Saturday, August 30, 2014

                                                     ზღვაზე

ბავშვები თამაშობენ, გაბო ჭიჭყინებს, არ უნდა წაგება.
-ეს ხომ თამაშია, რატომ ტირიხარ?- ამშვიდებენ გაბოს.
-მერე რა რომ თამაშია!
- ბაჭიას "კუპალნიკი" უნდა ჩავაცვა!- გამოაცხადა თინამ.
- ეს როგორ?- ეკითხება თამარი
- რა პრობლემაა!- პასუხობს გაკვირვებული თინა.
- აბა რაშია პრობლემა თინა?- ეკითხება დედამისი.
- პრობლემა მსოფლიოშია!- წარმოთქვა თინამ, რომელსაც მთელი სამყაროს პრობლემა მხრებით დააქვს. უცებ თამარს ცხვირიდან სისხლი წასკდა.
- ახლა პანიკაში არ ჩავარდეთ!- გამოუცხადა საზოგადოებას თამარმა.
-პარაშოკი, პარაშოკი!- აყვირდა გაბო.
- პარაშოკი კი არა პარაშუტი- შეუსწორა თამარმა.
- რა კარგია გალურჯვა! (გარუჯვა)- თქვა თვალმინაბულმა, მზეზე წამოკოტრიალებულმა გაბომ.
- მაცირალის (მაცივრის) წყალი მინდა!- ინატრა თინამ.
- ამ ბავშვებმა ხომ ლაპარაკი ვერ ისწავლეს!- ბრაზობს თამარი.




Thursday, August 28, 2014

                                         გაბო თანამიგრძნობს                                      

   სამზარეულოში ვფუსფუსებ...
- ბებო, ამოდი მაღლა, ფეხი ვიტკინე და ცალი ფეხით დავხტივარ!
- გაბო, მეც მტკივა ფეხი, არ ვარ კარგად, კინაღამ მდუღარე გადავისხი! -  გაბო მორბის ჩემთან, მეფერება.
- მანახე რომელი ფეხი გეტკინა?! გაკოცებ, ხელიც ხომ არ გტკივა კიდევ?- ხელსაც მისინჯავს გაბო.
- ჰო, გაბუკა,  ხელიც მტკივა!
- ისე, ეს ამბავი, შენ რომ იტკინე, მე მაღლა (ზედა სართულზე) მითხრეს!
- ჩემო ბაკაკუნა რამდენი ხანია არ გიმღერია, მიმღერე გენაცვალე და ყველაფერი გამივლის!
 - ბებო მე გავიზარდე, დიდი ვარ!- მითხრა გაბომ და გაიქცა. მოკლედ რამდენჯერაც ვთხოვთ გაბოს იმღერეო, პასუხი ერთი აქვს: "უკვე პატარა აღარა ვარ."  აი პატარა გაბო როგორ მღეროდა, გადადით ლინკით.











Tuesday, August 26, 2014

                                                       თამარის პროტესტი.

თამარი ზის ხის ძირში და ტელეფონით ერთობა. ჯერ თინა ეუერთდა მერე გაბო.
- ცოტა გაიწიე, თავზე რომ მაჯდები სკამი კი არა ვარ, საერთოდ რას შემომეხვიეთ, თითქოს ეკლესია ვიყო!- მიმართა მწყრალად თამარმა საზოგადოებას.
- ეკლესიას თუ დაანგრევ, დაგსჯის!- შეაშინა თამარი გაბომ. თამარმა შეუბღვირა.
- მოიტანოს მალე ბატიბუტი მაინც მატამ!- გაახსენდა ბატიბუტი გაბოს.
- ბატიბუტი არ მოიტანს, ზღვას მერე!- იმედი გადაუწურა თინამ.
- ლაპარაკი არ იცის ამ ბავშმა!- გაღიზიანდა თამარი.
როდის წავდივართ ზღვაზე?- იკითხა თინამ.
- ზეგის ხვალ! - გააგებინა გაბომ.
- ბებო, რა სისულელეებს  ლაპარაკობენ, მომშორდნენ!- ბრაზობს თამარი.
- თინა აჭიჭყინდა ტელეფონი მათხოვოსო, თამარი ცოცხალი თავით არ აძლევს.
- თამარ, ათხოვე ცოტა ხნით!- მივმართე თამარს.
-არა ბებო, არ მივცემ, დებილი ბავშვია!
- ასე რატომ ლაპარაკობ თინაზე, ის ხომ შენი დაა!
 - კარგი იყო ამის გამო რომ მკეტავდნენ ოთახში?!  სულაც არ მებრალება, ასე მოუხდება!
- შენ თვითონ მოგიხდება!- ბღავის თინა
- იტირე, იტირე, ძალიან კარგი!
- შენ იტირე თუ კარგია!- გამოაჯავრა თამარი თინამ.
-თვითონ არასოდეს ვებრალები, ამ დებილი ბავშვის გამო ხუთიათასჯერ  დამსაჯეს!
- თამარ ხუთიათასი დღე არც არის გასული რაც მოევლინე ქვეყნიერებას, რატომ აზვიადებ?!-
- ეგრე ითქმევა ბებო,  გამოთქმაა ასეთი!
არწივისავით მგლიჯავს ყველაფერს ხელიდან, რატომ დაიბადა კატის წელიწადში, ეგ იქნებოდა თევზი, ყველანი ძაღლის წელში ვართ დაბადებული და ეგ უნდა იყოს კატა?!

