Monday, December 21, 2015

გაბუკას პირველი ტურნირი ჭადრაკში და პირველი მედალი, წარმატებები, ძალიან გამახარა. ჭადრაკის მოყვარულ ბაბუს ძალიან გაუხარდება.
        9- 10 დეკემბერი   2015 წელი ( ნიკოლოზობა)



































Saturday, October 24, 2015

           სეზონი-2    ტიფლისი





Tuesday, October 20, 2015

                         თინა და თამარი

თამარს მეცადინეობას აძალებს დედამისი
- მეზარება მეცადინეობა!- ბუზღუნებს თამარი
- ასე მე ცხოვრება მეზარება თამარ!- ტუქსავს მატა
- თუ ცხოვრება გეზარება თავი მოიკალი!- მისცა ჭკვიანური რჩევა თამარმა
- თავი კი არ მოიკლა სხვაგან წადი!- უკეთესი გამოსავალი მონახა თინამ. უცებ თინამ თავი რაღაცას აარტყა და ცოტა ატირებული მივიდა დედამისთან
- რა დაარტყი თინა?- ეკითხება დედამისი
- აფეთქებაში დავარტყი (საფეთქელში), აკონკრეტებს თინა





Sunday, October 18, 2015

                                                      გაბო კაცთამკვლელი არ არის                                      

დღეს სახლში ჯარზე ჩამოვარდა საუბარი, გაბოს ვეუბნებით რომ თვითონაც მოუწევს წასვლა, მოიბუზა
- რა მინდა ჯარში, რა რუსეთები გვიტევენ?
- არა, გაბო, რომ გაიზრდები მაშინ წახვალ, ყველა ვაჟკაცმა უნდა მოიხადოს ჯარი!- ვუხსნი მე. გაბო მაინც უკმაყოფილოა, ცოტა ხანში აზლუქუნებული აეკრა კედელს
- რა მოხდა გაბო?
- თურმე ჯარში ადამიანები უნდა მოკლა, მე ვერ მოვკლავ, არ მინდა ჯარი!
- ვინ გითხრა გაბო!
- ეთომ! - ეთო დავტუქსეთ, გაბუკა ძალიან მგრძნობიარე და კაცთმოყვარეა მასთან ძალიან სიფრთხილეა საჭირო ასეთ თემებზე საუბრისას. დავუყვავეთ, ვესაუბრეთ, მოვეფერეთ, ბოლომდე მაინც ვერ მოხასიათდა, თბილისობაზე კი წავიდა.












