Sunday, January 1, 2017

                                           2017  -   მადლობა         

აბა, რა გითხრათ ჩემო მეგობრებო!  გული ლამის ამომივარდეს, წამლეკა ამდენმა დადებითმა ემოციამ, უშურველმა სითბომ,  რომელიც თქვენგან წამოვიდა. არ მინდა სამადლობელი სიტყვა ბანალური გამომივიდეს. ასაკი, რამდენის გავხდი? ასაკი იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის თითქოს გარკვეულ წილად ადამიანის განვითარების დონის მანიშნებელია, მაგრამ მხოლოდ მანიშნებელი და არა განმსაზღვრელი.  გაბომ მითხრა ოცი წლის ხარო და მარად ოცი წლის ვიქნები, ასე გვინდა მე და გაბოს.  :)))) რა  ცოტა ყოფილა საჭირო ადამიანისთვის! " წამიც კმარა დარდიდან ზოგჯერ აღტაცებამდე!" დიახ, ცოტა ყოფილა საჭირო განწყობიდან :  "ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა..... განწყობამდე:  "სიცოცხლე მაინც მშვენიერია!" და ამაში თქვენც დამეხმარეთ ჩემო ძვირფასებო, თქვენ, რომლებიც ასე მეფერებით, მჩუქნით სიყვარულს. ისეთ დღეს ვარ დაბადებული, როცა ახალი წლის შემოსვლის ეიფორია და სიხარული ზენიტშია და ამ დროს კარს მომდგარ შობას ელოდები მოუთმენლად.  საოცარი  სიხარული და საზეიმო განწყობა სუფევდა ჩვენს ოჯახში.  რიტუალი იყო  ნაძვის ხის მორთვა, ბავშვები ერთმანეთს არ ვაცლიდით სათამაშოების ჩამოკიდებას. ბაბუას კი აუცილებლად ჩიჩილაკი მოჰქონდა, ჩიჩილაკი  ძირითადად ტკბილეულით  და ხილით  უნდა მოგვერთო. ვიცოდით ახალი წლის ღამით  ლოგინი გაივსებოდა ტკბილეულით და სათამაშოებით, ვხვდებოდით, რომ  თოვლის ბაბუ  მამა იყო, მაგრამ ფაქტზე ერთხელაც ვერ დავიჭირეთ. ვფხიზლობდით,  ვცდილობდით დილამდე არ დაგვეძინა, მაგრამ მერე მაინც მოგვერეოდა ძილი და გაღვიძებულები, როცა გადაბრუნებას ვერ ვახერხებდით ლოგინში, ვხვდებოდით რომ თოვლის ბაბუ  უკვე მოსულიყო, რადგან ულევ სათამაშოებში და ტკბილეულში ვიყავით ჩაფლულები. ასე ხალისით შემოდიოდა ახალი წელი, ამასობაში  დედა "საქირსო" ღორს გამომწყვდეულს კვებავდა, ასუქებდა, ეზოში არ უშვებდა რომ რამე მიუღებელი არ ეჭამა. მერე მისი დაკვლის რიტუალი ... ეს ცალკე თემაა. მახსოვს,  ახალ წელს და შობას მომლოცველები როგორ გვილოცავდნენ. "მოგილოცავთ ახალ წელსო"  და მერე  რამოდენიმე დღეში "ოცდახუთსა დეკემბერსა.... "- იწყებოდა. გვინდოდა ამოგვეცნო თუ რომელი მეზობლები გვილოცავდნენ ( ჭორი და ეჭვი დადიოდა სოფელში წელს ამან და ამან მოგვილოცესო, დანამდვილებით კი არავინ იცოდა), მაგრამ ისინი სახეს მალავდნენ, სახეზე ქუდები და ნაჭრები ჰქონდათ აფარებული, ჩვენ კი უშედეგოდ ვცდილობდით შუქი მიგვენათებინა, სახე დაგვენახა. მამა მათ უხვად ასაჩუქრებდა. ამდენად ამ ორ დღესასწაულს შორის ჩემი დაბადების დღე უფერულდებოდა.  თუ მე ბავშვობაში მხოლოდ უდიდეს სიხარულს განვიცდიდი შობა- ახალი წლის შემოსვლით და ყველა სიკეთით უზრუნველყოფილი ვიყავი, შემდგომ უკვე  თვითონ უნდა მეზრუნა ჩემი  შვილებისთვის, რათა იგივე ატმოსფერო და განწყობა შემექმნა მათთვის. ასე გადიოდა წლები... ჩემი დაბადების ღღე ამასობაში თითქმის არ აღმინიშნია, ის მთლად გაფერმკრთალდა, სიმართლე გითხრათ არც მიყვარდა ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა, რამდენჯერ დამიგმია კიდეც, ეტყობა..... და მერე მოხდა ის....... რის შემდეგაც არა თუ ფერი დაკარგა ჩემთვის ამ დღემ, არამედ ამოგდება მინდოდა თავიდან ამ თარიღისა. ათი წლის წინ როცა იძულებით ამ ვირტუალურ სამყაროში დამარეგისტრირეს, უნდა იურთიერთობო ადამიანებთან, სხვაგვარად არ გამოვაო, დაბ. დღის თარიღი არ მინდოდა მიეთითებინათ.  