Sunday, May 31, 2015

                                                                             "ის"

      სანამ მორიგ ჩანახატს შემოგთავაზებდეთ, მინდა ჩემს მკითხველს შევახსენო ორი წლისწინანდელი ჩემი ჩანახატი იმაზე, ვისი წყალობითაც მე ვაკეთებ ამას.
    არასოდეს არ თქვა არასოდესო. ვერ წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ისევ   აქტიურ ცხოვრებას შევძლებდი, მაგრამ მან ეს მაიძულა   
რამე გამიჭირდება?– მასთან გავრბივარ, საჭირბოროტო საკითხია?!– ის მიგვარებს, რამე მტკივა?– ის მიამებს, ფინანსები მინდა?– ის მაფინანსებს, წასაკითხ წიგნებს თუ ფილმებს ის მირჩევს, 2005 წლიდან ინტერნეტმომხმარებელი მისი წყალობით გავხდი, მაიძულა მეწერა,სხვანაირად დაიღუპებიო, ბოლოს ბლოგერიც გამხადა.  ვერ წარმოვიდგენდი, თუ რამეს მართლა  დავწერდი,  მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო, ის ჩემი ნავსაყუდელია, ცხოვრება, სიარული,  ხელახლა დამაწყებინა. მასთან მყუდროდ, საიმედოდ და დაცულად ვგრძნობ თავს. როცა "ვშოპინგობთ" თუ "სუპერვმარკეტობთ" და მას დრო არა აქვს თავისი მანქანით შინ მიმიყვანოს, მაფინანსებს და ცალკე, მეორე ხელში ათ ლარიანს მიკუჭავს, ეს ტაქსისთვისო, თან კატეგორიულად მოითხოვს სხვა ტრანსპორტზე არ ავიდე. მე რა თქმა უნდა თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და ჩვენ ერთმანეთს ვშორდებით, მერე კი....
აი ერთ დღესაც, როცა ძალიან მტკივნეული და სერიოზული საქმე მომიგვარა, მომამარაგა სურსათ–სანოვაგით, დამაფინანსა და ბოლოს ჩვეულებრივ, როგორც ყოველთვის ტაქსის ფული ჩამიკუჭა ხელში კატეგორიული ტონით მომმართა
– თამრო, ჩემს თავს გაფიცებ, ტაქსით წადი, იცოდე მაწყენინებ, აუცილებლად შეგამოწმებ!
– კი, მატ, აბა რას ვიზამ!– ვუპასუხე გაბადრულმა და ჩემი გზით წამოვედი. რა თქმა უნდა ტვინში ისევ იგივე აზრები დამიტრიალდა "რა ჯანდაბად მინდა ტაქსი, ამ ფულით ბავშვებს რაღაცას ვუყიდი!"–თქო და ისევ ყვითელ სამგზავრო ტრანსპორტში ავედი. რას ვიფიქრებდი.... ჩამოვედი ტრანსპორტიდან ჩემს სახლთან და ჰოი საოცრებავ! ჩემს წინ ნაცნობი ნომრით შავი "ინფინიტი" დგას.
– რას გავს ეს თამრო!– გაბრაზებულმა მომმართა– მაიცდამაინც ტაქსი დაგიყენო?! ცოტა ხანი მაცალე და მაგასაც ვიზამ, სანამ ყველა ნეკნს არ დაიმტვრევ მანამ ჭკუა არ უნდა ისწავლო, რატომ არ სცემ შენს თავს პატივს?! – შემრცხვა, დიდი ხანია ისეთი განცდა მაქვს, რომ დედა ის არის და არა მე. მშობელი დამსახურებულად მტუქსავდა.
– რა ვქნა დე, დასაბამიდან საქალეთს ადამის ვალი გვაქვს და მე მინდა ჩემი ნეკნებით გადავიხადო!– გადავიტანე იუმორში, მაგრამ ის სერიოზულად აღშფოთებული იყო. თუმცა ძალიან მიმტევებელმა და ჰუმანურმა ადამიანმა მალევე მაპატია სიცრუე და სიტყვის გატეხა. კარგი, სხვა დროს არ ქნა ასეო და გამიღიმა.
