Thursday, December 28, 2017

სისხლის ყივილი


                                       სისლის ყივილი

                                               თავი ავია, გულს ენდეთ



                        კარგა ხანია საქართველოში გვარის დალოცვის ტრადიცია დამკვიდრდა და ეს მისასალმებელია. არიან გვარები, რომელთა წარმომადგენლები ყოველ წელს იკრიბებიან და ეს კეთილი შურით მშურს, რადგან ნათესავები ერთმანეთს უნდა იცნობდნენ, თან ისეთი დროა ძველებურად არ არის მისვლა-მოსვლა, იყო ჩემს დროს მისვლა - მოსვლა, მაგრამ რაც შემემთხვა ძალიან უსიამოვნო და მტკივნეული ამბავია. ჩემი გვარის ცოტანი ვართ საქართველოში, ექვსი- შვიდი წლის წინ დალოცა პატრიარქმა ფულარიები, ძალიან ცოტანი ვიყავით, მერე აღვნიშნეთ დალოცვის დღე, დავთქვით, რომ შევიყრებოდით ხოლმე, მაგრამ ნათქვამი მხოლოდ ნათქვამად დარჩა, საქმით არაფერი გაკეთებულა.
სასისხლო სიგელი იაკობიძეთა ბოძებული 1433 წელს თამარ მეფის მიერ. სიგელში ამ გვარის სისხლი განსაზღვრულია "ასოცი ათასი კილმანეული თეთრი" სიგელში მოხსენიებულია გვარი ფულარია
( ე. თაყაიშვილი საქართველოს სიძველენი" წ. მე-2გვ.371-374

ახლახან ახლობლების გვარი დაილოცა, ვისაუბრეთ წარმომავლობაზე, ბევრ რამეზე მერე ჩემი ძველი ჩანაწერი გამახსენდა და აი თქვენც მოგიყვებით.

