Saturday, August 19, 2017

                                       ზღაპარი ბუხრის პირს


    ბავშვებს უყვართ როცა ბუხარი აგიზგიზებულია, იწვება მწვადები და ჭყინტი სიმინდი, მერე კი საუბარი.ამ დღეებში  გამოვუცხადე, რომ მეც უნდა დავისვენო, სვანეთში მივდივარ ათიოდე დღითმეთქი. ყველა მოიღრუბლა. რამდენი ხნით, მერე გემრიელობებს ვინ გაგვიკეთებს? - დამაყარეს კითხვები, ყველას უნდა ჩემთან ერთად წასვლა, მაგრამ რა....დასვენება გამომივა?!
- რა მალე გავიდა ბებო არდადეგები? უშენოდ ამდენ ხანს ვერ გავძლებ! - აჭყიპინდა გაბო. იგივეს იმეორებენ ყველანი.
- გაბო, მალევე ჩამოვალ, რა ცხვირი ჩამოუშვი!- დავტუქსე ჩემზე მწარედ შეყვარებული გაბო
- ბებო შენისთანა ბებო არ არსებობს, შენ რომ აკეთებ ისეთ  საჭმელებსაც ვერავინ გააკეთებს, ყველას გვიყვარხარ, მართალია გაბო-  ბეჭედი დაუსვა გაბოს ნათქვამს თამარმა
- მეც ძალიან მომენატრები! - ჩამეკონა  თინა - რამე საინტერესო ამბავი მოგვიყევი მაშინ-მომთხოვა კატეგორიული ტონით თინამ
- კარგით ზღაპარს მოგიყვებით, ბუხარს  მოუხდება, თან მისაღამოვდა - მივმართე ბავშვებს, ყურები დაცქვიტეს
   ერთ ულამაზესი ქვეყნის, ულამაზესი სოფლის, ულამაზესი ტყის პირას, ულამაზესი სახლი იდგა, სადაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. რას არ ნახავდით ამ ეზოში: ცხოველები, ფრინველები, მწერები, ხე-მცენარეები, ყვავილები. ეზოში წყარო მოჩუხჩუხებდა. ყველანი ტკბილად, ჰარმონიულად ცხოვრობდნენ, ყველამ თავ-თავისი საქმე იცოდა. მგელი, ძაღლი, კატა თუ სხვა გარეული და შინაური ცხოველები ერთმანეთს ეფერებოდნენ, ეალერსებოდნენ.  მალე ოჯახს ბიჭი ეყოლა. ყველა გახარებული იყო, ბავშვისთვის ზოგს რძე მოჰქონდა, ზოგს წყალი, ზოგს ყვავილი და ნაირ-ნაირი სათამაშოები. ბიჭი წლობით კი არა დღითი-დღე იზრდებოდა, ძლიერი, გონიერი, ლამაზი, გულკეთილი, ბევრ სიკეთესთან ერთად საოცარი ხმა დაჰყვა უფლის რჩეულს. უხაროდა დედას და მამას ასეთი შვილი რომ აჩუქათ უფალმა.
   ერთ საღამოს დედა გვიანობამდე აივანზე იჯდა და ჩაეძინა. უცებ უცნაური ხმა მოესმა, მიაყურადა, ზემოდან, ანუ ზეციდან მოდიოდა ხმები.
- კარგი ბიჭია, ნეტა რა დავაბედოთ?- იკითხა ერთ-ერთმა ხმამ - მგონი ანგელოზები არიან, გაიფიქრა ქალმა და სულგანაბული დაელოდა რას იტყოდნენ
- ნამდვილი მზეჭაბუკია, ვნახოთ როგორ ჩააბარებს გამოცდას და მერე გადავწყვიტოთ რა ბედი ეწიოს - თქვა მეორე ხმამ
- კი, დავაკვირდეთ, მართალი ხარ!  უპასუხა მესამე ხმამ და საოცარი გალობა წამოიწყეს. დედას  ის ხმები ჩაესმოდა დღე და ღამ. ასე გადიოდა წლები. ბიჭი ყველას აოცებდა, მისი მომრევი არავინ იყო, ერთი სიამოვნება იყო მისი საამო ხმის გაგონება, როცა სიმღერას წამოიწყებდა, ცხოველები, თუ ფრინველები ირგვლივ შემოეხვეოდნენ და სულგანაბულნი უგდებდნენ ყურს.