საოცარია ეს ცხოვრება, ზოგს ტვირთად აწევხარ და მაინც გელოლიავება, გიფრთხილდება, სულს გიბერავს, ზოგი შენ გაწევს ტვირთად და მაინც მეტს და მეტს მოითხოვს შენგან. ეტყობა დასაბამიდანვე ასეა მოწყობილი ეს ქვეყანა. სიკეთე არ იქნებოდა რომ არა ბოროტება. არ ვიცი მომავალში რას ვიზამ, ვიმგზავრებ ტაქსით თუ გავაგრძელებ ადამისთვის ვალის დაბრუნებას, ერთი კი ნამდვილად ვიცი
"ის" მე სულს მიბერავს!

P.S.
არადა ადრე ძირითადი ჩემი ტრანსპორტი ტაქსი იყო დავდიოდი დაძალების გარეშე. ვაჰ, დრონი, დრონი!






                                                          ისევ ყვითელი სიკვდილი

ამ დღეებში ახლობელთან ვიყავი სტუმრად, ისედაც ცუდ ხასიათზე მყოფს იქაურმა სიტუაციამ უფრო დამამძიმა და გათიშული ავედი ყვითელ ავტობუსში. აზრზე მაშინ მოვედი, როცა ჩამოსვლისას კონტროლიორი კაცი და ქალი დამადგნენ თქვენი ბილეთი მაჩვენეთო. ავუხსენი ცუდ დღეში მყოფს დამავიწყდა ბილეთის აღება, ნახეთ უფასო სამგზავრო ბარათი მაქვს და ყველაფერი ხომ გასაგებიათქო. მსგავსი სიცივე, გაყინული სახეები ცხოვრებაში არ მინახავს. არ გვაინტერესებს უნდა დაგაჯარიმოთო.არაფერმა გაჭრა რობოტებთან, პირადობა მომთხოვეს და რაღაც კამერა ჩართეს. გადავირიე, პირველად ვიყავი ასეთ სიტუაციაში, ნუ მიღებთ, ტელევიზორში ხომ არ გაუშვებთ, სირცხვილით სად გამოვყო თავი, თან რომ წარმოვიდგინე ამას მარინა ნახავსთქო! ვეხვეწე, ხუთ ლარს კი არა ას გადავიხდი ოღონდ შემეშვითთქო. ხმა არ ამოუღიათ, მორჩნენ თავიანთ საქმეს და გამაფრთხილეს , ერთი თვის ვადაში თუ არ გადაიხდით, შემდეგ ორმოცდაათი ლარის გადახდა მოგიწევთო.
- რამოდენიმე თვე არ გადავიხდი, და როცა სოლიდურ თანხას მიაღწევს მაშინ ვიფიქრებ, თქვენ ნუ წუხხართ, ისე ლაპარაკი შეგძლებიათ!- მივაძახე სასტიკად გაბრაზებულმა. ეს რა დამამცირებელი ფაქტი ყოფილა, არ მიკვირს, ბევრისგან გამიგია ისტერიკებში ჩავვარდიო, ეტყობა ესეც უნდა გამომეცადა?! სამგზავრო მიკავია და ვფიქრობ კბილებით დავგლიჯო თუ გადავაგდო, ამ ფიქრში ვიყავი რომ მეორე ჩემთვის საჭირო ყვითელ ავტობუსში აღმოვჩნდი, თავს დამშვიდება დავუწყე, არა უშავს სანამ ტაქსი გამომიჩნდება ვივლი რა გზაათქო. ბილეთი რა თქმა უნდა ავიღე.
- ქალბატონო, ბილეთი აიღეთ დროზე! - მიმართა ძალიან ასაკოვან ქალს გამცილებელმა.
- მოგვიანებით ავიღებ, მაცალეთ! - ზრდილობიანად უპასუხა ქალმა
-არა, ახლავე აიღეთ, ამოსვლისთანავე უნდა აიღოთ ბილეთი! - მკაცრად შეეპასუხა გამცილებელი. აქ კი ნერვებმა მიმტყუნა და რაც მთელი დღის დაგროვილი მაწუხებდა მას გადავანთხიე.