იმ წელს სოხუმში ხვავრიელად მოთოვა. ასეთი დიდთოვლობა იშვიათობა იყო მზიურ აფხაზეთში, დიდი თუ პატარა ქუჩაში იყო გამოფენილი. იყო ერთი გნიასი წიოკობა. გოგოების კივილი აყრუებდა არე-მარეს, ბიჭები დასდევდნენ გოგონებს და დაუნდობლად აგუნდავებდნენ. ჭორი იყო თუ სიმართლე არ ვიცი, მაგრამ მთელი ქალაქი ლაპარაკობდა, რომ სტუდენტი გოგონასთვის ბიჭებს თოვლით გუნდაობისას სერიოზული დაზიანებები მიუყენებიათ, შეიძლება მხედველობა დაკარგოსო. მეტი არც მინდოდა შიშით დავდიოდი, თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებდი არ დამესიონ, თვალი არ ამომთხარონთქო. იმ დღეს ლექციებზე მიმავალი ტრანსპორტს ველოდებოდი, თან შიშით გული ამოვარდნაზე მქონდა.უცებ ჩემსკენ მომავალი სამი ზორბა ბიჭი შევნიშნე, რომელთაც უშველებელი თოვლის გუნდები ეკავათ და დამცინავად მიახლოვდებოდნენ, უკან- უკან ვიწევდი, ვთხოვდი, გაცივეული ვარ არ მომეკაროთ მეთქი.ერთმა, რომელიც ძალიან უხეში ჩანდა ხელი წამატანა, მიმიზიდა თავისკენ და პირში თოვლის გუნდის ჩატენვა დამიპირა, სხვები ხორხოცებდნენ. ვაი-ვაგლახით გავუსხლტი ხელიდან და ინსტიქტურად სახეში ჩანთა ვთხლიშე. გამწარდა, ერთი ამ მეტიჩარას დამიხედეთ, თოვლში დავმარხავ, იმ ლამაზ თვალებს თოვლით ამოვუვსებო, დანარჩენები აქეზებდნენ, მიდი, მიდი ღირსიაო. შიშით, მუდარის თვალებით შევყურებდი და უკან-უკან ვიწევდი, ისეთი ბოროტი მზერით მომყვებოდა, მივხვდი კარგი არაფერი მელოდა.ისეთი უხეში და ავყია ჩანდა, არც თხოვნამ არც "თუ ძმა ხარ1"-მა გაჭრა. თუ გაცივებული ხარ სახლში მჯდარიყავი, ახლა მე გაგაგრილებო. თითქოს ხსნა არსაიდან ჩანდა, საცაა მომიახლოვდებოდა და.... უცებ ჩემსკენ მომავალი, მაღალი, სიმპათიური ბიჭი შევნიშნე, ნეტა ამას რაღა უნდათქო, ამის გაფიქრებაღა მოვასწარი რომ ხელი წამავლო, მშვიდად, მოკრძალებით, განზე გამიყვანა, ბიჭებს ცოტა მკაცრი ტონით უთხრა ჩემი ახლობელიაო, წამსვე გამეცალნენ.
- ბესო! - ხელი გამომიწოდა "მხსნელმა", ღიმილით, უაზროდ შევხედე, ჯერ კიდევ შიშს ვყავდი შეპყრობილი.
- თქვენი სახელი, სტუდენტი ხართ?
- დიახ, თამარი მქვია!
- გიხდებათ ეს სახელი, დედოფალივით ხართ!
- მადლობა, რომ მიხსენით ამ მხეცებისგან, ასეთი უზრდელი და თავხედი ბიჭები არც მინახავს, არანაირი პატივისცემა ქალისადმი.
- ჰო, ესენი ადრეც შემინიშნავს, ერთობიან, დაერევიან ხოლმე გოგონებს, ფრთხილად იყავით, რომელ კურსზე ხართ?
-მეორეზე!
- მე მეოთხე კურსზე ვსწავლობ სუპტროპიკულ სინსტიტუტში. საიდან ხართ თამარ?
-ხობიდან!
- მე სენაკიდან, მეზობლები ვყოფილვართ!
- კი, მე და დედა ხშირად დავდივართ მოსაბაზრებლად სენაკში, თან იქ ნათესავებიც გვყავს - ბესომ ინსტიტუტამდე მიმაცილა, რა ბედნიერება იყო, დაცულად ვგრძნობდი თავს.მეორე დღესაც გაჩერებაზე დამხვდა, შემდეგი დღეებიც არ დავუტოვებივარ უყურადღებოდ. ცოტა არ იყოს უკვე უხერხულობას მიქმნიდა მისი გადაჭარბებული ყურადღება, მაგრამ ჩემს "გადამრჩენელს" ყოველთვის ღიმილით ვესალმებოდი. ხოლო, როცა შეხვედრაზე ჩამოაგდებდა სიტყვას ათას რამეს ვიმიზეზებდი უარის სათქმელად. ერთხელაც, როცა ძალიან ჩამაცივდა სადმე დავჯდეთქო, ვიფიქრე იქნებ მართლა გავიცნო ახლოს არ არის ცუდი ბიჭიმეთქი, ამის გაფიქრება და გულში უსიამოვნოდ დამკრა, მთელი სხეული ამიმხედრდა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. მოკლედ არ შედგა ჩვენი შეხვედრა. ყოველ შაბათს ხობში მივდიოდი ელქტრიჩკით, რაღაც მაქინაციებით ჩემს გვერდით აღმოჩნდებოდა ხოლმე სენაკელი. ერთხელაც მოვკალათდი ჩემს ადგილზე და წიგნი გადავშალე, გარდა იმისა, რომ მიყვარდა კითხვა, ფარადაც ვიყენებდი, აქაოდა ვკითხულობ, ნუ მაბეზრებთ თავს საუბრით და ზედმეტი კითხვებითთქო.