ერთხელ ბიჭმა ჩვეულებისამებრ ქამარ-ხანჯალი შეიბა,  თოფი გადაიკიდა და ტყეში სანადიროდ წავიდა. ბუნების სილამაზემ დროის განცდა დააკარგვინა, სიმღერ-სიმღერით მიუყვებოდა ვიწრო გზას მთისკენ და როცა გონს მოვიდა, მიხვდა, ძალიან შორს წასულიყო, თუმცა არ შეშინებია, ბიჭი უშიშარი იყო, ვითარცა უხორცო. უცებ შენიშნა ანაკონდა ვეფხვს შემოხვეოდა და ახრჩობდა, ბევრი არ უფიქრია, გველი ხანჯლით განგმირა, იფიქრა ვეფხვი შემომიტევსო, მაგრამ ასე არ მოხდა, უკან გამოჰყვა და დამეგობრდნენ. იმ დღიდან ვეფხვი და ბიჭი ერთმანეთს არ მოშორებიან. მორიგი ნადირობისას ბიჭს ტყის სიღრმიდან გოგოების კივილი შემოესმა, არც დაფიქრებულა ისე გაექანა, ტყის კაცს შეეპყრო გოგონები და  სიღრმისკენ მიათრევდა. დაეწია მზეჭაბუკი და გაიმართა სასტიკი ბრძოლა, დიდი ჭიდილის შემდეგ ბიჭმა გაიმარჯვა და გოგონები მშობლებს მიჰგვარა.   იმ საღამოსაც აივანზე იჯდა დედა, იმ ღამის შემდეგ, ისევ იმ ხმების მოლოდინში იყო. მართლაც შუაღამისას გაიგონა
- ეს გამოცდა კარგად ჩააბარა, ვნახოთ შემდეგ რას იზამს! - წარმოთქვა ნაცნობმა ხმამ, დედას შეეშინდა, ნეტა შემდეგ რა იქნებაო.
დილით საუზმისას შვილს სთხოვა, ფრთხილად იყავი, რაიმე ფათერაკს არ გადაეყაროვო. ბიჭი დედას ჩაეკონა, ნუ გეშინია, არაფერი მომივაო. რამოდენიმე დღეში სოფელში წიოკობა გაისმა, ქალი და ცხენი იხრჩობა მდინარეშიო, ელვისისწრაფით გადაეშვა ადიდებულ მდინარეში ბიჭი და გაავებულ მდინარეს გამოსტაცა ჯერ მეზობლის ქალი, შემდეგ კი ცხენი. მთელი სოფელი ლოცავდა, შენ და შენმა გამზრდელმა იხარეთო. იმ საღამოსაც გაიგონა დედამ კმაყოფილი ანგელოზების ხმა. ვინმეს რამე გაუჭირდებოდა ყველა მზეჭაბუკს უხმობდა.