                                                                გაბო მადლობას მიხდის

ეს იყო შარშან, საღამოთი ბავშვები თამაშობენ, მე ტელევიზორს ვუყურებ, უცებ გაბო შეშინებული მორბის, ბებო ცხვირი მტკივა, მძივი მაქვსო. ჩავხედე არაფერი ჩანდა, ეთო და გუჯი შეშინებულები დარბიან, არ მინდა ვანახო ბავშვებს, რომ მეც ძალიან შევშინდი.
- ბებო, რა დამემართება? დავიხრჩობი?!- მეკითხება ტირილით გაბო. სასწრაფოს გამოვუძახე. მათაც ვერაფერი ჰქნეს. ერთი ექიმი ნახევრადმძინარე, თუ ნახევრადმთვრალი პინცეტით აწვალებდა ბავშვს. მეორემ უთხრა დაანებე თავი, ქირურგია საჭიროვო. წავედით არამიანცში, შორი იყო ჩვენგან და ბავშვს წარა-
მარა ვაკონტროლებდი, თავი არ გადაეწია, ღრმად არ ესუნთქა და არ ჩასძინებოდა. ქირურგმა ინსტრუმენტებით მალევე ამოუღო ბავშვს უცხო სხეული და გვითხრა კიდევ კარგი არ გიწვალებიათ ძალიან ღრმად ჰქონდა საკმაო მოცულობის მძივი და შეიძლებოდა სასულეში გადაცდენოდაო. გამაცია, გამახსენდა პინცეტით როგორ ეჩალიჩებოდა ნახევრადმძინარე თუ ნახევრადმთვრალი კაცი. გაბოს ცხვირი გაუღიზიანდა სისხლი სდიოდა და ტამპონები ჩაუდეს, მაგრამ ხმას არ იღებს. შინ როცა მოვედით გაბომ ხელები მომხვია.
- ბებო ბოდიში!  არ მინდოდა, რატომ ეგდო ძირს მძივი? ყველაფერი იმის ბრალია, რომ კომპიუტერზე არ დამსვეს, მიყვარხარ! შენ გადამარჩინე, მაგარი ბებო ხარ!


Sunday, August 24, 2014

                                                                          ზღვისკენ

მომავალ წლამდე წყნეთო , ახლა ზღვა გველოდება!
ბავშვები სათითაოდ მეპატიჟებიან. მე სახლში მირჩევნია, დასვენება მინდა, თან უფრო ბუნების მოყვარული ვარ:  მთები, ტყე , მდინარე, ლაშქრობები უღელტეხილზე...  აი ჩემი ჰობი, თუმცა ეს ყველაფერი წარსულში იყო. ვუხსნი, მაგრამ ჩემს პატარებს მაინც არ ესმით, თუ  რატომ ვამბობ ზღვაზე უარს.
ეთო:  "ბებო არ მოიწყენ?  წამოდი, ზღვა არ გენატრება?!"
გუჯიკო: "რა უნდა აკეთო მარტო?!"
თამარი: "ბებო მებრალები და მინდა ჩვენთან წამოხვიდე, მოვიწყენთ უშენოდ!   ორ მობილურ ტელეფონს გიყიდი და სამოთხეში გაგატან." არ ეშვება სამოთხეში ჩემს  გამწესებას თამარი.
მე: " მადლობა, თამარ, იქ ერთი ტელეფონიც მეყოფა და  თუ ხაზი იქნა  ხანდახან შეგეხმიანებით."
გაბო: " რატომ არსად დადიხარ ბებო, ზეგის ხვალ წამოდი!"
თინა: " შენ რატომ არ წამოდიხარ ზღვაზე?!









