Saturday, November 26, 2016



                                                    სამარგალო გვალო შხვა რე!

არა, ვერ გავჩუმდები! ამ დღეებში გული მატკინა ვიღაც ტვინაღრძობ იურა ღვინჯილიას ნაბოდვარის გამომზეურებამ. ნუ იზიარებთ, ნუ აპიარებთ ამ კაცის სულელურ გამოხდომებს! პარადოქსია ხომ! ერთი ღვინჯილია (ლევანი) ქართული ენის სიწმინდისთვის იბრძვის, მეორე ღვინჯილია მეგრული ენისთვის "იღვწის."ღვინჯილიას სეპარატიზმზე მეტად შეუგნებელი არამეგრელების კომენტარებმა მატკინა გული, აი ისინიც: " აქ მერე მათ ვინ გააჯეჯილებს!" "მეგრელები ქართულად არ ლაპარაკობენ!" და ა. შ. მერწმუნეთ, ასეთი კომენტარების დამწერნი სწორედ იურა ღვინჯილიას წისქვილზე ასხამენ წყალს. წავიკითხე ერთი მეგრული გვარის მამაკაცის სარკაზმით, გულისტკივილით ამოხეთქილი კომენტარი: " აქ კომენტარებს რომ ვკითხულობ ავტონომია კი არა დამოუკიდებლობა მომინდაო!" და როგორ შეგიძლიათ დაიჯეროთ, რომ სამეგრელო, რომელიც დასაბამიდან ქართულად წერს და ლაპარაკობს, წირვა-ლოცვა ქართულად აღესრულება, ის განუდგება ქართულს?! ერთი იურა კი არა ათასი იურა ვერ შეძლებს მაგას. სვანური და ქართული უძველესი პროქართული ენებია და მათ გაფრთხილება უნდა, მაგრამ მე მეჩვენება, რომ ქართულიც არა ნაკლებ მისახედია, თორემ ორმოცდაათი წლის შემდეგ ახლანდელი მიცვალებული რომ ააყენოთ, მერწმუნეთ ქართულს ვერ გაიგებს. და არც ამ საქმეშია საკმარისი ასი ლევან ღვინჯილიაც. სხვაზე რა ვთქვა ჩემს ლექსიკაშიც დამკვიდრდა,"თინეიჯერი", "ქასტინგი", "მარკეტი," "შოპინგი" და ა.შ. და როდესაც ადამიანი ზემგრძნობიერია თავისი კუთხისადმი და სხვა კუთხეებთან შედარებით პრივილეგირებული ჰგონია თავისი თავი, იქ მთავრდება ჩემი ურთიერთობა მასთან და ამიტომ მე ისინი მეგობრებიდან, ბოდიში "ფრენდებიდან" ამოვშალე!
P.S.
გემს მივხედოთ გემს, თორემ თუ ჩაძირვა დავიწყეთ, პატრიოტი და არაპატრიოტი ღვინჯილიაც ჩაიძირება ჩვენთან ერთად.
დარწმუნებული ვარ საქართველოში ახალგაზრდების 80% არ ეცოდინება ვინ იყო ის ექიმი ჟორდანია, ვინც თავის სიცოცხლის ფასად ბავშვი გადაარჩინა თვითმფრინავის კატასტროფისას, აფსუს, სად იყო მაშინ იურა ღვინჯილია? გვერდით რომ ჰყოლოდა, ხომ ჩასჩურჩულებდა, რას შვები, ბიჭო, დაგავიწყდა მეგრელი რომ ხარო?! და არ დაიღუპებოდა ის ცნობილი ექიმი, არ გადაარჩენდა სხვისტომ ბავშვს. რა ვიცი სხვა ქვეყნებში ცხოველებს უდგამენ ძეგლებს, ჩვენ რა უბედურება გვჭირს!





.
         

                                                 გუჯა და "ხაზარულა"

დღეს გუჯის ნოდარ დუმბაძის "ხაზარულა" ჰქონდა სასწავლი. გუჯიკო რის გუჯიკოა ( კირკიტა, მაფიქრალი, ცნობისმოყვარე, ჩემგან ცენზურად შერაცხული), კითხვები რომ არ დაგაყაროს. ვაშლის ხის ამბავმა სხვებიც დააინტერესა. მომიცუცქდნენ. გუჯას ეცინება
- ბებო, ეს ზღაპარია თუ რა! ხე რა სულიერია, როგორ ელაპარაკებიან და როგორ აშინებენ? - ვხვდები გუჯამ გაიგო მასწავლებლის ახსნილი, მაგრამ ჩემი აზრიც აინტერესებს. ვესაუბრები და უცებ გამახსენდა ჩემი ბავშვობა. თუ როგორ დაგვრაზმა დედამ, წამომყევით ატმის ხესთან, მე მოჭრას დავუპირებ, თქვენ იყვირეთ, მთხოვეთ, ოღონდ ახლა ნუ მოჭრი და მომავალ წელს ნაყოფს მოისხამსო! მართლაც სიხარულით, კივილ-წივილით ვეომებოდით დედას და ნაჯახს ვაცლიდით. კარგით, მაშინ წელს კიდევ ვაპატიებო! უთხრა დედამ ატმის ხეს და გაეცალა. და ჰოი, საოცრებავ! მომავალ წელს დაიხუნძლა ნაყოფით ჩვენი ატამი.ამ ამბავმა გაახლისა სამივენი, იცინეს. გუჯიკო მაინც არ ისვენებს
- რა მოხდა, ესე იგი ცოცხალია ხე, გავიგე, მაგრამ ნაყოფი რომ გამოიღო ეს როგორ გავიგოთ, რა, მართლა შეშინდა? ბევრი ვესაუბრე, ამ თემაზე, ესმის ხო, ცოცხალი არსებაა, არ უნდა სიკვდილითქო! ისიც ვუთხარი, ჩვენი წინაპრები როგორ არჩევდნენ მოსაჭრელ ხეს და ბოდიშს უხდიდნენ მოჭრისას. ეს საუკუნეების დაკვირვების შედეგია, ბუნებას გაფრთხილება და სიყვარული უნდათქო, მაგრამ რატომ ისხამს მუქარის შემდეგ ნაყოფს ხილი, მგონი მაინც ვერ გავაგებინე.
ისე ვინმე ხომ არ ამიხსნით რა ხდება?! რა ფენომენთან გვაქვს საქმე?! :))))