Tuesday, September 5, 2017

                                                   სვანეთში - მე

ზემო სვანეთი თავისი კოშკებითა და ულამაზესი მესტიითა და უშგულით, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შესული. სვანეთი საჩუქარია არა მხოლოდ ლაშქრობის მოყვარულთათვის, იგი კულტურის უძველესი კერაა.აქ დრო თვალის დახამხამებადაც გენანება, შიშობ, რომელიმე თვალისმომჭრელი ხედი არ გამოგეპაროს, ყოვლადწამიერი სანახაობა გატყვევებს, ცდილობ კადრში მოაქციო, მაგრამ აქ ცუდი ფოტო მაინც არ გამოგდის. პეიზაჟები საოცარი სისწრაფით იცვლება, ნისლიც კი სხვადასხვანაირია, ხან გამჭვირვალე, ხან რძესავით ბლანტი, ღრუბელი კიდევ ერთ წუთში ქუდად ეფარება მწვერვალს, მეორე წუთში ყელზე ეხვევა. ეთო ნადირობდა ორთავიან უშბაზე, ხან ერთი მწვერვალი გამოჩნდებოდა, ხან მეორე. ამბობენ თუ სვანეთში მისვლისას უშბამ გაგიღიმა და ორივე წვეროთი დაინახავ, სტუმარი სასურველიაო, პირველად რომ ვიყავი სვანეთში, მახსოვს გუჯამ მითხრა, უშბამ კარგად მიგიღო, გიღიმისო. ახლაც ასე იყო.
მესტიაში სიარული ერთი სიამოვნებაა, ტკბები კოშკების ცქერით, ყველაზე მეტი ვარსკვლავიც სვანეთის ცაზეა. მეგონა ჩემი იყო მთაც, ჩანჩქერიც, ტყეც, კოშკი, მწვერვალები, მყინვარები, თან იმდენია, ყველას სახელს ვერ დაიმახსოვრებ. ვუყურებდი ერთმანეთის პირისპირ მდგარ უშბასა და თეთნულდს და ულამაზესი მითი მახსენდებოდა, თუ როგორ გადააქციეს შეყვარებული ქალ-ვაჟი მთებად, ანუ უშბა ვაჟია, ხოლო პატარძლად წოდებული თეთნულდი - ქალწული. დავდიოდი... ყოველ ნაბიჯზე სალოცავებია, თუმცა მე იქ ისეთი განცდა მქონდა, რომ ყოველი გოჯი მიწისა სიწმინდეა, კოშკიც სალოცავია ჩემთვის და ასე მგონია ქუჩაშიც რომ ილოცო უცებ შეისმენს უფალი, სიმაღლეების დაპყრობისას, იმდენად გამაოგნებელი სილამაზის ხილვისას, სერიოზული შიში მქონდა, ვაი თუ ფსიქიკამ ვერ გაუძლოსთქო. კოშკის სახურავზეც მოვექეცი, ეთო გაოცდა.მახვშის სკამზეც დავსკუპდი, დიდი ხანია მინდა საკარცხული შევუკვეთო, ალბათ ავიხდენ ამ სურვილსაც. მოკლედ მე სვანეთზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, ეგაა, ჩემი კალამი სუსტია ამისთვის.
ახლა ორიოდე სიტყვა იმაზე, ვინც ყველაფერ ამის ხელახლა ხილვის და განცდის საშუალება მომცა.

