Sunday, November 30, 2014

       

                                                 სკოლის დამლაგებელი

             "სერიოზულ საქმეებში ადამიანები წარმოგვიდგებიან ისეთებად, როგორიც უნდა იყვნენ ისინი, წვრილმან საქმეებში კი- როგორებიც არიან."   გარკვეულ სიტუაციაში მოქმედების დროს ადამიანები კარგად მჟღავნდებიან და ეს ზოგადი ხასიათის დასკვნების გამოტანის საშუალებას ქმნის.
ფოთში მანჩო ერთერთმა მასწავლებელმა აითვალწუნა,  სოხუმელი ხარ და ფოთში ვერ "იბლატავებო,''  ეს სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდა. მანჩო არ თმობდა, არც მის გაკვეთილებს ესწრებოდა, ვანანებ ამ სიტყვებსო. მე და მამამისი შეწუხებული დავრბოდით წარამარა სკოლაში. დაველაპარაკე მასწავლებელს  და მივხვდი, რომ ჩემი შვილი მართალი იყო. პედაგოგ მამაკაცს არაფერი კაცური არ ეცხო, გამაოგნა მისმა ბილწსიტყვაობამ და უტაქტობამ, მშობელთან როგორ ელაპარაკა ისიც არ იცოდა, ქალს "მებლატავებოდა." მოკლედ ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ იმ ვაი მასწავლებელმა ბოდიში მოიხადა.( მახსოვს მაშინ ქურდული სამყაროც ჩაერია,მაგის არაკაცობა ყველამ იცის და  ვანახებთ ფოთი ვისია, საერთოდ გავასახლებთ ქალაქიდანო, მაგრამ მანჩომ არ დაანება შეურაცხყოფა მიეყენებინათ, ან ფიზიკურად გასწორებოდნენ). ერთ დღესაც ჩვეულებრივ მივაკითხე სკოლას, შინ  მომავალ დედა-შვილს კიბეებზე ვიღაც  ასაკოვანი ქალი დაგვეწია.
- შვილო ეს ბიჭი თქვენი ვინ არის?- მეკითხება გაფართოებული თვალებით. გულმა რეჩხი მიყო, კიდევ რაიმე უსიამოვნება ხომ არ მოხდათქო.
- ჩემი ვაჟია ქალბატონო, რამე ხომ არ გაწყენინათ?
-ეს რა ბიჭი გაგიზრდია შვილო! ორმოცდაათი წელია ამ სკოლის დამლაგებლად ვმუშაობ, დავბერდი ქალი და ასეთი რამე ჩემთვის არავის გაუკეთებია, შევებრალე და მთელი სკოლის ნაგავი გამატანინა!-ამას იმეორებდა აღფრთოვანებული წარამარა და თავს ლამის მიწას ურტყამდა. შვებით ამოვისუნთქე, მანჩოს ჩავეკარი, მაგარი ხართქო.
მაკვირვებდა პატარაობიდანვე მისი საოცრად თავმდაბალი დამყოლი თვისება და ამავ დროს უკიდურესი თავმოყვარეობა, მიკვირდა, როგორ ათავსებდა ამ თვისებებს ერთმანეთთან, არ მახსოვს სუსტი დაეჩაგროს. მის ხასიათში იყო განივთებული მეგრელისა და სვანის ყველაზე საუკეთესო თვისებები. სვანის სიდარბაისლე და მეგრული სიპეწე. ის ამაყობდა რომ სვანი იყო.  ყველა ვარსკვლავი არ სწყდება ცას, ცის მარადიული ბინადარნი ხანდახან გაიელვებენ, მოგვიახლოვდებიან, განგვაციფრებენ, მოგვხიბლავენ და ისევ ცას უბრუნდებიან. იკიაფე ლამაზო, ჩაუქრობელო ვარსკვლავო, შენ არასოდეს ჩაქრები.
   ღამით მოველი საოცარ სიზმრებს,
 იქნებ ბავშვობა დაბრუნდეს შენი,
 ჩუმად შემოდი, ჩემო ბიჭო,
  მითხარ:
მოვედი!
და ნურასოდეს, ნურასოდეს ნუ მიმატოვებ!



