Saturday, November 30, 2019

       ჩემს  მეხსიერებასა  და  წარმოსახვაში მანჩო   ასოცირებულია   რაინდობის  ყველაზე მაღალ  თამასასთან,  თუ  სტანდარტთან,  რაც  უიშვიათესია  ჩვენს  რეალობაში.  თავიდანვე  გამოირჩეოდა  არა  მხოლოდ ფიზიკური მონაცემებით,  აღზრდით, თავაზიანობით  თუ  აკადემიური  მოსწრებით.  ის   ჩამოყალიბებული  პიროვნება  იყო, დამაჯერებელი  მსჯელობითა  და ანალიზის  უნარით.  ყოველთვის  ჰქონდა   არგუმენტირებული  პასუხი  ყველა  კითხვაზე. არ  მახსენდება კონფლიქტური   სიტუაცია,  რომელიც  მას მშვიდობიანი  გზით  არ  მოეგვარებინოს. თავისი  შინაგანი  კულტურითა  და დიპლომატიით  ყოველთვის  აღწევდა სასურველ  შედეგს.
        სკოლაში  განსაკუთრებული   მიდრეკილება  ტექნიკური   საგნებისადმი  ჰქონდა.  გამოირჩეოდა   სისხარტით,  ყველაზე  სწრაფად  ხსნიდა  რთულ  ამოცანებსა  თუ  განტოლებებს,  ძალიან მარტივად  ამარცხებდა თავისზე  უფროსებს  ჭადრაკში. სპორტის  ამ  სახეობაში ის  მრავალგზის   ჩემპიონი   იყო,  საქართველოში  თუ მის  ფარგლებს  გარეთ.  ალბათ  ბევრს  ახსოვს მისი  განუმეორებელი  ხმის  ტემბრი  და  ქართული  სიმღერის  შესრულების  თავისებური,  დახვეწილი  მანერა.  დარწმუნებული  ვარ  თავისი  ინტელექტითა  და  ქარიზმით  მანუჩარ  გულედანი  ღირსეულ  ადგილს  დაიმკვიდრებდა ჩვენს   საზოგადოებაში,  მას   ხომ   ყველა  საუკეთესო  თვისება  არგუნა  უფალმა.
    მიუხედავად  იმისა,  რომ  ამ  თავზარდამცემი  ტრაგედიიდან  დიდი  დრო  გავიდა,  მანჩოზე  საუბარი  ჩემთვის   ძალიან დიდ  ემოციასთანაა  დაკავშირებული.  1995  წლის  27   სექტემბერს  ჩემი  გულის  ნაწილიც  ამოიგლიჯა  და უსასრულობაში  მიმოიფანტა.
    მახსოვს  თამრიკო  დეიდამ  დამპატიჟა  სახლში.  ბევრი  ვისაუბრეთ  მანჩოზე,  ვიტირეთ,  გავიხსენეთ  განსაკუთრებულად  ემოციური  მომენტები.  მე  მანჩოს ბოლო  პერიოდში   გადაღებული  ფოტო  ვთხოვე,   არჩევანის  უფლება  მომცა  და  ჩემი  შეხედულებით   საუკეთესო  ამოვარჩიე   და იმ ფოტოალბომში  შევინახე,  რომელიც   ყოველთვის  თან  მქონდა. ამ   ტრაგედიიდან  რამდენიმე  წლის  შემდეგ,  ერთ   საღამოს, სახლში  დაბრუნებულს, სტუმრები  დამხვდნენ , რომელთა  შორის  მამას  მეგობრებთან  შორის  ელგუჯა  ბიძიაც  იყო,  ეტყობოდა  რომ  ჩემს  მისვლას  ელოდებოდა.  დანახვისთანავე  წამოხტა  და ჩამიკრა  გულში, ჩემს  გაოცებას  არ  ჰქონდა  საზღვარი, როცა  მამამ   ფოტოალბომის  ჩვენება მთხოვა  და თან დაამატა - დღესაც  თან  დააქვსო  მანჩოს  ფოტო.  ხელის  კანკალით  ამოვიღე  ჩანთიდან   ფოტო  და  ვაჩვენე  ელგუჯა  ბიძიას. ბუმბერაზივით  კაცმა  ბავშვივით  ქვითინი  დაიწყო,  ჩამიხუტა  და მთხოვა,  არასოდეს  დამვიწყებოდა მანჩო.
    ელგუჯა  ბიძია   ეს  არასოდეს  მოხდება!  მანჩოს  დავიწყება   შეუძლებელია და  წარმოუდგენელია.  მას  ხომ  ჩემს გულში  სამუდამოდ  აქვს  დამკვიდრებული  თავისი ადგილი.

     სიყვარულით  და  პატივისცემით
   ქეთევან   ბაკარაძე