- არა გრცხვენიათ, ხანშესულ ქალბატონს ასე რომ მიმართავთ, იქნებ 10- 15 წუთში უწევს ისევ მგზავრობა და უნდა ჩასვლიოსას გადაიხადოს, რათა შემდეგ ნახევარ საათში კუთვნილი შეღავათით ისარგებლოს! ( ვინც არ იცით ყვითელი ავტობუსი იმათვის, ნახევარ საათში თუ 20 თეთრიანი სამგზავრო გაქვს 10 თეთრი გიწევს, და საწყალი ხალხი ცდილობს, მოასწროს და ამ შეღავათით ისარგებლოს)
- მოასწროს არ ვიცი მე, წესია ასეთი, ამოსვლისას უნდა გადაიხადოს, წაიკითხეთ და ნახავთ!
- რა ჯანდაბას მაკითხებთ, არ მაინტერესებს, რა აზრი აქვს მაშინ იმ შეღავათს მეორე სატრანსპორტოში თუ არ აძლევთ ამის საშუალებას?!
- ბაზარში თუ მიდის მაინც ვერ მოასწრებს!
- რა სისულელეებს მელაპარაკებით, იქნებდა ბაზარში მარტო კიტრის ყიდვა უნდა და ასწრებს, ეს რა თქვენი საქმეა, ასეთი ლოგიკით შორს ვერ წახვალთ, სად გამზადებენ და რა კურსებს გადიხართ ასეთი გაყინულები რომ ხართ?! აი თქვენისთანა უგულომ დამაჯარიმა ახლა 5 ლარით.
- უი, ასეთი ხისთავიანი ვინ შეგხვდათ, თქვენ უფასო სამგზავრო გაქვთ და არ უნდა დაეჯარიმებინეთ! - შეიცხადა გამცილებელმა.
- განა მარტო ისინი იყვნენ ხისთავიანები?! - წარმოვთქვი გაბოროტებულმა და ისეთი მზერა ვესროლე, გაჩუმდა.
გადავწყვიტე ჯინაზე ვიმგზავრო ყვითელი ავტობუსით და ვიბრძოლო, დავიცვა გაჭირვებული ხალხი.
მიფრთხილდით ყვითელი ავტობუსის ჯალათებო!







                                                           ყვითელი ავტობუსი

თუ ვერ ეგუები ცუდ ხასიათს, რითაც სავსეა ქვეყანა, ეს იმის მაუწყებელია, რომ არცთუ კარგი ხასიათი გაქვს. მიმოქცევაში ყოველთვის საჭიროა ოქროს ფულიცა და ხურდაც!
რატომღაც ყვითელი ფერი არ მიყვარს. არ მიყვარს ყვითელი პრესა, ყვითელი სამარშრუტო ტაქსი და ყვითელი ავტობუსი..... ყვითელი პრესისა რა მოგახსენოთ არ მოვხედვირვარ მათი ინტერესის სფეროში, აი "მარშრუტკისa " და ავტობუსის მიმართ იძულებული ვარ მე თვითონ გამოვიჩინო ინტერესი. ყვითელ მარშუტკაში ასვლისთანავე მეწყება ფორიაქი, კლაუსტროფობია მაწუხებს და მგზავრებით გაჭედილი ტრანსპორტიდან ერთი სული მაქვს გადმოვხტე. დაკეტილში და სივიწროვეში ყოფნა არ შემიძლია, აუცილებელია სინათლე და ფანჯრები, ეტყობა ჩემი სული ველური ყოფისკენ არის მიდრეკილი. ვერ ვიტან თანამედროვეთაგან მოგონილი დარაბებისა და ცხრაკლიტულების მიღმა ცხოვრებას. ერთხელაც მარშუტკაში დაძაბულმა დავახველე (უჰაერობის გამო ხველა მივარდება ხოლმე), წინა რიგებიდან ქალმა მკაცრად დამტუქსა, რატომ არ გიკეთია პირბადეო. რა უნდა მეთქვა, გავაჩერე ტრანსპორტი და გადმოვხტი. გადავწყვიტე ყვითელი ავტობუსით მემგზავრა, მანდ მეტი სივრცე და ჰაერია, თან უფასო სამგზავრო ბარათი მაქვს და რატომაც არათქო, მაგრამ იქაც რომ ვერ ვიგრძენი თავი კარგად!
