Monday, June 19, 2017

                                      დედა ნატაშა              

ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა ამ დღეებში ერთ ახლობელთან საუბარმა, თუმცა ამ საკითხზე არა ერთხელ მქონია საუბარი- კამათი.
დედაჩემი (ჩემი გამზრდელი), ნატაშა ლორჩოშვილი, ხობის რაიონის სოფელ გურიფულში დაიბადა. ის ცამეტი წლის ასაკში დაობლდა დედით, მეოთხე კლასელ მოზარდს სკოლის მიტოვებამ მოუწია და სამი ძმის და ორი დის მზრუნველობაზე მოუწია აუტანელმა გარჯამ. მამაზე განაწყენებული იყო, ცოლი შეირთო, და დედინაცვლის სიმწარეც ვიწვნიეო. მოკლედ მამამისი მერე ფოთში გადასახლდა და დედა სრულიად მარტო დარჩა ბავშვებთან. მან თავისი სამი თვის და მეზობელ, უშვილო კარგ ოჯახს მიაშვილა, გაუსაძლისი მდგომარეობის გამო,ღამე დაღლილობისგან, ჩამეძინებოდა და აკვანი მივარდებოდაო. გული მეწურებოდა როცა დედა თავს გადახდენილ ამბებს მიყვე
ბოდა. მოკლედ ყველას ეპატრონა, სწავლა-განათლება მიაღებინა, გამოიარა მეორე მსოფლიო ომის გაჭირვება, ერთი ძმაც ჩინ-მედლებით ცოცხალი დაუბრუნდა ომიდან. ყველანი წესიერებით,შრომისმოყვარეობით, პატიოსნებით გამოირჩეოდნენ. დედამ კი ოცდათექვსმეტი წლის ასაკში მოიცალა თავისი პირადი ცხოვრებისთვის. ის გაჰყვა მამაჩემს, სამშვილიან კაცს და აქაც შეუდგა მძიმე ჭაპანს. ჩემს კითხვაზე- რატომ გაჰყევი სამშვილიან კაცსთქო? თევდორე ფულარიასნაირი სასახელო კაცის ცოლობა მერჩინა, ვინმე დაუქორწინებელსო. მე წლინახევრის დავხვედრივარ. დედას, მიუხედავად მხოლოდ დაწყებითების განათლებისა, არ ეშლებოდა არაფერი, შეგნება, კულტურა, ადამიანობა, სიკეთე. მან მოგვცა ყველაფერი, გვასწავლა სწორი ცხოვრება, პატიოსნება. ერთადერთი თხოვნა ჰქონდა ჩვენთა, შვილებთან, დედინაცვალი არავის დააძახებინოთ ჩემზეო. ვინ გაგვიბედავდა! ერთხელ ამ სიტყვით ერთმა ხეპრზე მეზობელმა მოიხსენია, საკადრისი პასუხი გავეცი და მერე მათ ოჯახში ფეხი არ დამიდგამს. მშობელის (ბიოლოგიური დედის) არსებობა მეექვსე კლასში გავიგე და შოკი მივიღე არა იმის გამო, რატომ იმასთან არა ვართქო, არამედ ნატაშა რომ არ იყო ბიოლოგიური დედა ეს მეტკინა. დამსვა და მითხრა, შენი დედა ღირსეული, ულამაზესი, განათლებული, უპატიოსნესი ქალია, არ მიუტოვებიხართ, ჯანმრთელობა შეერყა და იმიტომ არ არის თქვენთანო, მაგრამ მე გამსახურდიებისკენ გახედვა არ მინდოდა. საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ გამზრდელ- ნატაშას და თინა გამსახურდიას. პირზე კოცნით ხვდებოდნენ ერთმანეთს. ის ჩემი შვილების გამზრდელიხარო და გულში იხუტებდა, სულ ასაჩუქრება. ეს აიყვანდა ჩემს და ძმას და იქ, გალში მიუყვანდა ზაფხულობით. მთელი რაიონი გაკვირვებული იყო დედაჩემის-ნატაშას სულგრძელობით, ადამიანურობით, შეგნებით, სიკეთით. ამას დიპლომი არ იძლევა, ან ხარ ასეთი ან არ ხარ. მერე თინა