Thursday, July 31, 2014

                                                 ორი თამარი

მე და თამარი სამზარეულოში სადილს ვამზადებთ. თამარს უყვარს ეს პროცესი და ხშირად მეხმარება. ვცდილობ საჭმელები მისი გემოვნებით გავაკეთო, რადგან პრეტენზიულია და გურმანი.
- თამარ, დღეს კატლეტები გავაკეთოთ, შენ ხომ გიყვარს! გუშინ მგონი ხარჩო არ მოგეწონა!
- ბებო, რატომ ფიქრობ რომ არ მომეწონა, ხომ ვჭამე, მე შენი გაკეთებული ყველაფერი მომწონს!-ცოტა არ იყოს აღშფოთდა თამარი.
- გემოვნებაზე არ დაობენ, შეიძლება მოგეწონოს შეიძლება არა, საწყენად არ მითქვამს!
- არა, ბებო არ მეწყინა! - სიყვარულით მეუბნება თამარი. მოკლედ ერთობლივად გავშალეთ სუფრა და საზოგადოებას მოვუხმეთ სადილად. რა თქმა უნდა გააბეს ბაასი და შენიშვნები.
- პური მიაყოლე!- შენიშვნა მისცა ეთომ თამარს.
- შენ ვინ გეკითხება?!- თავი დაიცვა თამარმა.
-ეთო ჭამე თევზი!- შესთავაზა გუჯიმ ეთოს და მიაწოდა.
- არ მინდა, გაწიე! - იყვირა ეთომ
- ააა,კარგია?! არ ყოფილა დაძალება კარგი ხომ!-დაუფიქსირა გუჯიმ. გაბომ პროტესტი გამოთქვა კატლეტის ჭამაზე, ვემუდარე, მაგრამ ვერაფერს გავხდი.
- იცით კატლეტს რამდენი ვიტამინი აქვს?! რამდენი რამე გავუკეთეთ: ხორცი, პური,ხახვი, ნიორი, მწვანილები, სტაფილო, კარტოფილი, თან ბებომ იმდენი იშრომა და მოინდომა, უნდა დააფასოთ ბებოს შრომა, მე აღარ ვჭიჭყინებ ჭამაზე, ყველაფერს ვჭამ, ხომ ბებო?! - თვისი მონოლოგი თამარმა კოცნით დაამთავრა.  გაბოზე გაჭრა თამარის სიტყვამ, უცებვე დაიწყო ჭამა, კარგი ყოფილაო, მადლობა გადამიხადა და მაკოცა. აი ასეთი ძალა აქვს დროულად წარმოთქმულ მართალ სიტყვას!









                                          არდადეგები   

                                                                                                             დაიწყო საზაფხულო არდადეგები და ჩემი  წამებაც. ერთდროულად მიწევს ბავშვების ასაკის შესატყვისი წიგნების წაკითხვა. ნეტა თავის დროზე რას ვიკლავდი თავს, რას ვათენებდი ღამეებს!  თურმე გახდები ბებია და წაიკითხავ. გაითვალისწინეთ ეს მომავალმა ბებიებმა. რა დროს ჩემი ტომ სოიერი და რობინ ჰუდია?!  მაგრამ ეს არის ჩემი ურყევი, ნება უნდა წაიკითხონ! უწიგნურობა როგორი ასატანია?!
გუჯიკო:   "ძალიან მეზარება კითხვა, მაგრამ ვიცი რომ უსწავლელი გამოვალ და თავს ძალას ვატან."  

   ვარჩევთ:

ეთო- "საიდუმლო კუნძული"
გუჯა- "ტომ სოიერის თავგადასავალი"
თამარი-"პეპი გრძელწინდა"
გაბო და თინა აიპედის მფლობელები არიან.




Wednesday, July 30, 2014

გაბო და თინა

თინას ვაცმევთ. გაბო დასცინის ძუძუები გამოგიჩნდაო. 
- დებილო! შენც გაქვს ძუძუები! - გაკაპასდა თინა.
- მე არ მაქვს, ბიჭებს ძუძუები არა აქვთ! - ბრაზობს გაბოც.
- აბა აიწიე მაიკა და მანახე!- კატეგორიულად მოსთხოვა თინამ.
გაბომ მაისური აიწია და ჰოი საოცრებავ! 
- აი ხომ გითხარი, შენც გაქვს! - გამოაჯავრა თინამ და კმაყოფილი, გამარჯვებული სახით ჩააცივდა. გაბო აბლუკუნდა.
-მე.... მე... მე... ბიჭებს... ბიჭებს... მე მექნება, გოგოებს კიდევ აგეზრდებათ!
- შენც ამოგეზრდება!  - მიახალა ნიშნისმოგებით თინამ.