ჩემი მაიკო, კვიციანი,( გუჯას დისშვილი) გულედანების რძალი რომ გავხდი, ძალიან პატარა იყო. პირველდანახვისთანავე შემიყვარდა. იმ დღიდან შეიძლება ითქვას ერთად მოვდივართ. არავის სანათესაოდან ისე არ ესმის და არ იზიარებს ჩემს სიხარულსა თუ ტკივილს, როგორც მაიკო. ყოველთვის ჩემს გვერდითაა, რამდენჯერ ინტუიციით დაურეკია, მგონი კარგად არ უნდა იყოვო. ჩემი ყველაზე მძიმე პერიოდის დროს, როცა ძალიან მიჭირდა, სიკვდილის პირას ვიყავი და არსად არ გავდიოდი, მან მაიძულა, ყველაფერი გააკეთა, რომ სახლიდან ცოტა ხნით გავეყვანეთ. უღალატო, სხვანაირი ჯიგარი გოგოა. ახლაც არ მომასვენა, სვანეთში უნდა დაისვენოვო და შეიძლება ითქვას ძალით ჩამტენა გადატვირთულ მანქანაში. გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მან იცოდა თუ რა დადებით ემოციებს მომგვრიდა სვანეთი, თან ნათესავიც თვითონ მირჩია, ხომ გეპატიჟება ვახტანგი, არაჩვეულებრივი პიროვნებაა, იქ უნდა დაისვენოვო და მათ სახლში დამტოვა. ბევრს არ გავაგრძელებ, ეს სიტყვა მისი სადღეგრძელოა. იხაროს თავის ულამაზეს ოჯახთან, ის ხუთი შვილის დედაა, დატვირთულ-გადაღლილი და მაინც ყველასთვის და ყველაფრისთვის იცლის. მადლობა მაიკო, გაიხარე. მადლობა ასევე ცუკერბერგს, რომ მე ჩემი ემოციების გადმოფრქვევის საშუალება მომცა.










მურთაზი გულედანი, თეთნულდი და ჩვენ

ერთი სადღეგრძელო ვერ დაიტევდა იმას რაც მაქვს სათქმელი. სვანეთი ამოუწურავია ჩემთვის და ალბათ კიდევ და კიდევ მივუბრუნდები.
მშობლიური საქართველო ყველაზე კარგად რომ შეიგრძნო, ქალაქიდან უნდა გახვიდე და სოფელ-სოფელ იარო. სვანეთის სოფლები კი საოცრებაა, მუდმივად თოვლიანი მთის თვალუწვდენელი მწვერვალები, ხოლო ფრიალო კლდეებში ღრუბლები გაწოლილან. სვანეთს უამრავი ტურისტი სტუმრობს, რათა დატკბნენ ამ მთაგორიანი ადგილის ველური, პირველყოფილი ბუნებრივი სილამაზით. სვანეთის სიდიადეს და სილამაზის აღწერას ჩემი გაქანება არ ეყოფა. როგორც ვთქვი სვანები განთქმულნი არიან სტუმართმოყვარეობითა და შრომისმოყვარეობით. დავდიოდი მესტიაში, სოფლებში, იქ ქვაც კი ჩემიანი იყო, იმანაც იცოდა ელგუჯა გულედანი. როგორც კი მნახავდნენ უცებ მანუჩარი ჩვენი ტკივილიაო, მეტყოდნენ და მე ეს მიხაროდა, ჩემი შვილი დაუვიწყარია მათთვის, დღესაც კი გლოვობენ, მერე კი ელგუჯა გულედანის კარგ კაცობაზე, მის დამსახურებაზე და სიკეთეზე საუბრობდა დიდი თუ პატარა და მე ვიზრდებოდი, ეთო გაკვირვებული ისმენდა ყველაფერს. მათ ყველაფერი კარგად ახსოვთ და დღესაც აფასებენ ოდესღაც გაკეთებულ უმნიშვნელო სიკეთესაც კი. მიხაროდა, რომ მახსენებდნენ ჩემს მათდამი ყურადღებას სოხუმში. გუჯა მართლაც ყველას პატრონი და მასპინძელი იყო სოხუმში. კიდევ ერთხელ ჩავწვდი ქართული ანდაზის ჭეშმარიტებას. სიკეთე ქვაზე დადე და გაიარეო. მოკლედ ყველა მსაყვედურობდა რატომ ჩემთან არ გაჩერდი,რატომ ჩემთანო? ვახტანგი კი ხუმრობდა ჩემთანა აქვს ვიზაო. ზღვა ნათესაობიდან ყველა ვერ მოვინახულე, ყველაზე ვერ მოვყვები, მაგრამ მურთაზ გულედანი რომ არ ვადღეგრძელო არ შემიძლია.