Saturday, November 29, 2014



                                                      გუჯიკო

მეოცნებე და ცნობისმოყვარე  გუჯას უამრავი კითხვა აწუხებს, აი ისინი:
-  მილიონი წლის წინ თუ აფეთქება მოხდა, მანამდე რა იყო ბებო, ვინ შექმნა სამყარო? თუ ღმერთმა-  მაშინ ამიხსენი ღმერთი რა არის და სად არის? არის თუ არა სხვა პლანეტებზე სიცოცხლე?
- გუჯი ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხი მე კი არა მეცნიერებს არა აქვთ!- ვპასუხობ მე. როცა ღამით გუჯას დავხედავ და მის ფართოდ გახელილ, მაფიქრალ, სევდიან თვალებს შევხედავ, გული მეწურება.
-დაიძინე გუჯიკო!
-არ მეძინება ბებო, რატომ შემოდის ამდენი ფიქრი?
- ფიქრები ისრებივით შემოდის, შენ უნდა აიცილო!
-არ მინდა, მაგრამ რა ვქნა, მაწუხებს ფიქრები, ბებო შენ და ბაბუამ სად გაიცანით ერთმანეთი, გიყვარდა?
- ბაბუაშენი ჩემი ლექტორი იყო, დანარჩენს  სხვა დროს მოგიყვები, ახლა დაიძინე!
 - ლექტორი, ანუ გასწავლიდა?-დაადგინა გუჯამ.- მაშინ ის მითხარი მამას ვინ ამეცადინებდა?
- შენს მამიკოს ვინ ამეცადინებდა არ ვიცი!
- თუმცა ის ხომ პატარა იყო, როცა დედა და მამა მოუკვდა, მისი დებიც სწავლობდნენ და როგორ ამეცადინებდნენ?!- დაასკვნა თავად გუჯიკომ- შენ ძალიან ლამაზი იყავი ხომ?
- ახლა არ ვარ ლამაზი?- ვეუბნები ღიმილით
- კი, მაგრამ  იმ სურათებზე ჩარჩოში რომ არის ძალიან ლამაზი ხარ! მანჩო ძია რომ არ მომკვდარიყო ბაბუაც არ მოკვდებოდა ხომ ბებო, ინერვიულა და ავადმყოფობა გაუჩნდა?!
- ჰო, გუჯიკო ასეა!- მერე დედამისს მიუბრუნდა და ეკითხება
-დე, შენ და მამამ როდის იკამათეთ პირველად?
- ქორწინების პირველ დღეს!- პასუხობს ლელა
-რაა, ქორწილის პირველ დღეს?- არშფოთებას ვერ მალავს გუჯა- რატომ იმ დღესვე არ დასცილდი?! - ამდენი დარდისთვის არ მემეტება, არ მინდა ყველაფერს ასე ჩაუღრმავდეს. 
- გუჯა, გეყოფა ამდენი კითხვები, დაიძინე,  ასეთ კირკიტას  ცოლი რომ აღარ გაგიჩერდეს რაღა ვქნათ?
- საერთოდ არ შევირთავ ცოლს ბატონო, რა დამაძინებს, არ მაძინებს ეს ფიქრები!
ასეთ და სხვა უამრავ კითხვებს გვისვამს  გუჯიკო ყოველდღე. ჩვენ კი მის ცნობისმოყვარეობას ხან ვაკმაყოფილებთ, ხან ვერა,  რაზეც ბუზღუნებს ხოლმე. მიყვარს ცნობისმოყვარე,ჭკვიანი, ბუზღუნა, მაფიქრალი, მეოცნებე, კოსმოსზე შეყვარებული, ჩემი ცენზურა.


Monday, November 24, 2014

   მადლიერი მეზობელი
"არც ყველა ქვირთს უწერია თევზად გახდომა, არც რკო ყოველი გამხდარა მუხა!" როცა ადამიანს თავისი უპირატესობა და სიმართლე უყოყმანოდ სწამს, მაშინ მისი ყოველი ქმედება გაბედულია.
ერთ ზაფხულის საღამოს შინ ვსაქმიანობდი, კარზე ვიღაცის გაბმული ზარი გაისმა, კარები გავაღე და უზომოდ აღელვებულ და გახარებულ, მეზობელ, ეთერ ქაჯაიას შემოვუძეხი ოთახში. ეთერი ჩვენი ოჯახის უახლოესი მეგობარი, აფხაზეთის გამოჩენილი  ინტელიგენციის წარმომადგენელი,  დოცენტი, ჩემი კათედრის გამგეც  იყო.
- თამრი, მადლობა უნდა გითხრათ, სად არის მანულა? (მანჩოს მოფერებით მანულას ეძახდა).
- მანჩო სკოლის ეზოში კალათბურთს თამაშობს, რა მოხდა, რისთვის იხდი მადლობას ეთო?- ვკითხე გაკვირვებულმა.
- თამრი, რა კაცი გვეზრდება, რა გაუბედია, მანქანა გადაგვირჩინა ოჯახს, წარმოგიდგენია?!
- ეს როგორ ეთო, როდის მოხდა?
- გუშინ, ბავშვები ეზოში თამაშობდნენ თურმე, ვიღაც ორ ქურდს ჩვენი მანქანის კარი გაუღია და უნდა დაექოქათ, მანჩო მიმხვდარა ყველაფერს, მივარდნილა და გადმოუსვია, როგორ მოახერხა, წარმოდგენა არ მაქვს, მაგას შემოვევლე, ან როგორ გაბედა თორმეტი წლის ბიჭმა ასეთი მოქმედება, გაოგნებული ვარ- - ჩამომირაკრაკა ეთერიმ. მეც გავოგნდი, მაგრამ მაინც და მაინც გამიკვირდაო არა, ის დაბადებიდან უშიშარი და რაინდი იყო.
- თამრი, არაფერი მოუყოლია?- დამეკითხა ჩაფიქრებულს ეთერი - ან როგორ დაემორჩილნენ ის ოხრები?
- არა, ეთო, არაფერი მოუყოლია, მისგან მსგავს საქციელებს სხვებისგან ვგებულობთ, არჩვევია შინ ასეთი ამბების მოყოლა.
- კარგი ახლა წავალ, მერე მოვალ მოგვიანებით ვნახავ,მაგას შემოვევლე! 
  საღამოს, მანჩო როცა შინ მობრუნდა, შევეკითხე მომხდარის შესახებ, რატომ არაფერი გვითხარი, ან როგორ გაბედეთქო?
- დე, არაფერი იყო მოსაყოლი, და როცა მართალი ხარ საშიშიც არაფერია
- ამისთანა რა უთხარი იმ ქურდებს, რომ გადმოყარე, რით შეაშინე?- დავეკითხე გაკვირვებულმა
- რა უნდა მეთქვა, მანქანა ჩემი ახლობლის არის და გადმოდითმეთქი, მეტი არაფერი! - მიპასუხა ღიმილით. ჩავეკონე, რა უნდა მეთქვა,მსგავსი არაფერი გაბედოთქო?!

მე მისთვის დავრჩი, რომ ხსოვნას შენსას
სიკვდილის ხელი არ მივაკარო,
ცოტა ხანს დავრჩე, როგორც ჭურჭელი,
ადაც შენ კიდევ ხარ შენახული."