ამ პაექრობამ დიდი ხნის წინანდელი ამბავი გამახსენა. მაშინ....
ჩემი შვილები ტელევიზორს უყურებენ, მანჩო ახლადენაადგმული იყო. აკრობატი თოკზე სალტოებს აკეთებს.შორი კადრიდან ვერ არჩევენ აკრობატი ბიჭია თუ გოგო. უცებ მანუჩარმა წამოიყვირა
- გოგოა, ვერ ხედავთ ბლინჩიკი (ლიფჩიკი) აცვია!






                                         

                                                               გაბო და თინა

გაბოს და თინას ურთიერთობა ხან ჯუნგლების კანონს -"ძლიერი იმარჯვებს," ხან კი რუსთაველის აფორიზმს,- " ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდაც ხვადია"-ს ემორჩილება. აი, ახლაც ეზოში მიწას ჩიჩქნიან.
- ხვლიკი ყოფილა, კუდი დავინახე! - ყვირის თინა.
- ხვლიკი, ეს მაიმუნი ხვლიკი, ალბათ იქით წავიდა!- შფოთავს გაბო.
- შენ ჭკუას არ გაქვს, ძინავს, ტყუილად ვეძებთ?!- იმედს არ კარგავს თინა.
დიდი ხნის წვალების შემდეგ გადაწყვიტეს ვარდის ხე მოეჭრათ და ხვლიკი მოენახათ.მაკრატელი მოარბენინეს მაგრამ ვერაფერს გახდნენ.
- თვალები გაწითლებული გაქვს, ღირსი ხარ, მთელი დღე აიპედს ვერ აგაგლიჯეთ!- რატომღაც ხვლიკი გადაავიწყდა გაბოს. თინა გაბრაზებული მიექანება გაბოსკენ
-შენ თვითონ ხარ ღირსო! თამარა არ მაძლევს აიპედი, ეთო იცის!
- მე ძლიერი ვარ, სულ ძლიერი!
- მე შენზე ძლიერი ვარ!- ტოლს არ უდებს თინა.
- მე ბიჭი ვარ!
- მერე რა!- თინა გაბოსკენ გამოიწია. გაბომ ჩაარტყა. თინამ კივილი მორთო, და მეტი გამეტებით შეუტია გაბოს.
- არ მინდოდა,ბოდიში! შემთხვევით მომივიდა, ოღონდ მართლა! 

-ტყუის! - წამოიყვირა თინამ, მაგრამ გაბოს ბოდიშმა მაინც დაამშვიდა.
მამაინც დაამშვიდა.
- გაბო, თინას ნუ ატირებ, ის ხომ გოგოა!-ჭკუას ვარიგებ გაბოს.
- თვითონ ხმას არ იღებს და რა მოხდა?!
- მე ყოჩაღი ვარ!- თავს იწონებს თინა.




                                                                  ეთო



შარშან ჩემებს წყნეთში არ ავყევი, გადავწყვიტე დამესვენა, მაგრამ ეთო წამდაუწუმ მირეკავს,დაკითხვებს
 მიწყობს, თუ რატომ არ ვარ მათთან? კატეგორიულად მთხოვს, ავიდე წყნეთში, თუ არადა   თბილისში ჩამოსვლით მემუქრება. ერთ დღეს მორიგი სატელეფონო საუბრისას მეკითხება, ესენი (ანუ, ლელა და მატა) ხომ არ გაგებუტნენო. არა, მატა ყოველდღე მაკითხავსთქო, მაგრამ ვერაფერს გავხდი, არ მიჯერებს. ერთ დღეს სასაფლაოზე ვარ მთელი დღით წასული (სასაფლაო ჩემი ნავთსაყულელია, იქ დროის შეგრძნება მეკარგება და კარგად ვგრძნობ თავს), მაგრამ ეთო აბა მასვენებს?! მირეკავს
- ბებო, დედამ დაგირეკა, ან მესიჯი მოგწერა?
- კი, გენაცვალე, მომიკითხა, დამშვიდდი!
- ბებო, მე დედას რაღაც ვუთხარი, მომისმინე!
- ეთო, რით ვერ ისვენებ, გენაცვალე!
- ბებო, დედას ვკითხე ბებოს ხომ არ გაებუტემეთქი, ეს არ შეიძლება, შენ ხომ გინდა შენი შვილები, ანუ ჩვენ კარგად გექცეოდეთ, ასე უნდა ბებოსაც მისი შვილები კარგად ექცეოდნენ, დედაზე გაბუტვა არ შეიძლებათქო!
გავოგნდი.
- ეთო, რით ვერ დაიჯერე, რომ დასვენება მინდა გენაცვალე, ანდა დედას ასეთი რამ როგორ უთხარი!
- სამი დღე ვემზადებოდი ამის სათქმელად ბებო, მე შენს თავს არვის დავაჩაგვრინებ, მანჩო ძია ხომ ასეთი იყო, მე მანჩო ძია ვიქნები შენთვის! - არ მესიამოვნა ეთოს ასეთ თავგამოდებათქო ვერ ვიტყვი, მადლობა გადავუხადე, მოვესიყვარულე, შევხედე ქვაზე ამოტვიფრულ ჩემი უსაყვარლესი ორი ადამიანის სახეს, ისინი მიღიმოდნენ და მგონი მე ეს არ მომჩვენებია.
- ჰო, ღირს ცხოვრება!-მივმართე  მათ და შინ კმაყოფილი წამოვედი.






