Sunday, July 31, 2016

                                       ჩემი ყურადღებიანი გაბო
                                                                   

 ეს დღეები ცუდად ვარ, გავცივდი, თუ ვირუსია ვერ ვხვდები. გაბო არ მშორდება, მეფერება, მამხნევებს, მკოცნის, ჩათვლემის საშუალებასაც არ მაძლევს
- ბებო, ძალიან მიყვარხარ, მალე გამოჯანმრთელდი, რამდენი გარდუსი გაქვს სიცხე და რომელი აბლეტი (ტაბლეტი) მოგიტანო, რომ კარგად გახდე?
- გაბო, თავი დამანებე, არ გადაგედოს, ვერც დავდივარ, ვკვდები!
- არა ბებო, შენ ისეთი კარგი ხარ ღმერთი 200 წელი გაცოცხლებს! ხომ ცოცხლობენ ბებო ამდენ ხანს? მგონი კაპისტანში (პაკისტანში) არის ერთი ქალი, ფეისბუკში ვნახე! - მერე ტურნირებზე მიდის არ მოწყინდეო მიბარებს. არც ვიცოდი რა ხდებოდა და აი გუშინ, წამოწოლილს გაბო დამადგა თავზე, მეამბორა და მედალი მანახა. მან ჭადრაკში ახლა მეორე ადგილი,მედალი და მეოთხე თანრიგი მოიპოვა.
- ბებო, მესამე ადგილი ხომ მოვიპოვე შარშან, ახლა მეორე, შემდეგ პირველ ადგილზე გავალ! - შემპირდა გაბო და ჩამკოცნა. გულზე მალამოდ მომედო გაბოს საჩუქარი. "ეს ბავშვი ავადმყოფობის უფლებასაც არ მაძლევს, ეტყობა უფალმა მომივლინათქო"- გავიფიქრე, ჩავიხუტე და წარმოიდგინეთ დღეს ბევრად უკეთა ვარ.





                                                     მატას მოლოდინში              

        ბავშვები მატას ამოსვლას სულმოუთქმენლად ელოდებიან, თან წარა-მარა ურეკავენ, შეკვეთებს აძლევენ, ნერვიულობენ რამე სასუსნავი არ დაავიწყდეს. მატა ამშვიდებს, მალე ამოვალ, არაფერი დამავიწყდებაო.
-ახლა მთავარია სიჩქარეს არ გადააჭარბოს!- წარმოთქვა მოუსვენრად გაბომ
-გაგიჟდი ბიჭო, მაშინ დედა აღარ მეყოლება!-იკივლა თინამ
-სიჩქარის გამო ხომ მანჩო ძია მოკლეს და მერე კი გუჯა ბაბუც გარდაიცვალა, აი რა შეიძლება მოჰყვეს ადამიანის უყურადღებობას, სიჩქარეს საჭესთან !- ამოიოხრა თამარმა
- მე ეს არ მიგულისხმია!-აღშფოთებით წამოიძახა გაბომ - სიჩქარეს რომ გადააჭარბებს, მატას დააჯარიმებენ, ბევრ ფულს გადაახდევინებენ და სახლში მოსვლაც დააგვიანდება! "გაუიასნა"საზოგადოებას გაბომ







Saturday, July 30, 2016


                                    მე და გაბო მარტო                                                                                                                   გაბუკა და მე რამდენიმე დღით მარტო ვრჩებით წყნეთში, ერთი წუთითაც არ მშორდება, ვთავაზობ მეზობლის ბავშვებთან წავიყვანო და გავართო, მაგრამ არ მთანხმდება,მე და შენ უკეთ გავერთობით, სულ შენთან მინდა ყოფნაო. მოკლედ შეხმატკბილებულები ვართობთ ერთმანეთს- ბებო, რა ბედნიერებაა, რომ შენ დაიბადე, არსებობ, ძალიან მიყვარხარ ბე!

- გაბო, მეც უზომოდ მიყვარხარ,მადლობა ასე რომ მეფერები!- მივმართე ალერსით

- ბებო, შენ მგონი ვერ გაიგე, შენ რომ არ დაბადებულიყავი, არც დედა დაიბადებოდა და არც ჩვენ და მე და შენ ერთად არ ვიქნებოდით. ბებიები და ბაბუები იბადებიან, მერე დედები, შვილები, კიდევ შვილები და ეს არის ბებო ცხოვრება და სულ ასე იქნება ხომ?!
-კი, გაბუკა, ეს არის ცხოვრება!-შენც გეყოლება შვილები, შვილიშვილები, შთამომავლობა და ასე გაგრძელდება,შენ რამდენი შვილი გინდა გყავდეს?
- მე ხუთი უნდა მყავდეს, ბებო, ხომ ამომივიდა ხუთი ბავშვი (გაბოს ვიღაცამ ხელზე დახედა და ხუთი შვილი გეყოლებაო უთხრა და ეს გაახსენდა)! - მიპასუხა თავდაჯერებით გაბომ







