ისევ ყვითელი
ჯერ ისევ ყვითელი ავტობუსით მიწევს მგზავრობა, ველოდები ფერის გამოცვლას, ვნახოთ, როგორ იმოქმედებს ლურჯი ფერი მგზავრებზე და გამცილებბლებზე მომავალში. ახლა კი....
გუშინ. ერთ გაჩერებაზე ხალხი ჩამოვიდა და მძღოლმა უცებვე დაძრა მანქანა, უკნიდან კივილი მოისმა
- გააჩერეთ ჩავდივარ!- მძღოლმა ლანძღვა დაუწყო, აქამდე სად იყავიო,აჰყვა მონიტორინგის თანაშემწეც, ქალიც არ შეეპუა, ვერ ავდექი, ცოტა უნდა მოიცადო, ასე უცებ რატომ დაძარი მანქანაო, სანამ ჩავიდოდა ამათ ქოქოლა დააყარა?!
- თამარ დედოფალი, ვერ ადგა უფრო ადრე!- მიაყვირა გამცილებელმა. თამარ დედოფალი ავტობუსში ჩაჯდებოდა და ისიც ყვითელში?- გავიფიქრე ჩემთვის, და მეთორმეტე საუკუნის ტრანსპორტზე დავიწყე ფიქრი, მაგრამ ვინ მაცალა...
- რა იქნება ეს ქალი ოჯახში?!- დაიყვირა წინ ერთმა შუახნის კაცმა
- ვერა ხედავთ რა ხნის ქალია, არა გრცხვენიათ? ძლივს ჩავიდა ქალი!- შეუტია მგზავრს იქვე მდგომმა ქალმა.
- თქვენც რა იქნებით ოჯახში წარმომიდგენია!- ახლა ამას მიმართა ოჯახში ავი ქალების მცნობელმა კაცმა. წამოვდექი და იმ ქალს დავუწყე თვალებით ძებნა, ვინც ასეთი პროტესტი გამოიწვია. ვხედავ ქუჩაში, მოშორებით, ჯოხით ძლივს მიჩანჩალებს ასაკოვანი ქალი. სისხლის მოწოლა ვიგრძენი, სახე ამელეწა, მომინდა ჩემთვისაც ეთქვათ, ვაი რა იქნებით ოჯახშიო! მაგრამ გადავიფიქრე, თუ რა ვარ ოჯახში ეს ჩემთვის მძიმე თემაა, და ვიღაცას ჩემი ემოციით და თავდასხმით წავლეკავდი. ვისწავლე ემოციების მართვა.
P.S.
ცუდი ფერია ყვითელი, სიძულვილის ფერი, გამოცვალონ მალე!
გაბოს დღევანდელი ფრთიანი გამონათქვამი
გაბო კომპიუტერთან ზის და რაღაცას უყურებს
- ვაიმე რა თაობა მოდის!- წამოიძახა გაკვირვებით. გავოცდი
- გაბო, რა ნახე ამისთანა?
- არაფერი ბებო!- რატომღაც არ მითხრა. მერე ისევ მომიბრუნდა
- ბებო, ცრემლი კარგია ხომ? რომ ვტირივართ მარილები გამოიყოფა თვალებიდან და არ დავბნავდებით (დავბრმავდებით)!
-კი, გაბო, ცრემლი ხანდახან საჭიროა, მაგრამ არც ხშირი ტირილი ვარგა, რატომ მეკითხები ტირილი გინდა?
-არა, ისე მაინტერესებს! - ამასობაში სკოლაში წასვლის დროც მოვიდა, ფაცი-ფუცით ვიცმევთ. ქუდი დამიწუნა დასაცინი არ გავხდეო, არ დავახურე (მართლა გოგოსას გავდა). უცებ კოფტაზე რაღაც ლაქა შევნიშნე
- უი, გაბო, ლაქა აქვს, გამოვიცვალოთ!
- არა, ბებო, ვერ ვასწრებთ, იყოს, თანაც გამორჩეულობა იმაში კი არ არის რა გაცვია და ლაქა აქვს თუ არა, გამორჩეულობა ჭკუაშია! - მომმართა თავდაჯერებით და ჩანთა მოიგდო.
თბილისობა, ტურნირი რიყეზე
კიდევ ერთი ლამაზი დღე. თბილისობაზე ჩატარებული ნარდის ტურნირი, რომელიც უფრო ლამაზი და სახალისო გახადა, კეთილშობილმა, ყურადღებიანმა, კაცთმოყვარე, გელა ბორაშვილმა, მას არცერთი ნიუანსი არ გამორჩენია უყურადღებოდ. აი მისი აწ უკვდავყოფილი კადრები, რომელიც დღეიდან ჩემთვის ისტორია გახდება, ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი დასამახსოვრებელი, მნიშვნელოვანი დღე. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ თემურს, ამ საქმის სულისჩამდგმელს და ორგანიზატორს, ვინც მაიძულა მონაწილეობა მიმეღო ტურნირში, საოცრად გვეფერება ეს ბუმბერაზი ადამიანი ყველას. მოკლედ დადებითი ემოციით და მადლიერების გრძნობით ავმოვბრუნდი სახლში. უღრმესი მადლობა ყველას, გაიხარეთ!