რაოდენ შორს ვიყავი მაშინ იმისგან, რომ მე ეს ამდენ სიხარულს მომანიჭებდა. თავიდან კანტი-კუნტად მომდიოდა მოსალოცები  და არც ვკითხულობდი. ახლა კი.... დღეს, როცა გადავავლე თვალი ამ დღეების მოლოცვებს, რამოდენიმე ათეული წლის წინანდელი კადრი დამიდგა თვალწინ, როცა ფოსტაში მჯდომს მაგიდასთან დახვავებული მოსალოცი ბარათები  და კონვერტები მედო, რამოდენიმე საათი ვწერდი მისალოც სიტყვებს  და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ვაგზავნიდი ნათესავებთან, მეგობრებთან. ახლა კი გახსნი დალოცვილ ყუთს და ცუკერას წყალობით მოდის და მოდის  ტკბილი სიტყვების ნიაღვარი. მე თქვენი თბილი სიტყვები, მოფერებაღა მეყოფა საგზლად.   მინდა თითოეული თქვენგანის, თითოეული ქართველის კარებზე მარად მრავალჟამიერი ისმოდეს. დღევანდელი ჩვენი ყოფა გადარჩენას წააგავს და რაოდენ მნიშვნელოვანია ასეთ დროს, რომ  ერთმანეთი გავიტანოთ, ერთმანეთის გვეტკინოს და გაგვიხარდეს. შექსპირმა თქვა: "ვისაც არ სურს თავის ბედის სხვასთან გაყოფა, ამ ქვეყანაზე მისი ყოფნა არის არყოფნა!" იყო დრო, როცა ჰორიზონტზე ჩამავალ მზეს  ვგავდი,  რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს ანათებს, ახლა კი მინდა სითბო და სინათლე სხვებსაც ვუწილადო. გულსატკენია, რომ დღევანდელ გაწამაწიაში, გაუტანლობაში ილევა ჩვენი მოკლე წუთისოფელი და ბოლოს კი სიმღერისა არ იყოს მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ჰყრიან.  დიახ, იქ არავინ გვკითხავს ვინ რა დელიკატესებს მივირთმევდით, რა ბრენდებით ვიმოსებოდით, რომელი მარკის მანქანით დავქროდით, ელიტარულ უბანში თუ ვცხოვრობდით, ქურქი სობოლის იყო თუ კურდღლის, ოქროს კალმით ვწერდით, თუ ოცთეთრიანი პასტით (მთავარია რას ვწერდით და რას ვაწერდით ხელს),  "სვეტსკები" ვიყავით  თუ "დერსკები?" ....   მოკლედ,  არა ბატონო, იქ ჩვენი სავიზიტო ბარათი, ჩვენი გაღებული სიკეთე და სიყვარული იქნება მხოლოდ. ჩვენ თვითონ აზრთა გაზიარებით ( რომლის დიდ საშუალებას იძლევა დღეს ფეისბუკი), უნდა მივაკვლიოთ იმ გზას, რომელიც ჩვენს წუთისოფელს, ადამიანებს შორის ურთიერთობებს უფრო თბილს, სიყვარულით სავსეს და მიმზიდველს გახდის.  ჩვენი ცხოვრება ის დღეები როდია, რომელიც გადის, არამედ ის, რომელიც გვამახსოვრდება და დაგვამახსოვრდება მაშინ , როცა სიყვარულით ვიცხოვრებთ და სიყვარულთ გავუწვდით ერთმანეთს დახმარების ხელს. და ბოლოს ყველაზე მთავარი და ღირებული ცხოვრებაში ეს ოჯახია. თავიდან ის, სადაც იბადები, შემდეგ კი რომელსაც თავად ქმნი. დაგილოცავთ თითოეულ თქვენგანს ოჯახებს, მარად სიხარული, სიყვარული, საზეიმო განწყობა სუფევდეს!  ყველანი მიყვარხართ და მინდა კარგად იყოთ. ყოველი სურვილის, ოცნებების ახდენას გისურვებთ ყველას! მ  ა  დ  ლ  ო   ბ   ა!