  სოფელს დევი შეჩვეოდა და მოსვენებას არ აძლევდა მაცხოვრებლებს, ხან ცხოველებს სტაცებდა, ხან ბავშვებს, ვინ გაბედავდა მასთან შებმას, ვერაფერს გახდნენ. დედის თხოვნით ყველანი უმალავდნენ ბიჭს. რომ გაიგოს ვერ მოითმენს და დამეღუპებაო. ერთ დღესაც  გზად მტირალი კაცი შემოხვდა, მიზეზი რომ ჰკითხა, ბავშვი მომტაცა დევმაო, წამოსცდა გამწარებულ მამას.. გაგიჟდა ბიჭი, მიხვდა, რომ  მარტო ვერ დაამარცხებდა, ვეფხვს მოუყვა გასაჭირი, მერე ცხენს და ძაღლსაც უთხრეს და მოილაპარაკეს, თუ როგორ უნდა დაემარცხებინათ დევი. მართლაც ძაღლმა შემოიტყუა ვიწრო ხევში, მერე ვეფხვი გამოხტა და ზურგზე შეახტა, ცხენმა ტლინკები დააყარა, დაბნეულ დევი ბიჭმა ხანჯლით განგმირა. ასე გრძელდებოდა კარგა ხანს, არ ილეოდა ბიჭის კეთილი საქმეები, დედას კი აივანზე ერთი და იგივე სიტყვები ესმოდა: "ეს გამოცდაც ჩააბარაო!"  ბოლოს სოფელში ქორწილის დღეს  მექორწილეები შხამიანი სოკოთი მოიწამლნენ, სოფლის დედაბერმა თქვა, მხოლოდ ერთი ბალახი გადაარჩენს ამათ, რომელიც სამი მთის იქეთ, ვეებერთელა  მუხის ძირში რომ ხარობს,თუ ვინმე მოასწრებს მოტანასო. არც დაფიქრებულა მზეჭაბუკი, შემოახტა თავის რაშს და გაექანა, გზად მიმავალმა ბევრი იწვალა, მაგრამ ბალახი დროზე მიუტანა მომაკვდავ ხალხს და გადაარჩინა. იმ საღამოს კი დედამ აი რა გაიგონა
- უკვე საკმარისია, დროა ზეცაში ავიყვანოთ, აქ მაგისი ადგილი არ არის!
- ჰო, გამოცდა მართლაც კარგად ჩააბარა, დროა!  - უპასუხა მეორემ. დედა ძალიან შეშინდა, ნეტა რას უნდა ნიშნავდესო. მეორე დილით შვილი ვერსად ნახა, მთელი სოფელი მოიარა, მერე ტყეშიც წავიდა იქნებ სანადიროდ წავიდაო, მაგრამ ვერსად მიაკვლია. ნამტირალევს, დაღლილს აივანზე ჩასძინებოდა. უცებ საოცარი გალობის ხმა მოესმა, საოცრება... ზეციდან მისი მზეჭაბუკი გალობდა. მერე მისი ხატება წინ დაუდგა დედას, მე ძალიან კარგად ვარ უფალთანო, აკოცა, დაემჩვიდობა ხელის ქნევით და ცაში აიჭრა.  იმის შემდეგ ზის დედა აივანზე და ელოდება იმ ხმებს, შვილის გალობას.
- ეს ამბავი მგონი მანჩო ძიაზე და შენზეა! - წამოიძახა გაბომ
- ჰო,გაბო, მეც ასე ვიფიქრე, ხომ მართალია ბებო? - შემომხედა ეშმაკური ღიმილით თინამ
რა ვიცი რაც გინდათ ის იფიქრეთ, მე მთხოვეტ და ზღაპარი მოგიყევით








Saturday, August 12, 2017

                                        ვახშმობისას

 - რა არის ბებო გლობალიზაცია? - კითხულობს თამარი
- ყველა ერთ ენაზე ისაუბრებს,  ყველა ერთად იცხოვრებს, ერთი დიდი ოჯახი ვიქნებით- აუხსნა ღიმილით გუჯამ
- ასე ხომ მოსაწყენი იქნება, სხვადასხვა ენები არ ჯობია? ისწავლონ ენები, იარონ ერთმანეთთან - შეწუხდა გაბო
- ბებო სწორს ამბობს გაბო ხომ? - ინტერესით შემომხედა თინამ
- ბავშვებო, გლობეს დედამიწას, გლობუსს ნიშნავს.მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან საზოგადოებრივი განვითარება დედამიწაზე მიმდინარეობს დიდი ერთიანი პროცესის ფარგლებში - რომელსაც გლობალიზაცია ჰქვია. აქამდე უპრეცენდენტო ინტეგრაციასთან გვაქვს ადგილი.