Saturday, August 15, 2015

                                                        ოთხი  არა და ერთი კი

                                "რაა ისეთი, არ იკადრებს რასაცა ფიქრი ყოვლისჩამდენი, 
                                 ყოვლადბილწი და ყოვლადწმინდა"
   ასაკი იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის გარკვეულწილად ადამიანის განვითარების დონის მანიშნებელია, მაგრამ მხოლოდ მანიშნებელი  და არა განმსაზღვრელი. ეჰ, ჩემს შემთხვევაში ასაკი განმსაზღვრელი აღმოჩნდა.
  შუადღით ყველანი ეზოში ვზივართ. ელიკომ თვალი ჩამიკრა  და ბავშვებს გააგებინა, თუ როგორ მიმღეროდა შუაღამით ერთ-ერთი თაყვანისმცემელი სერენადას.
- თქვენი ბებო ალბათ მალე გათხოვდება!- ირონიული ღიმილით და მოწკურული თვალებით გამოუცხადა სიახლე საზოგადოებას ელიკომ. ეთო სასტიკად მოიღრუბლა, ვერ ვიტან ამ თემაზე ხუმრობას და  მეტს არაფერს ვიტყვიო და მართლაც გაჩუმდა, მაგრამ ვაი ასეთ გაჩუმებას.
- ბებოს უმღეროდნენ, რა არის სერენადა?- იკითხა გაკვირვებულმა გუჯამ
- როცა ვინმე უყვართ, უმღერიან ხოლმე, აი ბებო უყვარს კარგ ადამიანს, რა, არ შეიძლება გათხოვდეს?!- განაგრძო ჩემი უფლებების დაცვა ელიკომ 
- არა, არ შეიძლება!- წამოიძახა მორცხვად გაბომ
- რატომ გაბო?- არ ეშვება ელიკო
- ყურში გეტყვი, შენ ხომ გუჯა ბაბუს შეყვარებული იყავი, ახლა არ შეიძლება!-  ჩამჩურჩულა გაბუკამ ისე, რომ ყველამ გაიგონა.
- რა გათხოვება, რის გათხოვება!- აღშფოთებას ვერ მალავს თემის განხილვას შემოსწრებული თამარი- ეთომ რა თქვა?
- თამარ, ყველას აზრი მაინტერესებს, ეთომ უარი მითხრა,  შენ რატომ ხარ წინააღმდეგი?- დავეკითხე თამარს ცოტათი შეურაცხყოფილმა
- მერე ცალკე იცხოვრებ, ქმართან ერთად წახვალ და ჩვენ ვეღარ გნახავთ!- დამიკონკრეტა ჩემი გათხოვების შემთხვევაში მოსალოდნელი ჩემი დეფიციტის შიშით შეპყრობილმა  თამარმა. თამარს მოსწონს... არა კი არ მოსწონს, მოითხოვს მისთვის საყვარელი ადამიანები მარად მის გვერდით იყვნენ
- რა დროს ბებოს სიყვარულია, ამ ხნის არის და!- წამოიყვირა გაღიზიანებული ტონით აქამდე ჩუმად ხეზე მჯდომმა გუჯამ
- სიყვარულისთვის ყველა ახალგაზრდაა!- ვცადე რე მარკის ამ ცნობილი ფრაზით დამეცვა ჩემი სიყვარული
- ვერ გავიგე რად გინდა გათხოვება!- მეტი აგრესიით გააგრძელა გუჯამ დაკითხვა
- გუჯი, ბებოსაც უნდა კარგი ცხოვრება, პატრონი  ჰყავდეს, სურვილები შეუსრულონ! - ფარ-ხმალს არ ჰყრის ელიკო
- ჰო, გუჯიკო, მეც მინდა ჩემზე ზრუნავდნენ!-  შეტევაზე გადავედი უკვე მეც