Tuesday, November 18, 2014

                      

                                 წერილის მოლოდინში

ყოველი კაცი წინაპართა ბოლო წერტილია და ეს წერტილი ისე უნდა დაისვას, რომ კარგად დააჩნდეს. ჩვენი ცხოვრება ის დღეები როდია, რომელიც გადის, არამედ ისინი, რომლებიც გვამახსოვრდება და დაგვამახსოვრდება მაშინ თუ სიყვარულით ვიცხოვრებთ.      
 აფხაზეთის ცნობილი მოვლენების შემდეგ პირველი ხანები ფოთში დავბინავდით. ფოთში იმხანად ინგლისური ენის მოსამზადებელი ჯგუფი შეიქმნა მთელი ქლაქის მაშტაბით, გამარჯვებულებს ამერიკის შეერთებულ შტატებში უშვებდნენ სასწავლებლად. დაფინანსება მხოლოდ ფოთში მაცხოვრებელ მოსწავლეებზე ხორციელდებოდა. ჩვენი თხოვნით და ძალისხმევით ლელა და მარინა მაინც ჩავარიცხინეთ ჯგუფში.  მარინამ საუკეთესო ქულები დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა.  (სხვათაშორის პირველი და მეორე ადგილი სოხუმელებმა გაინაწილეს). რა თქმა უნდა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ბავშვს შრომა წყალში არ ჩაჰყროდა, ყველა შევაწუხეთ, მადლობა მაშინდელ რწმუნებულს, რომან მელიას, რომ გამონაკლისის სახით ორივე სოხუმელი გამარჯვებული  დააფინანსა, უფრო მეტიც, მითხრეს ლელასაც ასეთი ქულები რომ აეღო იმასაც დავაფინანსებდითო. მოკლედ უფინანსობაში, დევნილის სტატუსით სულში ჩაფურთხებულმა,  დათრგუნულმა ოჯახმა მაინც მოვახერხეთ მატა ამერიკაში გაგვეშვა. ჩვენ კი იმ ცნობილი ხელმოწერის იმედად ისევ მივბრუნდით სოხუმში და  ყველას კარგად მოეხსენება იქ მიტყუებულებმა რა გამოვიარეთ. ჭუბერის გზით ძლივს გამოვაღწიეთ  და ოჯახი ორმაგად განადგურებული და დამცირებული თბილისში ჩამოვედით. ჩვენთვის ნათელი წერტილი და სიხარული მარინას წარმატებული სწავლა  და ის მადლობები იყო,  რომლებსაც იქედან ვგებულობდით. ერთ დღეს ჯგუფის ხელმძღვანელმა დაგვირეკა და მოგვახარა, ბავშვმა წერილი გამოატანა ერთ ამერიკელს, რომელსაც მისამართი მივეცი და მოგიტანთო. ინფორმაციებს მხოლოდ ჯგუფის ხელმძღვანელს აწვდიდნენ. უზომოდ გავიხარეთ, მაგრამ ის უცხოელი არადა არ ჩანდა. მისამართი არც ხელმძღვანელმა იცოდა.  ერთ დილით მანჩო მეუბნება დღეს უნდა მოვნახო ის კაციო. გამეცინა
- დე, ამხელა ქალაქში რანაირად უნდა მონახო!  -  მივმართე იმედგაცრუებულმა. პასუხი არ გაუცია ისე გავიდა შინიდან. საღამოს მოვიდა თვალებანთებული და ქაღალდი მომაწოდა, სადაც იმ ამერიკელის მისამართი ეწერა. გავოგნდი, როგორ მიაგენითქო.
- მივაგენი დე, რუსთაველზე გავედი, ცოტა ტვინი  გავანძრიე მივდექ-მოვდექი და მეტი  არაფერი, მივადექი, ბევრი ვეხვეწე იმ ამერიკელს, მაგრამ წერილი მაინც არ გამომატანა, დედაშენს უნდა გადავცეო, ბლოკნოტში იყურებოდა თუ როდის უნდა გადმოეცა ჩვენთვის წერილი, ხომ იცი ეს უცხოელები, სხვანაირადა აქვთ ტვინი მომართული! - თქვა გულდაწყვეტით.
- ახლავე წავალთ მე და ლელა  ჩემო ჭკუის კოლოფო!- მივმართე და ვაკოცე.
- დე, ერთი თხოვნა მაქვს, წერილი უჩემოდ არ გახსნათ, აქ მოიტანეთ და ერთად წავიკითხოთ!- შევპირდი  და  გავიქეცით, მივადექით იმ ამერიკელს, რომელსაც მგონი წერილის მოტანა არც იმ კვირაში ჰქონდა დაგეგმილი. ერთი კია, ვერ მოვითმინეთ, გავხსენით და  სულმოუთმენლად წავიკითხეთ, სურათებიც დავათვალიერეთ. სახლში მანჩომ გულდაწყვეტით, ლამის თვალცრემლიანმა მითხრა, რატომ წაიკითხეთ უჩემოდო. საოცრად ვაჟკაცურს და უშიშარს ჩვილი გული ჰქონდა. აი მისი ერთ-ერთი საყვარელი ფრაზა მისი უბის წიგნაკიდან: "დის გული სიწმინდის ალმასია, სინაზის უძირო ზღვა!" უზომოდ უყვარდა თავისი დები,  ეს საერთო სიხარული და ინფორმაცია, რომელიც მატასგან მოდიოდა,  ერთად უნდოდა გაგვეზიარებინა  მე კი...დღესაც ვერ ვპატიობ ჩემს თავს და გული მეწურება, რომ სიტყვა გავტეხე... გული ვატკინე... ხოლო თუ როგორ მიაგნო იმ კაცს არაფრით არ გვითხრა. უყვარდა ასეთი სიურპრიზები მანჩოს. ის ამერიკელი კი შემდეგ რესტორანში დავპატიჟეთ და კარგად ვაქეიფეთ. აღფრთოვანდა ჩვენი ოჯახით, მანჩოს სიმღერით, ლელას ცეკვით და საერთოდ ჩვენი სტუმარმოყვარეობით, რა ლამაზი ოჯახი გქონიათ, მანჩო რა ბიჭი გყოლიათო და მანჩოს ბოდიში მოუხადა წერილი ვერ გაგატანე,   ვერ გენდეო, მაგრამ მანჩო მაინც  მწყრალად უყურებდა.
   ზოგი ფოთოლი ერთბაშად დაენარცხება ნეშომპალას, ზოგი კი ლამაზად მიფრინავს მარადისობისაკენ. მანჩო სპეტაკ სამოსელზე მიბნეული ძოწივით ბრწყინავდა, ყველას მზერას რომ იტაცებს. მის   მიერ ნაჩუქარი ჩვიდმეტი გაზაფხული კი ისე კაშკაშებს, რომ არასოდეს გაფერმკრთალდება.
 "დამეთანხმებით რომ სიცოცხლე დიდი განძია,
და რომ ეს განძი ვერც ამოვხსნით რატომ გვაჩუქეს,
 ამის ამოხსნა შორს სცილდება ჩვენს ფანტაზიას,
ღმერთსაც რომ ჰკითხო, ნაღდად ღმერთიც ვერ გვიპასუხებს.
თუკი მოვდივართ არაფრიდან რაღას გვაწუხებს,
ისევ გადასვლა არაფერში ლიწინ-ლიწინით,
როდის იქნება, რა აზრი აქვს, უნდა დასრულდეს,
 უნდა დასრულდეს ყოველივე მაინც სიკვდილით.
 იცი, სიცოცხლე ეს ლამაზი მელოდიაა, 
ანუ ხანმოკლე მიწიერი არდადეგები!"
                                                  (თამაზ მეტრეველი)



