მონტენეგრო 2024 წლის 19-25 მარტი
ამა წლის 4 იანვარს, ჩემს დაბ. დღეზე მატა შემპირდა მარტში მონტენერგროში წაგიყვან ტურნირზეო. მატა თუ რამეს გპირდება, ის აუცილებლად შესრულებადია. და აი 20 მარტს გავუდექით გზას. ჩემი პრობლემა ფრენის შიშია, რაც დიაზეპამით დავძლიე და მშვიდობით ჩავფრინდით მონტენეგროს ქალაქ პოდგორიცაში, იქიდან კი საკურორტო ქალაქ ბუდვისკენ ავიღეთ გეზი. გავოგნდი, მთელ ამ გზას მიუყვებოდა მართლაც შავი კლდოვანი მთა, მთლად ასეთ შავ მთებს არ ველოდიმეთქი ვუთხარი მატას, აბა რატომ ჰქვია "ჩერნაგორიეო" მიპასუხა მატამ. ბინა სასტუმრო სპლენდიდში დავიდეთ, მეშვიდე სართულის საოცარი ზღვის ხედით. უნდა აღვნიშნო, რომ სასტუმრო პერსონალის ყურადღება და კვება ნამდვილად კარგი იყო. იმ დღესვე დაგვეწყო ტურნირები, დავფიქსირდი რამოდენიმე სახეობაზე. მიღწევებზე რა მოგახსენოთ, მე და რამაზ უკლებას წყვილებში დიდი შანსი გვქონდა საპრიზო ადგილზე გავსულიყავით, მაგრამ ბოლო საფეხურზე დავმარცხდით. მე კი "ლასტ შანსში" მესამე ადგილზე გავედი, რითაც გავიხარე და რაც მთავარია ძალიან ბევრი ვითამაშე და ასევე შევხვდი ნარდის გიგანტებს, რითაც დიდი გამოცდილება მივიღე. საოცარი, მზიანი ამინდები დაგვხვდა და თამაშთან ერთად თავისუფალ შუალედებში მატა არაფერს მაკლებდა, წავედით ძველ ქალაქ კოტორში, ასე მეგონა მცხეთაში ვიყავი. ქალაქს დამცავი გალავანი ერტყა გარს, მთის წვერზე ეკლესია აეშენებინათ, რომელიც ჯვარს მაგონებდა. გამაოგნა კატების სიმრავლემ და ხალხის დამოკიდებულებამ მათდამი, კარგად მოსუქებულები დანავარდობდნენ ყველგან. თურმე ქალაქს ქოლერა დარევია და მღრნელების შემოსევებისგან კატებს გადაურჩენიათ მოსახლეობა. ასევე მოვიარეთ ბუდვას ძველი ქალაქი, ვნებივრობდით ზღვის ნაპირას ჯდომით და გზა და გზა ვაგემოვნებდით იქაურ საკვებს, ტკბილეულობას. სასიამოვნოდ ჩაიარა გამოსამშვიდობებელმა, დაჯილდოვების საღამომ. ძალიან დავისვენე, ხანდახან მიპყრობდა დარდი, ბავშვები დავტოვე და თუ მაქვს ასეთი კომფორტული დასვენების უფლება მეთქი, მაგრამ მატა არ მაძლევდა ასეთი ფიქრის საშუალებას. მოკლედ მატასთას მოგზაურობა ძალიან კომფორტულია და " რეპეტე" მინდა. აქეთობას დავლიე ისევ დიაზეპამი მძინარემ ვიმგზავრე და თქვენი მონა მორჩილი ახლა შინ გახლავართ.