Monday, May 13, 2019

· 
ნიუტონი      2017  - 8  აგვისტო
ბავშვებმა სადილობის შემდეგ კაკლის ძირში გადაინაცვლეს.
- ლუიციდი რა არის? - იკითხა თამარმა
- შენ სულ ლუი გაკერია პირზე! - გაეცინა გუჯას და თამარის გულში ჩახუტებულ პატარა ჩიხუახუას ძაღლს ირონიით გადახედა.
- ლუიციდი კი არა სუიციდია მაგი - გაუიასნა გაბომ
- შენ საიდან იცი გაბო?- გავიკვირვე
- ვიცი, რომ თავი უნდა მოიკლან და სულ ფიქრობენ! - თქვა ცოტა დარცხვენით გაბომ. უცებ ხიდან კაკალი ჩამოვარდა.
- კიდევ კარგი არ დაგვეცა, - ღიმილით წარმოთქვა ეთომ.
- რომ დაგვცემოდა რა მერე, უმრავლესობას ხის თავი გვაქვს და არაფერი დაგვიშავდებოდა - დასცინა საზოგადოებას თამარმა
- არა, თამარ, ახალ კანონს აღმოვაჩენდით! - წამოიძახა სარკაზმით გუჯამ
- შენც ერთი ნიუტონი არ იყო! - წარმოთქვა დამცინავად ეთომ
- ჰო, ბებო ნიუტონს რომ ვაშლი არ დასცემოდა მიზიდულობის კანონი არ გვეცოდინებოდა! - წამოთქვა გაბომ
- გაბო, შენ ესეც იცი? - მივმართე გაკვირვებით
- როგორ არ ვიცი! - გაიღიმა გაბომ
- რომ არ დასცემოდა და განზე დავარდნილიყო, რა გვეშველებოდა, არ გვეცოდინებოდა მიზიდულობის კანონი რომ არსებობდა? - წამოიძახა უკმაყოფილოდ თამარმა
- მე ვაფშე არაფერი ვიცი ამაზე, თუ არ დაეცემოდა, გვერდზე თუ ვიდგებოდი თავში ჩავარტყამდი!- წამოიძახა პატარა, ნიუტონის კანონის არმცოდნე, თინამ
- მერე რა, რომ დავარდებოდა მაინც აღმოაჩენდა მიზიდულობის კანონს, ისე საინტერესოა ვაშლის ძირში იწვა და ეძინა თუ რას შვებოდა?- თქვა ახლა ირონიით გუჯამ
- კაცო ხომ ვარდებოდა ადრეც ნივთები, ხიდან ნაყოფი, მაგრამ არავის უფიქრია ამაზე, ადრე არ იზიდავდა დედამიწა? - არ ცხრება თამარი
- კი ვარდებოდა, მაგრამ ეს კანონი ნიუტონმა აღმოაჩინა, ის მიხვდა რომ მიზიდულობას ჰქონდა ადგილი! - აუხსნა ვითომ უვიც საზოგადოებას ეთომ
- ბებო, მართლა, ნიუტონი ვაშლის ძირში რას შვებოდა, ჰამაკში ხომ არ იწვა?-იკითხა ინტერესით თინამ და ჩვენს ჰამაკს შეხედა
- არა, ცეკვავდა თინა!- შეუბღვირა თამარმა
- ბებო, როგორ იყო მოგვიყევი, ერთმა კაცმა რომ შესჩივლა ღმერთს ამოდენა კაკლის ხეს პატარა ნაყოფი ასხია და დაბლა გოგრას კი რამხელაა, ხო ჯობდა პირიქით ყოფილიყოო, ამის თქმა და კაკალი რომ დაეცა თავზე და ღმერთს მადლობა შეწირა, კიდევ კარგი გოგრა არ ესხა ამ ხესო.
- ეგ შენ მოყევი და ბებომ რაღა უნდა თქვას?- გაეცინა თინას
- ისე, ნიუტონს რომ გოგრა დასცემოდა, მაშინ მართლა არ გვეცოდინებოდა!- წამოიძახა დამცინავად თამარმა
- ვითომ რატომ?- გაუკვირდა გაბოს
- იმქვეყნად დაწერდა ამ კანონზე და იმიტომ გაბო! - აუხსნა გუჯამ
- რა ვერ გაიგე ბიჭო, ხის თავი კი არ ება ზოგ-ზოგებივით, გაუსკდებოდა, მოკვდებოდა და დარჩებოდა ქვეყანა მიზიდულობის კანონის გარეშე- გაკაპასდა თამარი
- დამშვიდდით, ნიუტონს თუ არა სხვას დაეცემოდა ის ვაშლი,ან კაკალი, ოღონდ გოგრა არა და მაინც გვეცოდინებოდა მიზიდულობის კანონი- დახურა თემა ეთომ
ააა.... ბატონო, ასე იქილიკეს ჩემმა ტვინიკოსებმა ნიუტონზე. ხვალ აინშტაინის ფარდობითობის თეორია არ განიხილონ მეშინია.