ისრაელი 2025 წლის 18 - 24 მაისი
ისრაელში, წმ. მიწის მოლოცვა ყველა ქრისტიანისთვის საოცნებოა და არც მე ვარ გამონაკლისი. განცდილი და ნანახი ერთ სადღეგრძელოსა და ორ სიტყვაში ვერ დაეტევა და ამიტომ ჩემთან ერთად გამოგზაურებთ.
ანჟელა
ანჟელა ნადარაია, ჩვენი ხობელი მეზობელი, ჩემი შვილების და ძმისშვილების მეგობარი და ნათელ-მირონია, რომელიც არაბ იოსებ აამარზე იყო გათხოვილი (ახლა ქვრივია) და ორ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს ისრაელში, დაბა დალიაში, უფროსი ქალიშვილი აფიფი კი საქართველოში ცხოვრობს.ანჟელას პოლიგლოტს ვეძახი, რადგან იცის ქართული, მეგრული, რუსული, ინგლისური, გერმანული, არაბული და ივრითი. ანჯელას თვისებები რომ აღვწერო და მისი თვენდამი დამოკიდებულება და ჩვენი ურთიერთობები ერთი რვეული არ მეყოფა. კეთილმა, ყურადღებიანმა, მშრომელმა, გულისხმიერმა ანჟელამ საოცარი დახვედრა და მასპინძლობა გაგვიწია. სწორედ ამ საოცარმა გოგომ დაგვპატიჟა ისრაელში შუათანა შვილის ზაიკას ქორწილში.
ჩემი სიზმარი
როგორც მოგახსენეთ კი დაგვპატიჟა ანჟელამ მთელი ოჯახი, მაგრამ წასვლა არც მიფიქრია, ჩემი სიზმარი მაფიქრებდა, ძველი ნანგრევების წინ ვიდექი უცხო ქვეყანაში და ნეტა სად უნდა წავიდეთქო?! და აი ბილეთის აღების დღეს მაიას დავურეკე ჩემდა უნებურად მეც წამოვალმეთქი.
მაია
მაია ფულარია ჩემი ძმისშვილია და უსაზღვროდ მიყვარს, ის ჩემი მეგობარიცაა, მიზანდასახული, კეთილი, მშრომელი, მოწესრიგებული გოგოა, ორივენი ზოდიაქოთი თხის რქა ვართ და კარგად ვუგებთ ერთმანეთს, მასთან ურთიერთობა კომფორტულია და ამიტომაც გადავწყვიტე გამგზავრება, მასთან არ გამიჭირდებამეთქი. აფიფიმ ბილეთები აგვიღო და....
აფიფი
აფიფი აამარი ანჟელას უფროსი ქალიშვილია, საოცრად ნიჭიერი, ჭკვიანი, ყურადღებიანი, ყველაზე მზრუნველი, ძლიერი გოგოა და ძალიან უყვარს საქართველო და აქ ცხოვრობს, არაჩვეულებრივ ზუგდიდელ შახო გერგედავაზეა გათხოვილი. მათ სიყვარულს რელიგიური სხვაობა ხელს არ უშლის, სამაგალითონი არიან ყველაფერში, შახო სასწაული იუმორის პატრონი ყოფილა და მთელი ეს დღეები იუმორში და სიცილში გავატარეთ. მოკლედ გავემგზავრეთ მე, მაია, აფიფი, შახო ზაირა ( ანჟელას დედა) ასევე არაჩვეულებრივი ადამიანი და იუმორის დიდი გრძნობით დაჯილდოვებული. აფიფი წინდახედული გოგოა მან ერთი კვირით იქირავა მანქანა და კომფორტულად მოგვატარა ყველგან.
ისრაელის აეროპორტში
18 მაისს დილით თელავივის ბენგურიონის აეროპორტში დავეშვით. გაფრთხილებული ვიყავით, ძალიან მკაცრად ექცევიან ჩასულებსო, მაგრამ ნანახმა და განცდილმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პასპორტები შეიარაღებულებმა ჩამოგვართვეს და კრიმინალებივით შეგვაგდეს სათითაოდ დასაკითხად, მაგრამ ეს დაკითხვა არ იყო, ეს რაღაც უბედურება იყო, ყვირილით მეკითხებოდნენ, თუ რატომ ჩამოვედი ქორწილში, ისეთი დამამცირებელი და შეურაცხოფელი იყო ეს ყველაფერი, თუ არ მიმაბრუნებენ უკან მე თვითომ გავიქცევი აქედანმეთქი განწყობაზე დავდექი, მაგრამ ანჟელას ზარმა გაანეიტრალა ყველაფერი, უკან დაბრუნებაზე შენ აგე პასუხიო და გაგვიშვეს. გული დამწყდა, რატომ ასე მკაცრად ქართველებს! მოკლედ......