 - ეს რას ნიშნავს? - ერთხმად მეკითხებიან გაბო და თინა.
- ბებო,გასაგები ენით რომ გითხრათ, ხალხი აქეთ- იქეთ დადის, ზოგი უცხოეთში მიდის მუშაობს, იქ ქმნის ოჯახს, ზოგი აქეთ ჩამოდის....
- მივხვდი, მივხვდი, ანუ ისევ უკან ვბრუნდებით, ბაბილონის გოდოლს რომ აშენებდნენ?- შემაწყვეტინა თამარმა
- ჰო, თამარ მაშინ ღმერთი გაბრაზდა რატომ აშენებთო და ენები აურია ახლა ჩვენ არ მოგვწონს ამდენი ენა და მალე ერთ ენაზე ვისაუბრებთ - წარმოთქვა პათოსით გუჯამ
- რა არის ეს?  კიდევ რამე სისულელე არ ჩაიდინონ ადამიანებმა, ხან ერთ ენაზე საუბრობენ, ხან უამრავ ენაზე, მაშინ გაბრაზდა ღმერთი, ახლა რა ისევ ერთი ენა რატომ უნდა იყოს?  და ისევ მოუნდეთ მერე ბაბილონის გოდოლი ააგონ, ისევ გაბრაზდეს ღმერთი და ასე დაუსრულებლად?! - დაარტყა "რეჩი" გაბომ
- ჰო, ბავშვებო ციკლურია, ყველაფერი მეორდება! - ღიმილით მიმართა ეთომ მეცნიერებს
- ახლა ბაბილონის გოდოლი კი არა ცათამბჯენებია აშენებული, ვის უკვირს მაღალი შენობები! - წამოიძახა ისევ თამარმა
- ბებო, რა ბაბილონის გოდოლი დღეს რაც კი დიდი შენობებია იმაზე მაღალი ხომ იქნებოდა? - გაკვირვებით მკითხა გაბომ
- ჰო, ბებო, ალბათ ძალიან მაღალი, გრანდიოზული იყო.
- აპოკალიფსი რა არის? - ახლა აპოკალიფსით დაინტერესდა თამარი
-  ქვეყანაზე ცხოვრება  რომ აღარ იქნება, არაფერი იარსებებს, ამას ნიშნავს ხომ?- შემომხედა ცნობისმოყვარედ თინამ
- "აპოკალიფსი"- დაფარულის გახნას ნიშნავს. როგორ აგიხსნათ, აი მაგალითად, ბოლო ხანებში მეცნიერები ხედავენ, რომ  ზოგიერთი ზღვები,აზოვის ზღვა მაგალითად სხვა ზღვები და  მდინარეები წითლად იღებებიან. ზოგი ამას ბიბლიურად ხსნის, აი, ხომ ეწერა წინასწარმეტყველაბაში, ზღვები სისხლისფერი გახდებაო. მეცნიერების აზრით კი მაღალმა ტემპერატურამ ზღვის მცენარეების აყვავება- გამრავლება გამოიწვია
- და ამიტომ გაწითლდნენ?- პირი დააღო თინამ
- ასე ამბობენ!