Saturday, November 15, 2014

                                                     გაბოს ნეროზი აქვს

  საღამოა, ლელა თმას იღებავს. გაბოს ეს არ მოსწონს, თამაში უნდა.
- რატომ იღებავს დედა თმებს, რომ შეუყვარდეს?!- მომმართა გაბომ
- არა გაბო, იმიტომ იღებავს რომ ლამაზი იყოს!
- რა, ახლა არ არის ლამაზი?! - თქვა უკმაყოფილოდ ატირებულმა გაბომ.
- რა გატირებს? წამო დავიძინოთ!- მოვეფერე მე
- შენ მაინც ჩამეხუტე, ან ლალი მოვიდეს, სად არის დღეს ლალი, რატომ არ ჩამოდის? დედა არ მეხუტებადა!
- რა გჭირს გაბუკა?
- ცუდ ხასიათზე ვარ, ვერ ვიძინებ!
- იქნებ არ გეძინება და იმიტომ?
- კი, მეძინება, შენ ვერ გაიგე, მეძინება, მაგრამ ვერ ვიძინებ, ღამე მერე ისევ ვიღვიძებ, რომ ვიძინებ!
- ვერ გავიგე გაბო, რა გჭირს?
- ბებო, ვერ ვიძინებ, ნეროზი მაქვს!





