Sunday, March 20, 2016

                                               გაბოს სააწუხარი

მე და გაბო სკოლიდან მოვდივართ, მეტიკტიკება, ეზოში არ გამიყვანა მასწავლებელმა, დამსაჯა და გული დამწყდაო, მეც მეტკინა გული, ასეთი რა დააშავე, შენ ხომ კარგად იქცევითქო. მეგობარი წინ გარბოდა, გავეკიდე, გავაჩერებ მეთქი და მეც გამიბრაზდნენ. მოვეფერე, არა უშავს კიდევ გახვალთ ეზოში, იმ ბიჭს არ უნდა გამოკიდებოდითქო. შემდეგ კი დანანებით ამბობს
- ბებო დროში მინდა დაბრუნება!
- ვიცი, ადრეც გინდოდა, ისევ კბილი ტკივა? -( გაბოს ძალიან დიდი ხანია კბილი აწუხებს, ვერ დაუხურეს არხები და ნატრობს, კბილი რომ არ აწუხებდა იმ დროში დაბრუნებას)
- არა, ბაღში რომ დავდიოდი შარშან იმ დროში მინდა, საახალწლო ზეიმზე უკნიდან დამიჯიკავეს და რაღაც გავაფუჭე, მასწავლებელი გამიბრაზდა!
- მერე შენ რატომ არ აუხსენი რომ არ გინდოდა საზეიმო მორთულობის გაფუჭება?!
- ვუთხარი, ბებო და არ დამიჯერეს, ახლა უკეთესად ავუხსნი!
- რა იცი რომ ახლა დაგიჯერებენ, ამდენი ხანი ეს ამბავი გაწუხებს ჩემო სიხარულო?
- ჰო, მაწუხებს, და იმედია ახლა დამიჯერებენ!
მართალი კაცია ჩემი გაბო, მე მჯერა მისი.









Friday, March 11, 2016

                       ჩემი პირველი წარმატებული ტურნირი ნარდში

ნარდს ბავშვობიდან ვთამაშობ, ჩემს ოჯახში ყველა თამაშობდა, ბებია-ბაბუა, მამა, მამიდები, გარე მამიდები,მოკლედ არისტოკრატულ ოჯახებში ნარდი ძალიან მიღებული იყო. ბებომ სულ პატარას მასწავლა, ჩაიბარებდა გაკვეთილებს და გვიანობამდე ვაჩხაკუნებდით კამათლებს. მერე მე და გუჯაც ვაწყობდით საოჯახო ტურნირებს, თუ რამ გასაკეთებელი მქონდა და არ აკეთებდა, ნარდს ვეთამაშებოდი, წააგებდა და საქმეც გაკეთებული იყო. მას მერე კი....


 და აი 24 წლის შემდეგ გადავწყვიტე 8 მარტს, ეთერ კაკულიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მიმეღო მონაწილეობა ( ეთერი კარგი მონარდე იყო), ვღელავდი არ შევრცხვეთქო,  მაგრამ არ ვნანობ, მესამე ადგილზე გასულმა მედალი და დიპლომი მივიღე, გარდა ამისა საოცრად კარგი ადამიანები გავიცანი და მეგობრებიც შევიძინე. მგონი არ არის ცუდი.







=