Tuesday, February 3, 2015



                               რა შეიძლება მოხდეს, როცა თვალები არ გაქვს                                                                    გახელილი               

                                     
ამ დღეებში ახლობლის ავადმყოფობის გამო ბევრჯერ მომიწია სირბილმა ხან ავერსის კლინიკაში, ხან რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ორივეგან შესასვლელში ზღაპრებში რომ აგებენ ხოლმე ხაფანგებს ისეთი კბილანებია გადებული მანქანებმა რომ არ გაიარონ.პირველ ჯერზე რომ წამოვედე და დავეცი, თუ გადარჩენა ერქვა გადავრჩი, აი მეორე ჯერზე კი... ამკრიბეს და ახლა ერთვიანი პარალიზებული თაბაშირიანი ხელებით დავსაჩუქრდი, არადა ხელები როგორ მჭირდება! როცა ვიკითხე ჩემს გარდა ვინმე დაცემულათქო?! (ვიფიქრე უყურადღებო, ჩაფიქრებული, ჩქარი სიარული ვიცი და გამონაკლისი ვარ ალბათთქო) ძალიან ბევრი, თანამშრომლებიც ხშირად ეცემიან, ამდღეებში ერთმა თანამშრომელმა თავიც გაიტეხაო ,მიპასუხეს ( კიდევ კარგი თავი არ გავიტეხე!). როცა ადგილზე მივედი თაბაშირიანს თავი რომ შემებრალებინა, ან შლაგბაუმი გააკეთეთ, ან ხომ ზიხართ, რაღად გინდათ ეს ხაფანგი, ცოდვაა ხალხი თქო, მითუმეტეს აქ დალხენილი არავინ დადის და განერვიულებული, სიჩქარის გამო შეიძლება ჩემსავით ბევრს დაემართოსთქო. იცით რა მიპასუხეს?! თვალები კარგად გაახილეთო. ვისაც მაგ ტერიტორიაზე მოგიწევთ გავლა, გირჩევთ, თვალები ფართოდ გაახილოთ, მერე რა რომ იქვე აღმოგიჩენენ სასწრაფო დახმარებას, თანაგიგრძნობენ კიდეც, მაგრამ მაინც ფრთხილად იყავით!  არავინ დაგაფინანსებთ, შრომისუნარიანობას დაკარგავთ რამოდენიმე თვით და მერწმუნეთ ხელებიც დაგჭირდებათ და თავი მითუმეტეს!                  01.04.2014







                                                           შოთა და გუჯა

ადრე ვიღვიძებ, ფაცი-ფუცით გავრბივარ. ჩემს მშობლიურ სოფელში მივდივარ. ხობი... ამეშალა
ფიქრები.
   ხობი... ხობი...ეს სიხარულია თუ ტკივილი?! რატომ მეშინია ასე ხობის? ვიცი რაც მელის... გრძელი, დამღლელი გზა გავლიე, ჭიშკარს მივუახლოვდი, გულში ჩხვლეტა ვიგრძენი, აღარ შემომჩურჩულა ჭიშკართან მდგარმა ჭადარმა, აღარც ჩემი უსაყვარლესი იფნები მეგებებიან, მათ ადგილას ახლა სიცარიელეა. საფლავებს ვეშურები, სასაფლაო....ახლა ვიცი რა არის სასაფლაო. აი შენი საფლავი შოთა... როცა გასვენების დღეს სასაფლაოდან გამოვბრუნდი, მეგონა ხშირად ვივლიდი, მაგრამ... 
     შოთა ფულარია- პროფესიით ისტორიკოსი, მაღალი, შეჭაღარავებული, ახოვანი ჭკვიანური თვალებით, მართლაც მშვენიერი გარეგნობის ხშირად შემოგხვდებოდათ სკოლაში მიმავალი, მაღალი სულიერი თვისებების მატრებელი იყო. გამოირჩეოდა სრულიად უბრალოებით, აუღელვებელი , დინჯი საუბრით, რაც უფრო ახლოს გაიცნობდით, მით უფრო სასიამოვნო იყო მისი შინაგანი კულტურა, ნაკითხობა, ჯენტლმენური, დახვეწილი მანერები, კაცთმოყვარე იყო.
       ელგუჯა გულედანი -პროფესიით ფილოსოფოსი. აღსანიშნავია მისი ადამიანური თვისებები და ღირსებები: მაღალი ზნეობა, კაცთმოყვარეობა, მეგობრობა. საოცარი უნარი დახმარებოდა ყველას, ვისაც კი მისი თანადგომა სჭირდებოდა. ელგუჯა გულედანს იცნობდნენ დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში და იგი ყველგან სარგებლობდა ბრძენი და კეთილშობილი პიროვნების ავტორიტეტით. 8 აპრილს მანუჩარ გულედანი თავის სულის სინათლეში შეიფარებს ორ ბუმბერაზ