Saturday, November 8, 2014

                           კაცობა   ასაკით არ იზომება            

ასაკი იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის თითქოსდა გარკვეულწილად ადამიანის განვითარების დონის მანიშნებელია, მაგრამ მხოლოდ მანიშნებელი და არა განმსაზღვრელი.
დროის მცნება ფრიად სხვაგვარად შეიძლება გავიგოთ. ადამიანი, რომელსაც ხანგძლივი სიცოცხლე ელის, დროს არავითარ ყურადღებას არ აქცევს, იგი ფიქრობს, რომ მის წინ მთელი მარადისობაა, ხოლო შემდეგ, როდესაც აჯამებს, ან ანგარიშობს, სინამდვილეში რამდენი იცხოვრა, აღმოჩნდება რომ სულ რაღაც რამდენიმე დღეს, ანდა რამდენიმე კვირას უცხოვრია. თუ ეს შეითვისე, მაშინ ორი-სამი კვირა, ან ორი-სამი თვე შეიძლება შენთვის იმდენივეს ნიშნავდეს, რამდენიც სხვისთვის მთელი ცხოვრება.
ეს სურათი 1993 წელს ფოთშია გადაღებული. აფხაზეთის ომის პირველ წელს სწორედ
 ფოთს შევაფარეთ თავი. ამ სურათმა ერთი ღიმილისმომგვრელი ამბავი გამახსენა. ფოთმა ძალიან თბილად მიგვიღო, უამრავი ნაცნობ-მეგობრები შევიძინეთ, რომლებთანაც დღესაც გვაქვს ურთიერთობა. მანჩო მაშინ თოთხმეტი წლის იყო.  ლელას  ერთი  ბიჭი გადაეკიდა, ლანდივით ყველგან დასდევდა და მოტაცებით ემუქრებოდა. ლელა დამფრთხალი დადიოდა. არ მინდოდა ეს ამბავი მამაკაცებს გაეგოთ და ვცდილობდი შეძლებისდაგვარად მარტოს არ ევლო, თან  დავყვებოდი. თუმცა ის ახალგაზრდა არც მე შემეპუა. ერთ დღეს ქუჩაში მიმავლებს  თავისი მანქანით წინ გადაგვიდგა,  ძალიან კარგი გოგონა გყავთ, მეათე კლასელი, არც თუ ისე პატარაა, მოვიტაცებო. მე მკაცრად მივმართე, თქვენი ასეთი თავხედობა მაიძულებს, რომ  ეს ამბავი მის ძმას და მამას გავაგებინოთქო. არავისი მეშინია, ვისაც გინდათ გააგებინეთო. აღმაშფოთა მისმა უტიფრობამ და შინ მისულმა გუჯას და მანჩოს ყველაფერი მოვუყევი. გუჯა პანიკიორი იყო და წამოენთო, ახლავე ვნახავ ჩემს მეგობრებს, იმ ბიჭს მოვნახავთ, ჭკუას ვასწავლიო და გარეთ გავარდა. მანჩოს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ რაღაც კითხვები დაუსვა ლელას და საყვედურით მიმართა, აქამდე რატომ არაფერი მითხარიო. ჩვენ იმ ბიჭის არა თუ გვარი სახელიც არ ვიცოდით.  საღამოს გუჯა მოვიდა, ბიჭებს ველაპარაკე და ნახავენ, ლელამ ფეხი არსად გაადგასო. მანჩოს გაეცინა.
- გუჯა რა ჰქენი ამისთანა ასე კარგად რომ მოგიგვარებია საქმე?!- ღიმილნარევი ირონიით წარმოთქვა და სახლიდან გავიდა.  ორ- სამ საათში მობრუნდა, ოთახში გაიარ-გამოიარა, სამზარეულოში წყალი დალია, ცოტა ხანი ჩუმად იყო, თითქოს შეგნებულად აჭიანურებდა სათქმელს, ჩვენ მოუთმენლად ველოდით რას იტყოდა.
- ცოტა მშიშარა ყოფილა შენი თაყვანისმცემელი ექიმი, სადაც გინდა იქ იარე, იცეკვე და იმღერე,  სალტოებიც აკეთე რამდენიც გინდა, მას შენს სიახლოვეს ვერ ნახავ! - მიმართა ლელას სიყვარულით და სიცილით. (ლელა მაშინ ცეკვასთან ერთად ტანვარჯიშით იყო გატაცებული, მანჩო ეხუმრებოდა ხოლმე რა დროის შენი სალტოებიაო)  გუჯას გაუკვირდა, სად იპოვე ის ბიჭი ასე უცებ და რა პირობა დაადებინეო. 
- გუჯა, ვინც ეძებს ის პოულობს, ვიპოვე და რაც საჭირო იყო  ვუთხარი, აბა თუ ლელას შინ ჩავკეტავთ, ეს რა საქმის მოგვარებაა! "ფრაერ,  ტოლსტი ფრაერ!" - ჩაილაპარაკა თავისი საყვარელი ფრაზა მანჩომ და დივანზე ჩუმად მოკალათდა. ფოთი პატარა ქალაქია, ახლაც მაინტერესებს რა უთხრა ან რითი შეაშინა თოთხმეტი წლის ბიჭმა ზრდასრული, ოცდარვა წლის ექიმი, რომ იმ დღის შემდეგ ლელას "გულადი" თაყვანისმცემელი თვალითაც არ გვინახავს, თითქოს აორთქლდა ქალაქიდანო.
  მანჩოს ასეთი საქციელები პირველი არ იყო, ის ცხრა- ათი წლის ასაკშიც აოცებდა ყველას  თავისი კაცური ქმედებებით. სიტყვაძუნწს კი კითხვაზე, თუ როგორ ახერხებდა ამას, პასუხს იუმორით იძლეოდა,  ჭკუა და ლოგიკა უნდა მაგასო.  მან თავის კუთვნილ ჩვიდმეტ წელიწადში მთელი საუკუნე ჩაატია.  ხმამაღალი არ იქნება ვთქვა, რომ კაცად დაიბადა და კაცად გავიდა ზეციურში. მე იმ ლამაზი ჩვიდმეტი წლის სიყვარულის შარბათიც მეყოფა მოსაგონრად.
ჩუმად მოდი და ხელი მომხვიე,
როგორ გეხვევა დარდი ერთგული,
და ნუ დამტოვებ- თორემ
შეშლილი ამაოება
წამლეკავს ძლიერ ზვირთთა თარეშით.