Saturday, August 23, 2014

                                                              ჭიშკართან

- ჩადი თინა ძირს! - მივმართავ მაღლა ასულ თინას.
- სად ძირს?- მეკითხება გაკვირვებული. მერე ამატებს - ქვევით უნდა გეთქვა, შეგეშალა?! ცომი მომეცი ცოტა!
- არა, უკვე მოგეცი, მეტი არ შეიძლება!
-ააა, შენ მუშაობ და შეიძლება ხომ?! - უცებ გაბოს მიმართა
- გაბო, წამო კარებთან, კომპიუტერი ჩვენ ვუყუროთ პირველი! - ისინი სამსახურიდან მომავალ ლელას ელოდებიან, რომ ლეპტოპი პირველებმა ჩაიგდონ ხელში.
- ჭიშკარს მოშორდით, ჯერ ადრეა! - ვუწყრები ორივეს.
- ბებოს უნდა დაუჯერო, არ გააბრაზო, ბოდიში უნდა მოუხადო, შეურიგდე, თორემ ცუდი გოგო და ბიჭი იქნები!- ჭკუას ასწავლის გაბო თინას. თუმცა ცოტა ხანში თვითონვე იწევა ჭიშკრის გასაღებად. უკან ვაბრუნებ.
- ეს არის ცხოვრება?! კარებს ვერ ვაღებ!- წარმოთქვა გაბომ ოხვრით.
-ჰო, არ მაძლევს გაღების კარებს! - კვერი დაუკრა თინამ.
-გუშინ ბურთის ვდებოდე, შენ რომ მომსდეოდი!- გაუხსენა თინამ გაბოს.
- შენ იმალებოდი და ბევრს გეძებდი!
შენ იხილებოდი, მე იმიტომ ვერ დავასტუკე! - ბრაზობს თინა.
- ბებო ჩაწერე, თინა ამბობს იხილებოდი!- თინა მაინც გარბის კარებისკენ.
- თინა, ტუტუცი ხარ!- მივაძახე სიბრაზით.
- ჩემი დედაც ამბობს!- მეცინება.
- ჩემს დედიკოსავით იღიმები.







Friday, August 22, 2014

                                                                         გუჯიკო

გუჯიკოს ვამუნათებთ, ჭკუას ვარიგებთ, მივუთითებთ არასწორ საქციელზე. გვისმენს, ბოლოს ასეთი პასუხი მივიღეთ
- ვიცი, რომ მართალები ხართ, მაგრამ ტყუილად მესაუბრეთ, მაინც ისევ ისე მოვიქცევი. რა ვქნა ასე გამომდის!
      - ბებო, რატომ გვიწყრებით დიდები რამე როცა გვიტყდება ან გვეღვრება?!
     - იმიტომ, რომ გაფრთხილდეთ, თან შრომას გვიმატებთ!
     - რა ვიცი, ბებო, თქვენ თუ რამე გაგიტყდებათ, ამბობთ, უი ჯანდაბას ეს რა მომივიდაო!  ჩვენზეც ასე რომ თქვათ რა მოხდება?!





Thursday, August 21, 2014

                                                     ზომბები

ბავშვები თამაშობენ. გაბო ტრაბახობს.
-გუჯას ვჯობივარ ბერავში! (ბერვაში) თინა მოდის ყვირილით
- ვინმე თეფში მომცემენ? გეძახებდით, წყალი ცოტა გამოდიოდა, ცენტრალური არაა?!
- გაგააგდე ეს ჭიქა!- შენიშვნა მისცა გაბომ.
- შენი საქმე არ არის!- შეუბღვირა თინამ.
- თინა ითამაშე!- დაპატიჟა გუჯამ. თინაც ჩაერთო თამაშში. გაბო ცუღლუტობს.
- გაბო შენ გატუტუცდი, ადრე ასე არ იყავი!- მივმართავ გაბოს.
-ბაღში ბაღელებმა გამაცექტეს! (გამაცელქეს) - თავს იმართლებს გაბო.
- ნეტა გაჭრა ამისუქდეს! (ამისრულდეს) ნატრობს გაბო.
- ბებო ჩაწერე "ამისუქდეს," გაბო თქვა!- მომვარდა თინა. მეცინება.
- ზომბები ვითამაშოთ, მე ვუყურე ზომბები რომ იყო და ყველა შეჭამა, მე ვიქნები ზომბი!-პათოსით წარმოთქვა თინამ.
- ყველა უნდა შეჭამო?!- აღშფოთებას ვერ მალავს გაბო.
- ჰო, უნდა შევჭამო!- არ ეპუება თინა.
- ბებო, ზომბები არსებობს?- მეკითხება გაბო.
- არა, ნუ უყურებთ ასეთ ფილმებს!
- არც დინოზავრი არსებობს?- ვერ ისვენებს თინა.
- არ არსებობს!- ჯავრობს გაბო.
-არც დრაკონი? ღამურები ხომ არსებობს, აქ ტყეებია, კვერნები და ღამურები დაგვსდევენ!- თქვა გაბრაზებულმა თინამ.
- არა, თინ, კვერნები და ღამურები არ გამოგვეკიდებიან! -ვამშვიდებ მე.
- ზომბები?
- ბებო, ხო თქვი ზომბები არ არსებობენო? თინას არ სჯერა!
- ჰო, გაბო, მართალი ხარ!
-ხომ გითხარი ზომბები არ არსებობს, მე გამოვიცნე, დედები უფროსები არიან და იციან!-ნიშნისმოგებით უთხრა გაბომ.    











