ფიზიკურ გარეგნობას, ენაწყლიანობას, მუსიკალურობას, ცეკვას, ლექსებს მოხიბლულნი უსმენდნენ და უყურებდნენ არა მარტო უფროსი ასაკის მექორწილეები, არამედ მოზარდებიც. მეუღლის ნათესავი, მესტიის პოლიციის თანამშრომელი, შეუვალი, სიმკაცრით ცნობილი ციალა გულედანი ექსპრომტად გალექსა
რას არ ნახავ ჩვენს მხარეში
ოქროსა თუ ციანიდს,
ბავშვს მილიციით აშინებენ
მილიციას ციალათი.
ყოველი სადღეგრძელოს წარმოთქმის წინ ისევ ხელს წევდა ფაშისტური მისალმების ნიშნად და სვანების საპასუხო დაგუგუნების შემდეგ ამბობდა სათქმელს. სიმართლე გითხრათ ყოველი მომდევნო სიტყვის წინ მოუთმენლად ველოდი ხელის აწევას. მერე სუფრა შეზარხოშდა და კითხვები დააყარეს: თქვი ბოლოს და ბოლოს რომელი ქვეყნის აგენტი იყავიო? მე თვითონაც არ ვიცი თავგზა ამებნაო იხუმრა. ჰიტლერმა პირადად რომ დაგაჯილდოვა jelezni krestit ის მაინც მოყევი - ეხვეწებოდნენ ყველა მხრიდან. მან გაიღიმა და მართლაც ამოიღო ჯვარი,თქმით კი არაფერი უთქვამს, იხუმრა, რამოდენიმე ქვეყანა ჩამოთვალა, იქ ამდენი მომისაჯეს აქ ამდენი და ყველა რომ მოვიხადო ორასი წელი მაინც უნდა ვიცოცხლოვო. გავოგნდი, მივუცოცდი მეუღლის მეგობარ ასაკოვან სვან მამაკაცს და ვკითხე, მართალა ჰიტლერმა მისცა ეს ჯვარი თუ ხუმრობსმეთქი. არა, ის დაზვერვაში მსახურობდა, საბჭოთა კავშირს ძლიერი დაზვერვა ჰყავდა, ერთ-ერთი ესეც იყო, გაბედული, ძლიერი პიროვნება. შეაღწია ჰიტლერის გარემოცვაში, ჰიტლერმა მართლა თავის ხელით დააჯილდოვა რკინის ჯვრით. ამის ამბავი საოცრებაა, წიგნი დაიწერება. ისე ძალიან ტრაგიკული პიროვნებაო. რაც იცით მომიყევით მაინტერესებსმეთქი.
- პოლონეთში, ომის დროს ერთი ქალი შეყვარებია, მისგან ვაჟი შეძენია, იმდენი მოუხერხებია, ჩვილი ბავშვი მოუპარავს და ჩემოდნით გადმოუყვანია საზღვარზე. 25 წლის შემდეგ მოუხერხებია დედას შვილის სანახავად ჩამოსვლა. საოცარი ემოციური დღე უნდა ყოფილიყო, ყველანი სულმოუთქმენლად ელოდნენ,მთელი სანათესაო და სამეგობრო ჰყავდა შეყრილი, დიდ ქეიფს აპირებდა, შვილი აეროპორტში წავიდა დასახვედრად და გზაზე ავტოკატასტროფისას დაიღუპა.
- რას ამბობთ! დედა - შვილის შეხვედრა ვერ შედგა?! - ვკითხე აღშფოთებით, სისხლი გამეყინა
- ვერა, უბედური დედა შვილს ვერ აატყავეს თურმე. უბედური კოლია და დედამისი, არ ეწერა თურმე შვილთან ყოფნა - დაამთავრა მოყოლა რეზომ. ხმას ვერ ვიღებდი, ენა ჩამივარდა, რას გაიგებ, ვინ ჩასწვდება უფლის საკვირველებას?! ეს უდავოდ ბედისწერა იყო, მაგრამ ვის რად უნდა ასეთი დაუნდობელი, სასტიკი ბედისწერა? -
გავიფიქრე დამძიმებულმა, კარგა ხანს არაფერი მესმოდა, ირგვლივ მიმოვიხედე, ხალხი პირს ამოძრავებდა, ხომ არ დავყრუვდითქო, შევშინდი და უცებ ყური მომჭრა ომახიანმა "zix hail"-მა
P.S.
ამ დღეებში ახლობლის ორმოცზე ეს ამბავი გაიხსენეს,და მომინდა თქვენთვისაც მეთქვა. სამწუხაროდ ვერაფერი ვერ გავიგე მეტი, არადა აწ გარდაცვლილი კოლია ონიანის ცხოვრება იმდენად საინტერესო იყო, ალბათ მართლა უნდა დაწერილიყო წიგნი. ერთმა სვანმა მითხრა აბა შტირლიცი ვინ იყოვო? რადგან ჰიტლერმა დააჯილდოვა, არანაკლები იქნებოდა უდავოდ. ეჰ, რამდენი უსახელო გმირი გვყავს, დღეს კი მავანნი ბაქი-ბუქობენ საპნებზე და უნიტაზებზე წერენ.



