Tuesday, October 25, 2016

                                           ისევ ყვითელი        

ჯერ ისევ ყვითელი ავტობუსით მიწევს მგზავრობა, ველოდები ფერის გამოცვლას, ვნახოთ, როგორ იმოქმედებს ლურჯი ფერი მგზავრებზე და გამცილებბლებზე მომავალში. ახლა კი....
გუშინ. ერთ გაჩერებაზე ხალხი ჩამოვიდა და მძღოლმა უცებვე დაძრა მანქანა, უკნიდან კივილი მოისმა
- გააჩერეთ ჩავდივარ!- მძღოლმა ლანძღვა დაუწყო, აქამდე სად იყავიო,აჰყვა მონიტორინგის თანაშემწეც, ქალიც არ შეეპუა, ვერ ავდექი, ცოტა უნდა მოიცადო, ასე უცებ რატომ დაძარი მანქანაო, სანამ ჩავიდოდა ამათ ქოქოლა დააყარა?!
- თამარ დედოფალი, ვერ ადგა უფრო ადრე!- მიაყვირა გამცილებელმა. თამარ დედოფალი ავტობუსში ჩაჯდებოდა და ისიც ყვითელში?- გავიფიქრე ჩემთვის, და მეთორმეტე საუკუნის ტრანსპორტზე დავიწყე ფიქრი, მაგრამ ვინ მაცალა...
- რა იქნება ეს ქალი ოჯახში?!- დაიყვირა წინ ერთმა შუახნის კაცმა
- ვერა ხედავთ რა ხნის ქალია, არა გრცხვენიათ? ძლივს ჩავიდა ქალი!- შეუტია მგზავრს იქვე მდგომმა ქალმა.
- თქვენც რა იქნებით ოჯახში წარმომიდგენია!- ახლა ამას მიმართა ოჯახში ავი ქალების მცნობელმა კაცმა. წამოვდექი და იმ ქალს დავუწყე თვალებით ძებნა, ვინც ასეთი პროტესტი გამოიწვია. ვხედავ ქუჩაში, მოშორებით, ჯოხით ძლივს მიჩანჩალებს ასაკოვანი ქალი. სისხლის მოწოლა ვიგრძენი, სახე ამელეწა, მომინდა ჩემთვისაც ეთქვათ, ვაი რა იქნებით ოჯახშიო! მაგრამ გადავიფიქრე, თუ რა ვარ ოჯახში ეს ჩემთვის მძიმე თემაა, და ვიღაცას ჩემი ემოციით და თავდასხმით წავლეკავდი. ვისწავლე ემოციების მართვა.
P.S.
ცუდი ფერია ყვითელი, სიძულვილის ფერი, გამოცვალონ მალე!






                                        გაბოს დღევანდელი ფრთიანი გამონათქვამი


გაბო კომპიუტერთან ზის და რაღაცას უყურებს
- ვაიმე რა თაობა მოდის!- წამოიძახა გაკვირვებით. გავოცდი
- გაბო, რა ნახე ამისთანა?
- არაფერი ბებო!- რატომღაც არ მითხრა. მერე ისევ მომიბრუნდა
- ბებო, ცრემლი კარგია ხომ? რომ ვტირივართ მარილები გამოიყოფა თვალებიდან და არ დავბნავდებით (დავბრმავდებით)!
-კი, გაბო, ცრემლი ხანდახან საჭიროა, მაგრამ არც ხშირი ტირილი ვარგა, რატომ მეკითხები ტირილი გინდა?
-არა, ისე მაინტერესებს! - ამასობაში სკოლაში წასვლის დროც მოვიდა, ფაცი-ფუცით ვიცმევთ. ქუდი დამიწუნა დასაცინი არ გავხდეო, არ დავახურე (მართლა გოგოსას გავდა). უცებ კოფტაზე რაღაც ლაქა შევნიშნე
- უი, გაბო, ლაქა აქვს, გამოვიცვალოთ!
- არა, ბებო, ვერ ვასწრებთ, იყოს, თანაც გამორჩეულობა იმაში კი არ არის რა გაცვია და ლაქა აქვს თუ არა, გამორჩეულობა ჭკუაშია! - მომმართა თავდაჯერებით და ჩანთა მოიგდო.





                                      თბილისობა, ტურნირი რიყეზე

კიდევ ერთი ლამაზი დღე. თბილისობაზე ჩატარებული ნარდის ტურნირი, რომელიც უფრო ლამაზი და სახალისო გახადა, კეთილშობილმა, ყურადღებიანმა, კაცთმოყვარე, გელა ბორაშვილმა, მას არცერთი ნიუანსი არ გამორჩენია უყურადღებოდ. აი მისი აწ უკვდავყოფილი კადრები, რომელიც დღეიდან ჩემთვის ისტორია გახდება, ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი დასამახსოვრებელი, მნიშვნელოვანი დღე. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ თემურს, ამ საქმის სულისჩამდგმელს და ორგანიზატორს, ვინც მაიძულა მონაწილეობა მიმეღო ტურნირში, საოცრად გვეფერება ეს ბუმბერაზი ადამიანი ყველას. მოკლედ დადებითი ემოციით და მადლიერების გრძნობით ავმოვბრუნდი სახლში. უღრმესი მადლობა ყველას, გაიხარეთ!