სახლში
სახლი მყუდრო, კეთილმოწყობილი იყო, ვისაუზმეთ და ანჯელამ იმ დღესვე ახლომდებარე ციხექალაქი კესარია დაგვათვალიერებინა, სწორედ მაშინ ვიცანი ის
ადგილი, ეგ ხომ სიზმარში ვნახემეთქი გავიფიქრე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ყველაფერი ზევით იწერება და შემთხვევით არაფერი ხდება.
მკვდარი ზღვა და საშიში კურიოზი
19 მაისს ადრე დედამიწის ყველაზე დაბალ ადგილისკენ ავიღეთ გეზი, მკვდარი ზღვა უნდა მოგვენახულებინა. ანჟელამ მოგვამარაგა თავშალებით, ქუდებით, ქოლგებით, მზის დამცავი კრემებით, უდაბნოში მიდიხართო და დამწვრობა არ მიიღოთო. მკვდარ ზღვას დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, უდაბნოში აქლემების ხილვა კი გაგვიხარდა. მაიკომ იბანავა ზღვაში, მე ხელის დასველებით ფემოვიფარგლე მხოლოდ და არ მესიამოვნა უზომოდ მარილიანი წყალი. მოკლედ მოვბრუნდით. გზაზე ტანკები შევნიშნეთ , მაგრამ ყურადღება არ მიგვიქცევია და უცებ ავტომატიანები გვაჩერებენ, თქვენი პასპორტებიო, თურმე ნუ იტყვით და გზა შეგვშლია, და პალესტინის საზღვარზე ამოვყავით თავი,
აფიფიმ თავზე შემოირტყა ხელები, არაბულად დაელაპარაკა და მშვიდობიანად გავეცალეთ იქაურობას.
სასტუმროში
როგორც აღვნიშნე, აფიფი უჭკვიანესი გოგოა, მან ბრჭყინვალედ დაგეგმა ყოველი დღე, მისი გადაწყვეტილებით მკვდარი ზღვიდან იერუსალიმში ჩავედით, ღამე სასტუმროში გავათენეთ, რომ დილიდანვე სიწმინდეები მოგველოცა. დილით ავდექით თუ არა, ჰოი საოცრებავ! აფიფის პატარა დას ანუარს პასპორტი არ აღმოაჩნდა. ავტეხეთ ერთი ამბავი, პოლიცია, ადმინისტრაცია, უპასპორტობა იქ დიდი პრობლემაა, ყოველ ნაბიჯზე გჭირდება, აფიფიმ შენ და მაია წადითო, მაგრამ არ დავეთანხმეთ, ორი საათის ძებნის შემდეგ კრესლოს ქვეშ ვიპოვეთ და გავუდექით გზას.
გოლგოთას გზა
აფიფი არამარტო კარგ მძღოლობას გვიწევდა არამედ კარგი მზამკვლელი და გიდიც იყო ჩვენი, ჯერ ყველამ ერთად აღდგომის ტაძარი, მაცხოვრის საფლავი მოვილოცეთ. შემდეგ მე ანუარი და მაია დავადექით გოლგოთას გზას, მივუყვებოდით ვიწრო, ქვაფენილს და ჩვენივე ფეხს მივყავდით ყველა სიწმინდეებთან, ყველა მონაკვეთი დანომრილი იყო და წარწერები ახლდა, ადგილი, სადაც ჟვარი აჰკიდეს მაცხოვარს, დაცემის ადგილი, გაშოლტვის ადგილი, სასამართლოს ადგილი, წყლის მიწოდების ადგილი, ჯვარცმის ადგილი, განბავის ადგილი. მოვილოცეთ აგრეთვე ღვთისმშობლის დაბადების და გარდაცველების ადგილი, საფლავი. დავდიოდით და ასე მეგონა ქრისტეს ეპოქაში ვიმყოფებოდი. თავს ვიკლავდი გეთსემანიის ბაღიც მოვილოცოთმეთქი, რომელიც ქალაქის ცოტა მოშორებით აღმოჩნდა, როცა ქვაფენილიდან ასფალტზე არმოვჩნდით, ქალაქის ცივილურ ნაწილში, მეგონა პირველი საუკუნიდან უცებ ოცდამეერთე საუკუნეში გადმოვხტი. კითხვა კითხვით ვივადექით ბაღს და იქაც მოვილოცეთ. თოთხმეტი კილომეტრი ვიარეთ იმ დღეს ფეხით მოლოცვისას, საშინლად გვტკიოდა ფეხები, მაგრამ ენითაუწერელი სიამოვნებაგანცდილები, სილიერად ამაღლებულები, ავსებულები მოვბრუნდით შინ. ჰო, აფიფიმ მეჩეთშიც შეგვიყვანა.