- გამარჯობა თამარ!- ჩამესმა ნაცნობი ხმა, ავიხედე ბესო და მისი მეგობარი დამდგომოდნენ თავზე.
- გამარჯობა! მივუგე უხალისოდ და კითხვა განვაგრძე.
- რას კითხულობთ ასე გამალებით? - "ეგ არ მომეშვება"- გავიფიქრე და თავი ავწიე
- ლონდონს!
- ხო შეიძლება ცოტა ხნით მოგვხედო, კითხვისთვის დიდი დრო გექნება- გულნატკენი ხმით მომმართა ბესომ. მეტი რა გზა მქონდა, წიგნი დავკეცე მაგიდაზე დავდებთქო და ძირს დამივარდა, წიგნში ჩადებული კონვერტი ცოტა მოშორებით გაფრიალდა, ბესო ჯერ წიგნს დასწვდა, მერე კონვერტი აიღი, დახედა და ჰაერში ხელი გაუშეშდა
- ვისია თამარ ეს წერილი, ვისთან მიგაქვს?
- ჩემია ბესო,საქორწილო, მოსაწვევი, მამასთან მიმაქვს.- ვუპასუხე გაკვირვებულმა და კონვერტი სწრაფადვე გამოვართვი. ხმა არ გამიცია, საუბარი უნდა და იმიტომ მისვამ ამდენ კითხვასთქო.
- ვისთან მიგაქვს მოსაწვევი?- აკანკალებული ხმით ფერწასულმა მკითხა ჩემმა თანამგზავრმა. ახლა უკვე მივხვდი რაღაც ისე ვერ იყო და გამჭოლი მზერა ვესროლე
- მგონი გასაგებად გითხარი სადაც მიმაქვს
- თამარ კონვერტზე ფულარია წერია, მამაშენი... ანუ შენ რა ფულარია ხარ? - აბლუკუნდა ბესო
- ჰო, ფულარია ვარ, აქამდე არ იცოდი? - ბესო მთლად წამოჭარხლდა
- თევდორე ფულარიას ქალიშვილი ვარ, რა ეს სახელი და გვარი რამეს გეუბნება?!
- დედას გაფიცებ, ხომ არ მატყუებ, ეს შეუძლებელია!
- რა გჭირს, ვერ ვხვდები რატომ უნდა მოგატყუო!- ამის თქმა და ბესო გველნაკბენივით გავარდა გარეთ და მეგობარიც მიჰყვა, იმის შემდეგ არ გამოჩენილა, მე კი გაოგნებული ვიჯექი, ნეტა რა ბზიკმა უკბინათქო.
ერთი თვე თუ იქნებოდა გასული, მამამ ჩაფიქრებით მომიხმო, გვერდით დამისვა, ცოტა ხანს ჩუმად იჯდა, მივხვდი, რაღაც საჩოთირო საკითხზე აპირებდა საუბარს და უჭირდა, მამას დიდი პატივისცემა და რიდი მქონდა "ნეტა რაზე უნდა მესაუბროს?" -გავიფიქრე და გავინაბე
- შვილო, ეს ჩვენი ბრალია, უფროსების, გამოუსწორებელი შეცდომა. სენაკელი ჩვენი ახლო ნათესავი თამარა ფულარია ხომ იცი? თამხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, ვინ არ იცოდა ლამაზი წარმოსადეგი, ამაყი, ყარაჩოღელი ქალი, რომელიც თავისი სიდარბაისლით, სილამაზით და ვაჟკაცური ბუნებით იყო განთქმული, მამა ხშირად აკითხავდა.
- ვნახე თამარა ამ დღეებში, მის ბიჭს.... არ გააგრძელა ის მტკივნეული სიტყვა მამამ, დედა შენ რომ მოგეწონება ისეთი გოგო უნდა გაგაცნო, ვერ დამიწუნებო. ჯერ გვარი ხომ უნდა ეკითხა იმ სულელ ბიჭს!- თავი გადააქნია მამამ დანანებით, მებრალება ბიჭი - რა მიხვედრა უნდოდა, საუბრის დაწყაბისთანავე მივხვდი, ბესოზე იყო საუბარი, " თურმე რაში ყოფილა საქმე და რატომ აორთქლდა!"- მამას კი სირცხვილით თვალებში ვერ ვუყურებდი
- მოვა ამ დღეებში თამარა, უნდა გავიცნოვო - მიწა გამსკდომოდა მერჩია, არანაირი სურვილი არ მქონდა თამარა ფულარია გამეცნო. "ახლა რა ჯანდაბა უნდა, აინტერესებს მის შვილს როგორი გოგო მოეწონა? აქამდე გაგვცნობოდნენ!" -ლამის ხმამაღლა წამოვიძახე ჩემი გულისტკივილი. თავში ქარიშხალი მიტრიალებდა. ასეთი უსიამოვნო განცდა არასოდეს მქონია.მართლაც მობრძანდა იმ დღეებში ჩვენი ნათესავი, მედიდური მიხვრა - მოხვრით, მეფერებოდა, მათვალიერებდა, გულში მიკრავდა, მართლაც ლამაზი გოგო ყოფილხარ ჩემო სისხლო და ხორცოვო, მამას დანანებით შეხედა, მოსაკლავები ვართო და წავიდა. მე და ბესო შემდეგ არასოდეს შევხვედრივართ ერთმანეთს, იმ პატარა ქალაქში ისე დავამთავრეთ ორივემ სწავლა რომ თვალიც კი არ მოგვიკრავს ერთმანეთისთვის, მხოლოდ მამას გარდაცვალებისას იყო ჩვენთან, მოკრძალებით მომისამძიმრა, არც გამომლაპარაკებია.