- ლელა და მატა ზრუნავენ შენზე, ხომ გყავს პატრონი, ფული გინდა?-  გაძლევენ, ექიმი და წამლები გინდა?-  მოგხედავენ,  ყველაფერს  გიკეთებენ და ვერ გავიგე რატომ თხოვდები!- ნერვიულობისგან გუჯიკოს ყელზე ძარღვები გამოებერა
- მარტო ექიმი და ფული ხომ არ არის საკმარისი?- გაბრაზდა ახლა ელიკოც
- დანარჩენზე ილოცე ბებო, ღმერთს სთხოვე და შეგისრულდება!- წარმოთქვა კატეგორიული ტონით გუჯამ და მიგვანიშნა რომ მისთვის ეს თემა დაიხურა და კაკლის ხეზე ერთი ტოტით მაღლა ახტა, გაჭირვებული ხავსს ეჭიდებოდაო, გაოცებული თვალებით მომზირალ თინას შევხედე, ის იყო ჩემი ერთადერთი იმედი, ჩემი ჰუმანური, დედამისის მგვანი, ბეღურა თინა.
- თინ, შენ რას იტყვი?
- კი, ბებო, გათხოვდი, არ მეწყინება! -  წარმოთქვა ღიმილით, დამორცხვით, მაგრამ ალალად თინამ. "ოოო,  რა გონიერი ბავშვია!" გავიფიქრე და მივხვდი, რომ თინა უფრო საყვარელი გახდა ჩემთვის.  როგორც იქნა ერთი "კი" მივიღე, მაგრამ კარგად იცით რომ ეს არ არის საკმარისი სამი კი მჭირდებოდა, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად
- ამ მილეთის ხალხში ჯიშითაც და ხაზგასმული მიუკარებლობითაც, მოკლედ მთელი თქვენი გარეგნობა ბრწყინვალე მაგალითი გახლავთ იმ იშვიათობისა, კაცს ცოდვისკენ კი არა, კაცს ღმერთისკენ რომ გაახედებს!- წარმოთქვა ელიკომ პათოსით, ირონიულად, ნიშნისმოგებით ისევ მოწკურა თვალები და ბავშვების ბანაკში გადაინაცვლა, მოკლედ.... მოულოდნელად ხანჯალი ჩამცა
- შენც ბრუტუს?!- მივმართე ელიკოს ღალატით გაოგნებულმა
- მეც!
 - კი მაგრამ ფარისევლობდი? აკი ჩემიანი მეგონე!-  უკმაყოფილოდ მივმართე ჩემს ყოფილ ვექილს
- მეც ხომ ჯერ კიდევ ბავშვი ვარ, თან ჩემი ხმა ხომ არაფერს წყვეტდა!- მიპასუხა სარკაზმით ელიკომ.   ჩამოვყარე ყურები
- ეჰ, ბავშვებო მე ალბათ ბოლო აკორდებს ვუკრავ!  
- ვიცი რომ გვატყუებდი, სინამდვილეში არ გინდოდა!- წარმოთქვა სიხარულით თამარმა.
ახლა თქვენთვის მომინდვია განსაზღვროთ თუ რომელი ბავშვია ამათგან ჩემი კეთილის მოსურნე. შეიძლება ყოველ წელს  კარსმომდგარ ბედნიერებას კარს არ უღებდნენ?!
ასე დავრჩი წელსაც გაუთხოვარი... რა გაუთხოვარი... პატრონდაკარგულსურვილებშეუსრულებელღმერთსდაგოგოებსსმინდობილი,  ანუ კარსმომდგარბედნიერებაჩარაზული. არადა წლები მემატება,  ხომ არ მაკლდება? წიწილებისა არ იყოს,  ესენი როდის დაიზრდებიან? და რომ დაიზრდებიან და სულერთი იქნება  გავთხოვდები, თუ კოსმოსში გავფრინდები ვიღა მითხოვს, ჰა?!
თინა მიყვარს ძალიან!
შვილი ნატვრის თვალია!