საღამოს გაბო ხმამაღლა აცხადებს, მე ბებოსთან ვწვები არ მაიანტერესებს არავინ!

                                                                გაკაპასებული თამარი

დივანზე ჩაძინებულ თამარს ვაყენებ, რომ ლოგინში ჩავაწვინო, ნახევრადმძინარემ შეამჩნია, რომ ფეხი ფლომასტერით დასვრია. შეხედა გუჯას და ისტერიულად უყვირა.
- ფლომასტერს თავზე რატომ არ დაახურე შე კაი კაცო!


                                                  თოვლის ბაბუ   

                                                                                                                                                                 საღამოს თოვლის ბაბუ (მატა) შემოდის დატვირთული ათასნაირი სასუსნავებით და სათამაშოებით. ბავშვების ჟივილ-ხივილით ყურთასმენა აღარ არის.ხან ერთი აჭიჭყინდება, ხან მეორე, რაღაცეებს ვერ იყოფენ, განსაკუთრებით აიპედზეა დიდი მოთხოვნა. მატა ბავშვებს ემუქრება, წავალ და აღარ მოვალო!
გაბო დედამისს ეუბნება, მატა ჩემს გამო მაინც ამოვიდესო!





                                                     ზვიგენები                                                                                                                                                                                                                                                                                       თინა და გაბო თამაშობენ, კიბეებზე ხოხვით ამოდიან.

გაბო: "თინა ვითომ წყალია, გავცუროთ!"
თინა: " მე ყოჩაღი ვარ, არ დავიხრჩვე!"- უცებ თინამ წამოიყვირა
- ზვიგენები, არ გვიკბინონ! - სასწრაფოდ ამოცვივდნენ წლიდან. გაბოს რაღაც არ მოეწონა,ბურდღუნით ეუბნება თინას
- ყველაფერს პირში რომ იდებ! - და ჩააფარა თინას. თინამაც კარგად დაუბრუნა ხურდა. არ ვერევი, ვხალისობ.
- ადამიანებს არ უნდა გააბრაზო, მეზობლები, პატარები არ უნდა ცემო! - ამუნათებს თინა გაბოს. გაბო კიბეს ჩამოეკიდა, თინამაც გაიმეორა.
- ყველაფერში მე ნუ ბანძავ (მბაძავ)! - საყვედურით მიმართა გაბომ. თინა ურადღებას არ აქცევს. უცებ თვითმფრინავის ხმა გაისმა, თინა უყურებს ზეცას და აღფრთოვანებული ამბობს
- რომ გავიზრდები ჩემს დაბადების დღეზე თვითმფრინავში ჩავჯდები,გავფრინდები, თქვენ არ ჩაგსვამთ!- .გაბოს დაწყდა გული, რომ თვითმფრინავში არ სვამენ და გაბრაზებული გარბის.
- დამელოდე ძმავ! დაადევნა სიტყვა თინამ.





                                              თამარის სამართლიანი პროტესტი                                      

საღამოს ვზივართ. გუჯიკო გაბრაზებულია
- ვინ დეგენერატმა გადააგდო ჩემი ფრანი?
- ბიჭო, ის ფრანი გატეხილი იყო და დედაშენმა გადააგდო ნაგავში, ბებო აქ ზის და მის შვილზე დეგენერატს რომ ამბობ ხომ ეწყინება?!- აღშფოთებას ვერ მალავს თამარი.