P.S.
ნათესაობა, ერთი გვარის წარმომადგენლები უნდა იცნობდნენ ერთმანეთს.





Monday, October 16, 2017

                                რომანტიული სიყვარული  (1 )


    დიდი ხნის ტირილისა და ძებნის შემდეგ ქეთევანმა  მისი ერთადერთი, სანუკვარი შვილი ერთ-ერთ მონასტერში იპოვა. მონაზვნის სამოსლით შემოსილ  ახალგაზრდა ქალში ძლივს შეიცნო თავისი ნანა. "როგორ დალეულა!"- გაიფიქრა გულდათუთქულმა დედამ და ხელები გაშალა
- მოდი, შვილო, დედა გენაცვალოს, ძლივს გიპოვე, ხომ კარგად ხარ?
- დედაო დამიძახეთ! - მშრალად გამოსცრა პასუხი მონაზონმა. ქეთევანს ხმა არ ამოუღია, იქვე ჩაიკეცა. ასე იყვნენ კარგა ხანს. შემდეგ ყოფილი შვილი ცივად  დაემშვიდობა და ერთმანეთს სამუდამოდ დაშორდნენ. ქეთევანი მიხვდა, რომ მას ვერასოდეს ნახავდა.  
"რა ვქნა, სად წავიდე, დავიხურო ლორთქიფანიძის თავსაფრიანი დედაკაცივით  მეც ლეჩაქი და სადმე გადავიკარგო, თუ?! აქვს ჩემს ცხოვრებას აწი აზრი?" გაიფიქრა ქეთევანმა, არა, კი არ გაიფიქრა, ხმამაღლა წამოიძახა, რადგან საკუთარმა ხმამ შეაკრთო, ცოტა გონს მოვიდა, მერე შინ დატოვებული მეუღლე გაახსენდა, რომელიც იმედით ელოდა, წარმოიდგინა მისი განადგურებული სახე და გადაწყვიტა შინ წასულიყო და გაეგრძელებინა ცხოვრება ნანას გარეშე, არა, ცხოვრება იმ დღეს დაასრულეს ცოლ-ქმარმა, როცა შვილმა სახლი დატოვა, უბრალოდ იარსებებენ, მანამ სანამ სიკვდილი არ ესტუმრებათ.
ნანა? -  ნანა კი ჩქარი ნაბიჯით გაეშურა თავისი სენაკისკენ, ცრემლები ახრჩობდა, მიიხედ-მოიხედა ვინმე ხომ არ მხედავსო, შეასწრო, უხეშ საწოლზე დაეგდო და აზლუქუნდა. 
   