ერთ დღესაც ვზივარ ჩემს საყვარელ, ყვითელ ავტობუსში, გვერდით ასაკოვანი, შეზარხოშებული მამაკაცი მიზის და საქართველოს პრობლემებზე გულგატეხილი მესაუბრება, საუბარზე ეტყობა გურულია.
- ბილეთები შეიძინეთ ახლადამოსულებმა!- მკაცრად დასჭექა მონიტორინგის თანამშრომელმა, და ერთ 35-40 წლამდე ასაკის მამაკაცს დაადგა თვალი. კაცმა რაღაც უთხრა , ხელში ხურდები ეჭირა, მგონი 10 თეთრიანი აკლდა. ძალიან მსუქანმა გამცილებელმა ქალმა შეუტია, შეწუხებულმა კაცმა უკან დაიწყო თვალის ცეცება. ვერ შევბედე ათი თეთრი მიმეწოდებინა. გამცილებელი ქალი არ ეშვებოდა. ამ დროს ახალგაზრდა ბიჭი წამოდგა, ორმოცდაათთეთრიანი ჩაუშვა აპარატში და ბილეთი დააკავა ხელში უხერხულად მყოფ მამაკაცს, რომელსაც მგონი ათი თეთრი აკლდა ბილეთისთვის, ძალიან მსუქან მონიტორინგის თანაშემწეს გაუხარდა, მაგრამ ახლა ის ადამიანი შეწუხდა, ხურდებს აჩეჩებდა ყმაწვილს, ბიჭი კი კატეგორიულად უარობდა
- დამშვიდდით, არაფერი უჩვეულო არ მომხდარა, მეც გამიკეთებია მსგავსი და ჩემთვისაც მოუწოდებიათ ბილეთი!- მივმართე ღიმილით. ტიპი დამშვიდდა.
- რა იყო ახლა, ათი კაპიკიზა შეიძლებოდა ამდენი ამბის ატეხვა!- წარმოთქვა ყველაფრით უკმაყოფილო, ცხოვრებაზე გამწყრალმა ახლადგაცნობილმა გურულმა - არ ეშველება ამ ქვეყანას, ამდენი გაჭირვებული.....გურულის ხმა მსუქანი გამცილებლის მჭექარე ხმამ დაახშო
- გოგონა მანახე შენი ბილეთი!- მიმართა ახლა პატარა გოგონას ჯალათმა. ბავშვი მოიბუზა, ძლივს ამოღერღა, სამგზავრო შინ დამრჩაო.
- რაია ახლა არ ეტყობა ამ ბავშვს მოსწავლე რომ არის?! - თავი გამოიდო ისევ ჩემს გვერდით მჯდომმა.
- ეტყობა არ ვიცი მე! სამგზავრო სახლში დასადებად კი არ მიუციათ, ამოვლენ კონტროპლიორები და ნახავთ, ისინი ჩემსავით არ მოგეფერებიან!
- მოფერება ჰქვია ახლა ამას? რავა გილზებივით ჰგვანან ესენი ერთმანეთს!- უკმაყოფილებას ვერ მალავს გურული.
    -შენ, ქალბატონო, რატომ არ იღებთ ბილეთს! - მიმართა ახლა ფეხზე მდგომ ქალბატონს
- ჯერ არ ჩავსულვარ, ავიღებ და შენ კი არა თქვენ! - შეუღრინა ჯერ კიდევ ავტობუსში მჯდომმა, გაღიზიანებულმა ქალმა
- რას მიქვია ჯერ არ ჩასულხარ, ჩასვლამდე უნდა აიღო, ჩასვლის შემდეგ აპირებთ ბილეთის აღებას?- აღშფოთებას აღშფოთებითვე უპასუხა გამცილებელმა. ქალი მიხვდა კამათს აზრი არ ჰქონდა, ჩასვლამდე უნდა აეღო მართლაც ბილეთი და მანაც აპარატში ორმოცდაათთეთრიანი ჩააჩხრიალა.