  რა იყო გასულ წელს ჩემს ცხოვრებაში დასამახსოვრებელი კარგი ან ცუდი?
       დამამახსოვრდა ფულის ჩასატვირთად მისულს სალაროსთან რიგში მდგომმა სამმა მამაკაცმა ერთდროულად რომ დამითმო რიგი, სიყვარულით განზე გადგნენ,  ასეთ ჟესტებს გადაჩვეულს  ძალიან  გამიკვირდა ( არადა ერთ დროს ეს არც იყო გასაკვირი). მე ასეთი ქართველი მამაკაცების სიმრავლე მინდა იყოს, რომელთაც შეიძლება ეჩქარებოდეთ, მაგრამ  ქალის პატივისცემა უპირველესი ღირსებაა მათთვის. და ყველაზე ცუდს, რომელმაც გული მატკინა, ჩემი ბლოგ- არქივიდან შეგახსენებთ. არც ასეთი დაცემული ქართველი მამაკაცები მინდა იყვნენ ჩვენს ქვეყანაში, როგორსაც ქვემოთ გაეცნობით.   ხოლო დადებითი რაც იყო და მესიამოვნა იმასაც არქივიდან შემოგთავაზებთ
  აი ისინიც
                               არქივიდან

                            პროფესიონალი თუ?!

დღესაც ჩვეულებრივ, სწრაფად გავეშურე სკოლაში გაბუკას მოსაყვანად. ხალვათად მეცვა და საფულე მოსასხამის ჯიბეში ჩავიგდე. "საფულეში არ უნდა მედოს ყველა საბუთი, სამგზავრო მარტო უნდა ვატარო, რომ დამეკარგოს, რა აღადგენს?"- გავიფიქრე და ყვითელ ავტობუსში ასულმა ბილეთი ავიღე. უცებ მკეთრი მოძრაობით ჯიბისკენ წავიღე ხელი და იქ სხვის ცივ ხელს წავაწყდი. ხელის პატრონსაც არ მოეწონა ჩემი მაინცდამაინც იმ დღეს გამთბარი  მარჯვენა და საფულეს ხელი უშვა. ავიხედე, ჩემს წინ მაღალი, სათვალიანი, შეჭაღარავებული წვერებით სამოცდახუთ წლამდე ასაკის  სანდომიანი კაცი იდგა.
- ყველაფერი რიგზეა ქალბატონო! მომმართა ჩუმად
- თქვენს ასაკში? გამაოგნეთ!-ჩავსისინე ჩუმად და ჩავედი, არ მიხმაურია. ჩასვლისთანავე გავხსენი საფულე, იქნებ მოასწრო რაიმეს ამოღებათქო და ვხედავ, ფული აღარ დევს. ძალიან ბევრი არ იყო, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი, მთელი კვირა ულუკმაპუროდ უნდა დარჩენილიყვნენ ბავშვები. გაბრაზებული სწრაფადვე მივბრუნდი, იქნებ ავტობუსი არც იყოს დაძრულითქო, მაგრამ უშედეგოდ. მიმოვიხედე და ჰოი საოცრებავ! იქვე იდგა.
- დამიბრუნეთ ფული!- მივმართე მკაცრად და ხმამაღლა
- ინებეთ ქალბატონო, გთხოვთ არ იხმაუროთ!- მომაპყრო მშვიდი, მუდარით სავსე თვალები და ხელში ჩემი ფული შემომაჩეჩა. დავტოვე იქაურობა, არ ვიცი კარგად მოვიქეცი თუ ცუდად. იქნებ ჯობდა არ დამენდო?! ერთია, მთელი დღე ვფიქრობ, რატომ ჩამოვიდა ჩემთან ერთად, ან რატომ იდგა ერთ ადგილას, თითქოს მელოდებოდა და გამზადებულს, დასაბრუნებლად ხელში ეკავა ფული.იქნებ შემიბრალა, თანხის სიმცირის გამო? არ ვიცი, ეტყობოდა, რომ არ იყო უბრალო ადამიანი, ანუ იმის თქმა მინდა, რომ უინტელექტო არ ჩანდა. ვინმე ხომ არ მეტყვის რა კატეგორიის ადამიანთან მქონდა საქმე, ადრეც ქურდი იყო თუ ახლა გაჭირვებამ აიძულა, თუ გამოცდილი არ იყო, როგორ შეძლო ფულის ამოღება და მერე ცარიელი საფულის უკან ჩადება, და რატომ დამიბრუნა, რატომ არ გაიქცა? ნუთუ ცხოვრებამ აიძულა? კითხვები არ მასვენებს. ვნანობ, რომ არ გავესაუბრე, მაგრამ მე ხომ საოცრად ჩქარი ცხოვრების რეჟიმი მაქვს, მუდამ გადარბენებზე ვარ. მგონი ამოკი შემეყარა, მინდა მოვნახო, გავიცნო, გავიგო რა ცხოვრება გაიარა, მოკლედ, გულახდილად გავესაუბრო.