იმ ღამით ნანამ საშინელი სიზმარი ნახა, რომ ყველამ დატოვა, დაინახა რომ სულ მარტო იყო. დილით შეშინებული ადგა და სწრაფად გასწია უნივერსიტეტისკენ, კინაღამ მანქანა დაეჯახა.მთელი დღე მოწყენილი იყო. ლექცია ისე ჩამთავრდა ერთი სიტყვაც არ გაუგონია.შემდეგ შინისკენ მიმავალმა იფიქრა, ცოტა ხნით კაფეში შევისეირნებ, ჰაერს გადავყლაპავო, თავისუფალი სკამი იპოვა და ჩამოჯდა. ნანამ რაღაც აფორიაქებულმა და უსიამოვნო წინათგრძნობით აღვსილმა მიმოავლო ირგვლივ თვალი და..... არა, ეს არ შეიძლება ხდებოდეს, მეჩვენება!" გაიფიქრა ქალიშვილმა, თვალები დაახამხამა, მაგრამ საზარელი სურათი არ ქრებოდა, მისი რჩეული ბიჭი და უახლოესი მეგობარი, ნათია ერთმანეთს გადახვეოდნენ. თვალთ დაუბნელდა, წამოიჭრა, ვერ გადაეწყვიტა რა მოემოქმედნა, ჯერ იფიქრა მივეჭრები, ორივეს მივაფურთხებო, მაგრამ გადაიფიქრა, გაიქცა,  ეტყობა შენიშნა გიამ, რადგან მოსდევდა და ემუდარებოდა, გაჩერდი ყველაფერს აგიხსნიო. ნანა კი მირბოდა, უაზროდ მირბოდა, სადღაც შორს უნდოდა გადაკარგულიყო, აზრზე მაშინ მოვიდა, როცა რომელიღაც ტაძარში დედა ღვთისმშობლის წინ დამხობილი აქვითინდა. როცა გული იჯერა, ეკლესიის ეზოში სკამზე ჩამოჯდა.
"ეს როგორ? განა მისი საუკეთესო მეგობარი თავად არ შუამდგომლობდა , არ ეუბნებოდა? კარგი ბიჭია ძალიან უყვარხარ, ხელი არ ჰკრაო?! ორივენი ცრუობდნენ? და აქამდე ეს როგორ არ შეამჩნია? როდის შეეტმასნა მათ ურთიერთობას სატანა? თითქოს სამყარო დაემხო ნანას თავზე. ბოლოს ძალა მოიკრიბა და ლასლასით წავიდა შინისკენ. კარი შეაღო თუ არა დედამ უცებვე შეატყო უგუნებობა და მიზეზი ჰკითხა. ნანას არაფერი დაუმალავს, ყველაფერს მოუყვა, დედის კალთაში თავი ჩარგო და კვლავ აზლუქუნდა. დედა ბევრს ესაუბრა, მოეფერა,დაამშვიდა, ეს არ არის დასასრული, კარგია, რომ  დროზე ნახე, არ არის გია შენი ღირსი, გულიდან ამოიგდე, ახალი ჰაერი ჩაისუნთქე და ხვალიდან ახალი ცხოვრება დაიწყეო.დედის სითბომ და დარიგებამ ცოტა აზრზე მოიყვანა, ცოტათი დამშვიდდა, აბაზანაში შევიდა, წყალი გადაივლო, უნდოდა წყლისთვის გაეტანებინა ის ნეგატიური განწყობა, რაც მთელი დღე დაუფლებოდა, მერე თავის ოთახში ლოგინზე წამოწვა, ჯერ წერა სცადა, ვერ შეძლო, ვერც კითხვას დაუდო გული. იმ ღამეს არც დედას ეძინა და არც შვილს. დედა წარა-მარა შვილის კარებს აყურადებდა, უნდოდა შესულიყო, მაგრამ თავს იკავებდა, იქნებ უკვე ძინავს არ შევაწუხოვო.
  დილით ნანა ადრე ადგა, შემოდგომის სიცივეშეპარული ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ მოწესრიგდა, ჩანთას დაავლო ხელი
 -  შვილო, ჩაი მაინც დაგელია, როგორ ხარ? - მიაძახა უკვე კარებში გავარდნილ შვილს ქეთევანმა.
- კარგად ვარ დედა, კარგად, არ  იდარდო!- მოაძახა დედას და სწრაფად ჩაირბინა კიბეები. ქუჩაში თავი გაჰყო თუ არა წინ გია აეტუზა
- ნანა, მომისმინე, ყველაფერს აგიხსნი!- ხმის კანკალით მიმართა ბიჭმა
- არა, არაფრის მოსმენა არ მინდა, არ მაინტერესებს, გაქრით ჩემი ცხოვრებიდან ორივენი - არც შენ და არც ნათია გიჯობთ არ დამენახოთ! - ისეთი კატეგორიული და მკაცრი ტონით მიმართა გიას, რომ ვაჟი მიხვდა, რომც მოესმინა,  აზრი არ ჰქონდა თავის მართლებას, თან იცოდა ნანას შეუვალი, პრინციპული ხასიათი და იქაურობას აწურული გაშორდა. გიასგან განსხვავებით ნათია არაფერს ცდილა, მხოლოდ თავს არიდებდა ყოფილ მეგობარს.
  გადიოდა დღეები, კვირეები, თვეები, ნანა ჩადგა კალაპოტში, ჩვეულებრივ რიტმში აგრძელებდა  ცხოვრებას, სწავლას. მიყუჩდა ტკივილი, თითქოს ჭრილობა მოშუშდა, მაგრამ როცა იარები გაიხსნებოდა და ტკივილი შეაწუხებდა , გარბოდა ტაძარში, დედაღვთისმშობლის წინ დაემხობოდა, აქვითინდებოდა და მერე კი დამშვიდებული, დაწმენდილი თვალებითა და სუფთა გულით ბრუნდებოდა შინ. თაყვანისმცემლები ბევრი ჰყავდა კარგი გარეგნობისა და კარგი ბუნების გოგოს, მაგრამ ის არავის იკარებდა, გადაწყვეტილი ჰქონდა გულის კარები არავისთვის გაეღო.
 აი დადგა გაზაფხულიც. მშვენიერი გაზაფხულის მოახლოება ყველაზე პირველად თეთრად აფეთქებულმა  ტყემლებმა და ფერდობზე შეფენილმა იებმა ამცნეს. იმ დღეს ნანა კარგ განწყობაზე ადგა.

                                           

                               
   


რომანტიული სიყვარული  (2)


