წინ დახვედრილი სიკეთე
წუთისოფელი რომ წუთისოფლობდა კი ვიცოდი, მაგრამ წუთზე ხანმოკლე თუ იყო არ მეგონა! მახსენდება დიდი შოთას სიტყვები:
"ესე ასეთი სოფელი არვისგან მისანდობელი,
წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი!"
სოხუმი... 1993 წლის სექტემბერი... გაგანია ომია... ჩვენ მანქანა არა გვყავს (მოგვპარეს) და გაჭირვებით ვახერხებთ აეროპორტამდე მისვლას, მაგრამ უშედეგოდ, ვერ ავდივართ თვითმფრინავში და ისევ უკან ვბრუნდებით. მოზღვავებული, შეშინებული ხალხი მიცვალებულს არ სცემს პატივს, სადაა მიცვალებულის ადგილი, ჯობია ცოცხლები გადავრჩეთო, და ჩვენ რას გავხდებოდით.(შიშს მართლა დიდი თვალები ჰქონია, სამი დღე ატარა მიცვალებული ერთმა სამხედრომ, ბოლოს იყვირა, დღესაც თუ არ მომცემთ საშუალებას ავასვენო, ლიმონკას ავაფეთქებო. მრცხვენია, მაგრამ სიმწრით გამეცინა). ასე გაგრძელდა რამოდენიმე დღე. როცა მასიური დაბომბვები იწყებოდა, ჩავდიოდით სარდაში და იქ ვიმალებოდით. ძალიან შეშინებულს მანჩო მყავდა პრობლემად, ის სარდაფში არ ჩამოდიოდა, უფრო ქუჩაში იყო, თან გვეურჩებოდა, თქვენ წადით, მე სოხუმს არ დავტოვებ, ორი "ლიმონკა" მაქვს და ჩემს სახლში შემოჭრილებს თავად გავუსწორდებიო. მოკლედ ბოლო დღეა, 27 სექტემბერი, უკვე სოხუმის ქუჩებში გააფთრებული ბრძოლაა, ქალაქი ყველა მხრიდან იბომბება. მეზობლებთან ვისხედით და ვბჭობდით რა გვექნა. ერთი მეზობელი რუსი იყო, მეორე აფხაზი, რომელთანაც ჩვენთვის უცნობი ქალბატონი იყო სტუმრად. მეზობლები გვამშვიდებდნენ, თქვენი ოჯახი ყველამ იცის, "სვეტაია სემიას!" გეძახიან, ხელს არავინ გახლებთ, დარჩითო. მეორე გვეუბნებოდა, თქვენთვის ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ შეგეხონ, მაგრამ მანჩოს რა მოვუხერხოთ, ასეთ ლამაზ, სვან ბიჭებს ცოცხალს არ ტოვებენ და ამის მეშინიაო. რა ჭკუაზე ვიქნებოდით, თან მანჩო დამალვაზე სასტიკ უარს ამბობდა. ამ საუბარში ვართ და ის სტუმარი ქალი მანჩოს ეკითხება, შენ მანუჩარ გულედანი ხარ და ესენი შენი მშობლები არიანო? მანჩომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ქალი წამოხტა, ჩაეკონა, მადლობები უხადა, ლამის იტირა. ჩემი გოგონები საბერძნეთიდან ყოველ დარეკვაზე აღფრთოვანებით მესაუბრებიან შენზე, რა საოცარი ბიჭი ყოფილხარ, ფოთში რომ გავუშვი მარტოები, ძალიან მეშინოდა, ჩასვლისთანავე დამირეკეს და დამამშვიდეს, ისეთი კარგი ბიჭი შეგვხვდა, დაგვაბინავა, არ ინერვიულოვო. საოცარია, ბედმა როგორ დროს შეგვახვედრა ერთმანეთს, ქალი ემოციებს ვერ თოკავდა.
ახლა კი გამახსენდა ყველაფერი.
ერთ დღეს მანჩო აღფრთოვანებული მოვიდა შინ ( მაშინ ფოთში ვიყავით), ორი სოხუმელი დები ვნახე პორტში შეშინებულები, პირველად იყვნენ ქალაქში და აზრზე არ იყვნენ საით წასულიყვნენ, ფოთიდან საბერძნეთში აპირებენ გამგზავრებას. მეც სოხუმელი ვარ, ნუ გეშინიათ მეთქი, ბიჭებს უფლება არ მივეცი ზედმეტი ეკადრებინათ სტუმრებისთვის, ახლობელთან დავაბინავე, ერთი შენ გგავს ძალიან, მიმართა მატას, მინდა გაგაცნოთო. გაცნობა არ მოხერხდა, მაგრამ გოგოებს მანჩო ეპატრონა, გემით მშვიდობიანად გაამგზავრა. მათ კი დედისთვის მოუყოლიათ მანჩოს გულისხმიერების ამბავი. სწორედ მათი დედა გვესაუბრებოდა ახლა. თვითონ გვარად ახალაიამ ( თუ ადამიამ) ქალიშვილები გაარიდა ქალაქს, მეუღლე კი სამხედრო პირი, აფხაზი ჰყოლია და თქვენზე ხელს არავის ვახლებინებო, "ტოლკა ჩერეზ ნაშ ტრუპო! "- იძახოდა, მაგრამ აბა რას დავრჩებოდით, ერთადერთი გზა გვრჩებოდა ჭუბერის გზით ფეხით წამოვსულიყავით და როგორც იქნა გამოვაღწიეთ. უღელტეხილზეც საკმაო ტკივილი და სირთულეები გადავიტანეთ, თუმც ეს უკვე ცალკე თემაა. იქ სასწაულად გადავრჩით, რისთვისაც უფალს მადლობას ვწირავდი, მაგრამ თურმე....
გალაქტიონი მამშვიდებს:
" ყოველივე ქარია და ჩვენება!
ოჰ! სიცოცხლეც უეცარი ქარია...
მარადია ერთადერთი, მშვენება."
დიახ, შენი მშვენება, სულის მშვენება, სრულყოფილება, უზადო ღიმილი და ის ტკბილი წუთები, საათები, დღეები, რომელიც შენთან ერთად დაიფერფლა უცვლელად დამრჩება.