნდა დაწერილიყო წიგნი. ერთმა სვანმა მითხრა აბა შტირლიცი ვინ იყოვო? რადგან ჰიტლერმა დააჯილდოვა, არანაკლები იქნებოდა უდავოდ. ეჰ, რამდენი უსახელო გმირი გვყავს, დღეს კი მავანნი ბაქი-ბუქობენ საპნებზე და უნიტაზებზე წერენ.