Friday, July 29, 2016

                                               დეიზი ანუ მეგობარი "მორგიდან"

     დღეს უზომოდ გახარებული ვარ, გახსოვთ ალბათ, ჯაჯანიძის გადაცემის შემდეგ მიწისქვეშა 
გადასასვლელში, ეგრეწოდებულ "მორგვში" რომ დავეკონტაქტე ბავშვებს, არ შემიწყვეტია მათთან ურთიერთობა, ერთი განსაკუთრებით დამიმეგობრდა, გვქონდა მიმოწერები, საუბრები. ცოტა ხნის წინ ღამის სამ საათზე მესიჯი მივიღე, ეს, იმ გოგონას (სახელს შეგნებულად არ ვწერ)გზავნილი იყო, მატყობინებდა, რომ მისკენ ყველაფერი კარგადაა და მალე გათხოვებას აპირებდა, მებოდიშებოდა, რომ ასე გვიან მომწერა და შემაწუხა,მომენატრეთო, მაგრამ მე გამიხარდა,რა შეწუხებაზე იყო ლაპარაკი. დღეს ისევ მოვიკითხეთ ერთმანეთი. მან მითხრა, რომ ის ბედნიერია, თურმე მორგვს იქეთაც ყოფილა სამყარო და ცხოვრება, ცხოვრება დეპრესიის და ცინიზმის გარეშეო, მას უნდა შვილი ეყოლოს, დარწმუნებული ვარ კარგი მეოჯახე, კარგი დედა დადგება.ჰო, ჩვენი შეხვედრიდან ცოტა ხანში გოგონა სკოლასაც დაუბრუნდა. უზომოდ შემაყვარა თავი და თუ ყველაფერ ამაში მე სულ რაღაც იოტისოდენა წვლილი მიმიძღვის ეს ჩემთვის ბედნიერებაა.რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება გიო რომ არ შემხვედროდაო.უფალმა უკეთ იცის. მინდა ჩემი სიხარული თქვენც გაგიზიაროთ. და ჩემს პატარა ლამაზ გოგოს ბედნიერება ვუსურვოთ.
აი ის ფოტო