                                                  გაბოს ვემსახურები                                                                 

-ბებო ჩქარა ადუდღდა ჩაი, მშია, მალე მაჭამე!- მიბრძანა გაბომ. მოვემსახურე.
-.მაკარტელი მჭირდება უნდა დავჭრა ქაღალდები! - მოვუნახე მაკრატელი
მიკოცნის გაბო ხელებს და თან მეუბნება
- ბებო შენ ხარ ყველაფერი!
- რას ნიშნავს გაბო ყველაფერი?!
- შენ ხარ კეთილი ადამიანი, საყვარელი, ყველაფერს გვიკეთებ,მადლობა, მიყვარხარ! - გული მეწურება სიხარულით.
- ნეტა შენისთანა მადლიერება დიდებს ჰქონდეთ! - ჩავილაპარაკე ჩემთვის. გაბო ჩამაცივდა რა თქვიო, მიყვარხართქო



                                                                       აცრა


ვერაგი კვერნა                                                                                  

წუხელ ბაჭიას კივილმა წამოგვყარა, თითქოს საიმედოდ დამალული ბაჭია მაინც მოგვიხრჩო შემოჩვეულმა ვერაგმა კვერნამ.                                                                                                      ბავშვების ყვირილმა, ნასროლმა ნივთებმა მტაცებელი დააფრთხო და ერთი ბაჭია გადავარჩინეთ. პატარებს მთელი ღამე არ უძინიათ, ვერ გადაუწყვეტიათ მისცენ ვინმეს ეს კურდღელი თუ თვითონ დაიცვან კვერნისგან.გაცემის შემთხვევაში გარანტიებს ითხოვენ არ დაკლან და არ შეჭამონ ბაჭიაო. მოკლედ ამდენი ტყუილი ცხოვრებაში არ მითქვამს. დღეს ინტერნეტში კვერნის შესახებ ყველაფერი შეიტყვეს, მაგრამ ეს ჩვენს გასაჭირს რას უშველის! ტყის პირას ვართ არ გინდათ ბაჭიებითქო, მაგრამ აბა ვინ მიჯერებს!  
       კვერნას შემოტევების შემდეგ დარენილმა ერთადერთმა ბაჭიამ მოიწყინა, მძიმედ დადიოდა და დორბლები სდიოდა.ეტყობა მტაცებელმა მოასწრო კბენა.  ღამის თერთმეტი საათია, პანიკამ მოგვიცვა. ინტერნეტით მოვიძიეთ ყველანაირი ინფორმაციები ცოფის შესახებ, შემდეგ დავრეკეთ  მედიკებთან საკონსულტაციოდ. ვარკვევთ ვინ როგორ ეკონტაქტებოდა კურდღელს ამ ორი დღის განმავლობაში.
- გუშინ კურდღელს ეფერებოდი?- ეკითხება თამარს დედამისი.
- კი, მოვკიდე ხელი!- არ ცრუობს თამარი
- ხელები დაიბანე?
- კი, დღეს დავიბანე!
- გუშინ ხელი მოჰკიდე და დღეს დაიბანე?!- სიცილს ვერ იკავებს დაზაფრული დედამისი.
გუჯამ აღიარა, მე ვაკოცე ბაჭიას, მაგრამ ეს მანამ იყო, სანამ კვერნა დაკბენდაო. გადავწყვიტეთ აგვეცრა ყველანი, მითუმეტეს ბავშვებს ნაკაწრებიც ჰქონდათ. დაიწყეს ტირილი, მოთქმა, არ გვინდა ნემსიო, განსაკუთრებით თამარი და გაბო ღრიალებენ, არავითარ შემთხვევაში არ გავიკეთებთ აცრასო. თამარს გარეული ცხოველების შიშით წყნეთში ყოფნაც აღარ უნდა ( საღამოს ტყიდან მგლის სტუმრობასაც ელოდება) ამ ღრიალში მათ ჩვენი სატელეფონო საუბრებიც არ გამორჩენიათ უყურედღებოდ, ყური მოჰკრეს ორმოცდარვა საათის განმავლობაშიო და ყველაფერს მიხვდნენ.
-რა,ორმოცდარვა საათი რა შუაშია, თუ ვერ მოვასწრებთ  გავცოფდებით?!- აღრიალდა უფრო თამარი - საზიზღარი კვერნა

- ვერ ვიტან კვერნას! - წამოიძახა გაბომ
- რამდენი საათი გავიდა? ამაღამ, ახლავე გაგვიკეთეთ ნემსი! - იხვეწება გუჯი.

