გაბო მებუტება
გაბო ბაღიდან შინ მომყავს.- ბებო, ბაღში ფისი გავაკეთე!- მომახარა.
- როგორ მოხდა?!-გავიკვირვე მე , რადგან არ შედის ბაღის საპირფარეშოში.
- შენ რომ არ გაგაწუხო იმიტომ!
- მადლობა გაბო, კარგი ბიჭი ხარ! - შინისკენ მომავლებს მეზობლის გოგო ნინუცა და ლაშა შემოგვხვდნენ, მათ ერთმანეთი უყვართ, მაგრამ გაბომ ეს საიდან უნდა იცოდეს?! თუმცა გაბუკას რამე გამოეპარება?!
- ბებო, ეს იმის ცოლია?- მეკითხება ბავშვი.
- არა გაბო!- "გავუიასნე" მე
- ააა, მეგობარია?! - ჩაილაპარაკა და თვალები ღიმილით, ეშმაკურად მოჭუტა. მე მგონი დიდი მუსუსი გაიზრდება ჩემი გაბო.
- დღეს სამჯერ დავაცემინე, ბაღშიც სამი გაცივებული გვყავს, ჩაი დავლიე და გამისუქდა მუცელი!- ჩამომიყაჭა გაბუკამ. საოცარია, ასეთ პატარას გართულება აქვს სიმსუქნეზე, დედამისი ცოტას რომ მოიმატებს შენიშვნას აძლევს, რას გავხარ, რატომ მოიმატეო. მიხარია, რომ ასეთი შენიშვნები ჯერ არ მიმიღია გაბოსგან. საღამოს ბავშვებმა იკამათეს, გაბო დაუოკებელი გახდა, ნამდვილი ხარია, ვერ დავაწყნარეთ, დავტუქსეთ.
ტირილი დაიწყო.
- გაბო, რატომ იქცევი ასე ?- ეკითხება დედამისი
- ბაღელებმა გამაგიჟეს და იმიტომ ვიქცევი ასე, ახლა გამახსენდა, თქვენ კიდევ მაბრაზებთ, გვიან დავიძინებ და გაგაწვალებთ!- დაგვემუქრა გაბო. მეც დავტუქსე, არ იქცევი კარგადთქო.
- შენთან არ დავწვები ამაღამ!- გაგულისდა უზომოდ გაბო.
- არც მე, არ მიყვარხარ!- არ ვეპუები მეც.
- საერთოდ არ დავწვები შენთან, სულ არასოდეს, არავინ არ დაწვება შენთან!
- ძალიანაც კარგი, თავისუფლად დავიძინებ!- არ ვიხევ უკან, მაგრამ გული ცუდად მაქვს, გაბოსთან გაბუტვა მიჭირს, ერთი სული მაქვს შევურიგდე. გაბო გაბუსული მიყურებს, მასაც უჭირს, მაგრამ იხტიბარს არ იტეხს. ორივენი ველოდებით პირველი ვინ გატყდება.
- ბებო, ბოდიში! - მომმართა ცოტა ხანში დივანზე წამოწოლილმა გაბომ და ქვეშიდან ამომხედა. არაფერი ვუპასუხე, ოთახიდან გავედი. ცოტა ხანში ვნახე დაღლილს ჩასძინებოდა დივანზე. გული მეტკინა, ისე ჩაიძინა შერიგება ვერ მოვასწარითქო. დედამისმა გახდა დაუწყო. ნახევრადმძინარემ დედამისს მიმართა ბებოსთან დამაწვინეო.ცას ვეწიე სიხარულით.ჩავაწვინეთ, თვალები გაახილა.
- მოდი უნდა ჩაგეხუტო, გაკოცო ბებო, მიყვარხარ!- მითხრა მძინარემ, მინაბული ხმით.
გვერდით მივუჯექი, ტირილამდე ცოტა მაკლდა. გამიღიმა, ახლა წადი ტელევიზორს უყურეო და დამითხოვა. აი, ასეთი ერთგული,
მოსიყვარულე, შეგნებული, უღალატო კაცია ჩემი გაბო.