გაბოს ბაღი არ უყვარს
- გაბო, ადექი, თორემ დაგვაგვიანდება!- ვაღვიძებ გაბოს. ჭიჭყინებს- ბებო, რაღაც მაწუხებს, არ მიძინია და რა ვქნა!
- რა გაწუხებს გაბო?
- არ ვიცი, მაწუხებს, თავს ცუდად ვგრძნობ, რა ვქნა!- ცოტა ხანში მეუბნება.
- კარგი, გამოვფხიზლდი, ჯანდაბას, წავალ ბაღში! შენ რამდენი წლის ხარ ბებო? სულ მავიწყდება!
- ოცდასამის გაბო!
- რაა! დაბადების დღე გქონდა? მატყუარა, ოცის ხარ!
- კი, გაბო ოცის ვარ!- ეცინება, მგონი ხვდება რომ ხუთჯერ ოცის ვარ.
- ბებო, ფეხი მტკივა, ნახე რაღაცამ მიკბინა, ჯვარი უნდა დავიწერო!
- რა უნდა ქნა გაბო?
- არ იცი?! როცა რამე გტკივა ჯვარი უნდა დაიწერო!- მითხრა დაჯერებით და მტკივან ადგილზე ჯვარი გადაისახა. ამით არ დაკმაყოფილდა და მერე "ზელიონკა" მომთხოვა.
- აბაზანაში რაღაც დახოხავს ბებო!- მეძახის ხმამაღლა.
- პატარა მწერია, მოვკლათ!- ვამშვიდებ მე.
- ეს ტარაკანია, მას ორი სიცოცხლე აქვს, კარგად მოკალი! - ვასრულებ გაბოს სურვილს.
- ადრე წამომიყვანე ბაღიდან, არ დაიგვიანო!
- გაბო, ყველაზე ადრე შენ მოდიხარ ბაღიდან, როდის ვაგვიანებ?
- კი, გუშინ ორი წუთი დაგაგვიანდა!- მომაკერა საყვედური გაბომ. ბაღში მისულები ჩვეულებრივ კარგა ხნის ხვევნა-კოცნით დავემშვიდობეთ ერთმანეთს ხუთ საათამდე.