ქალაქი აკკო
21 მაისს დილით ქალაქ აკკოსკენ გავემართეთ, რომელიც უამრავი ღირშესანიშნაობებით არის ცნობილი, ლამაზია საპორტო ქალაქი ძალიან. გამაოცა მიწისქვეშა ტრამპლიერების მიერ აგებულმა საპორტო გვირაბმა, საინტერესო იყო აბანოს, მათებურად "ხამამის" მუზეუმის ხილვა,რაინდთა ქალაქი და ქალაქის კედელი კარიბჭე, რომელიც ნაპოლეონმა ვერ აიღო, რადგან ერთი კედელი კი დაანგრია მაგრამ მეორეც დახვდა და ქუდი შეაგდო, მე ვერ დავიპყარი, მაგრამ ქუდი შევაგდეო.
ნაზარეთი
22 მაისს ნაზარეთისკენ ავიღეთ გეზი, მოვილოცეთ ხარების გიგანტური ტაძარი, და ის ადგილი, სადაც მთავარანგელოზმა ღვთისმშობელს ახარა. გული მეტკინა ზოგი უბანი დაცარიელებული იყო ომის გამო, მაღაზიები არ ფუნქციონირებდნენ. შემებრალენ არაბები. ბოლოს ნაზარეთის განთქმული ტკბილეულობებით ჩავიტკბარუნეთ პირი და მოვბრუნდით. ჰო დამავიწყდა, ყველგან ანჟელას გულისხმიერებით ჩალაგებული, დატვირთული საგზლით მივდიოდით, მაგრამ კაფეებსაც არ ვიკლებდით.
ქორწილი
და აი მოვიდა ქორწილის დღეც, დილიდანვე ფაცი-ფუცში ვართ, მაკიაჟები, მანიკური, პედიკური, თმა, ჩაცმა დახურვა. ზაიკა ბებიას მოსახელეა, რომელიც კარგ არაბ ბიჭზე თხოვდება, ოჯახიც ძალიან მოგვეწონა. ჯერ ხალხი ეზოში გაშლილ სუფრას მივისხედით, კარგად მივირთვით და შემდეგ მორთულ დარბაზში გადავინაცვლეთ, სადაც ხილით და ტკბილეულით გაგვიმასპინძლდნენ, საოცრად ლამაზი იყო ჩვენი პატარძალი, ყველანი მხიარულობენ მთელი ღამე ცეკვავენ, მე ქორწილ- დისკოტეკა დავარქვი. პატარძალი ჯერ ვარდისფერ კაბაში იყო, შემდეგ თთეთრებში გადაცმული ბიძებმა შემოიყვანეს დარბაზში, სიძე მოგვიანებით მოვიდა, ის მხრებზე შემოსმული შემოიყვანეს, თორმეტამდე გაგრძელდა, გართობა, ცეკვა და ბოლოს ოქროების გადაცემის დრო დადგა. ნახევარი საათი კიდებდა დედამთილი ზაიკას ოქროებს, დედის მხარემაც დაასაჩუქრა და 12 საათზე დავიშალეთ. 26 მაისს როგორც თქვეს ბიჭის მხარე აკეთებს 2000 კაციან ქორწილს.
და ბოლოს მადლობა თითოეულ ჩემს პერსონაჟს ასეთი სამახსოვრო დღეებისთვის, ამდენი ცხოვრებაში არ დამისვენია და ასეთი სიამოვნება არასოდეს მიმიღია
მადლობაააა!!!
24-ში უკან მოვბრუნდი თქვენი მონა მორჩილი და თბილისში დაშვებისას მაინც აღმომხდა "სხვა საქართველო სად არის!"




No comments:
Post a Comment