                                                    ისევ ყვითელი ავტობუსი

გუშინ უთენია ბაზარში გავიქეცი, მოვიბაზრებ და ადრევე ავალ წყნეთში ბავშვებთანთქო. ავტობუსის გაჩერებაზე მალე კი მოვიდა N34 მაგრამ რად გინდა! არც არავინ ასულა და არც არავინ ჩამოსულა, მეც არ მიფიქრია ავსულიყავი, რადგან კოღოთაც რომ ვქცეულიყავი მაინც ვერ შევეტეოდი. მივხვდი საწყის გაჩერებაზე უნდა მივსულიყავი. როგორც იქნა დატვირთულმა მივაღწიე, იქ უამრავი ხალხი ელოდა. ოც წუთში მოვიდა ნანატრი ტრანსპორტი, იქ ამბავი და ზედახორა ატყდა! ყველა ცდილობდა დასაჯდომი სკამის დაკავება მოესწრო. უცებ ქალის კივილმა შესძრა იქაურობა, ფეხი მომტყდაო. ამოიყვანეს ის ქალიც და ავტობუსიც დაიძრა.
- აიღეთ ბილეთები! - ხმამაღლა ბრძანა მონიტორინგის თანამშრომელმა
- რა დროის ბილეთებია, ჯერ არც კი ამოვსულვართ, ფეხი მომტყდა კინაღამ, ფულის აღებაში მაგრები ხართ!- წამოიძახა გამწარებით ფეხმოტეხილმა თუ ფეხისმოტეხვას გადარჩენილმა ქალმა
- ვერ გავიგე თქვენ ფეხი მოგტყდათ თუ არ მოგტყდათ?- დაინტერესდა გამცილებელი მგზავრი ქალის ფეხის მდგომარეობით
- თქვენ რომელი პასუხი დაგაკმაყოფილებთ!- გაწიწმატდა უფრო დაზარალებული ქალი
- არ მაინტერესებს, ბილეთები აიღეთ, თუ არადა ჩადით და შვიდ წუთში მეორე ავტობუსი გამოვა და იმას გამოყევით!- ურჩია გამცილებელმა
- რას მიქვია შვიდ წუთში!- იყვირა უკნიდან ვიღაც კაცმა - თუ შვიდ წუთში მოდის შემდეგი, ოცი წუთი რაღას ველოდით ამ ავტობუსს, ამდენი ხალხია და ხომ შეიძლება მეტი ავტობუსი დააყენონ!
- მაგი არ არის ჩემი საქმე, ჩვენ ჩვენი განრიგი გვაქვს, ორი ავტობუსი გაფუჭებულია, ცხელ ხაზზე დარეკეთ!
- ცხელი არა ცივი, გაუცხელდა ამ მთავრობას თავი, ვინ გისმენს?! შენ რას აკეთებ, ვერ იტყვი? რაში გიხდიან ფულს? აქ ხომ კარგად ტლიკინებ! - აყვირდა ახლა წინიდან შუახნის ქალი. გამცილებელი ეტყობა ჩემზე ადრე იყო ამდგარი, ნახევრად მძინარე ისროდა სიტყვებს
- გაფუჭებული რას მიქვია, ვერ იტყვით რომ შეაკეთონ? გადამრევს ეს ხალხი, არჩევნები მოდის ახლა მაინც მოგვემსახურონ კარგად, ფუი, არაფრის რცხვენიათ, ჩვენ კი ფეხებს ვიმტვრევთ, ხალხიც არასწორად იქცევა, გაჩერებაზე უნდა ელოდოს ყველა, ვინც მოასწრებს ავა და დაჯდება! - აჰყვა პროტესტს ასაკოვანი კაცი!
- ხალი მხოლოდ არჩევნებზე სჭირდებათ! - წამოიყვირა ერთი ოქტავით მაღლა ახალმა ხმამ. გამცილებელს ჩასძინებოდა, ერთი ოქტავით აწეულმა ხმამ გამოაღვიძა. "საცოდავი, ალბათ ლოგინს ნატრობს!"გავიფიქრე და თვალი მივაპყარი, ნეტა რას იტყვისთქო
- ბილეთები აიღეთ, ბაგებში რეიდია, დაგაჯარიმებენ!- წარმოთქვა მთქნარებით გამცილებელმა
- დაჯარიმებული არ ვარ, 20 თეთრიანი ბილეთის აღება რომ არ შემიძლია, მეტი რაღა უნდა დამაჯარიმონ, ან რა დროს რეიდია, თუ აქ ვინმე ამოვა, კი ბატონო, შეამოწმოს ბილეთები, მე არ ავიღებ, დაჯარიმება კარგად იცით!- შეუერთდა საპროტესტო გამოსვლებს ვიღაც პენსიონერი
არ აიღებთ და ჩაბრძანდებით!- გაახილა ისევ თვალი გამცილებელმა
- არსად არ ვაჩერებ, თუ ვინმეს ჩასვლა უნდა მითხრას!- გამოაცხადა მძღოლმა
- წყნეთამდე ნუ გააჩერებ, ვინ უნდა ჩამოვიდეს!- წამოიყვირა რამოდენიმე ხმამ ერთად, ამ დროს ვაკეს მივუახლოვდით და ვიღაცამ გაჩერება მოითხოვა, იქ ამბავი ატყდა!
- ასე მოკლე გზაზე რას ამოდიოდი ამ ავტობუსში, იმდენი ხალხი დარჩა იქ, გამოყოლოდი 9 ან 61 ნომერს, გადამრევს ეს ხალხი!- აღშფოთდა ახლა სრულიად ახალი ხმა. თვალებს ვაცეცებ მაგრამ ვერავის ვაფიქსირებ. ვაკეშიჩამსვლელი შიშით ჩავიდა, მთელი ავტობუსი წყევლა-კრულვით აცილებდა. ვაკეში ჩასულის განხილვა-გაკილვა არ მინელებულიყო, რომ ვიღაცამ ბაგებში მოითხოვა გაჩერება. ჯობდა წყნეთამდე ასულიყო და მერე ჩასულიყო საცოდავი ისეთი დამართეს, მთელი ავტობუსი აფეთქდა, ეს წყნეთისაა და არა ბაგებისო. ის მგზავრიც უხმოდ შიშით ჩავიდა, ჩემს გვერდით ასაკოვან კაცს ადგილი დაუთმო ახალგაზრდა, მოხეულმა ტიპმა, მოხუცს უცებვე ჩაეძინა. ხანდახან თუ შეკრთებოდა ყვირილზე და ისევ ჩაყვინთავდა. მხოლოდ წყნეთში გაიღვიძა. თქვენს მონა- მორჩილს თავი მქონდა ჩარგული და ვინიშნავდი, ვცდილობდი რამე არ გამომრჩენოდა. მოხეული ტიპი თავზე მადგა და გაკვირვებული მიყურებდა
- რა საინტერესო ყოფილა დილის წყნეთის ავტობუსი!- ჩავილაპარაკე ჩემთვის
- რა ბრძანეთ?- მკითხა გამოღვიძებულმა მოხუცმა
- არაფერი ძია კაცო წყნეთში ვართ! მოხუცი ჩავიდა , ავტობუსი უკვე თითქმის დაცარიელებული იყო, რომ ჩემი ჩასვლის დროც მოვიდა. ჩავედი, ხელფეხმოუმტვრეველი, ბილეთაღებული, კანონმორჩილი, დაუჯარიმებელი, რაღაცით ავსებული და რაღაცით დაცარიელებული, ბედნიერი ქალი!
P S
იცით რა არ მესმის? რატომ დადის ჩემისთანა ქალი ყვითელი ავტობუსით და არა ტაქსით?!