მალე გარდაიცვალა. მახსოვს, როცა ჩვენთან მოვიდნენ ამ ამბის სათქმელად, მე და ჩემი და ჩვეულებრივ ვიჯექით. მალე დედა შემოვიდა, რა ხდებაო? და როცა გაიგო რაც მოხდა, უსისხლოები გვეძახა, დედა გარდაგეცვალათ, ნამდვილი დედა, ხმას როგორ არ იღებთო და თვითონ შეიცხადა, მთელი სოფელი შეყარა. ნატაშა დედამ რაც საჭირო იყო იკისრა გასვენებისთვის ჩვენი სახელით, გამსახურდიებმა კი იუარეს, ამათ დედა არ უყვარდათ და არაფერს მივიღებთო, დედაც გაჯიქდა, მაშინ ბავშვებს არ გამოვუშვებ გასვენებაშიო. მხოლოდ მაშინ დათანხმდნენ, როცა დედა დაიყოლიეს შენც უნდა დაიტირო თინა, შენ ძალიან უყვარდიო. დიახ,დედა გამოგვყვა და ერთად დავიტირეთ. ის რომ მშობელი დედა არ მივიღე ჩემი ბრალი არ არის, გამსახურდიებთან მაქვს პრეტენზია. ეს სხვა თემაა. რომ გიყვარდეს რაღაც უნდა გააკეთო,მათ ამისთვის არაფერი გაუკეთებიათ. როცა დავოჯახდი და სამი შვილი მეყოლა, მითხრა, რამე პრობლემები რომ შეგექმნას არ შეგეშინდეს, მუდამ შენს გვერდით ვიქნები, ბავშვებს გაგაზრდევინებო. ძალიან საიმედო, ჯიგარი ქალი იყო ჩემი დედა-ნატაშა. ტანკს დაუდგებოდა ჩვენი გულისთვის. ყველამ იცის სანათესაო-საახლობლო-სამეზობლომ ოთხი შვილიშვილი გაზარდა (ჩემი ძმის შვლები) რძალი პირველივე დღეს გაუშვა სამუშაოდ. ვეუბნებოდი ხოლმე მესამე თაობას ზრდითქო. მოკლედ ის ასეთი იყო. 
არ მესმის, როცა იშვილებენ ბავშვს და მთელი ცხოვრება კანკალებენ, იტანჯებიან, ვაი, რომ გაიგოს რა გვეშველება, ვინც ეტყვის მოვკლავო და ასე შემდეგ, ეშინიათ, არ გაიქცეს ბავშვი. თუ ბავშვი პატარაა, ვერსად გაიქცევა და თუ უკვე იმ ასაკშია, რომ რაღაც ესმის - უმადურია. რა შუაშია ბიოლოგიური დედა, ვინც გაგზარდა, ვინც სითბო- სიყვარული გაჩუქა, ის მერე როგორ უნდა შეიძულო, რა დააშავა?! მე პირადად ასეთ დედას არ მივიღებდი, ჯერ რომ გააშვილებენ და მერე გაზრდილს ეძებენ. მთავარი გაზრდაა, თორემ უნიტაზში ჩაგდებული, ქუჩაში მიტოვებული და უპატრონო სახლში ჩაბარებული ბავშვები უამრავი ვიცი.ვერ ვიტან ასეთ ":დედებს". სულ სხვაა, როცა ახლობელი, სისხლით ნათესავი აძლევს უშვილო ახლობელს. ოღონდ ერთი შემთხვევისა არ იყოს არ უნდა გადააყოლოს ამ სიკეთეს მერე მთელი ცხოვრება. ახლახან იოგაზე უამრავ ხალხში ერთ ლამაზ ქალბატონს მოვეწონე და მეც სიმპათიით განვეწყვე, დავმეგობრდით ნახვისთანავე და რა გვარი აღმოჩნდა?! ლოჩოშვილი, სიხარულისგან ვცკმუტავდი. მგონი ამით ყველაფერი ვთქვი, შემოგევლეთ, მიყვარხართ ლორჩოშვილებო, ხოლო დედას ცხოვრებას და მის სასიკეთო ქმედებებს მე მოგონებეში თავისი ადგილი მივუჩინე.
P.S. 
 თუ ბავშვს იშვილებთ, მთელი ცხოვრება ნუ კანკალებთ. აჩუქეთ სიყვარული, სითბო და რაღაც ერთი მომენტი თუ დაიბნა, მერწმუნეთ, აზრზე მოვა და დაგიფასებთ სიკეთეს და თუ ასე არ მოხდა, მაშინ ის არც ყოფილა თქვენი ღირსი.




No comments:

Post a Comment