Wednesday, August 20, 2014

                                                            ხარისთავა გაბო

ღამე მე და გაბო ლოგინში ვთამაშობთ, უცებ წამოხტა და თავი ცხვირ-პირში ამარტყა. სიმწრისგან თვალებიდან ნაპერწკლები გადმომცვივდა, სასწრაფოდ შევვარდი აბაზანაში და ცივ წყალს შევუშვირე სახე. ცოტა ხანში დასაწოლად შევედი, გაბო ლოგინში ჩამალულიყო და შეშინებული მითვალთვალებდა.
- ბებო ძალიან გეტკინა? ბოდიში! შემთხვევით მომივიდა, არაუშავს, მოგირჩება, მიყვარხარ, ხომ არ გამიბრაზდები?!
- არა, გაბო, მაგრამ შენ ერთ დღეს  სერიოზულად მატკენ რამეს შენი ხარის თავით! -გაბომ  მაკოცა, გაიღიმა და მითხრა
- ბებო, ისე უნდა მოგესწრო თავის გაწევა,  რატომ არ მოასწრე!



Tuesday, August 19, 2014

                                                           თვალები

ბავშვები სადილობენ, ერთი სული აქვთ მორჩნენ ჭამას და  კომპიუტერს მიუსხდნენ. ეთომ მიმანიშნა მე დამსვიო, დავეთანხმე. ეს თამარს არ გამოჰპარვია და აღშფოთებით წამოიყვირა.
- ბებოოო, მე ჩემი ორი თვალით დავინახე, თუ როგორ მიგანიშნა ეთომ თავისი თვალებით და შენ შენი თვალებით როგორ დაეთანხმე!
- მეც შევნიშნე თვალები!-  კვერი დაუკრა გუჯიოკომ.


     



Monday, August 18, 2014

                                                 მადლობა ყველას, ვინც ჩემს ჩანახატებს კითხულობთ, ასევე ბოდიში მინდა მოგიხადოთ იმ შეცდომებისთვის რაც სიჩქარის გამო მეპარება, თავზე ხუთი ბავშვი მადგას და მაჩქარებენ. მე კი მაინც კალმის და ფურცლის მომხრე ვარ:)))
                                                     

                                                                          მე  და გაბო

გაბომ  გამაბრაზა, დამსდევს, მაგრამ არ ვურიგდები. აბაზანაში შემყავს დასაბანად, დუში გაფუჭებული იყო და ახლადდაყენებული უცებ შეამჩნია.
- ბებო ეს სხვა შანგლია?!( შლანგი)- მეკითხება გაბო და პასუხის მოლოდინში მიყურებს. ხმას არ ვცემ.

- ბებო, შემირიგდი?
- არა, გაბო!
- აბა ხელს რომ მკიდებ!
- უნდა დაგბანო!
- ყველანი მაბრაზებთ,სახლში მინდა, უფრო სწორად მარტო მინდა ვიყო!-აჭიჭყინდა გაბო. მეცინება, მაგრამ ხმას მაინც არ ვიღებ. ცოტა ხანში სავახშმოდ დავსხედით, გაბო ვერ ისვენებს.
-მიყვარხარ ბებო, ბოდიში, ძალიან მიყვარხარ! საყვარელი ხარ, ბევრ კარგ სიტყვას გეტყვი, შემირიგდი, მიყვარს შენი კანი!-წარმოთქვა გაბომ გრძნობით და კოცნა დამიწყო. ჩავეხუტე, მოკლედ შევრიგდით. გაბო გახარებულია.
- აბა, ერთხელ რომ თქვი ბებო ცუდიაო?!- დაემანჭა თინა. გაბო შეცბა, დარცხვენილმა შემომხედა, თინას შეუბღვირა.
- ბებო, მიყვარხარ, ხომ შემირიგდი?!


Sunday, August 17, 2014

                                                     ტარზანი  თუ მაუგლი

ბავშვები ეზოში ზიან. გუჯა და გაბო წელსზემოთ შიშვლები არიან. გაბო თავს იწონებს ტარზანი ვარო! გუჯა კუნთებს ისინჯავს და გაბოს უსწორებს
- ტარზანი მე ვარ, შენ მაუგლი ხარ!
- მე ვარ ტარზანი! - ბრაზობს გაბო.
- მაგარი ტარზანი და მაუგლი ხართ, თმაც კი არა გაქვთ მოშვებული!- ეცინება თამარს.
- თმა ქალაქში რომ ჩამოვედით შევიჭერით!- თავს იცავს გუჯა.
- შენ გაჩუმდი! მაგარი ტარზანი ხარ! კიბიდან ჩამოხტი და ფეხი იტკინე, რეკორდს ვამყარებო, ხომ მიიღე კარგი რეკორდი! იჯექი ახლა ორი კვირა გაუნძრევლად! ტარზანი! მოუნდა ტარზანობა! - ხმა გააკმენდინა თამარმა გუჯას.






