გაბო
დღეს ჩემი უსაყვარლესი კაცური კაცის, მოსიყვარულე, თბილი, გულისხმიერი, ღვთის საჩუქრის, გაბრიელის დაბადების დღეა. გაბო ის კაცია, რომელმაც ხელახლა მომანდომა ცხოვრება. მასში ვხედავ ბიძამისის (მანუჩარის) გონიერებას და გულისხმიერებას, შოთას (ჩემი ძმის) სიკეთეს და კაცთმოყვარეობას, ბაბუის (ელგუჯას) დიდსულოვნებას და სიწრფელეს. მოკლედ, გაბო არ მაძლევს საშუალებას დავივიწყო ჩემგან წასული სამი უძვირფასესი, ადამიანი. ყოველდღიური საუბრით, ქმედებებით მახსენებს ამ სამი ბუმბერაზი მამაკაცის თვისებებს. ერთი სიამოვნებაა გაბოს გვერდით ყოფნა, ურთიერთობა, ის უშურველად გასცემს სითბოს, სიყვარულს და იღებს კიდევაც დამსახურებულად, ის ყველას უყვარს. ცოტათი მებრალება თავისი ზედმეტად გულისხმიერებისა და გულჩვილობის გამო, წაადგება კი ეს ცხოვრებაში, სადაც ახლა ჯუნგლების კანონი - "ძლიერი იმარჯვებს!"- მძლავრობს?!მინდა მისკენ მარად მცხუნვარე მზე კაშკაშებდეს! მჯერა, მისი საოცრად კეთილშობილი კაცთმოყვარე ბუნება, სიკეთე ბევრს მოჰგვრის სიხარულს.
გილოცავ გაბუკა! უფალმა საოცარი სიკეთე, გონიერება, სიწრფელე, გულისხმიერება დაგაბერტყა და ვევედრები უფალს ამ თვისებების ბედნიერ ცხოვრებაში სწორად გამოყენების საშუალებაც მოგცემოდეს! მარად მწვანე შუქზე გევლოს ჩემო .....!!!
აქ კი გავიხსენებ, ეპიზოდებს, როცა გაბო მოჩლექით ლაპარაკობდა და როგორ მეფერებოდა,(თუმცა მოფერებას არც ახლა მაკლებს), ახლა დიდი კაცია შვიდი წლის და ხანდახან რაღაც სიტყვებს რომ ვერ გამოთქვამს სწორად რცხვენია, მაგალითად: კაპისტანი-პაკისტანის მაგივრად, კრალა-კლარას მაგივრად, საყლიდლად-საყიდლად, ისარგლება-ისარგებლას, ვიცემრლები- ვიცრემლების ნაცვლად და ასე შემდეგ...
მე და გაბო
მე და გაბო შინ მოვდივართ, მეტიკტიკება, სახლის ოდენა მიყვარხარ, ქვეყნის ოდენა მიყვარხარ, მსოფლიოში ყველაზე მაგარი ბებო ხარ, კიდევ კარგი დაიბადე, თორემ ჩვენც არ ვიქნებოდით, სახლში მეხარება მოსვლა შენთანო. წინ მოსიარულე წყვილი დაინახა
- ბებო ესენი შეყვარდნენ და ბავშვები ეყოლებათ?
- არ ვიცი გაბო!
- აბა რომ ეხუტება ბიჭი? მაინტერესებს ბიჭები რატომ იკეთებენ ეპიტრაციას, წვერები აქვთ ბევრი? ნახე ბებო ბიჭს თმა არა აქვს!- გამახედა გაბომ სრულიად გაპუტული ვაჟისკენ - მე არ გავიკეთებ ეპიტრაციას და არც დაჩოქილი მოვიყვან ცოლს!
- ანუ შენ გინდა თქვა რომ გოგოს ცოლობას დაჩოქილი არ სთხოვ?!
- ჰო, ბებო არ მინდა, სულ არ მოვიყვან! -წარმოთქვა კატეგორიულად და ღობეზე ახტა
- გაბო ფრთხილად, რამე არ იტკინო, გახსოვს? რა მწარედ დაეცი, კინაღამ თავი გაიტეხე! -შევახსენე ადრინდელი ამბავი
- არა ბებო, არ გადავტეხდებოდი, ის ანდრინდელი ამბავია, მახსოვს, კოპლი რომ ამომივიდა, კიდევ კარგი რუსმანი არ იყო თორემ მართლა გაგამიტყდებოდა თავი! სახლში მისვლამდე ახლობელს შევუარეთ, სადაც რემონტი მიმდინარეობდა
- ბებო გამერონტება ჩვენს სახლსაც უნდა ხომ?