- კი, ბებო, ახლავე წავიდეთ! -სლუკუნებს თამარი
მოკლედ უფრო მეტი ყვირილი და ვაი-უშველებელი ატყდა, არ გვინდა სიკვდილიო.ყველაზე ღირსეულად თავი ციცქნა თინათინს უჭირავს. მოკლედ ღამის პირველ საათზე მივადექით თბილისის იმუნიზაციის ცენტრს. ბავშვები მშვიდად ელოდნენ ექიმს. ექიმს ვკითხეთ,  ბაჭიასთვის ხომ არ გაგვეკეთებინა ანალიზი, იქნება და არ იყოს ინფიცირებულითქო?! (გაჭირვებული ხავსს ეჭიდებოდაო) იუმორის გრძნობით გამორჩეულმა ექიმმა ღიმილით გვითხრა, კი,ბატონო, პასუხი ერთ თვეში იქნება და თუ გინდათ დაელოდეთო. აბა ვინ ჭკუათმყოფელი დაელოდებოდა! ხუთივე ბავშვმა რიგ-რიგობით მშვიდად მიუშვირა მკლავი ექიმს, მხოლოდ თინამ წაიტირა ცოტა. ასევე უტირლად, ღირსეულად იჩხვლიტა ნემსი ლელამაც, რომელსაც თავისი მოყვანილი ბაჭიები ძალიან შეყვარებოდა და ისიც ხშირად ეკონტაქტებოდა. მე და მარინა კი გადავრჩით, ეტყობა ვერ მოვასწარით კურდღლების შეყვარება.მოკლედ კვერნას სტუმრობამ ერთვიანიანი მკურნალობით,მკაცრი დიეტით (მგონი ზღვაზე წაუსვლელობითაც) დაგვასაჩუქრა.მიახლოებული ისტორიები არ გვაკლია ყოველ ზაფხულს.
 იმედია  წლევანდელი ისტორია საწინდარი იქნება მომავალ ზაფხულს ჩემი მშვიდი, უცხოველოდ დასვენებისა. არავინ იფიქროს ცხოველები არ მიყვარდეს, მაგრამ ამდენი ბავშვის გაკონტროლება დამეთანხმეთ ძნელია.






                                               



                                                       ბავშვები და სიკვდილის ფილოსოფია                                        

  ვზივართ ეზოში და ვსაუბრობთ. ბავშვებს ჯერ კვერნას საქციელი ვერ მოუნელებიათ,            ეშინიათ კიდევ არ მოვიდეს და მათაც არ უკბინოს. ვამშვიდებ.
.- კვერნა კატისებრთა ოჯახიდანაა? ოთახში არ შემოგვიხტეს!-  მეკითხება შეშინებული თამარი. კვერნაზე დიდხანს ვისაუბრეთ და ამოვწურეთ ეს თემა. შემდეგ ბავშვებმა სიკვდილზე ჩამოაგდეს საუბარი, ვინ როდის კვდებაო.
-ბებო, მართალია კაცები უფრო ადრე კვდებიანო?!- იკითხა თამარმა.
- კი, მართალია!- წარმოთქვა თავდაჯერებით გუჯამ.
- არა, მოხუცდებიან და მერე კვდებიან!- წარმოთქვა ბრძენმა გაბომ. ეთუნა დიდია და არ ერევა ამ საუბარში.
თინა არაფერს ამბობს, მხოლოდ გაფართოებული, შეშინებული თვალებით გვიყურებს. უცებ თამარი ატირდა.
- რა იყო თამარ, რატომ ტირი? - ვეკითხები თამარს. 

- მინდა, რომ არავინ კვდებოდეს! თოვლის ბაბუს უნდა ვთხოვო,  რომ არ მოკვდე ბებო! ბებო, შენ ჩემი დედიკოს ხნის მაინც იყო რა კარგი იქნება!
- რატომ თამარ?
- იმიტომ რომ არ მინდა მოკვდე, დიდხან არ მინდა მოკვდე!
- გოგო,  რა დღეში ხარ, ყველა უნდა მოკვდეს, შეიძლება მეც მოვკვდე, მანჩო ძია ხომ ბებოზე ადრე მოკვდა!- დაუყვავა გუჯამ.
- მანჩო ძიას მანქანა დაეჯახა!- აუხსნა გაბომ
- ეს საიდან იცი გაბო?
- მე ყველაფერი ვიცი ბებო!  შენ კარგ საჭმელებს გვიმზადებ!- გადავიდა სხვა თემაზე გაბო და ხელზე მაკოცა.
 თამარი   რაღაცაზე გაღიზიანებული ისევ ატირდა.  ვერ ვამშვიდებ, რაც უფრო ვეფერები, მით უფრო უმატებს ზლუქუნს. ამ დროს გაბოც  აცრემლებულდა.
-რა მოხდა გაბუკა?!- ვეკითხები და ვეფერები, რავა ყველანი ატირდით.
- ზურგი მატკინეს, წყალი მომისვი, ან ყინული დამადე!-მთხოვს გაბო.
- ესენიც გაგაბრაზეს? რატომ?- კითხვები დააყარა თინამ.
- ჰო, ყველა მაბრაზებს!-  დავამშვიდე და სკამზე დავსვი.
- კარგია, ეს მისიამოვნებს ზურგს!- დაწყნარდა გაბო.თამარი კი არა და არ მშვიდდება.
- თამარ, ნეტა მე თუ დამიტირებ ასე, როცა მოვკვდები?!- მივმართე თამარს მწყრალად.
- კიიიი, ვიტირებ! - იკივლა თამარმა და ახლა ისტერიულად ატირდა.
- მე მთელი დღე ვიტირებ!- აჰყვა გაბო.
- მე მთლიანად ვიტირებ!- წარმოთქვა თავდაჯერებით თინამ.
 გადამრევენ ეს პატარები, ავუხსენი, რომ სიკვდილი ჩვეულებრივი მოვლენაა და დროული ისიც მისაღებიათქო, მაგრამ მათ არ უნდათ ჩემი სიკვდილი. მიშველეთ, იქნებ ვინმემ უკვდავების წყალი მიშოვოთ!