Tuesday, November 4, 2014

                                                        peteri

                                            ყოველი დღე პატარა ცხოვრებაა

  1975 წელი

მესამე კურსის სტუდენტი ვარ, ჩემი ცხოვრების ოქროს წლებია.
ზამთრის არდადეგებზე  ჩვეულებრივ  თბილისს მივაშურე. ჩემთვის ყველაფერი  ლამაზი და კარგი თბილისთან ასოცირდებოდა.  იქ მელოდა  სამი მამიდის უსაზღვრო  სითბო და სიყვარული, მელოდა უამრავი  ნათესავისა  და ახლობელ-მეგობრების  ღიმილი და კეთილგანწყობა, მელოდა  თაყვანისმცემლების გადაჭარბებული , მაგრამ სასიამოვნო ყურადღება, მელოდა თეატრები  და კინოთეატრები მრავალჯერ ნანახი  თუ უნახავი ფილმებით, სპექტაკლებით,  თუ საცირკო წარმოდგენებით, ერთი სიტყვით  მე დედაქალაქი მელოდა  მთელი თავისი სიდიადით. ექსკურსიებს თუ „კულტპახოდებს“  მამიდაშვილი, მარინა, მიგვარებდა. ის ყველა წარმოდგენაზე წინასწარ მახვედრებდა  ბილეთებს. რაც არ უნდა დიდხანს  გაგრძელებულიყო ჩემი ვიზიტი  დედაქალაქში, დრო მაინც არ მყოფნიდა, სულიერად ავსებული ვბრუნდებოდი, მაგრამ  უკმარისობის გრძნობა არ მტოვებდა, მიჭირდა თბილისის დატოვება.
   აი, ერთ დილით, შინიდან გამოვედით მე და ჩემი ორი მამიდაშვილი: ირინა და როზა.  ეს დღე ცირკისთვის უნდა დამეთმო.  წინდღის  თოვას დედაქალაქი საპატარძლოდ შეემოსა. თოვლით დაფარულ არე-მარეს  მზე მეტ  ბრწყინვალებას და ხიბლს მატებდა. ასეთ ამინდში ფეხით გავლა ვამჯობინეთ და გზადაგზა  შემხვედრ მაღაზიებსაც არ ვტოვებდით შეუსვლელად. ტანზე  შემოტმასნილი, დეკოლტირებული, მოკლე კაბა მეცვა, ქურქი  გახსნილი,  ფეხზე, მაღალყელიანი,  მაღალ პლატფორმაზე ჩექმით, შავი, გრძელი, ჩამოყრილი თმებით ამაყად მივაბიჯებდი დედაქალაქის  ქუჩებში. ირგვლივ გამვლელ- გამოვლელები თვალს მაყოლებდნენ და ეს მე არ მიკვირდა, თვითონაც ვიცოდი, რომ კარგ ფორმაში ვიყავი. მალე  შევამჩნიეთ, რომ სამი უცხოელი ბიჭი ფეხდაფეხ  დაგვყვებოდა.
-  მე მგონი   ესენი შენ დაგსდევენ!-  აღნიშნა ირინამ  ირონიული ღიმილით,
-  რატომ გადაწყვიტე, რომ მაინცდამაინც ჩემი პერსონით არიან დაინტერესებულნი,  იქნება და შენ მოეწონე რომელიმეს?!- მივუგე ირინას.
-  მაღაზიაში შევამჩნიე,  სამივე შენ მოგჩერებოდა  და რაღაცას საუბრობდნენ!- მომიბრუნდა ირინა სერიოზულად.  როცა ცირკის ბილეთების ასაღებად რიგი მოვიკავეთ იქაც ჩვენს უკან აღმოჩდნენ.
-  თამრი, ირინა მართალია, ეგენი მართლაც შენს გამო აგვედევნენ დღეს ლანდივით, ნახე, ის  ლამაზი ბიჭი  როგორ მოგჩერებია!- მითხრა როზამ.  გავიხედე, მართლაც იმ სამში ყველაზე გამორჩეული, მაღალი, ათლეტური აღნაგობის, ლამაზი ბიჭი ღიმილით აპარაებდა ჩემსკენ თვალებს. შევხედე, თვალი  თვალს მოხვდა  და ორივეს მორცხვად გაგვეღიმა. საღამოს, წარმოდგენაზე მისულებს, უკვე არც გაგვკვირვებია, რომ უცხოელი  "ნაცნობები" ჩვენს გვერდით  ვიხილეთ.
-  ნახე როგორ მოუხერხებიათ ჩვენს გვერდით ბილეთების აღება! - შენიშნა ირინამ
 წარმოდგენის დამთავრების შემდეგ ქუჩაში , ტრანსპორტის მოლოდინში მდგარნი,   ბიჭების  ალყაში მოვხვდით.  ალყის გარღვევა ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ, ცოტა არ იყოს შემეშინდა.
-         რა ხდება?  რას ნიშნავს თქვენი საქციელი?- მკაცრად მივმართე მე.
-           გთხოვთ, მოგვისმინოთ, არაფერს დაგიშავებთ, არ შეშინდეთ! -  აქტიურობდა ერთი ქართველი, - ესენი  ჩვენი  სტუმრები, ბულგარელი მოჭიდავეები არიან, ჩვენ ყველანი მათი თხოვნით მოვედით. აი პეტერს  თქვენ ძალიან მოეწონეთ, ამბობს ერთი ნახვით შემიყვარდაო, მთელი დღე დაგდევდათ თურმე!- და ხელი სწორედ იმ ლამაზი  ყმაწვილისკენ გაიშვირა.  პეტერს შევხედე, დარცხვენილი, სახეალეწილი მიყურებდა.
-  დაიკო, ნუ გვიწყენთ,  მისი თხოვნით მოვედით, იქნება შემახვედროთო, სერიოზული ახალგაზრდაა!- ჩაერთო საუბარში მეორე ქართველი.
-           დიახ, თქვენ მას ძალიან მოსწონხართ, არა უყვარხართ!  - დამტვრეული რუსულით მომმართა ერთ-ერთმა ბულგარელმა.
- რაა, როდის შევუყვარდი,  ჰკითხეთ ერთი?! - და გულიანად გადავიხარხარე.  ყველა რაღაცას მიხსნიდა, მხოლოდ ის იდგა უთქმელად, დარცხვენილი და აფორიაქებული.
-          და, მე რა უნდა ვქნა,  შინ არ უნდა გამიშვათ?!- მივმართე ყველას მწყრალად.
-           როგორ არა, ოღონდ პირობა მოგვეცით, რომ ხვალ  რვა საათზე სპორტის სასახლეში მოხვალთ, პეტერს შეჯიბრი აქვს, სამბისტია, მას ძალიან უნდა რომ უგულშემატკივროთ!
-          რომ არ მოგატყუოთ, ხვალ არ მცალია,მუსკომედიაში მივდივარ, წარმოდგენა  ცხრა საათზე იწყება, ვერ მოვასწრებ!
-           არა, დაიკო, უარს ნუ გვეტყვით, ჩვენ პეტერს შევპირდით, რომ შეხვედრაზე  დაგითანხმებდით, სტუმრებს არ გვინდა გული დავწყვიტოთ! -  მომმართა ახლა მესამემ. რაღაცის თქმა დავაპირე... უცებ  პეტერი  მუდარის სავსე თვალებით მომიახლოვდა და ძლივს გასაგები რუსულით  მთხოვა მივსულიყავი. მართლაც საოცრად სიმპათიური იყო, მის ალეწილ სახეს და დაჟინებულ მზერას ვერ გავუძელი, თავი დავხარე.
-           კარგით, პირობას გაძლევთ  რომ მოვალ,  ოღონდაც  დროზე გაგვიშვით!- მივმართე ყველაზე აქტიურს.
-         დედას გაფიცებთ, ოღონდ არ მოიტყუოთ, ცოდოა ბიჭი, ასეთი არაფერი დამმართნიაო!- მუდარით მომმართა ერთ-ერთმა.
-          ნამდვილად მოვალ!
მათ  როგორც კი პირობა ჩამომართვეს, ტაქსი გაგვიჩერეს, ფული გადაგვიხადეს და ხელის ქნევით გამოგვემშვიდობნენ, თან მოგვძახოდნენ აუცილებლად გელოდებითო.
-         წავიდეთ ხვალ, ცოდვები არიან, მართლაც კარგი ბიჭი ჩანს, არ მითხრა ახლა არ მომეწონაო?!- მომმართა გზაზე ირინამ.
-         კი ძალიან მომეწონა, მაგრამ რა აზრი აქვს, ის ოთხ დღეში მიემგზავრება, თანაც მუსკომედიაშიც ძალიან მინდა წავიდე, თუმცა ვნახოთ ხვალ რა ჭკუაზე დავდგები! საღამოს საინფორმაციო გადაცემის ყურებისას როზამ  იყვირა, პეტერს ანახებენ, ნახეთ რა კარგად ჭიდაობსო. ყველანი ცისფერ ეკრანს მივცვივდით.   ჩემდა გასაკვირად მთელი ღამე პეტერზე  ფიქრში  გავატარე, მისი ლამაზი, დამორცხვილი სახე ვერ მოვიშორე.
           მეორე დღეს  სპორტის სასახლესთან დათქმულ    ადგილზე პეტერი დაგვხვდა  კიმანოში ჩაცმული. დაგვინახა  თუ არა  სიხარულით მოგვარდა,  სახეგაბადრულმა  ბილეთები მომაჩეჩა,  შემდეგ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ   ვერ შეძლო, მორცხვად დახარა თავი და სწრაფად გაეშურა.  ჩვენ ადგილების მონახვა ძლივს მოვასწარით, რომ პეტერის და ერთი ქართველის გვარი უკვე გამოაცხადეს. თურმე პეტერს უნდა გაეხსნა შეჯიბრი.   ტატამზე პეტერი დაბნეული, აფორიაქებული გამოვიდა, თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა, აშკარა იყო  მე მეძებდა.  მართლაც მიპოვა თუ არა  სახე გაუნათდა  და გამიღიმა.
-         როგორი კარგია, თვალებს არ გაშორებს!-  დაილაპარაკა ირინამ ცოტა ხმამაღლა.  ამის  თქმა და უცებ მოპირდაპირემ  ჩვენი ბულგარელი  ტატამზე ბეჭებით გააკრა.
-            აუ, როგორ მებრალება, შენს ყურებაში იყო ეს სულელი ბიჭი!-  თქვა სინანულით  როზამ.
-         ჰო, ეგ მეც შევამჩნიე, სწორედ ამით ისარგებლა ქართველმა მოჭიდავემ!- ვთქვი დანანებით მეც.
-          ამათ ჭიდაობის რა იციან, აქ სავაჭროდ ჩამოდიან!- ისროლა ჩვენს უკან რეპლიკა უხეშად   ვიღაცამ.  მეტი აღარც მინდოდა  წამოვხტი.
-          თამრი, ესენი მიხვდნენ, რომ პეტერს ვგულშემატკივრობდით  და შურით წამოიძახეს, ყურადღებას ნუ მიაქცევ, დაჯექი! - მთხოვა ირინამ.
-          გოგოებო, წამოდით  ჩქარა, მუსკომედიაში  ვასწრებთ! - ვთქვი კატეგორიული ტონით  და გასასვლელისკენ გავვარდი, რაღაცას წამოვედე, კინაღამ წავიქეცი, ზურგს მიწვავდა პეტერის საყვედურით და მუდარით სავსე თვალები. მუსკომედიაში წარმოდგენა ისე ჩამთავრდა  არაფერი გამიგია. გოგოებმა ჩამქოლეს, საშინლად მოიქეციო.
დღემდე არ მტოვებს სინდისის  ქეჯნა,  ვერ ვივიწყებ  ლამაზ, ათლეტური აგებულების ბულგარელს, მის დამორცხვილ სახეს, ხოლო მისი მზერის სიმწვავე, რომელიც გაქცეულს ზურგს მიწვავდა, არა თუ ამ ცხოვრებას,  თუ რეინკარნაცია დასაშვებია ჩემს შემდგომ განსხეულებასაც გადასწვდება.