 P S.და მაინც, მომავალ წელსაც ვიბრძოლებ ჩემი ბედნიერებისთვის, არა უშავს, თუ ერთი წელი მომემატება, "მასაც ხომ მოემატება ის ერთი წელი და ბავშვებსაც ხომ მოემატებათ ამ ერთ წელიწადში ასაკთან ერთად ჭკუა?!






Tuesday, August 11, 2015


                                             წყნეთის ყვითელი ავტობუსი

გუშინ წყნეთში ავტობუსით ამოვდიოდი,გამცილებელი მკაცრი ტონით მოითხოვდა მგზავრებს ბილეთები შეეძინათ, თორემ შემდეგ გაჩერებაზე კონტროლიორი ამოვა და დაგაჯარიმებთო.
- ამაზე მეტი რა უნდა დამაჯარიმოს, ოც თეთრიანი ბილეთი ვერ ამიღია, დაჯარიმებული ვარ უკვე,- წაოიძახა ასაკოვანმა ქალმა
- მაგას არავინ გკითხავთ, ბილეთი უნდა აიღოთ!- მკაცრად შეხედა მონიტორინგის თანაშემწემ.
- მე არ ავიღებ ბილეთს!- კატეგორიული ტონით წარმოთქვა უკნიდან ქალმა, მგონი ისიც ასაკოვანი იყო
- რატომ ქალბატონო? მაშინ მეც დამაჯარიმებენ
- კონდიციონერი ჩართეთ და გადავიხდი
- მე რა შუაში ვარ! - გაოგნებული ხმით მიუბრუნდა გამცილებელი
- აბა ვინ არის შუაში, მე? დარეკეთ სადაც საჭიროა ხალხს რომ ახრჩობთ, ამოვიდნენ კონტროლიორები მე გავცემ პასუხს- შეუტია ქალმა და ისე შეხედა, გამცილებელმა ხმა ჩაიკმინდა, არჩია დაჯარიმებულიყო. შემდეგ კი რა დიალოგებიც წარიმართა ძალიან გავს ჩემს შარშანწინდელ პოსტს, და აი ისიც.
 მძღოლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რამაც ხალში დიდი პროტესტი გამოიწვია, მაგრამ მძღოლს ხალხის შფოთი გულთან არ მიუტანია და არც აპირებდა როგორც შევატყვე სიჩქარის დაგდებას
- დამშვიდდით ხალხნო, ბილეთები კი გვაქვს ყველას აღებული და რა ჯობია, სამოთხეში მიგვაგრიალებს წამებში აი კაცი!-დაგვამშვიდა ერთ-ერთმა მჯდომმა
- სამოთხეში კარგია, მაგრამ ჯოჯოხეთში რომ მიგვაგრიალოს რას ვშვებით?!- დაამატა მეორემ
- მანქანა კი მიგვიყვანს კარამდე და მანდ თქვენ განაწილდით დამსახურებისამებრ!- წამოიძახა სარკაზმით ახლა უკნიდან ვიღაცამ. ამ დროს ვიღაც ქალმა განწირული ხმით წამოიძახა
- გააჩერეთ,გააჩერეთ! გაჩერებაა, მართლა ჯოჯოხეთში ხომ არ მიგყავრათ!
- სად არის მანდ გაჩერება!- როყიო ხმით გაუწყრა მძღოლი ჩამოსვლის მოსურნე ქალს. ლაპარაკი შეძლებია1ჩავილაპარაკე ჩემთვის
- მოთხოვნითაა გაჩერება მოთხოვნით, გააჩერეთ სანამ ბოლო გაჩერებამდე არ ასულხართ!- კატეგორიულად მოთხოვა თავისგაჩერებასაცდენილმა მგზავრმა და ხმას ერთი ოქტავით აუწია
- არ წერია მანდ მოთხოვნით!-არ შეეპუა მძღოლი
- მართალს ამბობს ეს კაცი, მანდ წერია "ოთხოვნით" და არა მოთხოვნით
- "მ" -ასოს ამოვარდნას უნდა შეეწიროს ახლა ეს ქალი?- შეიბრალა ვიღაცამ დაზარალებული მგზავრი
- მაგი შეიწიროს თავისმა უჯიათობამ!- დაწყევლა ქალმა მძღოლი- ქვეყანაა ახლა ეს? წერია მოთხოვნით გაჩერებაო და ვინ გიჩერებს! -,მეცინება ბევრჯერ წამიკითხავს წყნეთის გზაზე იმ ადგილას "გაჩერება ოთხოვნითო",მაგრამ ერთი ასო ასეთ უსიამოვნებას თუ შექმნიდა არ მეგონა."შემდეგი ასო ო-ც რომ წაიშალოს უკეთესი იქნება, დარჩება 
თხოვნით და არა ოთხოვნით და უფრო გააჩერებენ!"გავიფიქრე და გამსახურდიას ერთი ფრაზა წამომიტივტივდა გონებაში,ერთ, ასო-ბგერა " ძ"-ს მოძულე და ამომგდებ ვაი მეცნიერს რომ უპასუხა, "ეჰ, ჩემო სიმონ,შენ რომ წერილი მოგწერო და "ძ" ასო არ ვიხმარო, უნდა მოგწერო, ჩემო ვირფასო სიმონ?!" ასე დავრწმუნდი გუშინ თითოეული ასოს მნიშვნელობაზე,ის ქალი კი ერთი ასოს გამო დიდი მანძილით გასცდა თავის სახლს. გავუფრთხილდეთ ყოველ ბგერას,ადამიანურ ურთიერთობებს, თორემ შეიძლება მართლაც ჯოჯოხეთში აღმოვჩნდეთ.

