ჯვრის მონასტერი
სამი დღის წინ მე და მაიკომ გადავწყვიტეთ ჯვრის მონასტერი მოგველოცა და აქამდე ჩვენთვის უცნობი წმ.ნინოს ცრემლების წყაროც გვენახა. ავედით მონასტერში, ეს ხომ საოცრებაა, გული ამიჩქროლდა, ის ბედნიერი წლები გამახსენდა, ხშირად რომ ავდიოდით ჯვარზე, მტკივნეული სიცხადით ჩამიქროლა ძველმა კადრებმა თვალწინ. ჩემს ცხოვრებას, ყოველგვარ განმეორებას გავურბივარისეთი გული რად გინდა,
გქონდეს და არა გტკიოდეს,
ისეთი თვალნიც დავსილან,
ცრემლი არ ჩამოსდიოდეს!
გამახსენდა ვიღაცის ლექსი. არ მინდოდა მაიკოს შესანიშნავ განწყობას ჩემი ცნობიერების ნაკადით მივსკდომოდი. გავიხედ-გამოვიხედე, იქაურობა ტურისტებით გავსებულიყო, იღებდნენ სელფებს, სურათებს. ჩემდა გასაკვირად მეტი წილი რუსული მეტყველება მესმოდა და მსიამოვნებდა. "ნეტა აღდგეს კეთილმეზობლური ურთიეთობა ჩვენს შორისთქო"! - გავიფიქრე და ახლა ის წლები გამახსენდა, ქართველები რომ დილით საქეიფოდ გადაფრინდებოდნენ მოსკოვში და საღამოს ისევ უკან ბრუნდებოდნენ, მივხვდი, ნოსტალგია მომწოლოდა იმ წლებისა, ახლა რუსეთუმეობაა რამე დადებითი თუ წაგცდა რუსეთზე, მაგრამ მე ეს არ მანაღვლებს, გინდაც ჩამქოლონ, ცუდად არ მახსენდება ის წლები და ცუდი მეზობელი ჯობია შორს მყოფ ნათესავსო, ეს ყველას მივიწყებული აქვს რატომღაც. ყველა ოკეანის გაღმა იყურება, შეძლებენ ოკეანის გადაცურვას თუ არა, ამაზე ფიქრით არ ირჯებიან. მოკლედ, მოვილოცეთ და ციცაბო ბილიკით დავეშვით ნინოს ცრემლების წყაროზე, რომელიც ნინოს ძუძუს წყაროდ ყოფილა ცნობილი და განსაკუთრებით უშვილობას შველის. მეგონა პატარა სამოთხეში ვიმყოფებოდით ისეთ საოცარ ადგილზე მოვხვდით. წყაროს დარაჯმა, ბატონმა სულხანმა, თბილად მიგვიღო, მოგვიყვა ჩვენთვის უცნობი საინტერესო ამბები, გვანახა განკურნებული მომლოცველების სამადლობელი წერილები ქვეყნიერების სხვადასხვა კუთხიდან. იკურნებიან თურმე სიმსივნიანები, გამაოგნა პრიბალტიკიდან (თუ არ მეშლება) გამოგზავნილმა წერილმა, წყვილს ოცი წელიწადი არ ჰყავდათ შვილი, უკვე ხელჩაქნეულები იყვნენ, აქ ჩამოვიდნენ და მალევე შეეძინათ შვილი. ასეთი უამრავი წერილია. შემდეგ დაგვალევინა, სამკურნალო წყალი, წყაროზე სპეციალურ ადგილას დაგვსვა, სახეზე, ხელებზე, ფეხებზე, მტკივნეულ ადგილებზე შეისხით წყალიო. შინაც გამოგვატანა დიდი ბოთლით, წყალი, რომელსაც მართლაც რძის გემო დაჰკრავდა და ცხიმიანობაც იგრძნობოდა. ჩემდა გასაოცრად აღმართი მსუბუქად ავიარეთ. გზადაგზა მე და მაიკო, სურათებს, სელფებს ვიღებდით, ვითომ რით ვიყავით ტურისტებზე ნაკლები?! ბედნიერი დღე მე და მაიკომ სასიკეთო საქმით დავასრულეთ.
ჩემი პირველი სელფი: მამიდა და ძმისშვილი