  - რა მშვენიერი ამინდია დედა!- მიმართა დედას და გულში ჩაიკრა. ქეთევანი გახარებული უყურებდა გამხიარულებულ ნანას - "უკვე თვალებში ნაღველი თითქმის არა აქვს"-გაიფიქრა და შვილს მიუჯდა სამზარეულოს მაგიდასთან
 - გაზაფხული ბუნებაში ახლის მომტანია შვილო, შენთვის სიკეთე, სიყვარული, ახალი სიხარულები მოეტანოს! - დალოცა მისი ერთადერთი სიხარული ქეთევანმა.მის ხმაში სიყვარულთან და სითბოსთან ერთად დიდი სევდაც იგრძნობოდა რაც არ გამოჰპარვია ნანას. იცოდა ნანამ რომ დედა უთქმელად იტანჯებოდა.ვერ მოითმინა, ისევ მივარდა და ქეთევანს სახე დაუკოცნა.
- არაფერზე იჯავრო, კარგად ვარ დედა, თითქოს არც ყოფილა ის ადამიანი ჩემს ყოფაში, სამაგიეროდ ჭკუა ვისწავლე, არასოდეს არავის შევიყვარებ!
- ასე ნუ ამბობ შვილო, გამოჩნდება შენს ცხოვრებაში ღირსეული ადამიანი და შეიყვარებ კიდევაც. სიყვარული შეიძლება მოულოდნელად გეწვიოს, ის არ გეკითხება შენ გინდა თუ არა, დაუპატიჟებლად შემოაღებს გულის კარებს, და ეს ხდება არა მხოლოდ ერთხელ.
- დედიკო, შენ რამდენჯერ გიყვარდა?- ჰკითხა ეშმაკური ღიმილით ნინომ დედას. 
- მე და მამაშენს სკოლიდან გვიყვარდა ერთმანეთი, აბა ვინ მაცალა, დავამთავრე სკოლა თუ არა, დამავლო მამაშენმა ხელი და შევქმენით ოჯახი, სწავლა მერე გავაგრძელე, არ ვფიქრობდი, მაგრამ არ ჰქნა, ექიმობა შენი ოცნებააო და სამედიცინო ინსტიტუტი დამამთავრებინა.
- ჰო, თქვენ საოცრად გიყვართ ერთმანეთი. ბედმა კარგი დედ - მამა მარგუნა. ნინომ დაიმორცხვა
- სად მიდიხარ საყვარელო ასე გამოპრანჭული, ძალიან ლამაზი ხარ!
- ჯერ ბიბლიოთეკაში, მერე ვნახოთ, გავისეირნებ გოგონებთან, დღეს რაღაც ყველაფერი მიხარია. მართლაც მთელი დღე გულმხიარული დააბიჯებდა ქუჩაში ნანა, გაზაფხულივით ლამაზ და მსუბუქ გოგოს ყველა თვალს აყოლებდა. ნინო მიჩვეული იყო ყურადღებას და არც უკვირდა. საღამოსკენ კაფეში გოგოებთან ერთად შესულმა სიმპათიურ ბიჭს მოჰკრა თვალი, რომელიც ნანას ჩასცივებოდა. ნანას ეს ბიჭი ადრეც შეუმჩნევია, მაგრამ დაკვირვებით მხოლოდ დღეს დააკვირდა.
- შეიძლება თქვენთან ჩამოვჯდე? - მოკრძალებით ჰკითხა ბიჭმა. ნანამ თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. ახლაღა შეამჩნია ბიჭს მუქი ყავისფერი თმები და ისეთივე ფერის თვალები ჰქონდა. თბილი  ეჩვენა ბიჭის თვალები
- ყავას დალევ?
- არა, ყავას არ ვსვამ, ჩაი იყოს! - ბიჭმა ჩაი და ნამცხვარი შეუკვეთა.
- ჩემნაირი ყოფილხარ! - გაუღიმა ბიჭმა
- ეგ როგორ?
- მეც არ ვსვამ ყავას, ყავა მავნეა, და თვალები ორივეს თაფლისფერი გვაქვს - გაიღიმა ბიჭმა - არც ეწევი
- არა!- კისკისით უპასუხა ნანამ
- კარგი ერთი, არც ეწეოდი?
- არა, არასოდეს მომიწევია, შენ?
- არც მე, გითხარი უკვე,  ჩემნაირი  ყოფილხარ! - გაუღიმა თბილად დათომ. ნანას საოცარი სითბო ჩაეღვარა სულსა და გულში. კარგა ხანს ისაუბრეს ბევრი რამ შეიტყვეს ერთმანეთზე, საერთო ინტერესებიც ჰქონიათ, მაგალითად ნანას გატაცება ცურვით და ცხენებით არ გაჰკვირვებია დათოს, თვითონაც ხშირი სტუმარი ყოფილა იპოდრომის. მოკლედ მხიარული განწყობით მიუახლოვდნენ ნანას სადარბაზოს, ბიჭმა მეორე დღესაც დაუთქვა შეხვედრა და დაცილდნენ.
 მეორე დღეს დათომ ისევ კაფეში შესთავაზა დამსხდარიყვნენ.
- მეგონა სადმე კლუბში დამპატიჟებდი. - გაეღიმა ნანას - ვატყობ განსხვავებული ხარ!
- ჰო, რა! 
- მეც არ მიყვარს ხმაურიანი ადგილები, აქ სიწყნარეა.
- შენი აზრით რომელი სიყვარულია  ყველაზე ძლიერი?
- ძლიერი? - კითხვა შეუბრუნა ნანამ - მეგობრული, ან დედა-შვილური ალბათ უფრო....ყოყმანით ახედა ბიჭს
- რომანტიულ სიყვარულზე რას იტყვი? - ნანას ღაწვები შეუფარკლდა
 - ის ყველაზე სუსტი გრძნობაა!
- ასე რატომ ფიქრობ?
- ხომ არ გგონია ჩემში რაიმე გრძნობას გააჩენ და გინდაც გაჩნდეს, ძალიან სუსტი იქნება, მე გული მატკინეს, მიმატოვეს, ეს  არ განმეორდება
- წარსული ერთი დიდი მორევია, თუ მას აწმყოზე გააბატონებ, ჩაგითრევს!- გოგომ ბიჭს მრავალმნიშვნელოვნად შეხედა.
ისინი ერთ ქალაქში არ ცხოვრობდნენ, მათ მხოლოდ მანძილი როდი აშორებდათ, მაგრამ ეს მაინც მოხდა, მათ ერთმანეთი შეუყვარდათ.