Wednesday, August 5, 2015

                                                           გაბო სამზარეულოში

სამზარეულოში ვფუსფუსებ, გაბოც იქვე ტრიალებს. რატომღაც ბოლო ხანებში კატლეტი შეიძულა.
- ხომ შეჭამ გაბუკა?- მივმართე სიყვარულით
-კი, ბებო ერთ ცალს შევჭამ!
-ორი უნდა შეჭამო! -გავზარდე რაოდენობა მე
-კარგი, შევჭამ!
-იქნებ სამიც შეჭამო?- და ასე ვაჭრობაში ათასამდე ავედით.გაბომ გამაჩერა და ირონიულად მომმართა
- ბებო, ათასს მაინც ვერ გააკეთებ და ჯობია ერთი ცალი შევჭამო! - შემდეგ მოტრაპეზე საზოგადოებამ შემიქო ნახელავი
- კატლეტიც კარგია, პიურეც, საწებელიც, მაგარი სუპერი ხარ, ყველაფერს გემრიელს აკეთებ! -ამავსო კომპლიმენტებით
- პური როგორია?- ჰკითხა რომელიღაცამ
- პური უფრო მაგარი ვიღაცის გაკეთებულია!
- გაბო, ვინ არის ჩემზე მაგარი, პური ვინ გააკეთა?- ვკითხე გაბრაზებულმა
- პური ღმერთის არის ბებო,ღმერთმა გააკეთა და გამოგვიგზავნა! პური ჩვენი არსობისა ხომ იცი!








Monday, August 3, 2015



     

                                                         წყნეთი - 2015  და  "კათალო"  

              

     ყოველ წელს არდადეგების მოლოდინში გული მზეზე საჩირედ დადებულ ხილივით მიშრება. ჭილაძისა არ იყოს თითოეულ დღეს სიგრძეზე მეტი სიღრმე რომ აქვს, რომელიც შეიძლება წელიწადსაც გაუტოლდეს.....და ცა რომ მიწიდან იწყება, ამას ყველაზე კარგად წყნეთში ვგრძნობ.  
  დროის მცნება ფრიად სხვაგვარად შეიძლება  გავიგოთ. ადამიანი, რომელსაც ხანგძლივი სიცოცხლე ელის, დროს არავითარ ყურადღებას არ აქცევს, იგი ფიქრობს, რომ  მის წინ მთელი მარადისობაა, ხოლო შემდეგ როდესაც აჯამებს ან ანგარიშობს, სინამდვილეში რამდენი იცხოვრა, აღმოჩნდება, რომ სულ რაღაც რამოდენიმე დღეს ანდა უკეთეს შემთხვევაში, რამდენიმე კვირას უცხოვრია. თუ ეს შეითვისე, მაშინ ორი-სამი კვირა, ან ორი- სამი თვე შეიძლება შენთვის იმდენივეს ნიშნავდეს, რამდენიც სხვისთვის მთელი ცხოვრება. წყნეთში გატარებული ყოველი ზაფხულის თითოეული დღე ჩემთვის მთელი ცხოვრებაა, თან იმით ვარ ბედნიერი რომ 2-3 თვე ხუთივე შვილიშვილთან მიწევს ყოფნა.ბავშვებს არც წარსული აქვთ და არც მომავალი, ჩვენგან განსხვავებით აწმყოთი ტკბებიან.  მე ბავშვებისგან აწმყოთი ცხოვრებას ვსწავლობ, ისინიც სწავლობენ ჩემგან რაღაცეებს.მოკლედ მე მარადიულად ცხოვრებისეული ღირებულებების გადაფასებების პროცესში ვარ. ჩემთვის  მნიშვნელოვანი და უნუკალური დღეები მინდა მაქსიმალურად გამოვიყენო, ვცდილობ  მთელი წლის მარაგი ავიღო დადებითი ემოციებისა, რაშიც  ეზო, ბალახი, ვარდები, ბუხარი, განსაკუთრებით კი დიდი კაკლის ხე მეხმარება. მე და შუა ეზოში მდგარი კაკლის ხე დავმეგობრდით, რომელსაც  ყოველ დილით ფეხშიშველი ვუახლოვდები ყავის ჭიქით ხელში,შემდეგ ჩავეკონები და ვუყვები ახალ-ახალ ამბებს, ჩემს საიდუმლოებებს, მე მას "კათალო" შევარქვი. არ გაგიკვირდეთ! ის მიმანიშნებს, რომ მასაც ვუყვარვარ. ისიც, როგორც ბევრი ამბის მომსწრე, მიყვება წარსული ცხოვრების შესახებ, ხან მხიარული, ხანაც მოწყენილი მეჩვენება, ისიც ჩემსავით რომანტიულია. თითქოს ბოლომდე არ  მეხსნება.... თუმცა მეც ხომ ასეთი ვარ! ორივენი წარსულს მივსტირით. ჰამაკი რომ ჩამოვკიდეთ მე და ბავშვებმა ვეცადეთ ლურსმანი არ გამოგვეყენებინა, რათა ჩვენს "კათალოს" არ სტკენოდა. კათალომ ეს შენიშნა და მადლიერება ფოთლების შრიალით გამოხატა.
   ნათქვამია, ყოველი კაცი წინაპართა ბოლო წერტილიაო, და ეს წერტილი ისე უნდა დაისვას, რომ კარგად დააჩნდეს.მე ჩემი გვარის უკანასკნელი მოჰიკანი ვარ ჩემი შვილიშვილებისთვის და მინდა ჩემს მიერ დასმული წერტილი მკაფიო იყოს, რათა მათ კარგად დავამახსოვრდე, თუ რამდენად გამომივა, ამას მომავალი აჩვენებს. ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთეების და სიხარულის იდეოლოგი, დამფუძნებელი, ავტორი, შემქმნელი, შემოქმედი, შემსრულებელი, ორგანიზატორი, სპონსორი,, ქველმოქმედი,, მატაა! ჩემი სანათესაო რომ ვგროვდებით ვიხსენებთ, თუ  როგორ ვიზრდებოდით ერთად და როგორი დაუვიწყარი ბავშვობა გვაჩუქა მამაჩემმა. დედას შვილის ქება არ ეგების, მაგრამ არც დაუნახაობა ვარგა, მატა მამაჩემის კვალს მიჰყვება,   მადლობა მას ამისთვის! დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვები როცა დაიზრდებიან, ამ ლამაზ წლებს, ერთად გატარებულ თითოეულ დღეს, სიყვარულით მოიგონებენ




