  - რატომ უნდა ღირდეს ორმოცდაათი თეთრი ავტობუსით მგზავრობა, უჭირს ხალხს, კომუნისტებს რომ აგინებენ, მაშინ ასე კი არ იყო, რამე უკეთესი ქნეს ამათ თუ რა, გეიძახიან თავისუფლებაო, თავისუფალ ადამიანს ჭამა-სმა, ცხოვრება ხომ უნდა, ცხოვრებაა აგი?!  ხალხს კბილი ვერ ჩოუდგამს ნახევარი საქართველო უკბილო დადის, თუმცა საჭმელიც არაა არაფერი! - წამოიძახა ბოღმით ჩემმა მეზობელმა და არ ვიცი ნებსით თუ უნებლიეთ კბილები დაკრიჭა, მართლაც აქა-იქ მოუჩანდა დაჭიანებული კბილები პირის ღრუში.
ჩემს წინ ძაძებში ჩაცმული ქალი იჯდა, შეწუხებული, დატანჯული სახე ჰქონდა, შრომისგან დაკოჟრილ ხელში ერთლარიანი ჩაებღუჯა, "როგორი მწარე შავი აცვია, ნუთუ, ამასაც ჩემსავით?!" -გავიფიქრე და გულში მწარე ჩხვლეტა ვიგრძენი
- დაახურდავეთ ეს ერთლარიანი! - გაუმკაცრდა ხმა გამცილებელს.
- აი თქვენ დაახურდავეთ, მე ვერ მოვახერხე!- და დაკოჟრილი ხელი გაუწოდა. მონიტორინგის თანამშრომელმა უხეშად გამოგლიჯა ერთლარიანი, მაგრამ მანაც ვერ შეძლო დახურდავება.
- სანამ ამოხვიდოდი მანამ უნდა დაგეხურდავებინა!- ჭკუა დაარიგა ყვითელი ავტობუსის ჯალათმა.
- რაიონიდან ვარ და ვერსად დავახურდავე! - ლამის ცრემლიანი ხმით წამოიძახა ქალმა.
- ქალბატონო, თქვენ სამგზავრო ბარათი არა გაქვთ? - ვკითხე მოკრძალებით.
- აბა საიდან, პენსიამდე 5 წელი მიკლია და ვინ მომცემდა?! - "რა ახალგაზრდა ყოფილა და შეხედულება კი 70- 75 -ისა აქვს, ეტყობა მძიმე ჯაფაშია!" - გავიფიქრე და საფულეში ისევ ჩავიხედე, იქნებ გამომრჩა და სადმე ლარიანი ან ორლარიანი მეგდოს, რომ უბილეთოებს  ავუღო ბილეთებითქო, ახალი დაფინანსებული ვიყავი კეთილი ფერიისგან და მსხვილი კუპიურის გარდა მხოლოდ ის ათთეთრიანი მეგდო, რომელიც იმ მამაკაცს ვერ შევბედე.
- თქვენი სამგზავრო მანახეთ, ასეთი ახალგაზრდა რატომ სარგებლობთ ვეტერანის საბუთით?- მოიცალა ჩემთვისაც გამცილებელმა.
- რაია ქალო, არ შეიძლება ახალგაზრდას ეომა?- თავგამოდებით მიცავს გვერდით მჯდომი. მე ვაწვდი ჩემს საბუთს, ის ხან მე მიყურებს ხან საბუთზე გამოსახულ ფოტოს, ეს თქვენა ხართო?! გაუკვირდა.