                                          რომანტიული სიყვარული      (3) 

ნანას ვერ გაეგო რა ხდებოდა მის თავს, როგორ დაახვია თავბრუ დთომ ასე უცებ. "არასოდეს არ თქვა არასოდეს!"- სწორი ყოფილა ეს გამონათქვამი, ფიქრობდა ნანა. ახლა წარსულზეც ეცინებოდა, გია გატაცება ყოფილა თურმე, ნამდვილი სიყვარული ახლა მეწვიაო და ბედნიერებისგან ფრთებშესხმული დაფრინავდა. ირგვლივ ყველაფერი ლამაზად ეჩვენებოდა, ყველა და ყველაფერი უყვარდა. დათოს ჩემები ვერ დამიწუნებენ უნდა გავაცნო მშობლებსო და ერთ დღესაც შინ მიიპატიჟა და წარუდგინა დედ-მამას.
 მშობლებს მოეწონათ წარმოსადეგი, კარგად აღზრდილი, გონიერი სასიძო, ისაუბრეს, წარმომავლობა გამოჰკითხეს, გვარ- სახელის გაგონებაზე გუნება გაუფუჭდათ, ეს იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ქალ-ვაჟსაც არაფერი გამოჰპარვიათ, დათომ მოიბოდიშა მეჩქარებაო და წავიდა.ნანამ თეთრად გაათენა ის ღამე. არც მშობლები ყოფილან კარგ დღეში. დილით ნანამ დედა ნამტირალევი, თვალებშეშუპებული რომ დაინახა, შეცბა
 - რა მოხდა დედა,დავაშავე რამე? - ჰკითხა ქეთევანს ლამის ტირილით ნანამ. დედამ პასუხი არ გასცა, მხოლოდ თავს აქნევდა იქეთ-აქეთ. ახლა მამას შეხედა გოგომ, იქნებ მამამ გამაგებინოს რამეო, მაგრამ მამასაც განადგურებული სახე ჰქონდა, დანა პირს არ უხსნიდა და არაფერი უთქვამს.
- რა მოხდა, ადამიანები არ ხართ, გამისკდა გული, მე და დათოს გვეხება, არ მოგეწონათ, რამე შეგვეშალა?
- არა შვილო, თქვენ არაფერი შეგშლიათ, ჩვენ შეგვეშალა! - გაბზარული ხმით უპასუხა  გოგიმ შვილს, რომელიც ნანას თვალს არიდებდა.
- აშკარად მე და დათოს გვეხება ხომ?
- ჰო! - წარმოთქვა ტირილით ქეთევანმა
- თქვით თუ არ მოგეწონათ, ან რა სჭირს დასაწუნი?
- დასაწუნი ნამდვილად არ არის, მაგრამ შენ არ შეგეფერება!- ამოიკნავლა ქეთევანმა
- რა სადედოფლოდ მამზადებთ, რატომ არ შემეფერება?
- ნუ გააგრძელებ შეხვედრებს შვილო, გემუდარები! - ჩურჩულით მიმართა ნანას მამამ. ამის მეტი მშობლებს არაფერი უთქვამთ, თავიანთ ოთახში ჩაიკეტნენ. ნანამ მოსვენება დაკარგა, ვერ გაეგო რა ხდებოდა.მშობლებმა ჭამა მიატოვეს, ვერც ეკონტაქტებოდნენ ქალიშვილს. ნანას უხალისობა დათოს არ გამოჰპარვია, წუხდა ბიჭი, დადარდიანდა. იცოდა ნანა მშობლებს ანგარიშს გაუწევდა და მათ წინააღმდეგ არ წავიდოდა.არადა ამ თემაზე უჭირდა ნანასთან საუბარი, ერიდებოდა, შიში მოძალებოდა, ვაი თუ ხელი მკრასო. ერთ დღესაც ნანა მის საყვარელ, მესაიდუმლე ბიძას ესტუმრა, ყველაფერს მოუყვა და სთხოვა, აეხსნა რა ხდებოდა. შეატყო ბიძისთვის ეს ამბავი ახალი არ იყო.
- მიჭირს შვილო ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ ნუ წახვალ მშობლების წინააღმდეგ, შენს გარდა არავინ ჰყავთ, გულს ნუ მოუკლავ
  - რათა, ძია ავთო, მითხარით, ვხედავ ყველანი რაღაცას მიმალავთ, მე და დათოს გვიყვარს ერთმანეთი, სიტყვა გვაქვს მიცემული ერთმანეთისთვის, რაიმე მტრობა ხომ არ ჰქონიათ მის მშობლებთან ჩემებს?
- მეტს ვერაფერს გეტყვი შვილო, ჯობია დაივიწყო, ჩემი თხოვნაა. ნანამ ის ღამეც თეთრად გაათენა, გულს უკლავდა  დალეული, დადარდიანებული მშობლების ყურება.ტაძარს მიაშურა, დედაღვთისმშობლის ხატის წინ, როგორც ყოველთვის, ტირილით გული მოიოხა და მერე შინ წავიდა უხალისოდ. კარი შეაღო თუ არა დედის შეშლილმა სახემ  გააგიჟა, გულმა რეჩხი უყო, მიხვდა რაღაც ცუდი ხდებოდა.
-რა მოხდა დედა?
- მოგიკვდეს დედა!
- რა, რა მოხდა, დათოს ხომ არ შეემთხვა რამე?! - წამოიძახა მისდაუნებურად ნანამ. დედამ პასუხი არ გასცა, მამას სახემ კი ყველაფერს მიახვედრა
- დათო?
- ჰო, დათო აღარ არის!  - ტირილით ამცნო შემზარავი ამბავი მამამ
-ბოლო სიტყვები ნანას არ გაუგონია, იქვე ჩაიკეცა, გონება დაკარგა. როცა გონს მოვიდა სასთუმალთან ქიმი ეჯდა და პულსს უზომავდა.
- რა დაემართა დათოს, რა მოხდა ახლა მაინც მითხარით სიმართლე! - მუდარის თვალებით შეხედა მშობლებს ნანამ.
- აზრი არა აქვს დამალვას შვილო, თავი ჩამოიხრჩო!
 უნდა გაუძლო შვილო! - თავზე ხელი გადაუსვა ძია ავთომ
 რატომ, რატომ? თქვენი ბრალია ყველაფერი, თქვენ ის უარყავით!  - კიოდა ისევ ნანა
- ვაი ჩვენს თავს უბედურს, ამას ვინ იფიქრებდა, გვქონდა მიზეზი შვილო, მერე გეტყვით! - დაუყვავა ავთომ
- არა ახლავე, ახლავე მეტყვით, თორემ მეც იგივეს გავიმეორებ, თავს არ ვიცოცხლებ.
- დათო და შენ და-ძმანი ხართ, ერთი დედ-მამის შვილები, სხვადასხვა ოჯახში გაშვილებულები.  ნანამ ხელახლა დაკარგა გონება. როცა გონს მოვიდა, მხოლოდ ჭერს შესცქეროდა გაშტერებული თვალებით, არ ჭამდა, არ სვამდა, არავისთან კონტაქტობდა.ოჯახში ისეთი მდგომარეობა  და სიმძიმე სუფევდა, დასტირებელი რომ ასვენია ოჯახში. ლანდიღა დარჩა, ეს ულამაზესი ქალიშვილი. ასევე იტანჯებოდნენ მშობლებიც. ქეთევანი მის ფეხთით ეგდო დღე და ღამე , მაგრამ ნანა ზედაც არ უყორებდა, მხოლოდ ერთხელ ამოიკნავლა, რატომ არ მითხარით ნაშვილები რომ ვიყავი თავიდანვეო, იქნებ ეს არ მომხდარიყო?!
 - გვეშინოდა შენი დაკარგვის შვილო! - ამოღერღა ქეთევანმა.
- თურმე რატომ იყავით მთელი ცხოვრება დამფრთხალი,არა, მაშინ არ დამკარგავდით, ახლა კი დამკარგეთ! - წარმოთქვა მკაცრი ტონით ნანამ, ქეთევანს გააჟრიალა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.
 ერთ დილით ნანა წამოლასლალდა, ბარგი ჩაილაგა,დედ- მამას მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის,  საყვარელ ბიძას დაემშვიდობა, მერე მის საყვარელ ტაძარს მიაშურა, ხატის წინ დაემხო, დიდხანს იბუტბუტა, იტირა და მტკიცე გადაწყვეტილებით და მყარი ნაბიჯით წავიდა უკანმოუხედავად ......