Tuesday, July 28, 2015

                                                      ჩემი ჭკვიანი კოსმონავტები 

გაბო სადილობს, მოსწონს ჩემი ნახელავი
- ბებო, მიყვარხარ, ძალიან გემრიელობანას  აკეთებ, უღრმესი მადლობა, სამზარეულოს დედოფალი ხარ!
- მადლობა გაბო, რომ გაიზრდები იმედია გამიხსენებ, სასაფლაოზე მომაკითხე და დამელაპარაკე ხოლმე!-  გაბომ შემომხედა, დაფიქრდა 
-  ბებო, შენ რომ მოკვდები, მერე მეც რომ მოვკვდები, სულები ჩავეხუტოთ ერთმანეთს! 
- შენ არასოდეს არ მოკვდები გაბო!-გაეღიმა
- ყველა უნდა მოკვდეს ბებო! - მითხრა და ხელის დასაბანად წავედით
- ხელებს რომ ვიბანთ ის წყალი სად მიდის ბებო?
- კანალიზაციაში!
- არა სულ,სულ ბოლოს მაინტერესებს!
- აააა, მერე ზღვაში!
- ტუალეტის წყალიც ზღვაში მიდის?- მკითხა გაკვირვებულმა
-  ჰო, გაბო!
- მერე ჩვენ იქ რატომ ვბანაობთ?ესეიგი ზღვა ჭუჭყიანია!
-მერე იფილტრება! - საღამოს ვწვებით, მე და გუჯა ვსაუბრობთ
- მე მგონი უცხოპლანეტელები არ არსებობენ, იქაც და აქაც ჩვენ ვართ, უდროობაა და ვმოგზაურობთ, ალბათ საიდანღაც გვაკვირდებიან, ახლა კიდევ ერთი პლანეტა აღმოაჩინეს!
- შესაძლებელია გუჯა!
- არ იპარაკოთ, მეძინება! წარმოთქვა მიბნედით გაბომ, მერე რამ მოუარა არ ვიცი ჩაგვერთო ნახევრად მძინარე
- დედამიწაზე ძალიან ბევრი წყალია, შეიძლება სულ ჩავიძიროთ, ცოტა რომ არის მიწა იმიტომ, საერთოდ ქვა საიდან წარმოიქმნა ბებო? ლავა და წყლისგან მგონი!
- შენ ესენი საიდან იცი გაბო?
- ვიცი ბებო! ენა სვანური იყო პირველად, სულ, სულ პირველად სვანეთიდან ჩამოვედით!
- ეს საიდან მოიტანე გაბო?- ვეკითხები გაკვირვებული
- მახსოვს ბებო, მე მინდა კოსმონავტი გავხდე ამერიკაში!
- მეც ამერიკაში წავალ და მერე ახალ პლანეტას აღმოვაჩენ!- თქვა თავდაჯერებით გუჯამ
- კი მაგრამ ამერიკაში რატომ მიდიხართ?- მივმართე ორივეს
- ბებო, აბა აქედან ხომალდი ხომ ვერ გაფრინდება, საქართველოში არ არიან კოსმონავტები!- "გამიასნა" გუჯამ
- კარგით ჩემო ასტრონავტებო დაიძინეთ!
მოკლედ ელოდეთ ახალი პლანეტების აღმოჩენას.