                                                                                სოხუმი
                                                                                1980  წელი             




                                              გაბო ბრაზობს

გაბო გაბრაზებული მოდის და მსაყვედურობს.
- გუჯა ჩემზე გაბრაზებულია, მარისთან მე არ მინდა, ეთოს ჩემთან არ უნდა და მე რა ვქნა, ვისთან გავიდე გარეთ, მარტო შეიძლება ვიყო?!  გარეთაც იხალისებ, თუ გინდა და არ ხარ გაბრაზებული! - გადის გარეთ და ცოტა ხანში შემოდის.
- ბებო, რა მჭირს ერთი, დილიდან ცოტას ვსვამ წყალს,  ღამიდან ბევრს, დამალევინე წყალი! - დაწოლისას დედა მოიკითხა, შეწუხდა დედას უკვე დაუძინიაო.
-არ ვიცოდი დედა არ გამოწვებოდა ( არ ჩამიწვებოდა), თორემ ჩვეულებრივ ჩავეხუტებოდი!
- გაბო, ნუ ჭიჭყინებ!
-  კაი, არ ვიტირებ, მაშინ ოთხის ვიყავი რომ ვტიროდი, ნათურას მე ჩაგირთავ, ხომ იცი მაგის მასტერი  ვარ!- მითხრა  კაცმა და  მართლაც პრობლემური ღამის ნათურა ჩამირთო.  ღამე ყური  ასტკივდა და ტირილი მორთო. ტკივილგამაყუჩებელი მივეცით და ოტიპაქსი ჩავუწვეთეთ, თვითონ ყურსაწმენდი ჩხირი მოითხოვა, ალბათ ჭუჭყიანი მაქვსო და ყური ამოიწმინდა. ამასობაში ტკივილმაც გაუარა და ჩაიძინა.დილით გაღვიძებულმა გამოაცხადა
- მე თვითონ ვუშველე ჩემს თავს, ყური ამოვიწმინდე და მომირჩა!