Wednesday, October 12, 2016

                                            უზომოდ მგრძნობიარე გაბო

    ერთ საღამოს ლელა, მატა და მე რაღაც საჭირბოროტო საკითხზე  ხმამაღლა ვსაუბრობთ, ლელა ძალიან ემოციურად გამოხატავს თავის აზრებს. ეთო და გუჯი თავისი საქმით ერთობიან, გაბო კი ტირის. ხან მაგიდის ქვეშ შეძვრება, ხან კი დივანს აეფარება. შემდეგ მოდის და მეფერება
- ბებო, შენ ინერვიულე, მატამაც ინერვიულა და დედამაც ხომ?- მკითხა თვალცრემლიანმა
- არა უშავს ბებო, სერიოზული არაფერი იყო, ხდება ხოლმე, შენ ნუ განიცდი ყველაფერს!
- მე სანამ დავიბადებოდი, ან სულ-სულ პატარა რომ ვიყავი მაშინ გიჩხუბიათ?- მეკითხება ცნობისმოყვარედ
- ალბათ კი,  უფროსებიც კამათობენ გაბო, თქვენსავით ისინიც არ თანხმდებიან ყველაფერში, რატომ დაინტერესდი?
- რა ვი, აბა, ეთოს და გუჯის ეცინებოდათ, არ ეშინოდათ, მე კი ვნერვიულობ!
- მათ იციან რომ არაფერი სერიოზული არ ხდება გაბო, გთხოვ, ნუ განიცდი საყვარელო!
-კარგი, ბებო ახლა წავალ და დედას დავამშვიდებ!- მითხრა შეწუხებულმა და საძილე ოთახისკენ გაემართა. ცოტა ხანში ისევ ჩემთან გამოცუნცულდა
- რაო, გაბო, დაამშვიდე დედა, უთხარი რომ არ იყვიროს, ნერვებს გაუფრთხილდეს?
-არა, ბებო, ამას ვერ ვეტყვი, მერე იფიქრებს, რომ ყველანი ბებოს უსმენენო!- გაოგნებულმა შევხედე, "რას არ იტყვის ეს ბავშვი, გამაგიჟებს!"- გავიფიქრე და მის წინ ჩავიმუხლე
- შემოგევლე გაბო, საოცრება ხარ, თან მიხარია და თან მაწუხებს შენი ასეთი მგრძნობიარე, ღრმა ადამიანობა, გთხოვ ყვველაფერზე არ იდარდო! - გულში ჩავიკარი. ყოველთვის ფრთხილად ვარ გაბოსთან, ყური რომ მოჰკრას ფული არა გვაქვსო, რომც უსაშველოდ შიოდეს ფუნთუშასაც არ გაყიდინებს, კინაღამ ექსკურსიაზეც უარი თქვა ამის გამო. ავუხსენი ჩვენ გიშვებთ, დანარჩენზე ნუ ფიქრობმეთქი მაგრამ...გაბოსთან ჩემი აღზრდის რეცეპტები არ არის მისაღები, მასთან სიმკაცრე არ შეიძლება და არც არის საჭირო, ვცდილობ  გული არაფერზე ვატკინო, ვეფერები. ცხოვრებაში არ დაჩაგროს მეშინია მისმა ასეთმა  ბუნებამ. ნათქვამია:  ბავშვებს არც წარსული აქვთ და არც მომავალი, ისინი ქწმყოთი ხარობენო! გაბო ის გამონაკლისია რომელსაც სამივე დრო აინტერესებს.  მოკლედ ჩავეკარით მე და ჩემი მგრძნობიარე, ყველაფრის დამნახავი ვარსკვლავბიჭუნა ერთმანეთს. მან ჩემი სახე მის ფუნჩულა თბილ ხელებში მოიქცია, დამკოცნა, სიყვარულით შემომხედა
- ბებო, ღმერთმა კარგად გამყოფოს, შენ რომ არ გვყავდე რა გვეშველება!
   რა ალაპარაკებს ასეთ სიტყვებს გაბოს ვერ გამიგია, უფალმა ჩემს გადასარჩენად გამომიგზავნა ალბათ, მაგრამ დიდხანს რომ მაცოცხლოს იმიტომაც ვითომ?!
   მ ი ყ ვ ა რ ს  გ ა ბ უ კ ა!