                                                               გაბუკა მლოცავს

გამაგიჟებს ეს ბავშვი, დავაპურე ამაღამ, დავბანე, ლოგინში ჩავაწვინე
უკვე ოთახიდან გამოვდიოდი, რომ დამიძახა,
უკან მომაბრუნა, ჩამეხუტე რაღაც უნდა გითხრაო.
ლოგინზე ჩამოვჯექი,-
 - რა უნდა მითხრა გაბო?
- ბებო ღმერთმა დაგლოცოს, კარგი ბებო ხარ და იმიტომ,


რამდენს შრომობ, დარბიხარ ჩვენთვის!

Monday, July 27, 2015

                                                  მე  წყნეთში

წყნეთში ყოფნისას   თამუნამ ფოტოშოპი მოაწყო, მას ეს  კარგად  გამოსდის, მეც დამაფიქსირა წიგნით ხელში. როცა წიგნს ვიღებ ხელში რომის პაპის ცნობილი ფრაზა  "deus le volt" მახსენდება. მართლაც მახვილივით მიჭირავს წიგნი,   ვიბრძვი, დავსდევ ბავშვებს, ხელში წიგნს ვაჩეჩებ  წაიკითხეთთქო მაგრამ.... გულსატკენია, რომ წიგნი, ხელოვნება კარგავს თავის მრევლს.  ტელევიზიას, ვიდეოტექნიკას დღეს კომპიუტერი მიემატა და გვართმევს მკითხველს, მსმენელს. ჩემებში მარტო მე არ გამოვდგები მისაბაძად, კი მიჭირავს ეს წიგნი, მაგრამ რა.... დიდ სიბნელეში ოდნავ მოკიაფე სანთელივით ვარ ალბათ. ნეტა რა ხერხებსა და საშუალებებს უნდა მივმართოთ, რომ თუნდათ დროებით მაინც მოვწყვიტოთ ინტერდამოკიდებული მოზარდები კომპიუტერს და წიგნისკენ გავახედოთ. როგორი რთული გახდა დღეს შვილების ხასიათსა და შეხედულებში ოდნავი კორექციის შეტანაც კი.  იქნებ  არ არის სანერვიულო?! ეტყობა ჩამოვრჩი, რა ვქნა მე აწი ვერაფერი გამომასწორებს, მე ჩემს თავს წიგნის თაობაში გაზრდილს ვეძახი.