                                                         გაბო                                                                                                                                                                                                                                                                              "ხოლმე- ხოლმე მაბრაზებენ და რა ვქნა!"

                                                                  თინა

დღეს სავახშმოდ ბავშვებს ვეძახი, არადა არ მოდიან. ციცქნა თინამ უცებ მომიგვარა ეს საქმე. ხმამაღლა გასძახა, მოდით, ბებომ პიცა გააკეთაო. პიცაო! უცებ მოცვივდნენ. ვიფიქრე, იქნებ თინას მოეჩვენა,ხომ არ გონია მართლა პიცა დავაცხვეთქო, მაგრამ მის ეშმაკურად აციმციმებულ თვალებს რომ შევხედე, მივხვდი რაშიც იყო საქმე.საოცარია,მართლა
პატარაა ასეთი ეშმაკობებისთვის!





                                                            გაბოს სიბრაზე

ბავშვები ეზოში თამაშობენ,  წრიდან გაბო უნდა გავარდნილიყო, გაბომ ითხოვა ჩემი ხათრით ერთი სანსი (შანში) მომეცითო. მერე ისევ აირია მონასტერი, დასცხეს ერთმანეთს. თინას ღირსეულად უჭირავს თავი და ეს გაბოს მოსწონს.
-ცუდო, მაბეზღარა ბავშვებო, ჩვენ პატარები ვართ, თქვე ღირსო!- ვუსმენ და მეცინება. გაბო ვერ მშვიდდება, ჩემთან მოდის.
-ბებო სტუმარს და პატარას ხომ უნდა დაუთმო, ხომ უნდა სცე პატივი?! ესენი არ მითმობენ მაბრაზებენ. ახლა წავალ და ხარივით ყველას დავეჯახები, თუ ბოდიშს არ მომიხდიან!-გაბო დავამშვიდე, შევარიგე და ისინიც გადარჩნენ ხარის რქებს.
წუხელ მაინც რთული ღამე გვქონდა, შეშინებულებმა ბაჭიები შინ შემოიყვანეს, კარები და ფანჯრები კარგად ჩაგვაკეტინეს, კვერნა ისევ არ შემოგვივარდესო. უკვე ერთს კი არა რამოდენიმე კვერნას ელოდებოდნენ, ის კვერნა სხვებსაც ხომ ეტყვის აქ რომ ბაჭიები გვყავს და ერთად მოვლენო. წუხელ გადავრჩით.





                                            გაბო ლობიოს ვერ იტანს

შარშან წყნეთში ყოფნისას გაბო გაბრაზებული ჰყვებოდა, თუ როგორ აჭამა ძალით დეიდაშვილების ძიძამ ლობიო. წელს გამოგვიცხადა იქ ლობიო არ მაჭამოს ნანამო. პირობა მივეცით. წყნეთში ყოფნისას თამაშში გართულმა გაბომ კარებში შემოსული ძიძა დაინახა და ბავშვებს ჩასჩურჩულა მაგას ლობიო არ გაახსენოთო.

გაბოს რეაქცია დაკარგულ ბაჭიაზე
წყნეთში სამი ბაჭია გვყავდა, ღამით ერთი ბაჭია კვერნამ მოგვტაცა. ბავშვებმა ტირილი და ერთი ალიაქოთი დაიწყეს. არ სჯეროდათ, ალბათ კატამ მოგვტაცაო. გაბომ მშვიდად უსმინა ამათ და ბოლოს ასეთი დასკვნა გააკეთა.  რა კარგია მე რომ ხარის წელში ვარ დაბადებული და არა კატის, კატა ცუდიაო.