- ბებო, ბევრ ქვეყანას აქვს დღეს ბირთვული იარაღი, ჩვენ თუ გვაქვს და რა მოხდება რომ ააფეთქებენ?- შეშინებული სახით დამაყარა კითხვები თამარმა
- ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ აქვს ბევრ ქვეყანას, ჩვენისთანა პატარა და საცოდავ ქვეყანას საიდან უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი?! - ცივი წყალი გადაასხა გუჯამ თამარის სავარაუდო იმედს ბირთვული იარაღის შესახებ
-რომ ააფეთქონ, დავიღუპებით?- ლამის ცრემლიანი თვალებით კითხულობს თამარი
- დამშვიდდი თამარ, არაფერიც არ აფეთქდება, სადღაც წავიკითხე 2030 წელს ოკეანეები ატლანტიდის მიმართ სავარაუდოდ შეიცვლის მიმართულებას და მიწები წყლით დაიწყებს დაფარვას. ასე რომ არაფერი გვემუქრება - იკადრა ხმის ამოღება აქამდე მომღიმარმა ეთომ
- 2030 წელს რა ყველა დავიხრჩობით? - იკითხრა გაბომ
- მე რა ვქნა?- დაინტერესდა თინა
-შენ ჩაყვინთე!- მისცა რჩევა თამარმა
- ნუ გეშინია თამარ სვანეთში წავიდეთ - დააიმედა ეთომ
- ნოეს კიდობანს ააშენებენ, დამშვიდდით! - დაამშვიდა საზოგადოება გუჯამ
- ეგ როგორ? - დაინტერესდა გაბო
- მაშინ ნოემ შეძლო კიდობანი აეშენებინა და დღეს რა პრობლემაა, ახალი ნოე გვეყოლება, ტექნოლოგიები წინ წავიდა, გემები ივლიან, გემი-სახლები იქნება. იაპონიაში ისეთი სახლები შენდება ბორბლებზეა და მიწისძვრა ვერაფერს აკლებს,  ახალი კუნძულებია გაკეთებული, დღეს რა პრობლემაა, ხალხი მარსზე ისვენებს - გაანათლა საზოგადოება ყოვლისმცოდნე გუჯიკომ
- გემებზე როგორ უნდა იცხოვრონ, ან საჭმელი რა უნდა ჭამონ?- იკითხა გაბომ
- რას ჭამდა ნოე და მისი ოჯახი? ცხოველები ნოემ თუ შეიყვანა კიდობანში დღეს ვერ შეიყვანენ თუ?!  დაკალით ცხვარი ან ღორი და ჭამეთ- პასუხი გასცა ირონიულად გუჯამ
- ოღონდ იქაც, გემზე, პრეზიდენტები არ დაგვისვან შენი ჭირიმე!- წარმოთქვა უკმაყოფილოდ თამარმა
- მიშას დაგისვამენ ან ივანიშვილს თამარ, აირჩიე!- ღიმილით მისცა არჩევანის უფლება გუჯამ თამარს
- არცერთი არ მინდა!- იყვირა თამარმა - ისინი მარსზე გაფრინდნენ..
- კი, უკვე იქ იმყოფებიან და გათხრებს აწარმოებენ! - გადაიკისკისა გაბომ
- ბებო, რა კარგი იქნება, რომ ყველაფერი ცუდი კოსმოსმა მიიზიდოს- ინატრა გაბომ
- კოსმოსი გახსნილი სივრცეა არაფერს მიიზიდავს- აუხსნა ეთომ
- ხო, ბებო კოსმოსი ვერ გვიშველის , აქეთ ვიზიდავთ ყველაფერს, ეს ხომ დაამტკიცა ნიუტონმა- დაადასტურა ეთოს ნათქვამი თამარმა
- ნეტა კომეტა არ მოვიზიდოთ! - ინატრა გაბომ
- რა, კომეტა რომ მოვიზიდოთ რა მოხდება, მაშინაც დავიღუპებით? - იკითხა შიშით თინამ
- ჰო, თინ, გოგრის ვარიანტია, ნიუტონისთვის გოგრა რისი მომტანიც იყო, იმას მივიღებთ კომეტის დაცემისას
- ანუ დავიღუპებით? - აცახცახდა თინა
- ჩვენ არა, ჩვენ გადავრჩებით! - დაამშვიდა ეთომ პატარები
- მართალია?
აინშტაინმა თქვაო: მესამე მსოფლიო ომი არ ვიცი როდის იქნება, მაგრამ მეოთხე მსოფლიო ომი კი ჯოხებით იქნებაო? - იკითხა თამარმა
- ახლა აინშტაინს შეეშვით! - ვიყვირე მე