მურთაზიც გუჯას დეიდაშვილის შვილია. მან სოხუმში დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და ჩვენთან იყო გარკვეული პერიოდი. საოცრად კარგი ურთიერთობები გვქონდა. მოკლედ ღრმა ფესვები აქვს ჩვენს სიყვარულს. დავურეკე თუ არა იმ წუთასვე შინ მიგვიყვანა მე და ეთო, მისმა ქალიშვილებმა, თეომ, მეგიმ, სალომემ საოცარი მასპინძლობა გაგვიწიეს, იქაური ხაჭაპური თუ კუბდარი განუმეორებელია. მეტს არ გავაგრძელებ ოჯახში იმ დღეს უდიდესი სიამოვნების მიღების შემდეგ დავთქვით მოგვეარა ახლო-მახლო ყველაფერი. მართლაც მეორე დღეს მურთაზმა ჩაგვსვა მანქანაში და გვკითხა პირველად საით წავიდეთო? საბაგირო გვინდა თეთნულდი უნდა ვნახოთო. ისე ახლოს მოჩანდა თეთნულდი, მეგონა მალე მივიდოდით. ვაი ჩემს თავს მე დღე გამოვიარე! მიდის აღმა-აღმა მანქანა, დასასრულს ბოლო არ უჩანს,რომ მცოდნოდა ასეთ სიმაღლეზე ავდიოდით, რას გავბედავდი?! საბაგირომდე მივედით და არ მუშაობდა. მურთაზმა მკითხა სიმაღლეს როგორ იტანო? და დაძრა მანქანა მწვერვალისკენ. სპაზმი მახრჩობდა, ამ სიმაღლეზე წნევამ არ დამარტყასმეთქი, ლოცვა-ლოცვით, შიშით გასუსული ვიჯექი, არ მინდოდა ეთოსთვის ეს სიამოვნება მომეკლო, მანქანა არ შემოვაბრუნებინე და გავუძელი. მაღლა -მაღლა მივიწევდით,და როგორც იქნა მივაღწიეთ 3170 მეტრ სიმაღლემდე, მოკლედ სვანეთის დედოფლად წოდებულ თოვლ-ყინულიან თეთნულდს მივუახლოვდით. თუ აქამდე ქვევიდან ვუყურებდით მთებს , ამჯერად კი ზემოდან გადმოვხედეთ. უცებ გამომიკეთდა ხასიათი, აზრზე ხართ?! მთელს სამყაროს დაჰყურებ, ლამისაა ცას შეეხო ხელებით, ეს ენითაუწერელი სილამაზე და საოცრებაა. მის აღწერას შოთას კალამი თუ დაემორჩილებოდა მხოლოდ! ეთო ჭკუაზე არ იყო, დახტოდა ჯიხვივით ყველგან, არ მჯერა , არ მჯერაო! ლაპარაკობდა.
აქ მზის ამოსვლა სასწაულია, უზარმაზარი ცეცხლის ბურთი აცისკროვნებს მთელს გარემოს. მწვერვალების შეთეთრებული ფერდები მზის სხივებზე ტიტანების აბჯარივით ელავდნენ. სამწუხაროდ ეთოს ფოტოაპარატი დადუმდა, ისე ვინერვიულე, სიმაღლეს გადავურჩი და აპარატის გამო როგორ უნდა დამარტყას წნევამ მეთქი, აბა იმ სიმაღლეზე უსურათობა იქნებოდა?! ეტყობა სიმაღლის შეეშინდა ჩვენს ფოტო აპარატს, იქნებ ჩემს მაგივრად მან მიიღო ინსულტი? არ ვიცი, არ ვიცი... სურათები მაინც გადავიღეთ მობილურით და დავეშვით. ასეა, მწვერვალების დაპყრობა მსხვერპლს მოითხოვს, ღირდა. მურთაზმა მთელი დღე გვატარა კუთხე-კუნჭული არ დაუტოვებია მესტიაში დაუთვალიერებელი, თეთნულდი იმდენად შთამბეჭდავი იყო სხვებზე არ მოვყვები. მერე კი კაფეში მეუღლესთან ერთად გვაქეიფა,მადლობა ლარისას უთბილესი შეხვედრისთვის. ყოველ ნაბიჯზე კუბდარებით და ხაჭაპურებით, ჭიშთვარებით გვიმასპინძლდებოდნენ, ეთო წუხდა მოვიმატებო, მაგრამ კუბდარზე უარს მაინც ვერ ამბობდა.
