Sunday, April 24, 2016

                                                ისევ ყვითელი ავტობუსი

რამოდენიმეჯერ მქონდა ჩანახატი ყვითელ ტრანსპორტზე, მაგრამ უარყოფითად დამუხტული ვწერდი, ახლა კი....
გუშინ ძალიან დაღლილი ავედი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ახალგაზრდა ბიჭმა თავაზიანად დამითმო ადგილი, მესიამოვნა, ვიღაცამ ბავშვი დაისვა მუხლზე, ვიღაცამ ბილეთი აუღო უბილეთოს, მე 20 თეთრი დავუმატე ხურდის არმქონე მგზავრს. " ნეტა რა ხდება დღეს?!" - ჩავიდუდუნე ჩემთვის და ხალხის თვალიერება დავიწყე. უცებ ჩემგან ცოტა მოშორებით მდგარმა გოგო-ბიჭმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. უნდა ვაღიარო ჩემი სიგლახე, ჩემთვის გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ორივენი კარგები, ძალიან სიმპათიურები იყვნენ. ბიჭი რაღაცას ეჩურჩულებოდა გოგოს, ისიც მოკრძალებით პასუხობდა. იმდენად კარგი სანახავები იყვნენ, მომინდა ყური დამეგდო, მაგრამ კანტიკუნტად მოდიოდა სიტყვები. გოგო: "ეს უადგილო კითხვა იყო," " არა." ბიჭი: "ვნახოთ," "მგონი." მეტი ვერაფერი გავიგონე. ერთი მომენტი ბიჭმა მოკრძალებით დაადო გოგოს მხარზე ხელი, იმანაც ასევე მოკრძალებით, ლამაზი ჟესტიკულაციით მოიშორა ხელი და ცოტა განზე გაიწია. ბიჭმა ცოტა ხანი უყურა, მერე მიუახლოვდა და კვლავ განაგრძეს საუბარი, გოგოს უკვე ეღიმებოდა. "რა ლამაზად "კერავს", ან იქნებ უკვე ნაცნობები არიან, რა საყვარლები არიან!" გავიფიქრე და გავაგრძელე თვალთვალი. ამასობაში ადგილი განთავისუფლდა და ორივენი დასხდნენ და გააგრძელეს ბაასი. ყოველ გაჩერებაზე გული მიფრიალებდა, ნეტა ჯერ არ ჩავიდნენთქო, რა დამემართა?! ჩემი თაობის ქალ-ვაჟის ურთიერთობები გამახსენა მათმა საქციელმა და ვიღაცის გამონათქვამი ფრაზა ამეკიდა:" ამ მილეთის ხალხში, ჯიშითაც და მიუკარებლობითაც, მთელი მისი გარეგნობა, ბრწყინვალე მაგალითი გახლდათ იმ იშვიათობისა, კაცს ცოდვისკენ კი არა, კაცს ღმერთისკენ რომ გაახედებს!" ჩემი ჩასვლის დრო მოვიდა, ძლივს, უხალისოდ წამოვდექი, არ მეთმობოდნენ, არა, ასე ვერ ჩავალ, გავიფიქრე, მივუახლოვდი, ორივეს მხარზე მოვხვიე ხელი და მივმართე
- არ ვიცი ვინა ხართ, რანი ხართ, ერთმანეთთან რა გაკავშირებთ, მაგრამ ძალიან საყვარლები ხართ, სიყვარულით გაკვირდებოდით, ღმერთმა დაგლოცოთ!- ორივეს სახე გაებადრა, მადლობები მიხადეს. მე კი დღესაც დადებითი ემოციით ვარ სავსე და ალბათ ის წყვილი არასოდეს დამავიწყდება. ჩემს გუშინდელ განცდილს კი ადრექალ-ვაჟისმოკრძალებულდამოკიდებულებისადმინოსტალგიაშეპყრობილი ჩამორჩენილი ქალის გაბრუება დავარქვი.