Thursday, July 31, 2014

                                                 ორი თამარი

მე და თამარი სამზარეულოში სადილს ვამზადებთ. თამარს უყვარს ეს პროცესი და ხშირად მეხმარება. ვცდილობ საჭმელები მისი გემოვნებით გავაკეთო, რადგან პრეტენზიულია და გურმანი.
- თამარ, დღეს კატლეტები გავაკეთოთ, შენ ხომ გიყვარს! გუშინ მგონი ხარჩო არ მოგეწონა!
- ბებო, რატომ ფიქრობ რომ არ მომეწონა, ხომ ვჭამე, მე შენი გაკეთებული ყველაფერი მომწონს!-ცოტა არ იყოს აღშფოთდა თამარი.
- გემოვნებაზე არ დაობენ, შეიძლება მოგეწონოს შეიძლება არა, საწყენად არ მითქვამს!
- არა, ბებო არ მეწყინა! - სიყვარულით მეუბნება თამარი. მოკლედ ერთობლივად გავშალეთ სუფრა და საზოგადოებას მოვუხმეთ სადილად. რა თქმა უნდა გააბეს ბაასი და შენიშვნები.
- პური მიაყოლე!- შენიშვნა მისცა ეთომ თამარს.
- შენ ვინ გეკითხება?!- თავი დაიცვა თამარმა.
-ეთო ჭამე თევზი!- შესთავაზა გუჯიმ ეთოს და მიაწოდა.
- არ მინდა, გაწიე! - იყვირა ეთომ
- ააა,კარგია?! არ ყოფილა დაძალება კარგი ხომ!-დაუფიქსირა გუჯიმ. გაბომ პროტესტი გამოთქვა კატლეტის ჭამაზე, ვემუდარე, მაგრამ ვერაფერს გავხდი.
- იცით კატლეტს რამდენი ვიტამინი აქვს?! რამდენი რამე გავუკეთეთ: ხორცი, პური,ხახვი, ნიორი, მწვანილები, სტაფილო, კარტოფილი, თან ბებომ იმდენი იშრომა და მოინდომა, უნდა დააფასოთ ბებოს შრომა, მე აღარ ვჭიჭყინებ ჭამაზე, ყველაფერს ვჭამ, ხომ ბებო?! - თვისი მონოლოგი თამარმა კოცნით დაამთავრა.  გაბოზე გაჭრა თამარის სიტყვამ, უცებვე დაიწყო ჭამა, კარგი ყოფილაო, მადლობა გადამიხადა და მაკოცა. აი ასეთი ძალა აქვს დროულად წარმოთქმულ მართალ სიტყვას!









                                          არდადეგები   

                                                                                                             დაიწყო საზაფხულო არდადეგები და ჩემი  წამებაც. ერთდროულად მიწევს ბავშვების ასაკის შესატყვისი წიგნების წაკითხვა. ნეტა თავის დროზე რას ვიკლავდი თავს, რას ვათენებდი ღამეებს!  თურმე გახდები ბებია და წაიკითხავ. გაითვალისწინეთ ეს მომავალმა ბებიებმა. რა დროს ჩემი ტომ სოიერი და რობინ ჰუდია?!  მაგრამ ეს არის ჩემი ურყევი, ნება უნდა წაიკითხონ! უწიგნურობა როგორი ასატანია?!
გუჯიკო:   "ძალიან მეზარება კითხვა, მაგრამ ვიცი რომ უსწავლელი გამოვალ და თავს ძალას ვატან."  

   ვარჩევთ:

ეთო- "საიდუმლო კუნძული"
გუჯა- "ტომ სოიერის თავგადასავალი"
თამარი-"პეპი გრძელწინდა"
გაბო და თინა აიპედის მფლობელები არიან.