                                                             გაბო ფილოსოფოსობს

გაბო და მე ყოველ ღამე გვიან ვიძინებთ. დიდხანს ვსაუბრობთ ათას საჭირბოროტო საკითხებზე, ვთამაშობთ, ვეფერებით ერთმანეთს და მერე ვიძინებთ. გაბოს რატომღაც ძალიან აინტერესებს ბებო დაბერდება თუ არა. ყოველ ღამე ხელებს მისინჯავს, ხელები ხომ არ დაგიბერდაო.
-ბებო ხელები არ გაქვს ბებერი?! - მერე სახეზე მაკვირდება - ლამაზი ხარ, მაინც დაბერდები?!
-კი გაბო, თუ ღმერთმა ინება დამაბერებს!
მეც უნდა დავბერდე?
-ჰო გაბო, ასეა, შენც გეყოლება შვილები, შვილიშვილები და მერე დაბერდები!
-არ მინდა დაბერება, რატომ უნდა დაბერდეს ყველა?!
-ასეა ცხოვრების წესი!
გაბო ჩაფიქრდა, მეც ფიქრებმა წამიღო, უცებ გაბო თავზე დამადგა.
-ბებო, ბებო რატომ მოწყინდი, სად იყურები?- შევხედე, გავუღიმე.
-არა,ბებო შენ შორს იყურები, მე მიყურე, ბაბუზე ფიქრობ?
-არა გაბო!
-აააა, მანჩო ძიაზე?
-ჰო, გაბო!
- ძალიან გიყვარს მანჩო ძია? რატომ მოწყინდი, შენ ხომ თქვი ის ღმერთისთან არისო და ცოცხალიაო?!
- კი გაბო ღმერთთან არის და ცოცხალია, ოღონდ ჩვენ ვერ ვხედავთ!
-მე ვიცი , ის გვეფერება, მე ვხედავ! - გაბო არ ჩერდება, მამშვიდებს,  ბოლოს თავისი ბუნჩულა ხელებით სახეს მისკენ მიბრუნებს და კატეგორიულად მთხოვს მას ვუყურო და ვესაუბრო.
ასეთი საღამოები ხშირად გვაქვს, გაბოს სევდას ვერ გამოაპარებ და ცდილობს, იმ სამყაროდამ ამ სამყაროში გადმომისროლოს და ეს კარგადაც გამოსდის.







                                                           გაბოს დედა მაინც უყვარს

გაბო მთელი დღე მოუთმენლად ელოდება სამსახურიდან გვიან დაბრუნებულ დედას, გახარებული ყვირილით მიახტება და კოცნის. დაღლილი დედა ადრე წვება რაც გაბოს არ მოსწონს.
-დედა უკვე დაწვა?!- მეკითხება გაბუსული, მერე ამატებს.
- ძილისგუდა დედა!-  გამოთქვამს პროტესტს გაბო. მე ვეფერები და ვუხსნი, რომ დედა ძალიან იღლება. მე და გაბო ბუს კატეგორიის ვართ და გვიანობამდე არ ვიძინებთ, რაზე არ მეტიკტიკება. ერთ დღეს მომიბრუნდა და მეუბნება
-ბებო, ბებო დედა მინისტრია, მაგრამ მე მაინც მიყვარს!
მაინც უყვარს დედა კაცს! :))))




                                                                       ლალი და გაბო

ლალი ჩვენი მეზობელია, ჩვენს თავზე ცხოვრობს. გაბოს და ლალის საოცრად უყვართ ერთმანეთი. გაბო ურეკავს,ხშირად აკითხავს ლალის, ფანჯარაში იყურება თუ სარეცხს ფენს ლალიკო, ეძახის, ეპატიჟება. თუ წვიმა წამოვა და ლალი სახლში არ არის ერთ ამბავშია სარეცხები არ დაუსველდესო. ლალი გაბოს ბუს, ბუბუს, ბუბუსიას, ბაკუს და რა ვიცი რას არ ეძახის. ხშირად ანებივრებს ტკბილეულით და საჩუქრებით. ერთ დღეს გაბომ ლალის კინდერი თხოვა, ლალი შეპირდა, გაბო დაფიქრდა და უთხრა თუ ძვირია არ გინდაო. ერთ საღამოსაც ლალი და გაბო თამაშობენ, ერთმანეთს ეალერსებიან, გაბო კოცნის ლალის და არ უშვებს სახლში. მოგვიანებით მარტო დარჩენილები ტელევიზორს ვუყურებთ, გაბომ მოწყენილობა შემატყო
-ბებო, რატომ მოწყინდი? (მოიწყინეო) ლალის რომ ბევრი ვაკოცე იმიტომ?!
-არა, გაბო ლალი ხომ მეც მიყვარს!
გაბომ ეს არ დაიჯერა და მეც უზომოდ ბევრჯერ მაკოცა.