მადლობა მურთაზ შენ და შენს ოჯახს, უმშვენიერეს ქალიშვილებს ყურადღებისთვის, სიყვარულისთვის
გაგიმარჯოთ, იხარეთ, მიყვარხართ!
მე თქვენ დაუვიწყარი დღეები მაჩუქეთ!
საოცარი ხალხი ხართ სვანებო! მიყვარხართ!







                                                ფილფანების ოჯახი

სვანეთი ულამაზესი მხარეა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. "კოშკების ქვეყანა"- ლეგენდებით მოცული, ნამდვილი ზღაპარი, უძველესი რწმენებით და ტრადიციებით. ამაყი, დაუმორჩილებელი, ყველაზე მიუწვდომელი მთიანი მხარე. უძველესი კოშკები და ბუმბერაზი მთები პირველივე წუთიდან ატყვევებს მნახველს.საეჭვოა მოიძებნოს ადამიანი, ვინც ერთხელ ესტუმრა ამ მხარეს და არ დაავადებულა დიდებული კოშკების უნიკალური სილამაზით. მეც ოცდათხუტმეტი წლის წინ შემეყარა სვანეთის სიყვარული და დაავადებად მექცა. ამდენი წელია მეძახის, მიხმობს სვანეთი და ვერა და ვერა.... ვინც მიცნობს მიხვდება რატომ დავშორდი ამდენი წლით ჩემს საყვარელ მუზეუმს-ღია ცის ქვეშ. და აი, წელს გავბედე დიდი შიშით შემდგარიყო მონატრებული შეხვედრა უშბასთან ,შხარასთან, თეთნულდთან, კოშკებთან.... ამაში დამეხმარა გუჯას დეიდაშილისშვილი - ვახტანგ ფილფანი, რომელიც დიდი ხანია მეპატიჟებოდა. სტუმარს ყოველთვის სვანები მათთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით ხვდებიან. საოცრად მიგვიღეს მე და ჩემი ეთო ფილფანების ოჯახმა. სვანეთის ისტორიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მუსიკალური ფოლკლორი. სვანური სიმღერები ძირითადად ომებს, ომის გმირებს, სახელოვან მეფეებს ეძღვნება. სწორედ ამ კეთილშობილურ საქმეს უძღვებიან ფილფანები.
ვახტანგის მამა - ისლამ ფილფანი - საოცარი ხელოვანი, ლოტბარი ადამიანი, წლები ედგა სათავეში ფოლკლორულ ანსამბლ "რიჰოს." მისი გარდაცვალების შემდეგ მისი შვილი, ვახტანგი ჩაუდგა სათავეში ამ ღირსეულ საქმეს, მათ მიღწევებზე და წარმატებებზე არ ვისაუბრებ, ეს საქვეყნოდ ცნობილია, და ამაში ვახტანგს დიდი წვლილი მიუძღვის, საოცარი დისციპლინით, რუდუნებით ემსახურება ხალხურ ფოლკლორს. არა მარტო მღერიან და ცეკვავენ ფილფანების ოჯახი, ბატონი ვახტანგი უკრავს თითქმის ყველა ხალხურ საკრავებზე და თავადაც ამზადებს უძველეს სვანურ საკრავს- ჭუნირს და ჩანგს. ერთი სიამოვნებაა მათ ოჯახში სტუმრობა, უცხოელი სტუმრები გაოცებულნი, კმაყოფილნი და ბედნიერები ტოვებენ გამომშვიდობებისას ოჯახს. არ შევეხები მათ ჯანსაღ საკვებს და უხვ გამასპინძლებას. როცა ანსამბლს კონცერტი აქვთ წამყვანის ფუნქციასაც ვახტანგი ასრულებს. იმდენად საინტერესოდ, იუმორის გაჯერებით აცნობს მსმენელებს თავის კუთხეს და ადათ -წესებს, იხვეწებიან გავათენოთ, ნუღარ დაგვტოვებთო. ამას რამოდენიმეჯერ შევესწარით მე და ეთო. ბატონმა ვახტანგმა მოგვატარა ყველა ღირსშესანიშნაობები, რაც კი არსებობდა მესტიაში. მესტიის ეროვნული მუზეუმი, მარგიანების კოშკი და მუზეუმი, მიშა ხერგიანის სახელობის მუზეუმი. ისე საინტერესოდ გვიხსნიდა ყველაფერს, რომ გიდიც ჩერდებოდა და უცხოელი სტუმრები პირდაფჩენილები უსმენდნენ და მადლობას უხდიდნენ. რომ მეგონა ბევრი რამ ვიცი სვანეთზეთქო, არა ბატონო, არ მცოდნია, ვახტანგმა ბევრი რამ მამცნო. მადლობა მას. ეთო, თინეიჯერიც კი ინტერესით, სიყვარულით უგდებდა ყურს.