                                 ნოსტალგია კდემემოსილებაზე?!

გუშინ ძალიან დაღლილი ავედი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ახალგაზრდა ბიჭმა თავაზიანად დამითმო ადგილი, მესიამოვნა, ვიღაცამ ბავშვი დაისვა მუხლზე, ვიღაცამ ბილეთი აუღო უბილეთოს, მე 20 თეთრი დავუმატე ხურდის არმქონე მგზავრს. " ნეტა რა ხდება დღეს?!" - ჩავიდუდუნე ჩემთვის და ხალხის თვალიერება დავიწყე. უცებ ჩემგან ცოტა მოშორებით მდგარმა გოგო-ბიჭმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. უნდა ვაღიარო ჩემი სიგლახე, ჩემთვის გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ორივენი კარგები, ძალიან სიმპათიურები იყვნენ. ბიჭი რაღაცას ეჩურჩულებოდა გოგოს, ისიც მოკრძალებით პასუხობდა. იმდენად კარგი სანახავები იყვნენ, მომინდა ყური დამეგდო, მაგრამ კანტიკუნტად მოდიოდა სიტყვები. გოგო: "ეს უადგილო კითხვა იყო," " არა." ბიჭი: "ვნახოთ," "მგონი." მეტი ვერაფერი გავიგონე. ერთი მომენტი ბიჭმა მოკრძალებით დაადო გოგოს მხარზე ხელი, იმანაც ასევე მოკრძალებით, ლამაზი ჟესტიკულაციით მოიშორა ხელი და ცოტა განზე გაიწია. ბიჭმა ცოტა ხანი უყურა, მერე მიუახლოვდა და კვლავ განაგრძეს საუბარი, გოგოს უკვე ეღიმებოდა. "რა ლამაზად კერავს!  ან იქნებ უკვე იცნობდნენ ერთმანეთს? რა საყვარლები არიან!" -  გავიფიქრე და გავაგრძელე თვალთვალი. ამასობაში ადგილი განთავისუფლდა და ორივენი დასხდნენ და გააგრძელეს ბაასი. ყოველ გაჩერებაზე გული მიფრიალებდა, ნეტა ჯერ არ ჩავიდნენთქო, რა დამემართა?! ჩემი თაობის ქალ-ვაჟის ურთიერთობები გამახსენა მათმა საქციელმა და ვიღაცის გამონათქვამი ფრაზა ამეკიდა:" ამ მილეთის ხალხში, ჯიშითაც და მიუკარებლობითაც, მთელი მისი გარეგნობა, ბრწყინვალე მაგალითი გახლდათ იმ იშვიათობისა, კაცს ცოდვისკენ კი არა, კაცს ღმერთისკენ რომ გაახედებს!" ჩემი ჩასვლის დრო მოვიდა, ძლივს, უხალისოდ წამოვდექი, არ მეთმობოდნენ, არა, ასე ვერ ჩავალ, გავიფიქრე, მივუახლოვდი, ორივეს მხარზე მოვხვიე ხელი და მივმართე
- არ ვიცი ვინა ხართ, რანი ხართ, ერთმანეთთან რა გაკავშირებთ, მაგრამ ძალიან საყვარლები ხართ, სიყვარულით გაკვირდებოდით, ღმერთმა დაგლოცოთ!- ორივეს სახე გაებადრა, მადლობები მიხადეს. მე კი დღესაც დადებითი ემოციით ვარ სავსე და ალბათ ის წყვილი არასოდეს დამავიწყდება. ჩემს გუშინდელ განცდილს კი ადრექალ-ვაჟისმოკრძალებულდამოკიდებულებისადმინოსტალგიაშეპყრობილი ჩამორჩენილი ქალის გაბრუება დავარქვი.