                                                              გაბო და ალიშანი

ოთხი წლის გაბო ბაღში ექვსწლიანთა ჯგუფში მოხვდა. კარგად შეეწყო და ღონისძიებებიც კარგად დასძლია. ჯგუფში ერთი აზერბაიჯანელი, დიდი, მსუქანა, დევივით ალიშანი ჰყავს, რომლისაც ყველას ეშინია, ყველას ერევა. გაბო ტრაბახობს მე არ მეშინია, ვერ მომერევა, ძლიერი ვარო, მეც ვუჯერებ და მიხარია. ერთ დღეს გაბო ბაღიდან უნდა წამოვიყვანო, ვხედავ გაფართოებული თვალებით ვიღაც ზორბა ქალს მისჩერებია და მექაჩება, ჯერ არ წამიყვანოვო. შევხედე ქალს და იერით მივხვდი ვინც იყო,იმასაც მივხვდი, რომ გაბოც მიხვდა.
-ბებო რამხელა დედა, რა მსუქანი, რა დიდი დედა ჰყავს ალიშანს!- ხმამაღლა ამბობს გაბო.მე ვცდილობ გავაჩუმო, პირზე ხელს ვაფარებ, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ბავშვი ემოციებს ვერ ფარავს, ჭკუაზე არ არის. რა თქმა უნდა გაიგონეს, მასწავლებელმა თქვა დედამისის შემხედვარეს გაუკვირდებოდა ამხელა ქალიო.როგორც იქნა შინ წამოვიყვანე, სახლშიც მოჰყვა ალიშანის დედაზე. ალიშანი წელს სკოლაში მიდის, გაბომ მასთან სამახსოვრო სურათი გადაიღო. სურათს "გაბო და დევი ალიშანი" დავარქვით.





                                                                გაბოს აწმყოც აინტერესებს  წარსულიც და მომავალიც

ბავშვებს არც წარსული აქვთ და არც მომავალი, ჩვენგან განსხვავებით ისინი აწმყოთი ხარობენ.
 აი ჩემს ოთხი წლის გაბოს წარსულიც აინტერესებს და მომავალიც. წუხელ ვზივართ, ტელევიზორს ვუყურებთ, მე თორნიკე ყიფიანს ვგულშემატკივრობ. მაყურებელი "ყიფოს" ძახილით აყრუებს დარბაზს.
- ბებო, ყიფო სახელია?- ინტერესდება გაბო 
- არა, გვარია, ტორნიკე ჰქვია!
-ააა, მაგარია, უნდა გაიმარჯვოს?!
-ჰო, გაბო, მაგარია და უნდა გაიმარჯვოს!
-ბებო, დაასტოპე, მეძინება, დამაწვინე და მერე უყურე ყიფოს! - ვემორჩილები გაბოს სურვილს.
-დამიჯექი ცოტა ხანი, მომეფერე, მაკოცე, ჩამეხუტე და მერე გაგიშვებ, ძალიან მიყვარხარ!
-მეც ძალიან მიყვარხარ გაბუკა!
-არა, მე უფრო, აი სამყაროს ხელა!
-ბებო, შენ დაბერდები და მოკვდები? არ მინდა შენთან დაშორება!-  გაკვირვებული ვუყურებ.
-კი, გაბო, როცა ღმერთი ისურვებს, გარდავიცვლები! -გაბო დაფიქრდა, ცოტა ხანი ხმა არ ამოუღია. ვინ იცის რა ტრიალებდა მის პატარა გონში.
-ღმერთისთან იქნები? მე მაინც გნახავ!
-ჰო, გაბო და მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები!
-ბებო, მანჩო ძია და ბაბუა რომ არ მომკვდარიყვნენ რვა ვიქნებოდით ხომ?! ახლა ექვსი ვართ.- გავოგნდი, დავუთვლივართ კიდევაც?! .
-მანჩო ძია ვიცი როგორ გარდაიცვალა, აი ბაბუ არ ვიცი, მითხარი!
-გაბო, ამაზე ნუ ფიქრობ, ჯერ პატარა ხარ!
-არა, მე დიდი ვარ და ყველაფერი ვიცი და მახსოვს! კარგი ბებო, წადი, უყურე ტელევიზორს, ჩემი საჩუქარი ხარ!-და ნება დამრთო მეყურებინა "ყიფოსთვის."
გამაოგნებელია დღევანდელი ბავშვების აზროვნება, ინტუიცია.მოკლედ ინდიგო ბავშვები იბადებიან. გაბუკა კი ყოველდღე მაკვირვებს თავისი მარგალიტებით.