- ქალბატონო მე 105 წლის ვარ, არ მეტყობა, თავს კარგად ვუვლი, თორემ პურველი და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვარ და ახლა მესამე მსოფლიო ომს ველოდები და მანამდე არც ვაპირებ სიკვდილს!- ისეთი პათოსით, გამარჯვებული სახით წარმოვთქვი, მოწიწებით დამიბრუნა სამგზავრო და რამოდენიმეჯერ მომიხადა ბოდიში.
- ნუ მიხდით ბოდიშს, ასეთ გამოკითხვას მიჩვეული ვარ!
- გილოცავ, გადარჩი დახვრეტას!- გულწრფელად მომილოცა შეზარხოშებულმა გურულმა. ამასობაში ჩემი ჩამოსვლის დროც მოვიდა, დავემშვიდობე ჩემს დამცველს, ღიმილით თვალი გადავავლე უბილეთო თუ ბილეთიან, დატუქსულ თუ დაუტუქსავ, დამცირებულ თუ გამარჯვებულ მგზავრებს და რაღაცით ავსებული და რაღაცით დათრგუნული დავეშვი კიბეებზე და ასფალტზე ზღართანი მოვადინე. ასფალტზე კვნესით გართხმულს გამიკვირდა, თითქოს არ უნდა წავქცეულვიყავი, რა მოხდათქო და როგორც იქნა გავაანალიზე, ბოლო საფეხურზე ვიდექი მძღოლმა მანქანა რომ დაძრა, წავბორძიგდი, წონასწორობა დავკარგე და... საშინლად გავბრაზდი ტაქსით ხომ არ გავეკიდო იმ ყვითელ ავტობუსს, ასეთი რამ ხშირად ხდება და პასუხი უნდა ვაგებინოთქო, მაგრამ მივხვდი აზრი არ ჰქონდა და ვარჩიე დაბოღმილს, ტრამვირებულს მეარა, მორჩენამდე, მერე გადამივლისთქო. რაც შეეხება სამარშრუტკოს, დავითვალე და მგონი რვაჯერ მაქვს ნეკნის მოტეხილობა, აქედან უმეტესობა სამარშრუტკოში. ფეხზე დგომისას, მოულოდნელი, ძლიერი დამუხრუჭებისას როგორც კი მივეჯახები საჯდომის საზურგეს თუ ნებისმიერ რკინას ეგრევე ნეკნი მტყდება. როცა შინ დავიჩივლე, რა დავაშავე უკვე მერამდენედ?! ეტყობა ოსტეოპოროზი მაქვს ძვლები მართლა გამომეფიტათქო! ძვლები კი არ გამოგეფიტა, ვერ ხვდები ძვალი და ტყავი რომ ხარ, ხორციც უნდა გქონდეს, რომ დაგიცვას, ამისთვის უნდა მოიმატოვო. ჭკვიანია ძალიან ჩემი ოჯახის წევრი, ვინც ეს მითხრა, მაგრამ მომატებას არ ვაპირებ, რადგან დიდია ცდუნება გინესის რეკორდის დამყარებისა. ყვითელ ტრანსპორტში მიღებული უთვალავი ტრამვების წყალობით, არა მგონია მსოფლიოში ბადალი მყავდეს, თან ახალი ფობიაც აღმოვაჩინე და ავიკიდე "ყვითელსაზოგადოტრანსპორტფობია"
P.S.
გირჩევთ იმგზავროთ ყვითელი ტრანსპორტით! გარწმუნებთ, ბევრ სიახლეს გაიგებთ, თან ძალიან სასიამოვნო და სახალისოა, გაერთობით, არ ინანებთ! ხალხს უფრო გაიცნობთ, სიკეთის კეთების სურვილიც გაგიჩნდებათ.თუ სურვილი გექნებათ, ჩემისთანა გამხდრები შემეჯიბრეთ კიდევაც რეკორდის დამყარებაში.
P.P.S
თხოვნა მაქვს მოკრძალებული, იქნებ ფრენდებიდან ვინმეს სურვილი გაუჩნდეს ჩემი გადაადგილებისთვის ტაქსის გამოყოფისა, ოღონდ ყვითელი ნუ იქნება. გამაგებინეთ პირადში.