Thursday, August 14, 2014

                                                                   თინა

თინა სათამაშო თაგვით დამსდევს, გავრბივარ, არ მეშვება.
-თინ, გაწიე, ვერ ვიტან!
- არ გიყვარს?!
- არა, თინა მეშინია და მეზიზღება!- მაინც არ მეშვება, ცხვირწინ მიტრიალებს საძაგელ თაგვს.
- კატა რო უყვარს, ის წრუწუნაც არ გიყვარს?!
- არაააა, გაწიე!- გაოგნებული მიყურებს.
- არც ერთი არ გიყვარს? კარგია წრუწუნა! - შემდეგ გარეთ გაიხედა.
- ეხლა ამეების შემოსევას დაგვიწყებენ, "ლამაზი ბზიკი" დაუძახე, რომ არ გიკბინონ !- გასძახა გაბოს.

                                                                 გაბო
დილით გაბუკა მეძახის, ამაყენეო. მივდივარ, ლოგინთან ჩამომჯდარი ვეფერები.

- ახლა ამისთვის დაგიძახე?! ჯერ  ჩამაცვი, მერე მომეფერე .ისე, რაღაც შენს ლოგინშიც ვერ ვიძინებ კარგად!

Wednesday, August 13, 2014

                                                                    გუჯიკო

გუჯიკო პირველ კლასში იყო, გაბუკა ძალიან პატარა, გაგვიჭირდა დილის საათებში სკოლიდან ბავშვის წამოყვანა  და დედამისმა გადაწყვიტა გუჯა გახანგძლივებულ ჯგუფში დაეტოვებინა.პირველი დღეა, ბავშვს საჭმელი გავატანეთ და სკოლაში გავუშვით. გუჯა ძალიან ამაყი, დარდიანი ბავშვია, გულმა არ მომითმინა და გაკვეთილების დამთავრებისთანავე ჩავირბინე სკოლაში, ვნახავ როგორ არისთქო. ვიწრო და გრძელ ოთახში ბავშვებს მერხებზე საჭმელი დაელაგებინათ და ხმაურით ჭამდნენ, მხოლოდ გუჯი იჯდა უხმოდ, დარდიანი. ასაკოვანმა მასწავლებელმა მითხრა არაფრით ჩანთიდან საჭმელი არ ამოალაგაო. გუჯა ჩემს დანახვაზე არც განძრეულა, მხოლოდ საყვედურით სავსე, განმგმირავი მზერა მომაპყრო. მასწავლებელს ვუთხარი, ბავშვი   შინ მიმყავსთქო. გზაზე არც ერთი არ ვიღებდით ხმას. დუმილი მე დავარღვიე.
- რატომ არ ჭამდი გუჯიკო?!
- მე იქ არასოდეს შევჭამ!- ისეთი ტონით მითხრა, მივხვდი,ასეც მოიქცეოდა და  ამას არასოდეს გვაპატიებდა. გული მომეწურა, ახლაც თვალწინ მიდგას მისი ცრემლიანი თვალები.
- გუჯიკო, მაპატიე,პირობას გაძლევ, არასოდეს, არასოდეს დაგტოვებ გახანგძლივებულ ჯგუფში!- გუჯიკო შემირიგდა, გამოხალისდა.მართლაც სიტყვა შევასრულეთ, დამხმარე ქალი ავიყვანეთ და გუჯიკოც დამშვიდდა. შიგადაშიგ როცა გამაბრაზებდა, ვემუქრებოდი გახანგძლივებულში გაგიშვებთქო, მაგრამ გუჯიკოს ეცინებოდა, შენ ხომ პირობა მომეციო.