ფილფანების სახლი სოფელ ლენჯერში მდებარეობს, ჭიშკარს ამშვენებს წარწერა"ნანილა"და მუსიკალური სიმბოლური ნიშანი, ვიოლინოს გასაღები სვანური ქუდით. პირველ დღეს ვერ მივხვდი, თუ რატომ ნანილა? ეს ხომ იავნანა, ძილისპირულიამეთქი, მაგრამ ვინც იქ მოხვდება, უმალვე მიხვდება რატომ "ნანილა?!" და არა უშბა ან შხარა.... იქ თბილად მიგიღებენ, საუკეთესოდ გაგიმასპინძლდებიან, საღამოხანს მთელი ოჯახი საოცარი სიმღერებით დაგატკბობენ და მერე სასიამოვნოდ იძინებ, ყოველგვარი შფოთის, კოშმარული სიზმრების გარეშე. მე იქ სულ სხვა - ჯანმრთელი რეჟიმით ვცხოვრობდი და ახლა, აქ, თბილისში მე და ეთოს ძალიან გვიჭირს, რა გზა გვაქვს, უნდა დავუბრუნდეთ აქაურ კონსერვანტებით გაჯერებულ საკვებს და უჟანგბადობას. არ შემიძლია არ აღვნიშნო ვახტანგ ფილფანის საოცარი კაცურ- კაცობა, მას მთელი სვანეთი პატივს სცემს, ანსამბლში შესაშური წესრიგი აქვს, არაჩვეულებრივი მამა, მეუღლე, ძმა, მეგობარი, ნათესავი, რომელსაც ყველა უყვარს, საოცრად პოზიტიური, დიდი იუმორის მატარებელი ადამიანი. მას არავინ და არაფერი რჩება ყურადღების მიღმა. ქუჩაში მიმავალი დიდს და პატარას მანქანას უჩერებს, მუდამ დასაქმებული, მოუცლელი ადამიანი, ბავშვსაც კი ელოდება, რომელიც მარკეტში შეიძლება იყოს შესული საყიდლებზე.
მიხარია, რომ ჩვენი ურთიერთობა შედგა და ერთმანეთი შევიყვარეთ. მადლობა ყველას: თქვენ, ვახტანგ, ასეთი დღეები რომ გვაჩუქეთ, მადლობა მანონს, დიდებულ დიასხლისს ( მეუღლეს),თბილ, მოსიყვარულე ნანას (დას), კეთილშობილ,ქალბატონ ეკატერინეს (ვახტანგის დედას),ბეშქენს, ანოს და საოცრად სხარტ, ჭკვიან, მოსიყვარულე, მარცხალა გოგონა - პატარა ეკას (შვილები)და ნიკოლოზს, საოცარი ხალასი ბუნების ბავშვს, რომელიც ყოველდღე გვატკბობდა თავისი ცეკვით (ვახტნგის დის-ნანას შვილი)
მე თქვენ ძალიან, ძალიან მიყვარხართ!
მ ა დ ლ ო ბ ა ! ! !