ადამიანს, უდროოდ ჯანგატეხილ მამასა და ბიძას. გილოცავთ მიღმიერ სამყაროში დაბადებას!
        08.04.2014





                                           ჩემი ერთი  უიღბლო დღე

დილიდან გადავწყვიტე ერთ-ერთ ეკლესიაში შვიდგზის ზეთი მეცხო, თავს ცუდად ვგრძნობ წამადგებათქო. ჩემდა გასაკვირად ეკლესიაში სიხალვათე იყო, ძალიან ცოტა იყო ხალხი. მიუხედავად ამისა ახალგაზრდა მღვდელმა ბრძანა, გარეთ გადით ყველანი, შიგნით მხოლოდ ასაკოვნები და სნეულები დარჩნენო.ზეთი ვიცხე და იქვე მრავლად დახვავებულ ორნაირ ქაღალდის ხელსახოცს წავატანე ხელი, ( ვიფიქრე იმიტომ ყრია, რომ მოწუწვის შემთხვევაში აიღოს ხალხმათქო, ადრეც მინახავს ასეთი) მღვდელმა უხეში ტონით მითხრა, ხელი გაუშვიო, რა თქმა უნდა დავაგდე, ამით არ დამშვიდებულა, მიმავალს მომაძახა, გითხრა ვინმემ აიღეო?! გარკვეულ სიტუაციაში მოქმედების დროს ადამიანები კარგად მჟღავნდებიან და ეს ზოგადი ხასიათის დასკვნების გამოტანის საშუალებას ქმნისთქო, გავიფიქრე. არ ვეკუთვნი იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელნიც ანაფორიანი ინდივიდების ფეხებთან თავს ურტყამენ,  მხოლოდ ორი სიტყვით შემოვიფარგლე: "რა უხეშობაა!" , რადგან სხვების განწყობის გაფუჭებას მოვერიდე. გარეთ გამოსულმა ჩემი ხელჩანთიდან ამოღებული ხელსახოცით სახეზე და ხელებზე ზეთი კი არ მოვიშორე, მგონი კანიც გადავიძვრე. დაამთავრებენ ეს ლაწირაკები სასულიერო აკადემიას თუ სემინარიას, უცებვე ჩააცმევენ  ანაფორას და ჰგონიათ ყველაფრის უფლება აქვთ,  მერე ყველას საკუთარი ეკლესიის ქონის ამბიციაც უჩნდება."ვაი გრძელკაბიანებსო!"  თუმცა ყველაფერი ჩვენი ბრალია. შემდეგ ტრანსპორტში ავედი, ფეხზე დასადგომი ადგილი აღარ იყო, მაგრამ მეჩქარებოდა და იძულებული ვიყავი რისკის ფასად ვმდგარვიყავი. უკან გადაიწიეთ, ხალხი კიდევ ხომ უნდა ამოვიდეს! იყვირა მძღოლმა, ვეცადე ცოტ-ცოტად უკან გავწეულიყავი.
- ცოტა ფრთხილად! -მიყვირა იქვე მჯდომმა ქალმა, მგონი ჩემი ჩანთა მოედო. შევხედე, ქალს სახეზე " მე გავძეხი" ეწერა და შევუღრინე, მსუბუქად შეგეხეთ, რამ შეგაწუხათთქო?! როგორ მინდოდა კიდევ რამე ეთქვა! ეყო ჭკუა და გაჩუმდა ეტყობა შემატყო, რომ უარყოფითი ენერგიის დაცლის ობიექტად იქცეოდა, ან ჩემმა მოტეხილა ხელმა გაულბო ვითომ  გაყინული გული?! ასკურავებთან ხელი გადავიხვიე და შინ მისულმა ფანჯრის რაფას მოტეხილი ხელი ისე მივარტყი, ნახევარი საათი ვყმუოდი. არ იყო ჩემი დღე ეტყობა. არ უნდა გავსულიყავი გარეთ. იქნებ დავუჯერო ხანდახან ჰოროსკოპს?!                                                              2014წ.აპრილი




