ფილფანების ოჯახი
სვანეთი ულამაზესი მხარეა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. "კოშკების ქვეყანა"- ლეგენდებით მოცული, ნამდვილი ზღაპარი, უძველესი რწმენებით და ტრადიციებით. ამაყი, დაუმორჩილებელი, ყველაზე მიუწვდომელი მთიანი მხარე. უძველესი კოშკები და ბუმბერაზი მთები პირველივე წუთიდან ატყვევებს მნახველს.საეჭვოა მოიძებნოს ადამიანი, ვინც ერთხელ ესტუმრა ამ მხარეს და არ დაავადებულა დიდებული კოშკების უნიკალური სილამაზით. მეც ოცდათხუტმეტი წლის წინ შემეყარა სვანეთის სიყვარული და დაავადებად მექცა. ამდენი წელია მეძახის, მიხმობს სვანეთი და ვერა და ვერა.... ვინც მიცნობს მიხვდება რატომ დავშორდი ამდენი წლით ჩემს საყვარელ მუზეუმს-ღია ცის ქვეშ. და აი, წელს გავბედე დიდი შიშით შემდგარიყო მონატრებული შეხვედრა უშბასთან ,შხარასთან, თეთნულდთან, კოშკებთან.... ამაში დამეხმარა გუჯას დეიდაშილისშვილი - ვახტანგ ფილფანი, რომელიც დიდი ხანია მეპატიჟებოდა. სტუმარს ყოველთვის სვანები მათთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით ხვდებიან. საოცრად მიგვიღეს მე და ჩემი ეთო ფილფანების ოჯახმა. სვანეთის ისტორიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მუსიკალური ფოლკლორი. სვანური სიმღერები ძირითადად ომებს, ომის გმირებს, სახელოვან მეფეებს ეძღვნება. სწორედ ამ კეთილშობილურ საქმეს უძღვებიან ფილფანები.ვახტანგის მამა - ისლამ ფილფანი - საოცარი ხელოვანი, ლოტბარი ადამიანი, წლები ედგა სათავეში ფოლკლორულ ანსამბლ "რიჰოს." მისი გარდაცვალების შემდეგ მისი შვილი, ვახტანგი ჩაუდგა სათავეში ამ ღირსეულ საქმეს, მათ მიღწევებზე და წარმატებებზე არ ვისაუბრებ, ეს საქვეყნოდ ცნობილია, და ამაში ვახტანგს დიდი წვლილი მიუძღვის, საოცარი დისციპლინით, რუდუნებით ემსახურება ხალხურ ფოლკლორს. არა მარტო მღერიან და ცეკვავენ ფილფანების ოჯახი, ბატონი ვახტანგი უკრავს თითქმის ყველა ხალხურ საკრავებზე და თავადაც ამზადებს უძველეს სვანურ საკრავს- ჭუნირს და ჩანგს. ერთი სიამოვნებაა მათ ოჯახში სტუმრობა, უცხოელი სტუმრები გაოცებულნი, კმაყოფილნი და ბედნიერები ტოვებენ გამომშვიდობებისას ოჯახს. არ შევეხები მათ ჯანსაღ საკვებს და უხვ გამასპინძლებას. როცა ანსამბლს კონცერტი აქვთ წამყვანის ფუნქციასაც ვახტანგი ასრულებს. იმდენად საინტერესოდ, იუმორის გაჯერებით აცნობს მსმენელებს თავის კუთხეს და ადათ -წესებს, იხვეწებიან გავათენოთ, ნუღარ დაგვტოვებთო. ამას რამოდენიმეჯერ შევესწარით მე და ეთო. ბატონმა ვახტანგმა მოგვატარა ყველა ღირსშესანიშნაობები, რაც კი არსებობდა მესტიაში. მესტიის ეროვნული მუზეუმი, მარგიანების კოშკი და მუზეუმი, მიშა ხერგიანის სახელობის მუზეუმი. ისე საინტერესოდ გვიხსნიდა ყველაფერს, რომ გიდიც ჩერდებოდა და უცხოელი სტუმრები პირდაფჩენილები უსმენდნენ და მადლობას უხდიდნენ. რომ მეგონა ბევრი რამ ვიცი სვანეთზეთქო, არა ბატონო, არ მცოდნია, ვახტანგმა ბევრი რამ მამცნო. მადლობა მას. ეთო, თინეიჯერიც კი ინტერესით, სიყვარულით უგდებდა ყურს.
ფილფანების სახლი სოფელ ლენჯერში მდებარეობს, ჭიშკარს ამშვენებს წარწერა"ნანილა"და მუსიკალური სიმბოლური ნიშანი, ვიოლინოს გასაღები სვანური ქუდით. პირველ დღეს ვერ მივხვდი, თუ რატომ ნანილა? ეს ხომ იავნანა, ძილისპირულიამეთქი, მაგრამ ვინც იქ მოხვდება, უმალვე მიხვდება რატომ "ნანილა?!" და არა უშბა ან შხარა.... იქ თბილად მიგიღებენ, საუკეთესოდ გაგიმასპინძლდებიან, საღამოხანს მთელი ოჯახი საოცარი სიმღერებით დაგატკბობენ და მერე სასიამოვნოდ იძინებ, ყოველგვარი შფოთის, კოშმარული სიზმრების გარეშე. მე იქ სულ სხვა - ჯანმრთელი რეჟიმით ვცხოვრობდი და ახლა, აქ, თბილისში მე და ეთოს ძალიან გვიჭირს, რა გზა გვაქვს, უნდა დავუბრუნდეთ აქაურ კონსერვანტებით გაჯერებულ საკვებს და უჟანგბადობას. არ შემიძლია არ აღვნიშნო ვახტანგ ფილფანის საოცარი კაცურ- კაცობა, მას მთელი სვანეთი პატივს სცემს, ანსამბლში შესაშური წესრიგი აქვს, არაჩვეულებრივი მამა, მეუღლე, ძმა, მეგობარი, ნათესავი, რომელსაც ყველა უყვარს, საოცრად პოზიტიური, დიდი იუმორის მატარებელი ადამიანი. მას არავინ და არაფერი რჩება ყურადღების მიღმა. ქუჩაში მიმავალი დიდს და პატარას მანქანას უჩერებს, მუდამ დასაქმებული, მოუცლელი ადამიანი, ბავშვსაც კი ელოდება, რომელიც მარკეტში შეიძლება იყოს შესული საყიდლებზე.
მიხარია, რომ ჩვენი ურთიერთობა შედგა და ერთმანეთი შევიყვარეთ. მადლობა ყველას: თქვენ, ვახტანგ, ასეთი დღეები რომ გვაჩუქეთ, მადლობა მანონს, დიდებულ დიასხლისს ( მეუღლეს),თბილ, მოსიყვარულე ნანას (დას), კეთილშობილ,ქალბატონ ეკატერინეს (ვახტანგის დედას),ბეშქენს, ანოს და საოცრად სხარტ, ჭკვიან, მოსიყვარულე, მარცხალა გოგონა - პატარა ეკას (შვილები)და ნიკოლოზს, საოცარი ხალასი ბუნების ბავშვს, რომელიც ყოველდღე გვატკბობდა თავისი ცეკვით (ვახტნგის დის-ნანას შვილი)
მე თქვენ ძალიან, ძალიან მიყვარხართ!
მ ა დ ლ ო ბ ა ! ! !
მ ა დ ლ ო ბ ა ! ! !
No comments:
Post a Comment