Monday, October 2, 2017

ქვაზე დადებული სიკეთე

ცოტა ხნის წინ გადმოგეცით სვანეთში ჩემი სასიამივნო ვიზიტის შესახებ. გაგაცანით ფილფანების ოჯახი. ვახტანგ ფილფანი არა მარტო დიდი ხელოვანი და კარგი პიროვნებაა, მისი სახით დიდი სიკეთე დააბიჯებს ქვეყნიერებაზე. რატომ ვეხები სიკეთეს? ცოტა ქვემოთ...
"ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჰკვეთა კბილიო!"
"მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გზად გაივლი, წინ დაგხვდება!" ეს ანდაზები გულისხმობს, რომ ყოველი დავიწყებული კეთილი საქმე წინ ხვდება ადამიანს, ისევე, როგორც ბოროტი საქმე თუნდაც დავიწყებული.
რასკოლნიკოვის საქციელი მას უკანვე მოუბრუნდა, შეგნებულად ჩადენილი მკვლელობა საკუთარივე სტატიამ გააყიდვინა. სიკეთის გამარჯვება მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ადამიანი სხვის მიერ მიყენებულ ყოველ ტკივილს დაივიწყებს, მიუტევებს მანამ, სანამ პატიებას სთხოვენ. შემდეგ კი მოხდება სასწაული - ის, რასაც არასოდეს ელოდით. არ ელოდებოდა სასწაულს ახალგაზრდა ვახტანგ ფილფანი, მაგრამ მოხდა...
სვანეთში ყოფნისას საუბარში ვახტანგი მომიყვა დიდი ხნის წინანდელ გასტროლებზე. მინდოდა ეს ამბავი გამესაჯაროვებინა და ვთხოვე, მოეწერა წლები ამ მოვლენებისა, მან დეტალურად მომწერა ეს საინტერესო თავგადასავალი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ
მესტიის ანსამბლ „თეთნულდი“-ს ვიზიტი გერმანიაში 1997 წელს.
-----------------------------------------------------------------------
მე ვარ ვახტანგ ფილფანი, 1996 წელს ჩემს მიერ შეიქმნა მესტიის სიმღერისა და ცეკვის საბავშვო ანსამბლი „თეთნულდი“. ანსამბლი 1997 წლის გაზაფხულზე მიწვეული იყო საგასტროლოდ გერმანიაში, სადაც 14 კონცერტი გამართა შვიდ ქალაქში, (დრეზდენი, ბოხუმი, ზაარბრუკენი, ინგოლშტადტი, ვადერნი, ფრანკფურტი და ბერლინი). ჯგუფის შემადგენლობაში იყო 22 ბავშვი და 10 მოზრდილი, მათ შორის ცნობილი ლოტბარი ანსამბლ „რიჰო“-ს ხელმძღვანელი ისლამ (ეფთიმე) ფილფანი (მამაჩემი), ამავე ანსამბლის სახელოვანი ქორეოგრაფი -კანდიტ მერლანი, კომპოზიტორი - იამზე ფილფანი, ნანა ნიჟარაძე, რომლის მეგობრების წყალობითაც მოხდა ეს მიწვევა. ყველაფერი ძალიან საინტერესოდ მოხდა.
იმ დროისთვის საქართვლოში (ისევე, როგორც სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში) ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, მთავრობა ჯერ ჩამოუყალიბებელი და სუსტი იყო, ყველგან კრიმინალი ბატონობდა, მათ შორის მესტიაშიც. ანსამბლის მორიგი რეპეტიციის დროს ტკბილი ჰანგების ხმას შემოჰყვა ახალგაზრდა გერმანელი ტურისტების ჯგუფი (ნანა ნიჟარაძის მეგობრები), მათ გაუკვირდათ სიმღერის ხმა, რადგან ყველგან თოფის ხმა ისმოდა და სიამოვნებით დარჩნენ რეპეტიციის დასრულებამდე. ბოლოს ერთმანეთს რაღაც უჩურჩულეს და გვითხრეს, რომ შეეცდებოდნენ ჩვენი ანსამბლის მიპატიჟებას გერმანიაში. ჩვენ ეს არც თუ სერიოზულად ჩავთვალეთ და ღიმილით მადლობა ვუთხარით ამ „ხუმრობისთვის“.
ზუსტად ერთი თვის შემდეგ მოვიდა რეპეტიციაზე ნანა და სიხარულით ანსამბლის ოფიციალური მიწვევა აგვიფრიალა. მივხვდით, რომ თურმე ეს ყველაფერი არ ყოფილა „ხუმრობა“. გერმანელ ახალგაზრდებს გამოუქვეყნებიათ ინფორმაცია ჩვენს შესახებ გერმანიაში არსებულ სოციალურ ქსელში და უმალვე გამოჩნდა ჩვენი სპონსორი, ფირმა დაიმლერ-ბენცის (მერსედესი), მაღალჩინოსანი, გვარად ზემლერი. ეს კაცი ყოფილა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ჯარისკაცი, ომის ბოლო წელს მათი ჯგუფი კავკასიონზე სვანეთის ტერიტორიაზე იბრძოდნენ. სტალინის ბრძანებით სვანი ჯარისკაცები სწორედ იქ იყვნენ განლაგებულნი და მათ ჩაუვარდათ ტყვედ 20 წლის ზემლერი და ამავე ასაკის მისი მეგობარი. რადგანაც ომი დამთავრებული იყო და გერმანია უკან იხევდა, სვანებმა ვეღარ გაიმეტეს ეს ორი პირტიტველა ლამაზი გერმანელი ბიჭი სასიკვდილოდ, განაიარაღეს, მაგრამ ცოცხლად გაუშვეს. ეს ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა მათთვის, ისინი მშვიდობიანად დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში, წარმატებული ბიძნესმენები გახდნენ, მთელი ცხოვრება სამაგიერო სიკეთის გაკეთების სურვილით შეპყრობილნი ელოდნენ, ელოდნენ და აი შანსიც მიეცათ. ამ ინფორმაციის შემდეგ, მართლაც ზღაპრული ვიზიტი გაგვიკეთა, თითქმის ერთი თვე ყველაფერი დაგეგმილი იყო მაღალ დონეზე. რადგანაც ბავშვების ჯგუფი იყო ოფიციალური ჰონორარის უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ იმდენი შემოწირულობა გვაჩუქეს ფულის და ტანსაცმლის სახით, რომ ჩვენი ოჯახები და ჩვენი ნათესაობა თითქმის ხუთი წლით უზრუნველყოფილი ვიყავით ყველაფრით. ეს იყო დიდი საოცრება, როდესაც მიყრუებული სვანეთიდან საგასტროლოდ გერმანიაში წავიდა ანსამბლი, თვითონ კულტურის სამინისტრო და თბილისის ცნობილი ანსამბლები ვერ ახერხებდნენ იმ დროისთვის ამას.
დიდი მადლობა ბატონ ზემლერს, გერმანელ ტურისტებს (მიშას თამადობით), ქალბატონ ნანა ნიჟარაძეს, ქალბატონ ლიანა ისაკაძეს, რომელმაც თავის ორკესტრთან ერთად გვიმასპინძლა ინგოლშტადტში, ბატონ ჰერმან ვედეკინს, რომელმაც გვიმასპინძლა ზაარბრუკენში, საქართველოს საელჩოს გერმანიაში (ბატონ კოტე გაბაშვილს), რომელმაც გვიმასპინძლა დასკვნით საღამოზე ბერლინში, მადლობა ასევე ჩემს მეგობრებს: გიზო ცხომარიას და არჩილ მურღვლიანს, რომელთაც საკონცერტო პროგრამის მომზადებაში დიდი წვლილი მიუძღვით ( ისინ ანსამბლის ქორეოგრაფები იყვნენ) და საერთოდ ყველას, ვისაც პატარა წვლილიც კი მიუძღვის ჩვენი გასტროლების მოწყობაში.
პატივისცემით ვახტანგ ფილფანი.
24 სექტემბერი 2017 წელი.
უდიდესი ბედნიერებაა, იყო ბრძენი, ხოლო უდიდესი სიბრძნეა იყო კეთილი.
სიკეთე სპილენძზე ჩაიწერე, წყენა კი - წყალზე
კეთილთა უბედურება - ბოროტთა ბედნიერებას სჯობს.
სიკეთეზე გამონათქვამების მოხმობა და საუბარი უსასრულოდ შეიძლება.
მქონდა უმძიმესი პერიოდი, როცა სიკეთე არ ყოფილა საჭიროთქო მეფიქრებოდა, მაგრამ.... არა.... ბევრჯერ დავრწმუნდი სიკეთე სიცოცხლეა, ბოროტება დღეს ისე ხმაურობს, ხანდახან გვეფიქრება, რომ მარტო ის არისო, არადა სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს.
ადამიანებმა არ იციან, სად წამოეწევათ საკუთარი ნათქვამი თუ ნამოქმედარი, სად დახვდებათ წინ, წარსულს ჩაბარებული ნამოქმედარი.
დავცალოთ ჩვენი გულები ბოროტისაგან და ჩვენ გამოვიწვევთ სასწაულს.
მინდა ვახტანგ ფილფანს ვუსურვო ასეთი გასაოცარი, მოულოდნელი სიკეთეები ულევად მისცემოდეს ცხოვრებაში, მე კი მინდა ეს ამბავი მთელმა ქვეყანამ გაიგოს, ალბათ მივაკითხავ პრესას, სასურველია გაიზიაროთ, გაიგოს ბევრმა, სიკეთე გადამდებია, დაე, დავსნეულდეთ სიკეთით და ქვეყნიერებაც გადარჩება.

Wednesday, September 13, 2017

სურათები, რომლებიც მიყვარს