                                                   

 9 მაისი ჩემთვის


ვისთვისაც მნიშვნელოვანია 9 მაისი მინდა ყველას მივულოცო! რაც შემეხება მე ცრემლები მადგება ხოლმე ამ დღეს თვალებზე. მამაჩემი, თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის სტუდენტი, 1941 წელს გაიწვიეს ომში და მხოლოდ 1947 წელს ჩამოვიდა. მან ომის ყველა საშინელება გამოსცადა საკუთარ თავზე, იყო რამოდენიმეჯერ დაჭრილი, ტყვიას მუცლით
დაატარებდა, სასწაულებრივად გადაურჩა რამოდენიმეჯერ სიკვდილს, 1943 თუ 44 წელს ტყვედ ჩავარდა და კონცლაგერში არაადამიანური ტანჯვა-წამება გამოიარა. მას არც სახელ
ი, არც ჩინ-მედლები არ რგებია და არასოდეს დადიოდა 9 მაისის შეკრებებზე, რადგან ტყვედ ნამყოფი იყო. არადა მისი საბრძოლო ამბები და გმირობა იმსახურებდა ყურადღებას, მაგრამ რას იზამ?! იმისთვისაც მადლობა, რომ სტალინმა არ გადაასახლა. ისე უამრავი ჩივლობდა ტყვედნამყოფიაო, მაგრამ ეტყობა ვერაფერი მოღალატეობრივი ვერ მოუნახეს და ცოცხალი დატოვეს. არადა ფაშისტები რადგან ასისთავი იყო "ფრიცს" ეძახდნენ და აწამებდნენ სამხედრო საიდუმლოება გეცოდინებაო. ეჰ, ვერაფერს ვიტყვი, ძალიან დაიჩაგრა ამის გამო, განათლებული, არაჩვეულებრივი პიროვნება წინ არ გაუშვეს. მტკივა ეს დღე და მამა ძალიან.

ერთი დღე მამას საომარი ცხოვრებიდან

ქერჩთან ათასობით ჯარისკაცი ვიდექით და ბრძანებას ველოდით, რომ გემზე საბრძოლველად ავსულიყავით. ზღვაზე ომი უაზრობა, წაგებული იყო, მაგრამ ვინც წინააღმდეგობას გასწევდა იქვე ხვრეტდნენ. ზღვა სისხლისფერი იყო, უამრავი დაღუპული, იყო სასწაული ქაოსი, ბევრმა ნაპირზე სიკვდილი არჩია. უცებ გენერალმა ჩამოიარა და სათითაოდ დაგვათვალიერა, ჩემამდე რომ მოვიდა ჩამაცივდა, მერე თითით მანიშნა გამოდიო. გამიკვირდა, დანარჩენები გემებზე აყარეს და ყველანი დაიხოცნენ. მე ასი კაცი ჩამაბარა იმ გენერალმა და სხვაგან გამიშვეს საბრძოლველად. დღემდე ვერ ამიხსნია რამ გადამარჩინა. ალბათ განგებამ, უფლის გარეშე ხომ არაფერი ხდება, თუმცა იქნებ შენმა გარეგნობამთქო ვეტყოდი მამას.


ჩემი მამა <3 თევდორე ფულარია