Tuesday, August 12, 2014

                                                              თინა  და  გაბო დილით

მე და თინა  ძალიან ადრე ვდგებით. თინა სამზარეულოში შემოდის.
- ბებო აქ დავბნავ ხელებს, რომ მიყვარხარ იმიტომ!- პატივი დამდო თინამ სამზარეულოში ხელის დაბანით. მერე ამრეზით ამბობს - რა ცუდი სუნია, გარეცხეთ ვინმემ ეს ხორცი!-მაგიდაზე დადებულ ქათამზე მიმითითებს.-  ბუხარშიც  ქსელებია, არ მიყვარს ქსელები!
- კარგი, თინ!- მოვაშორებ ობობას ქსელებს. შენ დასვარე იატაკი?
- არა უშავს, შენ მაინც ალაგებ! გაბო ადგეს? რატომ ძინავს, მე ხომ ავდექი?! - ცოტა ხანში გაბოც შემოდის სამზარეულოში,სასწორზე დგება
- არ მომიმატნია, უფრო ჩავიმატე!- ამბობს გახარებული გაბო, შემდეგ თინას მიმართავს-რა ადურდნული გაქვს თმა, ვცდი დაგვაცხნი!
- არ მინდა, დედას ვფიცავ ღმერთის წინაშე!-კატეგორიულად იუარა თინამ.
-თინა, რამდენია ექვსს მივუმატოთ ორი?!- თინა ჩუმადაა.
-შენ არ იცი უდერები (რას უდრის) პატარა ხარ!- თინა ემანჭება.
-ბებო შეიძლება გარეთ გავიყუროთ, ძროხები გარბიოდნენ!- მთხოვა თინამ. ცოტა ხანში ორივენი მორბიან.ერთმანეთს არ აცლიან ლაპარაკს.
- ბებო ჩაიწერე, გაბომ თქვა "არ შევბღავო!"
- ჰო! კვერს უკრავს გაბო - გამეცინა, უკვე ესენი მეხმარებიან ჩავინიშნო მათი მარგალიტები.
- ბებო მიყვარს, სულ არ მაბრაზებს ხოლმე, ბებო არის საყვარელი შვილისავით! მიყვარხარ ბებო!- მეუბნება ციცქნა თინა.
- მე უფრო მიყვარს ბებო!- ეჯიბრება გაბო- აი ტრილიონ უთვალავზე უფრო!
- მადლობა, ბავშვებო, არ იკამათოთ, მეც ძალიან მიყვარხართ!





Monday, August 11, 2014

                                                         ჩემი დამტირებლები

ეზოში კაკლის ძირში ვზივარ. თამარი ტირილით მოდის, ვერ ვამშვიდებ, რაც უფრო ვეფერები, მით უფრო უმატებს ზლუქუნს. ამ დროს გაბოც  აცრემლებული მოდის.
-რა მოხდა გაბუკა?!- ვეკითხები და ვეფერები.
- ზურგი მატკინეს, წყალი მომისვი, ან ყინული დამადე!-მთხოვს გაბო.
- ესენიც გაგაბრაზეს? რატომ?- კითხვები დააყარა თინამ.
- ჰო, ყველა მაბრაზებს!-  დავამშვიდე და სკამზე დავსვი.
- კარგია, ეს მისიამოვნებს ზურგს!- დაწყნარდა გაბო.თამარი კი არა და არ მშვიდდება.
- თამარ, ნეტა მე თუ დამიტირებ ასე, როცა მოვკვდები?!- მივმართე თამარს მწყრალად.
- კიიიი, ვიტირებ! - იკივლა თამარმა და ახლა ისტერიულად ატირდა.
- მე მთელი დღე ვიტირებ!- აჰყვა გაბო.
- მე მთლიანად ვიტირებ!- წარმოთქვა  ამაყად თინამ



Sunday, August 10, 2014

                                                                    ღობის  მხატვრები

ბავშვები ღობეზე ხატავენ.
თამარი:   ეთო რას ხატავ?
ეთო:    პეპი გრძელწინდას,შენ?
თამარი:  მეც პეპის ვხატავ!
გუჯა:   ორივენი რომ პეპის ხატავთ, სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ?!
თამარი:   შენ რას ხატავ ვაჟბატონო?!
გუჯა:   ტომ სოიერს!
თამარი:  ტომ სოიერი რითი ჯობია პეპის?!
თინა:   მე ყვავილს ვხატავ!
გუჯა:   შენ ხვლიკი უნდა დახატო!
თინა:   ხვლიკი არ დავხატავ!
გაბო:   რა ბანძობანაა, მე ხეს ვხატავ, თინა შენ დადიოდი ვაბშე ხატვაზე, რატომ ხატავ?!
თინა:   დებილო! შენ დადიოდი?
გაბო:   კი, ცოტა დავდიოდი! ეთო რა ლამაზობანას ხატავ!




                 თინას და გაბოს ლექსიკონი

გაბო:  თინა,  ჩემი დედა  შუქურობანაა, შენი  დედა კი ყიდულობანა!
- გაბო, რას ნიშნავს ეს სიტყვები?- ვეკითხები გაბოს.
- ლელა შუქებს ანთებს, მატა ყველაფერს ყიდულობს, ყიდულობანაა!
- არა, ჩემი დედიკო ცოტახნეობაა!- ბრაზობს ციცქნა თინა.
- ეს რას ნიშნავს თინ? - ვეკითხები ახლა თინას.
- ცოტახნეობაა, ცოტა ხნით მოდის და მიდის!- განმიმარტა თინამ.






