Friday, January 23, 2015

                                                        გამწყრალი გაბო

    დივანზე მოკალათებული გაბო რაღაც ფილმს უყურებს, უცენზურო კადრების დანახვაზე პულტს დავავლე ხელი გადავრთავთქო. გაბომ ეშმაკურად მოწკურა თვალები.
-ბებო, ორი კოცნა იყო უკვე!
- გაბო, დაბადების დღეზე რა ჭამე?- გადამაქვს სხვა თემაზე საუბარი.
-ტორტი დღეს არ მიყვარდა, კოკა-კოლა ქიმიისგან კეთდება და არაფერი მიჭამია, ცოლის მოყვანა არ მიყვარს , ბაღში ჩემს გარდა ყველას ჰყავს ცოლი!- მეცინება , უცებ ინტერნეტს მივარდა
- ფეისბუქზე მინდა შესვლა!
-ხომ იჯექი დიდი ხანი?- უყვირა გუჯამ
-ვერ მოვიფიქრე, რომ შევსულიყავი ფეისზე!- გუჯა არ ანებებს.
- არ გესმით?!  თავის მოკვლა მინდა მეტი არაფერი, ყველაზე გაბრაზებული ვარ!
- გაბო, რა გჭირს რას ლაპარაკობ, ვინ გაგაბრაზა ასე?- მივეფერე
- ყველაზე გაბრაზებული ვარ ბებო, მაგრამ შენ ყურში გეტყვი,- და ჩამჩურჩულა - ისე რა ვარ შენზე!
-ესე იგი ცოტაზე ხარ ჩემზე გაბრაზებული?
-ჰო!





Saturday, January 10, 2015

                                         

          

Friday, January 9, 2015


                     ჩემი ორკვირიანი " მარტვილობა" მარტვილში            

.  მარტვილმა ძალიან თბილად მიმიღო, მზეც მიღიმოდა. აი, ავირბნე 100 საფეხური და მაღლა, ნისლში გახვეული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ყაძრის დანახვაზე ხმამაღლა წამოვიძახე: "ღრუბლებში ამაღლებულა....." მსგავსი მოწიწება სვეტიცხოველში, ნიკორწმინდასა და თბილისში, შობის სახელობის ზედა ბეთლემის ეკლესიაში განვიცადე. მშობლიურში დავბრუნდი, ტაძარში ლოცვისას კი მარადისობის განცდა დამეუფლა, " ასე იდგნენ და ლოცულობდნენ ჩვენი წინაპრები!" გავიფიქრე და თვალების ცეცებით დავით აღმაშენებლის გამზრდელს, 
გიორგი ჭყონდიდელს, დავუწყე ძებნა. უფრო მძაფრად შევიგრძნე ორი სულიერი მდგომარეობა, როგორც ორი წერტილი ღმერთსა და წყვდიადს შორის, მიწიერი არსებობის აზრი, თუ რას უნდა ვესწრაფოდეთ ამქვეყნიურ ცხოვრებაში. ძალიან სასაცილო ვიყავი პირველი დღეები, მარტვილის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერში, მერე კი ყველაფერში გარკვეულმა, მორჩილად, იქაური ტიპიკონით დავიწყე ცხოვრება, ლოცვა. მადლობა მეუფე პეტრეს და იღუმენია დედა თამარს, აქამდე განუცდელის განცდისთვის! მსგავსი ახალი წელი და დაბადების დღე არ მქონია.
     04.01. 2015











                                                                           

Thursday, January 8, 2015

                                                შეხვედრა გაბოსთან

" თუ წახვალ ჩვენ ვინ მოგვხედავს, ვინ მოგვივლის?"ამ სიტყვებით გამაცილა გაბომ მონასტერში. იქ ყოფნის პერიოდში ერთადერთხელ დამელაპარაკა და უხეშად მკითხა, შენ სად ხარ საერთოდო? შეხვედრა ძალიან მშრალი და ცივი გვქონდა, ყურადღებას არ მაქცევდა. შინაურებმა მითხრეს, ხშირად იძახოდა, ბებო არ მენატრება, არც მინდა ჩამოვიდესო. გული მეტკინა, მაგრამ მივხვდი რომ ეს პროტესტი იყო. საღამოს ვკითხე, მართლა არ გინდოდა ჩამოვსულიყავითქო? რაზეც მიპასუხა
- ბებო, მე გაბრაზებული ვიყავი, ვიტყუებოდი, ბებო არ მიყვარსმეთქი, ახლა წყალი რომ დავლიე, ტვინში ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ძალიან მომენატრე. მოკლედ გავარკვიეთ ყველაფერი და ჩავეხუტეთ ერთმანეთს. მოგვიანებით ფაფა მოვუმზადე, მადლობა გადამიხადა.
- ბებო არ მინდა შეგაწუხო, თორემ კიდევ მინდა საჭმელი!- მითხრა მორიდებით. რაღაცეები კიდევ მივართვი.
- ბებო სუპერ მზარეული ხარ, აი იმერეთი... აი... - დაიწყო ბლუკუნი.
- გაბო საქართველოს კუთხეების ჩამოთვლა გინდა?- უცებ წამოდგა, რუკასთან მივიდა ხელით შემოხაზა მთელი ხმელეთი
- აი მთელი მსოფლიოს ხელა მზარეული ხარ!
- მადლობა გაბუკა! - ასე ჩამთავრდა შეხვედრის დღე, გაბუკამ კიდევ ბევრჯერ მითხრა კომპლიმენტები. საღამოს, ლოგინში დაწოლისას მთხოვა, ხელი მომკიდე და ისე დავიძინოთო. იქნებ შეშინდა ისევ არ წავსულიყავი?!