გაბოს კითხვები აწუხებს
გაბუკას წიგნი აჩუქეს რაინდებზე და ყოველ ღამე ძილის წინ ათვალიერებს, "კითხულობს." წინა ღამითაც ჩვეულებრივ მივუტანე ლოგინში, კარგა ხნის შემდეგ მეძახის, წაიღე ვერაფერი გავიგეო.- გაბუკა, რა ვერ გაიგე?
- ვერაფერი გავიგე, მე ვერ ვიცი კითხვა! - მიპასუხა უკმაყოფილომ.
- აქამდე რას შვებოდი გაბო?
-უბალოდ ვუყურებდი!- წამოიძახა და შეხტა, ხელზე დამახტა, ტკივილისგან მოვიკრუნჩხე.
- შემთხვევით მომივიდა ბებო, ბოდიში!- მომეალერსა გაბო ცოტა დარცხვენით და მტკივან ხელზე თავისი ბუნჩულა ხელი გადამისვა.
- ბებო ჩვენ როგორ ვბერდებით? - ამ თემას ხშირად წამოჭრის ხოლმე რატომღაც.
- გაბო წლები გადის, ასაკი გვემატება და მერე, დიდი ხნის შემდეგ სიბერეც მოდის.
- არ მინდა დაბერება! მე როგორ გავხდი ხუთი წლის?
- ვერ გავიგე გაბო!
- აი ოთხის ვიყავი, ხუთის როგორ გავხდი? - ავუხსენით წელიწალის დროები, თვეები, ყოველი წლის 16 სექტემბერს წელი გემატებათქო. გაიგო და არ მოეწონა, ესეიგი დავბერდები, არ მინდაო.
- გაბო გინდა დრო გავაჩეროთ, პატარა, ხუთი წლის იყო მუდამ? - დაფიქრდა
- თქვენ რომ დაბერდებით და მოკვდებით! არ მინდა!- გავოგნდი, მიხვდა ეს მაწაკი, რომ ჩვენთვის დრო არ გაჩერდებოდა.
- მიყვარხარ რა არის? შეყვარებული?- ახლა სიყვარულის ფენომენით დაინტერესდა გაბო- უბალოდ გაგახარებს ხომ სიყვარული,ოცნებობდი ხომ, გიყვარს ბებო, ესეიგი მოიტანს სიკნესს და კინდერს. არა, შენ ჩემი მეგობარი ხარ! სახელს როგორ არქმევენ, გაბო ვინ დამარქვა?
- დედამ გაბო!
- დედამ იცოდა რომ ყველაზე მაგარი ვიქნებოდი?!
- ჰო, იცოდა!- ეღიმება
-გაბუკა, დაიძინე, გეყოფა, ამდენს ნუ ფიქრობ. ლამაზი სიზმრები უნდა დაგესიზმროს.
-კარგი ბებო, ეს "ნაჩნიკი" რა გულისგამწყალებელია!- და გვერდზე შეაბრუნა.
- წადი ბებო, დავიძინებ მე ხოლმე-ხოლმე კარგებს, ხოლმე-ხოლმე ცუდებს ვუყურებ სიზმრებს. ნეტავ თოვლი იყოს ჩემს თავს ვითხლიშავდი, ყინულზე უკეთესად მძინავს!- თქვა ნახევრადმთვლემარე გაბომ. მას მართლაც ცივი ლოგინი უყვარს, წარამარა აბრუნებს ბალიშს, ტრიალებს მთელი ღამე ცივ ადგილს ეძებს.დილით გამოღვიძებულმა გამოგვიცხადა, ბიზნესი ვიცი რაც არისო, აი ბებო რომ 70 წლის გახდება და ფულს რომ მისცემენო. ეტყობა სიზმარში ნახა ჩემი გამდიდრება?!