Friday, August 8, 2014

                                                           თინა, გაბო და  გუჯა

- თინა მოდი ჩქარა, ორი ჭიანჭველა ჩხუბობენ!- ყვირის გაბო.
- ვერა, ლელას ვუყურებ, ლელა თოჯინას რეკავს (კერავს)!- გაბო არ ეშვება.
-სად ჩხუბობენ ორი ჭიანჭველა? აბა მანახე!- დაადგა თინა თავზე. გაბო თინასაც ჩააცუცქებს და აკვირდებიან.
- ხვლიკის კუდი, ხვლიკის კუდი!- აყვირდა თინა, თან საფსტვენში უფსტვენს.
- თინა, თამარს ყური ტკივა, შენ ყურში უფსტვენ ვაფშე!
- შენი საქმე არ არის!
- ესენი კიდევ ხვლიკს ეძებენ?!- თავზე დაადგა ხვლიკის მაძიებლებს გუჯა.
- ობობა, აი ობობა! მოკალი! -ეხვეწება  გაბოს თინა.
- არა, არ შეიძლება ობობას მოკვლა!- სერიოზულად პასუხობს გაბო.
- რატომ არ შეიძლება?!- გაკვირვებული ეკითხება თინა.
- იმიტომ, რომ ისიც სულიერი არსებაა და ღმერთმა შექმნა!
-  აბა ხოჭო?- არ ეშვება თინა.
- ხოჭო ეშმაკმა შექმნა!
- დებილო!- პასუხობს უკმაყოფილი თინა.
- შენ არ იცი თინა ცხოვრება,  ოთხი წლის ხარ,  მე კი ხუთთან ახლოს ვარ და ვიცი!- პასუხობს თავმომწონედ გაბო.
- რა სულელები არიან, ის არ უკვირთ ასეთ პატარა მწერებს ოჯახები რომ აქვთ, შრომობენ, ან კიდევ ხომ სასწაულია, ასეთ პატარა სხეულში სული როგორ ეტევა?!- თქვა პატარების სისულელით უკმაყოფილო გუჯამ და გაშორდა.
    









Thursday, August 7, 2014

                                                                    თამარი

  ვბუზღუნებ, დღეში რამოდენიმეჯერ მიწევს  სახლის დალაგება. თამარი ცოცხს იღებს და მეხმარება.
  - ბებო ამდენს შრომობს,  რომ სუფთად ვიყოთ, არ გესმით რომ არ უნდა არიოთ სახლი და დააფასოთ ბებოს შრომა?! - უწყრება თამარი საზოგადოებას.
- შენც კარგად იცი  არევა!- დაემანჭა გუჯა. თამარი ყურადღებას არ აქცევს.
- ბებო გუშინ რომ დაგხატე, მოგეწონა?
- კი, თამარ, ძალიან მომეწონა, შევინახე და რომ მოვკვდები თან  წავიღებ!.
- ეგ როგორ ბებო, სად წაიღებ? ახალ სიცოცხლეში?!
- შენ რა იცი რა არის ახალი სიცოცხლე?! - რეინკარნაციას ხომ არ გულისხმობს, გავიფიქრე ჩემთვის.
- ანუ სამოთხეში ბებო!
 - მადლობა თამარ სამოთხეში რომ გამამწესე!
- არაფრის ბებო!