                                           შრომა არ დამკარგვია

სამი დღის წინ მოვინდომე სარდაფი კარგად დამელაგებინა, 6-7 წლის უხმარი აბაზანა გაოხრებული იყო, დავასხი ყველანაირი საშუალება რაც არსებობდა,ყველაფერი ქლორის შემცვლელი, რომ გამეთეთრებინა, წარა-მარა გარეთ გავრბოდი, სუნთქვა მეკვროდა და მაინც არ ვეშვებოდი. მერე ფადავრეცხე შლანგით და სამსაათიანი მუშაობის შემდეგ ამოვედი სახლში, მომგუდველი, სპაზმური ხველებით. ბავშვები დამსდევენ, ნერვიულობენ
გუჯი: "სუნთქავ ბებო!" - მეკითხება წარამარა, გარეთ ჰაერზე გასვლა დავაპირე იქნებ უკეთ ვისუნთქო მეთქი, გუჯი დაიფეთა
-სად მიდიხარ, ხომ არ გვტოვებ, მეც გამოგყვები!- მომაძახა შეშინებულმა. გუჯას ყოველი ჩემი გასვლა აშინებს, სად მიდიხარ, როდის მოხვალ, რატომ მიდიხარ? -მაყრის კითხვებს
ეთო:- " ბებო სასწრაფოს გამოვუძახოთ, ცუდი ფერი გაქვს! - უარი ვთქვი სასწრაფოს გამოძახებაზე, დავლიე რძე, სიუპრასტრინი, ტაიჰოლდი, რადგან ძლიერი თავის ტკივილები დამეწყო და სურდო დამემატა, მაღებინა, ეტრყობა გავცივდი კიდევაც,შლანგით რომ ვრეცხავდი გვავიწუწე, ვერ შევიგნე, რომ მე უკვე ის უშრეტი ენერგია არ მაქვს, ადრე რომ ტანკს შევეჭიდებოდი და აი შედეგიც.....ხომ შეიძლება ქალი ან თავის ჯანმრთელობას უფრთხილდებოდეს ან თავს სცემდეს პატივ! არა! და მივიღე ჩემი... სიცხე მომცა. მოკლედ სამი დღე საშინელება გამოვიარე. გაბოს გვერდით არ დავწოლილვარ, ვოფლიანობდი, დივანზე ვიწექი, დილით თავზე დამადგა
- ბებო, შენ ჩემთან არ იწექი, მე ავდექი და დაგხედე, მერე რა თუ გადამედება, ღმერთმა კარგად გამყოფოს, მენატრები, შენთან მინდა დაწოლა! - ამ საღამოს კი სასწრაფო დამჭირდა, წნევას ვერ ვიგდებ, ვიგუდები, დაფაცურდნენ შეშინებული ბავშვები, გაბო წარა-მარა კოცნით და ლოცვით მაწუხებს, ეთოს ცხელი წყალი მოაქვს, რომ ფეხები ჩავყარო. არაფრის თავი არ მაქვს, ვკვდები მგონითქო. სამივემ უნისონში დაიყვირა, მაგას ნუ ამბობო
-ბებო, რა გვეშველება უშენოდ, მანჩო ძიასთან გინდა წახვიდე?- თავთან დამიჯდა გაბო
-თქვნთან მინდა, მაგრამ ეს ხომ ჩემზე არ არის დამოკიდებული გაბო!
- სუპერ ბებო ჩვენთან იქნება, მიყვარხარ ბე, თვალები აუწყლიანდა გაბოს! - მოკლედ რაღა გავაგრძელო, მასვეს წამლები, დასამშვიდებელი ნემსებიც გამიკეთეს, დიმედროლიც მდგუცეს ექიმებმა და წავიდნენ. მეკითხებიან ხომ უკეთ ხარო? რა ვუყო ახლა მაგათ, მაქვს ნება მათ ვუღალატო?! აი თურმე რისთვის დამტოვა უფალმა და რა ყოფილა ჩემი მისია, მე მათ ვჭირდები ისინი მე მჭირდებიან, რაც არ უნდა ვიწუწუნო და დავიღალო, გავუწყრე, პასუხად ესა აქვთ, შენ გინდა რომ ჩვენ კარგები გავიზარდოთ და იმიტომ გვიწყრებიო. გუჯიმ იუმორით მითხრა სკოლაში გვითხრეს დედებს შეამოწმებინეთ რვეული, ბებიები მოგეფერებიანო, მე გამეცინა და ვუთხარი დედა არასოდეს არ არის შინ და ბებო უფრო გვიწყრება და ბებოსი გვეშინიაო! მოკლედ გრძელი მონოლოგი გამომივიდა... მეფიქრება, ჩემს მოწამვლას, გაცივებას, განადგურებას, წნევას ნაცების 27- 28 % -მა ხომ არ შეუწყო ხელითქო, მართლა განვიცადე, ნუთუ მაგათი ხმის მიმცემებს არაფერი შეხებიათ ან სანათესაოში, ან სამეზობლოში ან საახლობლოში, და ამ ჯალათებისგან ნუთუ არასოდეს არ უნდა გაიწმინდოს საქართველო? სანდრა და სამეგრელო გადასატანი გამიხდა. მოკლედ.... გადავრჩი. მიყვარს ჩემი ბაიები, არ მიყვარს ნაცები, რომელთაც ადამიანებს ღირსება აყარეს, მე ხმა მივეცი ადამიანების ღირსებას, მირჩევნია მშიოდეს, ვერ გადავიხადო კომუნალურები, მაგრამ ადამიანები მშვიდად ცხოვრობდნენ შიშის გარეშე
და მაინც, მიყვარს ჩემი ბაიები, იმედია, სანამ დაიზრდებიან ნაცების ხსენებაც არ იქნება.