Wednesday, July 22, 2015

                                                    ირინა მემშვიდობება

ირინა დღეს უნდა წავიდეს, მალე სურამში მიდიან,  ცუდ ხასიათზეა.სამზარეულოში ვფუსფუსებთ, ბავშვებს საუზმეს ვუმზადებთ.
- ნე უხადი, მალე  ჭამა მოვა!- გასძახა უხალისოდ ირამ  რომელიღაცას
- ია წყნეთი თქვენთად ერთად ხაჩუ, ა სურამი ძალიან  დალეკო, ტამ უფრო ხოლოდნა, ია ძალიან მცივანა!- ამ დროს თამუნა შემოვიდა (ჩვენი 19 წლის ახლობელი)
-რატომ ტაკ პოზდნა ადექი!- ეკითხება ირა
- მთელი ღამე თავი მტკიოდა, დილისკენ დავიძინე, ალბათ წნევა მქონდა!- უპასუხა შეწუხებულმა თამუნამ
- წნევა? რა დროს შენი წნევა!- აღშფოთდა ირინა, შემდეგ დაფიქრდა და დაამატა- თუმცა რატომაც არა, ა მოჟეტ ბიტ კაკოიტა კიკი უ ტებია ( შაკიკი)!- გაგვეცინა
-  უი, და, შაკიკი ნაზივაეტსია!- გაასწორა ირინამ - აი მეც, კაკ  ნაზივაეტსია, და, ცული, კაკბუდტო ცული მირტყამს თავში
- იქნებ იმიტომ ვგრძნობდი თავს ცუდად რომ ცუდი ამბავი გავიგე!-წარმოთქვა დანაღვლიანებულმა თამუნამ
- ჩტო ზა ცუდი ამბავი?- დაინტერესდა ჩვენი რუსულის მასწავლებელი
- ოცი წლის ბიჭს თავი მოუკლავს!
-უი,რატომ თავი მოიკლა, თუ სიყვარული?  შტერია, ილი იქნებ პრაიგრალ, რა არის ეს! ყველა ახალგაზრდა პაგიბაიუტ, დაზარალებული თუ წააგო ჩტო დასტ!
- მატა მალე მოვა ნეტავ!- იკითხა თამარმა
- ინტერესნა ნა დესიტ მინუტ პრიდიოტ ილი მეტი ხანი დარჩება, ანა დაკავებული ძალიან!- ამ დროს დედამისმა დაურეკა, ირინამ საუბარი დაამთავრა და დაილაპარაკა
- მამა უ მენია ძალიან ჩალიჩნაია, პატარა ბავშვივით მელაპარაკება, ვინმემ ხომ არ გაწყენინაო, ვაბშე ტა ია ტოჟე ასეთი, ჩემი გოგო დლია მენია ვსიო, გიჟი დედა ვარ, ა ეტა ჟენშინა სკოლკა ა პირადი გავარილა (ჩვენთან მოსულ ერთ  პირად ცხოვრებაზე შეწუხებულ ქალს გადასწვდა ), პირადი, პირადი, კაკაია პირადი კაგდა მას ასეთი შვილები ეზრდება, პირადი სამ პრიდიოტ, ბოგ პრიშლიოტ, რაზვე მოჟნა ა პირადი ამდენი ილაპარაკო, ჩემი პირადი ეტა ჩემი დევოჩკა!-დაამთავრა მონოლოგი ირამ და ტელეფონით შემოსულ მესიჯს დახედა, ეტყობა რაღაც სარეკლამო შეტყობინება იყო
-მონტაჟი, ი ტაკ უნდა ექნათ უფასოდ, ცანცარები!- წარმოთქვა გაბრაზებით, შემდეგ მოგვიბრუნდა- დავაიტე კაკლის ძირში კოფე ვიპიმ, ა ვი დეტი პური მიაყოლეთ!- კაკლის ძირში ყავა მივირთვით, ირინამ ცრემლიც გადმოაგდო, არ მინდა წასვლაო
- სკუჩატ ბუდუ, არ მინდა ტუდა!
-შეგეხმიანები ტელეფონით!-დავამშვიდე მე
-და,და,აბა როგორ, ია მერე მოვალ სუდა! - ასე დავემშვიდობე ჩვენს რუსულის მასწავლებელს, რომელმაც მეც ხელახლა ამადგმევინა რუსულად ენა.