Monday, August 4, 2014

                                                     სადილობისას

სადილი მზადა მაქვს, თინა შემორბის.
- ისინი ჭამეს?
- არა თინ, ახლა უნდა ჭამოთ და დაუძახე!
- წავიდეთ, საჭმელი ვჭამოთ!- ყვირის თინა.ყველანი შემოლაგდნენ და თავთავიანთ ადგილებზე მოკალათდნენ ( რომ არ იკამათონ ყველას თავისი სკამი აქვს).დაიწყო ამბების გარჩევა, შენიშვნები, დაბეზღებები.
- ნუ ლაპარაკობ, საჭმელს უყურე!- მკაცრი შენიშვნა მისცა თამარს გუჯამ.
- ვუყურო, რა მულტფილმია?!- ირონიით პასუხობს თამარი.
- არა, თამარ მძაფრსიუჟეტიანი ფილმია!- ირონიითვე პასუხობს გუჯა.
- შენ გაჩუმდი, კიბიდან გადმოხტომაში რეკორდს რომ ამყარებდი, ხომ დაამყარე! ორი კვირა არ იმოძრაოო გითხრა ექიმმა და შენ დღესაც დახტოდი.- ჩამოარაკრაკა ეთომ.
- დამაბეზღე, დამაბეზღე! ისე, შენ შენს თავს მიხედე, დღეს წიგნი წაიკითხე?!-მიუბრუნდა გუჯი ეთოს.
- მე ჯერ წიგნი არ დამიწყია!- სინანულით ამბობს გაბო.
- არც მე!- მხარი აუბა თინამ.
- შენ აიპედის დედოფალი ხარ, ახლა ჭამის შემდეგ მე ვჯდები აიპედზე!- მომთხოვნი ტონით მიმართა თინას თამარმა.
- შენი საქმე არ არის, აი ეთო იცის, საერთოდ არ დავჯდები და არც საღამოს არ დავჯდები!- იქადნება თინა.
- ნანა არ გვაჯენდა, თვალები არ დაუბნავდესო! (დაგიბრმავდეთო)- შენიშნა გაბომ. მერე გაიქცა და გახარებული ყვირის- "იეს," აიპედი ოცდასამი პონცერტით (პროცენტით) დაიტენა.
- იცი, ერთხელ გაბო რა ქნა?! შევჭამეო და ძირს ეგდო!.-  გაბომ ჩაარტყა, არც თინა დარჩენილა ვალში.
- გაბო, რატომ დაარტყი თინას?
- ბებო, ბოდიში  მოვუხადე, არა უშავსო და რა მოხდა მერე?!-თავს იმართლებს გაბო.
- მე ყოჩაღი ვარ!- თავს იქებს თინა.
- ბავშვებო, დაბეზღება ძალიან ცუდი საქციელია! - ვეუბნები მე.
- მე არ ვარ მაბეზღარა, კარგი ბიჭი ვარ!- თავს იწონებს გაბო.
-  მეც არ ვარ მაბეზღარა!- ამბობს თინა.
ბავშვები მორჩნენ სადილს, შემიქეს ხელობა, მადლობა გადამიხადეს და გარეთ გაცვივდნენ ჟრიამულით.



   



Saturday, August 2, 2014


                                                                      ეთო

ეთუნა ახლა 11 წლისაა, ეს ამბავი კი ოთხი წლის წინათ მოხდა, ამით იმის თქმა მინდა, რომ მაშინ ძალიან პატარა იყო იმისთვის, რაც  მოიმოქმედა. ახლობელთან უსიამოვნება მომივიდა, რამაც დამანგრეველად იმოქმედა, ამას დაერთო ფილტვების ანთება, საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი. მოკლედ "რა უჭირთ სიკვდილმისჯილებს ვაი სიცოცხლე მისჯილთ!" განწყობაზე ვარ. ეს ეთუნას არ გამოჰპარვია,  თვალებში მიყურებს და მეფერება. ლელა ორი კვირით დასასვენებლად აპირებდა წასვლას ბავშვებთან ერთად. ვიცი ბავშვების გარეშე ძალიან გამიჭირდება, მაგრამ ხმას არ ვიღებ. 
  შაბათი დღეა, სიონში ვარ წირვაზე, ეთო მირეკავს
-   ბებო, ჩქარა მოდი, დედას მივყევარ,მე არ მინდა წასვლა, შენთან მინდა!-  ეთოს ვამშვიდებ, მაგრამ არ მასვენებს, იმდენჯერ დამირეკა, იძულებული გავხდი, დამეტოვებინა ტაძარი.
უკვე მიახლოვებული ვარ სახლთან, სამედიცინოს ეკლესიით გადმოვდივარ მოკლე გზით, ისევ ეთოს ზარი და განწირული ხმა
-ბებო მიშველე, არ მინდა დაგტოვო!
-ეთო, დამშვიდდი! მოდი, აქვე ვარ ეკლესიის ეზოში, მამაოს დაგალაპარაკებ! - ეთო წამსვე ჩემს გვერდით გაჩნდა.
-ბებო,არ დაგტოვებ, შენთან დავრჩები, მიყვარხარ,  შენთვის მანჩო ძია ვიქნები!-ღრიალებს ეთო.
ცრემლები მომერია,  ჩავეხუტე. ჩემი მოძღვარი ( მიქაელ ბოტკოველი) გაოგნებული უსმენს ბავშვს. იმდენად აღელვებული იყო ეთუნა რომ შეუძლებელი იყო არ დავთანხმებულვიყავით.მამაომ დალოცა ეთო, კარგი გოგო ხარ,  ბებო  ასე რომ გიყვარსო და  კურთხევა მისცა ჩემთან დარჩენილიყო. ლელა ეთოს გარეშე წავიდა. ეთოს თანადგომა ჩემთვის მაშინ წამალზე მეტი იყო.  ცხოვრება  ხომ ასეთი მომენტებით ფასობს, გამართლებულია ჩემი ყოფათქო და დავმშვიდდი. მადლობა ამისთვის ეთოს.