                                                  გაბო სახლის კაცია

- გაბო, ადექი ბაღში უნდა წახვიდე!- ვეუბნები დილით.
- არ მინდა ბაღი, მე სახლის კაცი ვარ!
- კარგი გაბო, ნუ ჭიჭყინებ, ადექი, დაღლილი ვარ!
- მასე მეც დაღლილი ვარ!- მითხრა საყვედურით. უცებ დააბოყინა და გაეცინა.
- ბებო, ინგლისელები როგორ აღოპინებენ?- გამეცინა, არა მგონია გაბოს ნისლიანი ალბიონის მკვიდრთა ბოყინი აინტერესებდეს, ალბათ ამერიკელები იგულისხმა, ჩვენს უბანში ბევრი ზანგია, უკვე ბევრი გაიცნო  და იქნებ იმიტომ?!
- შენსავით აბოყინებენ გაბო, ახლა ჩავიცვათ მალე, თორემ ბაღში დავაგვიანებთ და დაისჯები!
-ღირსი ვარ!- წარმოთქვა ამაყად გაბომ.



                                                       მე ოცი წლის ვარ



ეთო და გაბო მორბიან ჩემთან, გაბო ტირის, ეთო თვალს მიკრავს.
-ბებო, შენ ხომ  502 წლის ხარ, მე 30-ის?
- კი, ეთო!
- არაა!  ღრიალებს გაბო, ეთო 11 წლისაა, გუჯი 9-ის,  ბებო კი 20 წლის, ხომ ბებო?- გაბო დაძაბული ელოდება პასუხს, თვალებს არ მაშორებს. ეთო კიდევ თვალებით მთხოვს მას დავუდასტურო. გაბოს არაფერი ეშლება.
- მართალი ხარ გაბუკა, დამშვიდდი, მართლა 20 წლის ვარ!
- ახლა?!- მიმართა ნიშნისმოგებით გაბომ ეთოს. მეც გახარებული ვარ, ოცი წლის ვარ, მართალია გაბუკა, ოცის ვარ ოცის!  მართლა ასეთი განცდა მაქვს  და არასოდეს დავბერდები, რადგან გაბოს ასე სურს! გაბოს ვეფერები, ისიც მკოცნის.
-გაბო ამას ჩავწერ ჩემს დღიურში.
- დაწერე, ოღონდ ის არ დაწერო, მაშინ რომ ვთქვი!
-  რა  გაბუკა?
-აი, "ს"-ზე რომ იწყება!
მივხვდი "სექსი" რომ აწუხებდა, დავამშვიდე, არ დავწერთქო. გაბომ არ იცის, რომ ის ამბავი ქვეყანამ გაიგო, თორემ გასაქცევად მექნებოდა საქმე.



                                                                                     

                                                  გაბოს შიში

გაბომ გამაბრაზა და ვუწყრები. პასუხად მეუბნება ცუდი ხარო. ვებუტები და თან ვემუქრები შინ აღარ დავრჩებითქო. ამ საუბარს თამარმა მოჰკრა ყური და მომვარდა
- ბებო ჩემთან წამოდი, გთხოვ, ჩვენთან იცხოვრე, ჩემს დიდ ლოგინზე ორივენი დავეტევით!
 გაბო აწრიალდა, დამსდევს, მოსვენება დაკარგა.
-ბებო, ვიხუმრე, აქ დარჩი, არ წახვიდე, გაბერილი ვარ ხუმრობით, თინას ბრალი იყო, ის ხმაურობდა, მე არაფერ შუაში ვარ!- ვურიგდები. ცოტა ხანში მომიბრუნდა
-ბებო, ადამიანი რომ გეტყვის წყალი მინდაო და აღარ მიუტან უმადლოსი უნდა უთხრა?
- ვერ გავიგე გაბო!
- ბებო, ანუ არა მადლობა, მადლობა არ უნდა უთხრა ხომ?!  რამდენი ხანია მწყურია, წყალი დამალევინე.
-  აქამდე რატომ არ მითხარი გაბუკა?
- მეგონა შეგიწუხდებოდა, არ მინდოდა გაგაწუხო!- მოდი და არ გაგიკვირდეს, ამ პატარებს რამდენი ეშმაკობა აქვთ, ეს პატარა "პატხალიმი"




                                         გაბოს თავისუფლება უყვარს

- ბებო ფრჩხილი მტკივა!- წუწუნებს გაბო.
-მანახე, წაგაჭრი ცოტას და წარამარა ხელს არ მოიკიდებ!- მთანხმდება, მაგრამ მაკრატელის შეხებისთანავე აღრიალდა.
-ასეთი მტკივნეული არაფერი გამიგონია!
- გაბო,ბოდიში, თუ გატკინე, არ მინდოდა!
-შენ სულ გაპატიებ, რასაც დაგიშავებია  გუშინწინუკან და დააშავებ!
-მადლობა გაბო, მიყვარხარ!
ამ დროს გუჯიკო შემოდის ოთახში
 - გაბო, შენზე სიზმარი ვნახე!
-რა ნახე?- ეკითხება ინტერესით და მტკივანა ფრჩხილი აღარც ახსოვს.
- ვითომ ცოლი შეირთე, კიდევ შეირთე, კიდევ შეირთე და ყველა გაუშვი!- გაბო გაბადრული უყურებს.
- რა გეცინება, ასჯერ მოიყვან ცოლსთქო არ მითქვამს!- დატუქსა გუჯიკომ.
-ვნახოთ!
- გამაგიჟებს ეს ბავშვი!
- რა კარგია მარტო ცხოვრება, არ მინდა ცოლი!- წარმოთქვა კმაყოფილებით გაბომ.