- კი გაბო!
- რატომ არ ვამერონტებთ?
- ფული არ გვაქვს!
- ბებო, მე რომ გავიზრდები სახლებს ავაშენებ, მე და შენ ლამაზ სახლში ვიცხოვროთ!
- გაბო, მე მაშინ ცოცხალი არ ვიქნები!
- შენ კარგი ბებო ხარ, ორასი წელი იცხოვრებ, მინდა სულ ჩემთან იყო,არ მინდა შენთან განშორება, ხელები არ გაქვს ბებერი!- მერე სახეზე მაკვირდება- ლამაზი ხარ, არ დაბერდები, ბებო შენ რომ მოკვდები, მერე მეც რომ მოვკვდები, მერე სულები ხომ ჩავეხუტებით?
- გაბო შენ არასოდეს მოკვდები!
- ყველა კვდება ბებო, მაგრამ არ მინდა დაბერება, რატომ უნდა დაბერდეს ყველა?! - შინ მივედით, ლარნაკში ჩალაგებულ ვარდებს მივარდა, დაყნოსა
- დაყნოსნე ბებო, რა კარგი სუნი აქვს! - გუჯამ ჭადრაკის თამაში შესთავაზა, ცოტა ხანში გაბოს მოსთხოვა აგებ, დამნებდიო
- ნებებებს არ ვართ!- წამოიძახა გაგულისებით გაბომ და მალევე პარტია ფრედ დაამთავრა. გუჯას კიდევ მოუნდა თამაში
- ნუ მომაბრეზე თავი, თორემ ლეკორდს დაამყარებ წაგებაში!- გაუბრაზდა გაბო. ცოტა ხანში ეთო და გუჯა წაიკიდნენ
- არ გაუბრაზდე ბებო, უდანაშალონი არიან!- დაიცვა ორივე გაბომ
- არ გავუბრაზდები!
- ბებო, კვერცხი მინდა, ოღონდ გონგლი- მონგლი კია არა, შემიჭვი, ხომ იცი "გაზლოკები" მიყვარს, ბოდიში, რომ ასე გვიან უნდა გაგაწუხო. მე გემი დავხატე ნახე ბებო!- და ქაღალდის ფურცელი ამიფრიალა
- რა დააწერე გაბო გემს?
- "ამბძანდით" დავწერე ბებო, ყველა ასო არ ვიცი და რაც ვიცოდი ის დავწერე!- მეცინება
- კარგი გაბუკა, უკვე უნდა დაწვე, გვიანია!
- კი ბებო, უკვე დავბაბარცებ, წამო დამაწვინე, მიყვარხარ!- მკოცნის- ბებო შენ და დედას ტუჩებში კი გკოცნით, მაგრამ ისე კი არა, დიდხანს რომ კოცნიან და თავს აქეთ-იქეთ აქანავებენ. მიყვარხარ ბებო ძალიან, პატარა რომ ვიყავი მრცხვენოდა, ვერ გეუბნებოდი, ახლა დიდი ვარ და ბევრს გეტყვი!
მადლობა გაბო, მეც მიყვარხარ, მსოფლიოში ყველაზე მაგარი შვილიშვილი მყავს!
- მე კი ყველაზე მაგარი ბებო, ადრე არ ამადგინო, შენ კი ტკბილი დაძინვა!ბაი ბაი!
- ძილინებისა საყვარელო!-გაბო გადაბრუნდა, მე ფიქრებს გავყევი, მგონია ძინავს, უცებ მომხედა
- ბებო, სად იყურები? მე მომხედე, მანჩო ძიაზე ფიქრობ ხომ?
ძალიან მოწყინდი, ის ღმერთანაა და გვხედავს, მეც ვხედავ, ის ხომ ცოცხალია! თუ ვერ იძინებ მეც არ დავიძინებ!
- გაბო, საოცრება ხარ, უზომოდ მიყვარხარ, პირობას გაძლევ არ ვიფიქრო, ორივემ დავხუჭოთ თვალები და ლამაზი სიზმრები ვნახოთ.
ასეთი სიყვარულიანი, მოფერებიანი დღეებით მოვდივართ დღემდე მე და გაბო.
მიყვარს გაბო!
16 სექტემბერი 2016 წელი